მთავარი,სიახლეები

მარწყვისა და ჟოლოს მეურნეობა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასასაქმებლად

07.11.2019 •
მარწყვისა და ჟოლოს მეურნეობა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასასაქმებლად

კენკროვანების მეურნეობა, სადაც ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები საქმდებიან

,,გაუმართლა ჩემს ქმარს, რომ ხელოსნობა იცის, რემონტის გაკეთება შეუძლია. როცა რემონტი სჭირდება ვინმეს, ნასამართლობის ცნობას არ სთხოვენ. ეს საქმე რომ არა, ვერსად იმუშავებდა,“ – ამბობს ნინო (სახელი შეცვლილია). ნინოს მეუღლე ყოფილი პატიმარია და მუშაობის დაწყების ყოველი მცდელობისას, ყველა ტიპის სამსახურში, როგორც ნინო ამბობს, ნასამართლობის ცნობას სთხოვდნენ. მართალია, ნინოს მეუღლე ახლა მუშაობს, თუმცა მისი ხელფასი არასტაბილურია და დამოკიდებულია რემონტის შეკვეთაზე, რაც ყოფილ პატიმარს ხან აქვს, ხან – არა. ნინოს და მის მეუღლეს პირველკლასელი შვილი ჰყავთ. ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუშაობა ნინოსაც დაეწყო.

ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, ნინომ მეგობრისგან გაიგო, რომ ქუთაისთან ახლოს, გეგუთში სოციალური საწარმო ,,აგამა“ გაიხსნა, სასათბურე მეურნეობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა კენკრა: მარწყვი და ჟოლო მოჰყავთ. ნინო ყოველ მეორე დღეს მარწყვსა და ჟოლოს რგავს, უვლის, მერე კრეფს და კომპოტებს, ჯემებს, მურაბებს ამზადებს. სათბურში კენკრა მთელი წელი მოდის.

სასათბურე მეურნეობა და საწარმო ,,აგამა“ „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა. ნინოც სწორედ ამ ნიშნით დასაქმდა. მისი ანაზღაურება ყოველ სამუშაო დღეს 20 – 25 ლარია – გამომუშავების მიხედვით.

საწარმოში ამჯერად 6 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ზოგი ყოფილი პატიმარია.

დასაქმება ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, საწარმოს გაძლიერების იდეაც ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“ ამიტომ გაუჩნდათ. ცოტა ხნის წინ ასევე ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშესაწყობად ქუთაისშიც გაიხსნა სოციალური საწარმო, სადაც გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურების სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს, ეს საწარმოც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოეწყო.

გარდა დასაქმების ხელშეწყობისა, პროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციართა სამედიცინო, იურიდიულ მხარდაჭერას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით გადამზადეას, ტრენინგ-სემინარებს და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა მიზნად ისახავს:

  •   ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: