მთავარი,სიახლეები

17 წლის ბათუმელი კრივში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა – მას მგზავრობა არ დაუფინანსეს

18.09.2019 • 2898
17 წლის ბათუმელი კრივში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა – მას მგზავრობა არ დაუფინანსეს

17 წლის ბათუმელი ლუკა მაჭუტაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონის მგზავრობა, ასევე, სასტუმროს ხარჯი სახელმწიფოს და არც ფედერაციას არ დაუფინანსებია – საჯარო უწყებებმა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ბიუჯეტიდან 4450 ლარის გამოყოფა ვერ შეძლეს. ზუსტად ეს თანხა სჭირდებოდა 17 წლის ბიჭს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ჩასასვლელად, სადაც ახალგაზრდული ჩემპიონატი 11 სექტემბერს  ჩატარდა.

„ეროვნული ნაკრების წევრი ვარ რამდენიმე თვეა და უკვე აღარაა პრობლემა წვრთნებზე სიარული, აღჭურვილობა, მაგრამ ბულგარეთში მგზავრობის და სასტუმროს თანხის გამოყოფა ვერ მოხერხდა სამწუხაროდ… რომ არა გოჩა მასწავლებელი, ვერ წავიდოდი ევროპის ჩემპიონატზე,“ – გვიყვება ბულგარეთიდან დაბრუნებული ლუკა მაჭუტაძე. მისი თქმით, საჭირო თანხის მოძიება რამდენიმე ბიზნესმენთან მისმა ბათუმელმა მწვრთნელმა, გოჩა აბაშიძემ მოახერხა. მწვრთნელი ლუკას ჩემპიონატზე არ ახლდა.

„მეც ვერ წავედი დაფინანსების არქონის გამო, მაგრამ მთავარია, მედალი ჩამოგვიტანა ლუკამ,“ – გვითხრა გოჩა აბაშიძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოდან წელს ევროპაში წასული 8 მოკრივიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ლუკამ შეძლო. ლუკა მაჭუტაძის მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებში ლაშა დუნდუაა.

რატომ არ დაფინანსდა ლუკას მგზავრობა ბიუჯეტიდან?

აჭარის განათლების სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია ქათამაძე განმარტავს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას ფედერაციები აფინანსებენ და ამისთვის თანხა აჭარის ბიუჯეტიდან ვერ გამოიყოფოდა.

„ეს უნდა დაეფინანსებინა კრივის ეროვნულ ფედერაციას, რადგან საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრების სახელით გამოდიოდა ლუკა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის თანხას ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით გასცემენ შესაბამისი ფედერაციები. ჩვენ მოგვმართა ოფიციალურად კრივის ეროვნულმა ნაკრებმა, რომ ტურნირი ჩაუტარებიათ დამატებით, თანხა აღარ გვაქვსო და გვთხოვეს, იქნებ, თქვენ დააფინანსოთო. ჩვენ ამისთვის თანხა წინასწარ გათვალისწინებული არ გვქონდა,“ – გვითხრა მინდია ქათამაძემ.

თუმცა თანხა აჭარის ბიუჯეტში იყო. სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ლუკა მაჭუტაძე საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აჭარის ბიუჯეტიდან საჩუქრად 2500 ლარს მიიღებს, ანუ ლუკა ჯილდოს მიიღებს იმ ჩემპინატში გამარჯვებისთვის, რომელშიც დაუფინანსებლობის გამო შესაძლოა საერთოდ ვერ ეასპარეზა.

„ბათუმელებმა“ სცადა კრივის ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებაც – რატომ არ დააფინანსეს ჩემპიონატში მონაწილე, როცა ამის ვალდებულება ჰქონდათ? ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. კრივის ფედერაციის ბათუმის ორგანიზაციის  წარმომადგენელმა ბიძინა ბერიძემ კი გვითხრა, რომ ფედერაციის პასუხისმგებელი პირები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან და ვერავისთან დაგვაკავშირებს.

ლუკა მაჭუტაძემ წლევანდელ ჩემპიონატზე ფინელი, ლატვიელი და ხორვატი მოწინააღმდეგები დაამარცხა, ფინალში მონაწილეობა კი ხელის ტრავმის გამო ვერ შეძლო – მას ექიმებმა თამაშის უფლება აღარ მისცეს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ 32 ქვეყნის 450 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ევროპიდან დაბრუნებული სპორტსმენი სხვა პრობლემებზეც საუბრობს:

„მე უკვე ოთხი წელია ვარ გატაცებული კრივით… თავიდან ტაისონის თამაშებს ვუყურებდი და მომწონდა. მშობლებმა „ბასკოში“ მიმიყვანეს. იქ დავდიოდი ორი წელი, მერე გოჩა მასწავლებელთან ვიყავი „მარინაში“. იშვიათად არის წვრთნები. არის დაფინანსება, მაგრამ ძალიან ცოტა… წელიწადში ერთი ან ორი შეკრება ხერხდება მარტო. ხან ბორჯომში მივდიოდით, ხან – ბაკურიანში. სიმცირეა ხელთათმანებისაც, ტომრების და ასე შემდეგ… გამიმართლა და ეროვნულ ნაკრებში ამიყვანეს. ბათუმიდან მარტო მე ვიყავი ჩემპიონატზე. ვინც ეროვნულ ნაკრებშია, მისთვის უკვე ბევრი პრობლემა გადაჭრილია, ვინც ბათუმში ვარჯიშობს ისევ, მისთვის არაფერი შეცვლილა,“ – აღნიშნავს ლუკა მაჭუტაძე „ბათუმელებთან“.

ლუკა მაჭუტაძე წელს ორთაბათუმის საჯარო სკოლას ამთავრებს. ამბობს, რომ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით, სპორტული კარიერის გაგრძელების ნაცვლად, საზღვაო აკადემიაში ჩააბარებს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: