მთავარი,სიახლეები

ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

18.09.2019 • 2526
ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ  ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ.

„ნაცნობები, მეზობლები ცდილობენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მომაქციონ, მსაყვედურობენ, ქმარს რატომ დაშორდიო. ყოფილი ქმარი შეურაცხყოფას მაყენებდა, აღარ შეგვეძლო ერთად ცხოვრება და დავშორდი. ეს ადამიანები კი ჩემს პირად ცხოვრებაში ერევიან“, – გვითხრა ნათიამ.

36 წლის ქალი ამბობს, რომ „ქმარი ფოთში დაცვაში მუშაობდა და სახლში ხშირად არ იყო“. ბავშვების გაზრდა კი თითქმის მარტოს უწევდა.

„გვშიოდა თუ გვწყუროდა არ მოუკითხია. სოციალურ შემწეობას გვიყოფდნენ მეზობლები და ასე ვიყავით. ვიწვალე, შვილები ასეთ მძიმე მდგომარეობაში გავზარდე და ახლა მეუბნებიან, რადგან ქმარს დაშორდი, ბინას ვერ მიიღებო“.

ნათია ამბობს, რომ ქმართან დაშორების შემდეგ, სანამ საცხოვრებელს იპოვიდა, ბავშვები მამასთან იყვნენ, სწორედ ამ პერიოდში ჩაწერა სამთავრობო კომისიამ ბავშვები და მამა ბინის მიმღებთა სიაში, თუმცა ბავშვები დღეს მასთან არიან და ერთად ცხოვრობენ ნაქირავებში.

„მამამისი ბავშვებს მათ კუთვნილ სოციალური დახმარების თანხასაც არ აძლევს. ეუბნება, დედასთან რადგან წახვედით, დედაშენმა გარჩინოსო. მივმართე სოციალური მომსახურების სააგენტოს და ვაცნობე, რომ ბავშვები ჩემთან ცხოვრობენ. ბევრი პრობლემა გადავიტანე, 15-ლარიანი სამუშაო მქონდა, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ქირის გადასახდელი ფული მეშოვა და შვილები ჩემთან წამომეყვანა. „საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ დამეხმარა – მე და ჩემს შვილებს საჭმელი მოგვცა. ახლა საათობრივად ვმუშაობ დამლაგებლად.

ერთი ბავშვი ათი წლისაა, მეორე – 13-ის. სიცივეში, ნახევრად მშიერი, გაჭირვებაში ძლივს გამოვზარდე ბავშვები. ყველამ იცის, რომ იქ ვცხოვრობდი, მათ შორის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა რამაზ ჯინჭარაძემ და შოთა დოლიძემაც. მათ ვეხმარებოდი კიდეც ოჯახების გადამოწმებაში. ახლა კი მეუბნებიან, რომ შეიძლება ვერ მივიღო ბინა, რადგან ქმართან აღარ ვცხოვრობ“, – ამბობს ნათია.

ნათია დიასამიძე ამბობს, რომ განცხადებით სახალხო დამცველსაც მიმართა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აქვს თუ არა აჭარის მთავრობის კომისიას კონკრეტული სტრატეგია მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად და ვის ეკუთვნის ბინა, თუკი უკანონოდ აშენებულ ქოხს იურიდიული მეპატრონე არ ჰყავს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელი, რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს:

„ნათელა (ნათია) დიასამიძის შესახებ მონაცემები გვაქვს, ადრე ცხოვრობდა ის „ოცნების ქალაქში“, განქორწინების შემდეგ ბავშვები მამასთან იყვნენ, ამიტომ მამაა დარეგისტრირებული ჩვენთან ბაზაში. თუმცა ახლა დაწერა განცხადება, ამიტომ მათი საკითხი ერთობლივად იქნება განხილული“.

მისი თქმით, კომისიაში ამ ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, ხოლო ვის ეკუთვნის ან არ ეკუთვნის ბინა, ამის განხილვა შემდეგ ეტაპზე დაიწყება.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომისია აპირებს ნათია დიასამიძის საკითხის განხილვას. მისი თქმით, რადგან „ოცნების ქალაქში“ ქოხი ყოფილმა მეუღლეებმა ერთობლივად ააშენეს, მათ თანაბარი წილი ეკუთვნით. „თუ ცოლი გაშორდა ქმარს და ქმარს საკუთრება აქვს, ცოლს შეუძლია სამართლებრივად უჩივლოს და როგორც მეწილემ წილი მიიღოს“, – გვეუბნება ის.

როგორ წყვეტს სახელმწიფო, ვინ არის ქონების მფლობელი – ცოლი თუ ქმარი, თუ ქონება უკანონოდაა აშენებული და არ ჰყავს იურიდიული მესაკუთრე? – ამ კითხვის პასუხად რამაზ ჯინჭარაძე ამბობს: „უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, მით უმეტეს, როცა ბავშვებზეა საუბარი. სამართლიანობის პრინციპი არ იქნება დარღვეული. თუ ქალი დაშორდა ქმარს და დარჩა უსახლკაროდ, ამაზე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ კომისიურად“.

იმის შესახებ, რომ „ოცნების ქალაქში“ უკანონოდ ჩასახლებულ პირებს ხელისუფლება ბინებს აუშენებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  მიმდინარე წლის 6 თებერვალს განაცხადა.

კორპუსების ასაგებად მთავრობამ ტენდერი 2019 წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. პროექტისთვის მთავრობა, პირველ ეტაპზე, 10 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: