ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო


2018 წელს ბათუმში მოქმედ 10 სამორინეში ვიზიტორთა რაოდენობამ 1,1 მილიონი ფიზიკური პირი შეადგინა, რომელთა 81 პროცენტი უცხოელი იყო. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოების კლიენტების უმეტესობა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა კაზინოების ნაწილი ასევე აწყობს სპეციალურ „სათამაშო ტურებს“ და სხვადასხვა ქვეყნიდან [მაგალითად, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი] შეძლებულ მოთამაშეებს მასპინძლობს.

საქართველოში მოქმედი 20 კაზინოდან ნახევარი სწორედ ბათუმშია განლაგებული. მომდევნო ორ წელში კი აჭარაში კიდევ 7 კაზინო უნდა გაიხსნას.

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ „სერიოზულ გამოწვევად რჩება სათამაშო ბიზნესზე არაეფექტური ზედამხედველობა… მიწის სამორინეები [ჩვეულებრივი, არაონლაინ კაზინოები – ავტ.] განსაკუთრებით მოწყვლადია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ხარჯვის მიმართ, რადგან მათი შესაბამისობის კონტროლის სისტემები სუსტია“.

სხვადასხვა სფეროში თუ ფულის გათეთრების რისკები შეფასდა როგორც დაბალი, საშუალო ან საშუალო-დაბალი, ქვეყნის მასშტაბით სათამაშო ბიზნესი ერთადერთი სფეროა, სადაც ეს რისკი საშუალო-მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ონლაინსამორინეებში ანონიმურობის და ანგარიშების არამიზნობრივი გამოყენების შეზღუდვის მიზნით… სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო-მაღალი“, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.

საქართველოში სამორინეს გახსნისთვის ნებართვის მიღებაა საჭირო, თუმცა ინტერნეტსივრცეში აზარტული თამაშების მოსაწყობად ლიცენზია არ გაიცემა. სამორინეს მოწყობის ნებართვა მის მფლობელს აძლევს როგორც კაზინოს, ასევე ინტერნეტსივრცეში აზარტული თამაშების მოწყობის უფლებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კაზინოს კლიენტები ძირითადად უცხოელები არიან, ონლაინკაზინოსა და სხვა ინტერნტთამაშების მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა კი – საქართველოს მოქალაქეები.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოებიდან საეჭვო ტრანზაქციებზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში [ფმს] შეტყობინებები არ იგზავნება: „კაზინოებში ტრანზაქციების აბსოლუტური უმეტესობა ნაღდი ფულით ხორციელდება, ხოლო მაღალი რისკის კლიენტების განსაზღვრა და მათი ფულადი სახსრების წარმოშობის წყაროების დადგენა არ ხდება“.

კანონით, ანგარიშვალდებული პირები [მათ შორის კაზინოები] ვალდებულნი არიან შეატყობინონ ფმს-ს საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2018 წლებში ასეთი შეტყობინება ფმს-ში კაზინოებიდან საერთოდ არ შესულა, მაშინ როცა კომერციული ბანკებიდან ამავე პერიოდში შევიდა 3 831 შეტყობინება [ამ შეტყობინებებიდან გამოძიების ორგანოებში გადაიგზავნა 588 საქმე, აქედან 64 საქმე ტერორიზმის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, საიდანაც სუს-მა მხოლოდ 6-ზე დაიწყო გამოძიება].

საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ კაზინოები კლიენტებს ასევე სთავაზობენ ვალუტის გადაცვლის მომსახურებას. „სათამაშო ჟეტონები, მოგების მაღალი ალბათობის მქონე [მაგ. ბაკარა] და ე.წ. P2P [მაგალითად, პოკერი] თამაშები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მისაცემად“.

„ტრანზაქციების მონიტორინგი მხოლოდ სამორინეში თაღლითობის პრევენციის მიზნით ხორციელდება. თუმცა მოგების სერტიფიკატი არ გაიცემა, რაც მოწყვლადობის დონეს ამცირებს. მიწის სამორინეები ნაკლებად მიმზიდველია უკანონო შემოსავლის შენახვის ან გადაადგილების თვალსაზრისით. მოგებული თანხის კლიენტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა არ ხდება. მხოლოდ ერთი სამორინე სთავაზობს კლიენტებს ნაღდი ფულის შენახვის მომსახურებას“, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.

რაც შეეხება ონლაინკაზინოებს, ისინი კლიენტებს [რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან] მრავალფეროვან აზარტულ თამაშებს სთავაზობენ.

წლების განმავლობაში ონლაინკაზინოებს ჰყავდა არასათანადოდ ვერიფიცირებული კლიენტები და სწრაფი გადახდის აპარატებით ხდებოდა მათ ანგარიშებზე ნაღდი ფულის ანონიმურად შეტანა. ამასთან, თამაშის გარეშე შეიძლებოდა ფულის ანგარიშზე შენახვა ან სხვა მომხმარებლისთვის გადარიცხვა. შედეგად, ონლაინსამორინეს ანგარიშებზე კიბერდანაშაულის გზით მოპოვებული თანხების ჩარიცხვის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ახალი კანონმდებლობით კი, მხოლოდ ვერიფიცირებულ კლიენტს შეუძლია ონლაინსამორინეს ანგარიშის გახსნა. ფმს-ის და შემოსავლების სამსახურის ძალისხმევით, ონლაინსამორინეებმა დაიწყეს საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა, – აცხადებს მთავრობა.

მთავრობის ინფორმაციით, კაზინოებისგან და ონლაინკაზინოებისგან განსხვავებით სათამაშო ბიზნესის სხვა ოპერატორების წილი მთლიან ინდუსტრიაში შედარებით მცირეა, თუმცა მათი მომხმარებლებიც უმეტესწილად არიან საქართველოს მოქალაქეები.

„სათამაშო აპარატების სალონებში და ტოტალიზატორებში, რომელთა ოპერირება სამორინეების მიერ არ ხორციელდება, შესაბამისობის კონტროლის სისტემები თითქმის არ არსებობს. სათამაშო აპარატებზე შეიძლება დიდი ოდენობით ნაღდი ფულით ანონიმურად თამაში. ამასთან, მოთამაშეს შეუძლია, თამაშის გარეშე, მოგების სახით გაანაღდოს მის მიერვე დადებული თანხა. სალონების ნაწილი აგრეთვე გასცემს ბილეთებს, რომელთა სათამაშოდ გამოყენება ან განაღდება შეუძლიათ მესამე პირებსაც. ტოტალიზატორში შესაძლებელია მოგების მაღალი ალბათობის მქონე ან ურთიერთსაპირისპირო ფსონების დადება. აღნიშნული პროდუქტები მოწყვლადია უკანონო შემოსავლის წარმოშობის წყაროს შენიღბვის და მისთვის კანონიერი სახის მიცემის თვალსაზრისით“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამორინეს დირექტორი ან მფლობელი ვერ გახდება [იქნება] პირი, რომელიც ნასამართლევია ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ჩადენილი ან სხვა მძიმე დანაშაულისთვის. თუმცა „სამორინეების ბენეფიციარი მესაკუთრეების [არაპირდაპირი, საბოლოო მფლობელის – ავტ.] დადგენა, მათი რეპუტაციის შემოწმება და ქონების წარმოშობის წყაროს განსაზღვრა არ ხდება“.

2014-2018 წლებში ნებართვის გარეშე აზარტული თამაშების მოწყობის 45 სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 86 პირი მიეცა პასუხისგებაში.

უცხოური ონლაინსამორინეების მიერ საქართველოში მომსახურების შეთავაზებებზე მონიტორინგი კი საერთოდ არ ხდება.

„გამოწვევად რჩება არასაფინანსო სექტორში, განსაკუთრებით სათამაშო ბიზნესში ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობა. სამორინეების შემოწმება ზოგადი სანებართვო პირობების ფარგლებში ხორციელდება და, ძირითადად, შესაბამისობის კონტროლის პოლიტიკის არსებობით შემოიფარგლება. პრიორიტეტული ამოცანაა სათამაშო ბიზნესზე რისკზე დამყარებული ზედამხედველობის დანერგვა და სამორინეების მფლობელთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის სათანადო კრიტერიუმების განსაზღვრა“.

მთავრობის განკარგულებით, 2020 წლისთვის დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრება აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი პირის, ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის და მათი ქონების კანონიერი წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა.

მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოში მზარდია ინტერნეტთაღლითობის ფაქტების რაოდენობა, „ინტერნეტთაღლითობის ტრანსნაციონალური ხასიათი კი ართულებს დამნაშავეთა იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას“.

საქართველოში კიბერდანაშაულებების გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ჩარიცხვა კი ზოგჯერ საბანკო ან ონლაინსამორინეს ანგარიშზე ხდებოდა.

საქართველოში უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულები მოიცავს ე.წ.:

  • სპამს – მასობრივად გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში მითითებული ინტერნეტბმულის ან თანდართული დოკუმენტის გახსნა, რაც იწვევს კომპიუტერული სისტემის დაიფინცირებას ზიანის მომტანი პროგრამით [malware];
  • ჰაკინგს – მაგალითად, ონლაინსამორინეს ანგარიშებზე, სწრაფი გადახდის აპარატების სისტემაში ან ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე უკანონო შეღწევა;
  • ფიშინგს – რეალურთან მიმსგავსებულ ყალბ ვებგვერდზე მსხვერპლის შეტყუება და პირადი მონაცემების ხელში ჩაგდებით, მის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა;
  • ქარდინგს – საგადახდო ბარათის კლონირება ან ბარათის მონაცემების სხვაგვარად ხელში ჩაგდება.

მთავრობა ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ სათამაშო ბიზნესი ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა: „ამ ბიზნესიდან შემოსავალმა მაგალითად, 2016 წელს, 5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 130-პროცენტიანი ზრდაა. დღეს საქართველოში 20 მიწის და 6 ონლაინ კაზინოა“.

სათამაშო ბიზნესის ზრდას საქართველოში ძირითადად განაპირობებს ის, რომ რეგიონის ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალულია, ან შეზღუდულია, ხოლო საქართველოში მათ მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა.

ამასთან, საქართველოს ზოგიერთ ნაწილში [მაგალითად, ბათუმში] სათამაშო ბიზნესის ოპერატორები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, რაც, მთავრობის განმარტებით, „მიზნად ისახავს ტურიზმში ინვესტიციების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას“.

ქვეყანაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრისთვის სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ხელმისაწვდომი კვლევების თანახმად, საქართველოში, აზარტულ თამაშებში მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ჩართულობა საგანგაშოდ მაღალია.

ამ თემაზე:

ცოლ-ქმარმა ამერიკიდან ბათუმში კაზინოს უჩივლა: ძაღლებივით გამოგვყარეს

მომდევნო ორ წელში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება – შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com