რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა


რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა.

„ჩვენი ინფორმაციით, ამწეზე იყო ორი მუშა და ბაგირი გაწყდა. საბედნიეროდ ერთი მუშა გადარჩა… აქ მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობდა ხელახლა გადაღებვა,“- გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ. მისი განმარტებით, მერიას არ ევალებოდა ამწეს ტექნიკური გამართულობისა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს კონტროლი იმის მიუხედავად, რომ ეს სახლი ჯერ მერიისთვის ჩაბარებული არ არის.

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში: „პირველადი ინფორმაციით, ხარაჩოს ბაგირია გაწყვეტილი… ჩვენი ინსპექტორები უკვე შევიდნენ ობიექტზე და დაიწყო მოკვლევის პროცედურები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მიქაიამ, შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექციის უფროსმა შრომის ინსპექტორმა.

შრომის ინსპექციაში ასევე გვითხრეს, რომ ეს სამშენებლო ობიექტი ინსპექციას შემოწმებული არ ჰქონდა.

ამ უწყებების გარდა სამშენებლო სამუშაოებზე გარკვეულ შემთხვევებში კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უწყება ახორციელებს, თუმცა აქ თქვეს, რომ მათ უფლებამოსილებას სცდება მსგავსი შემთხვევების კონტროლი.

ამ ეტაპზე უცნობია, ასევე, მუშაობდა თუ არა ამ ობიექტზე უსაფრთხოების ინსპექტორი, რომლის ყოლაც კანონში ბოლოს შესული ცვლილებების მიხედვით სავალდებულოა.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული პირის ბრალეულობა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე. იურისტი განმარტავს, რომ არ არსებობს კონკრეტული სახელმწიფო უწყება, რომელიც ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები შეამოწმოს. პაატა დიასამიძის აზრით, სახელმწიფო ვალდებულია, პრევენციული ღონისძიებები გაამკაცროს.

„სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების შემოწმებას, რადგან იქ მომეტებული საფრთხე არსებობს. თანაც, შემოწმება უნდა ხდებოდეს ისე, რომ დამსაქმებელმა წინასწარ არ იცოდეს ამის შესახებ. ყველა ზომა უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ დაცული იყოს ადამიანების სიცოცხლე… თუკი კონკრეტული სახელმწიფო ორგანო შეამოწმებს ობიექტს და შემდეგ აღმოჩნდება ის, რომ უსაფრთხოების ზომები იქ დაცული არ იყო, შესაძლოა, გულგრილი დამოკიდებულების გამო, ამ მოხელეს მიედავოს გამოძიება,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი