მთავარი,სიახლეები

დედამ, რომელმაც შვილი ცემაში დაადანაშაულა, სასამართლოში დუმილი არჩია

07.11.2019
დედამ, რომელმაც შვილი ცემაში დაადანაშაულა, სასამართლოში დუმილი არჩია

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა გიორგი ს.-ს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედებოდა ბრალად. პროკურატურის ვერსიით, გიორგიმ ორჯერ სცემა საკუთარ დედას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ხელი მკერდში ჩაარტყა, მეორეჯერ კი – სახეში გაარტყა. მსჯავრდებულის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს.

გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოსამართლეს იმ მარტივი მიზეზით მოუხდა, რომ საქმეში ოჯახში ძალადობაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დედამ კი სასამართლოში დუმილი არჩია.

„გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს გ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი (ოჯახში ძალადობა) დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ამავე საქმეში გამოძიება ბრალდებულს სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა. საუბარია სახლის კარის და იქვე მდებარე მაღაზიის ვიტრაჟის სანადირო თოფის გასროლით ჩამსხვრევაზე. ამ ნაწილში ბრალდებულს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ამ დანაშაულის ჩადენამდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ მოსამართლემ მას 3 ათასი ლარის გადახდაც დააკისრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: