მთავარი,სიახლეები

ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს

15.09.2019
ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს; ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

ამ პროექტის განხორციელებით, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ თხევადი გაზის გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე, ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადებას დაექვემდებარა.

„სკოპინგის პროცედურის შედეგად განსაზღვრული და დადგენილი იქნა დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ს ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი და გზშ-ს პროცესში დეტალურად შესასწავლი ზემოქმედებები“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაცემულ სკოპინგის დასკვნაში.

სკოპინგის [პროცედურა გზშ-ს მომზადებამდე] ანგარიში „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ სამინისტროს 2019 წლის 11 ივლისს წარუდგინა, სკოპინგის დასკვნა კი, მინისტრის ბძანებით, 2019 წლის 12 სექტემბერს გაიცა. „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის მომზადება უზრუნველყოს სკოპინგის დასკვნის შესაბამისად.

სკოპონგის ანგარიშის მიხედვით – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების პროცესში მოსალოდნელია გაიზარდოს ეკოლოგიური და სამრეწველო რისკები. მათ შორის:

  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
  • ადგილი ექნება ზედაპირული წყლების ბუნებრივ ჩამონადენზე ზემოქმედებას.
  • მოსალოდნელია შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარე კუბასწყალის წყლის ხარისხის გაუარესების გარკვეული რისკები;
  • მოსალოდნელია ნარჩენების რაოდენობის ზრდა და შესაბამისი გაზრდილი ზემოქმედება გარემოზე და ა.შ.

„სკოპინგის ანგარიშში ნეგატიური ზემოქმედებების ხასიათი, მასშტაბები და შეფასება მოკლედ არის განხილული და ეს ყველაფერი დეტალურად განხილული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის შესაბამის პარაგრაფებში“, – აცხადებს „ბათუმის ნავთობტერმინალი“.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

მთავარი ფოტო: ბათუმის პორტი / გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის N 2 ნავმისადგომზე გადატვირთვის პროცესი / ფოტო: სკოპინგის ანგარიშიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: