მთავარი,სიახლეები

“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

12.09.2019 •
“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

„ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმის“ განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

დღეს, 12 სექტემბერს, გამართული ბოლო სხდომის დასაწყისში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია მხარეებს შორის მოლაპარაკებას, რის გამოც სასამართლო განხილვა შეჩერებული იყო. სხდომა მალევე გაგრძელდა, რადგან მერიის იურისტმა და მუსლიმი თემის დამცველმა იურისტებმაც მოსამართლეს უთხრეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

“გაოცებული ვარ მერიის ადმინისტრაციის დამოკიდებულებით… კომუნისტური წესით გვითხრეს, გადმოგვეცით მიწის ნაკვეთიო. ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას… 8 ეკლესიაა იქ ირგვლივ, სადაც ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს… ჩემი ბაბუა და თქვენი ბაბუა,” – მიმართა მოსამართლეს მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ნოდარ პაქსაძემ, თუმცა რეპლიკა მოსამართლემ შეაწყვეტინა.

“იქნებ, მხოლოდ საქმის ირგვლივ ისაუბროთ, რეპლიკა ამას ითვალისწინებს…” – აღნიშნა მოსამართლემ.

“სასამართლო არის თავისუფალი და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ მიიღებთ თავისუფალ და სამართლიან გადაწყვეტილებას… დღეს ქვაფენილზე ლოცულობენ მუსლიმები, ეს არის სირცხვილი,” – დასძინა ნოდარ პაქსაძემ.

“ეს საქმე ისტორიულია… მე ვხედავ, ისევე როგორც თქვენ, როგორ ცდილობენ ისინი  მათი მოქალაქეობის აღიარებას. ის 12 ათასი ხელმოწერა, რაც შეგროვდა, ამის დადასტურებაა. მე ვფიქრობ, რომ ტერმინი “სენსიტიური” კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ “ისტორიული”, – ამ რეპლიკით მიმართა მოსამართლეს თამთა მიქელაძემ. იგი “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია “ტოლერანტობის დს მრავალფეროვნების ინსტიტუტთან” ერთად მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

თამთა მიქელაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მუსლიმი თემისთვის მიუღებელი მერიის წინადადება – გადაეცეს მუსლიმების მიერ შეძენილი მიწა მუსლიმთა სამმართველოს. მან თქვა, რომ ამ თემის აზრით, სამმართველო პოლიტიკურ გავლენების ქვეშაა.

“მე მჯერა, რომ თქვენც ისტორიულ როლს შეასრულებთ ამ პროცესში,” – მიმართა მოსამართლეს თამთა მიქელაძემ.

“მერიის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. მეტიც, დასაბუთება საერთოდ არ არსებობს,” – აღნიშნა სხდომაზე მუსლიმი თემის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა, მერი ალაფიშვილმა.

“ჩვენი შეთავაზება იყო ის, რომ მხარედ ამ პროცესში გამოსულიყო საქართველოს მუსლიმთა სამმართველო. მე არ მინახავს გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ პირდაპირ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება,” – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სამართლებრივად მერიას “დისკრეციული უფლებამოსილების” განხორციელებაში სასამართლო ვერ ჩაერევა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ არის… მხარეები თუ საბოლოოდ პოზიციებს შეაჯერებენ, ეს იქნება საუკეთესო შედგება. ეს აუცილებლად დადგება, მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს,“ – თქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მხარეების რეპლიკების მოსმენის შემდეგ.

_____

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლოს მუსლიმმა თემმა 2018 წლის 10 ივნისს მიმართა. ამ საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ივლისში უნდა დაესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა. შეთანხმება მერიაში 9 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა. ამის შემდეგ მოსამართლე შვებულებაში გავიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: