მთავარი,სიახლეები

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

16.09.2019 • 1498
„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის ყოფილი მერი – გია ერმაკოვი.

ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

„კონკრეტულად რა დანაშაულის ნიშნები დაინახეთ თქვენ?“ – ჰკითხა აუდიტორს არჩილ ვანაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

მოწმის თქმით, აღმოჩენილ დარღვევას კვალიფიკაციას აუდიტორი არ ანიჭებს. მან განმარტა, რომ „თაღლითობის რისკის“ შემთხვევაში, ინფორმაცია სამართალდამცავებს ეგზავნება.

„მოხდებოდა თანხის გადარჩენა… გაიფლანგა საბიუჯეტო სახსრები, მილიონ 400 ათასზეა საუბარი,“ – დასძინა აუდიტორმა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა კითხვის რამდენჯერმე განმეორებით ეცადა კონკრეტული პასუხი მიეღო.

ადვოკატი ასევე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ვალდებულება მერიის იმდროინდელ საფინანსო სამსახურის უფროსს, არჩილ ვანაძეს პირადად გადაემოწმებია „იაფი სახლის“ მშენებლობა.

„არა, მაგრამ როცა საჯარო ფინანსებზეა საუბარი, მეტი გულისყურის გამოჩენა სასურველია,“ – აღნიშნა ჰენრი სანიკიძემ.

„თქვენ თქვით სასურველიაო… ანუ მისთვის არავის დაუვალებია ვინმეს ადგილზე მისვლა და შემოწმება,“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

„ეს არ ვიცი მე,“ – თქვა მოკლედ აუდიტორმა.

მოწმეს კითხვები დაუსვეს „ბაზის ბანკის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიის დადასტურებაზეც. ამ ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავობს ბათუმის მერია, რადგან კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“, რომელმაც „იაფი სახლი“ არ ააშენა, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოდგენილ საგარანტიოზე ე.წ. ავიზირება „ბაზის ბანკმა“ მისცა.

„მიანიშნა ფაქტობრივად ამ ბანკმა მერიას, რომ არ აქვს ინფორმაცია გარანტორის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და მე პასუხს არ ვაგებო…“ – უთხრა ადვოკატს აუდიტორმა, ჰენრი სანიკიძემ.

აუდიტორს კითხვებს შესვენების შემდეგ სხვა ადვოკატები დაუსვამენ.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: