მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის ბულვარი გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება

06.11.2019 • 1502
ბათუმის ბულვარი გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება

ბათუმის ბულვარი აგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობას.

საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლების მიზნით ბათუმის ბულვარსა და „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციას“ (WISTA GEORGIA) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს EMBLAS PLUS-ის მხარდაჭერით და  ევროკავშირის დაფინანსებით საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ და ასოციაცია WISTA Georgia-ს პრეზიდენტმა ლალი ხვედელიძემ.

ირაკლი ჯინჭარაძე და ლალი ხვედელიძე

ბათუმის ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარი აქტიურად ერთვება გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ღონისძიებებსა და პროექტებში. „ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის ბულვარის ორგანიზებით არაერთი საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება ჩატარდა. სულ ახლახან ბათუმის ბულვარი გახდა მსოფლიოს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ფონდის ოფიციალური წევრი-პარტნიორი, დაწყებულია პროგრამა „ლურჯ დროშაზე“ მუშაობა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე მაღალი სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა ნიშნულის მოპოვებას ისახავს მიზნად. დღევანდელი მემორანდუმიც არის ერთგვარი გაგრძელება ჩვენ მიერ დასახული პრიორიტეტების, ამიტომაც დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ WISTA Georgia-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტში და მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ ყველა აქტივობაში,“- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, როგორიცაა: საქართველოს სანაპირო ზოლის ზოგიერთი ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდა, ასევე, შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებით სემინარების ჩატარება.

როგორც ასოციაცია WISTA Georgia-ს წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სრულიად მარტივად – სმარტფონებში შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით, საქართველოს სანაპირო ზოლზე აღმოჩენილი ნარჩენების იდენტიფიცირება. აღნიშნული აპლიკაციით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად მომზადდება შესაბამისი ანგარიში, რაც სამომავლოდ გაამარტივებს სანაპირო ზოლზე ზიანის მომტანი ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: