მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებენ პარკინსონით დაავადებულები საჭირო მედიკამენტებს? – მინისტრის პასუხი

06.11.2019 • 1745
როდის მიიღებენ პარკინსონით დაავადებულები საჭირო მედიკამენტებს? – მინისტრის პასუხი

„ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები ფარმამომწოდებლებთან. ეს ნაკლი, რომელიც იყო ახალი პროგრამიდან გამოწვეული, იქნება აღმოფხვრილი,“ – გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ მედიკამენტ „ნაკომის“ შეძენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

ეს მედიკამენტი პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ და მას პროგრამის ფარგლებში იღებდნენ. უკვე მესამე თვეა აჭარაში ეს მედიკამენტი აღარ გაიცემა.

რა იყო „ნაკლი“? – ჩვენ ამის დაზუსტებაც ვთხოვეთ მინისტრს, რაზეც მინისტრმა გვიპასუხა:

„ეს კონკრეტიკა, მე მგონი, არ არის თქვენთვის საინტერესო… იყო გარკვეული პრობლემატიკა, არ იყო გაწერილი ყველაფერი იმ კუთხით, რომელიც არ გამოიწვევდა ამ ხარვეზს,“ – გვიპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა.

რამ გამოიწვია პროგრამის ფარგლებში გასაცემი მედიკამენტ „ნაკომის“ დეფიციტი, ამას „ბათუმელები“ წინა თვეში არკვევდა.

შესყიდვების სააგენტომ 2019 წლის 25 ოქტომბერს ოფიციალურად მოგვწერა, რომ „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კიდევ გეგმავს კარბიდოპა/ლევოდოპას [„ნაკომი“]განმეორებით შესყიდვას კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიკამენტის შესყიდვის მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა“.

შესყიდვების პორტალის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის „ნაკომის“ შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: