მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების“ ქალაქის მცხოვრებლებისთვის კორპუსები აშენდება

06.02.2019 • 5538
თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების“ ქალაქის მცხოვრებლებისთვის კორპუსები აშენდება

„მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის ასობით ადამიანის ყოფა-ცხოვრებას. მუყაოს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი გახდება ახდენილი ოცნების ქალაქი. სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას და იწყებს მათი პრობლემების მოგვარებას. ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით,“ –  განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 6 თებერვალს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს, მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანობის პრინციპების დაცვით. პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა უყურადღებოდ არ დატოვებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში.

კორპუსების ასაშენებლად მთავრობა, პირველ ეტაპზე, 10 მილიონ ლარს გამოყოფს.

რამდენიმე დღის წინ „ოცნების“ ქალაქში მდებარე სახლები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა გადანომრეს.

ოცნების ქალაქი. ფოტო: როინ გუნდაძე

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზებზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის და მუყაოს ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ. ამ ადგილს მუყაოს ან ოცნების ქალაქს ეძახდნენ, თუმცა თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: