მთავარი,სიახლეები

რა ხდება წინასწარი დაკავების საკნებში – „ციხეზე ბევრად რთული იზოლატორში ყოფნაა“

26.12.2019 • 3991
რა ხდება წინასწარი დაკავების საკნებში – „ციხეზე ბევრად რთული იზოლატორში ყოფნაა“

„ციხეზე ბევრად რთული იზოლატორში ყოფნაა. განსაკუთრებით პირველ დღეს ხარ დათრგუნული. გარეთ იყავი და უცებ გამოგკეტეს. ვერავის უყვები ამბავს, არც ტელევიზორი ჰკიდია სადმე, რომ ხმა გესმოდეს. ზედამხედველები მუდმივად გაკვირდებიან, არ იცი, რა გელოდება… წიგნის თაროზეც მხოლოდ ორი ცალი, თითქმის დახეული წიგნი გხვდება: ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული და კიდევ ილია ჭავჭავაძე…“ – ამას ყოფილი პატიმარი, ბორის მაისურაძე გვიყვება. იგი ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაახლოებით ერთი თვის წინ მოხვდა.

ახალი და განახლებული იზოლატორების მოწყობის ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ წლის დასაწყისში აიღო, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ: „სახალხო დამცველის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ იზოლატორების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარებული სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები“. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.

რამდენი ახალი იზოლატორი მოეწყო წელს და რამდენი გარემონტდა? – ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ. მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის არ დასრულებულა, მაგრამ რემონტდება 6 დროებითი მოთავსების იზოლატორი: სიღნაღში, ბაღდათში, ჭიათურაში, სენაკში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. ჯამში ეს სამუშაოები სამინისტროს 293 610 ლარი უჯდება.

ამ ეტაპზე დასრულებული არ არის ახალი იზოლატორების მშენებლობაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალ იზოლატორს აშენებენ თბილისში, ავჭალის დასახლებაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მილიონ 255 555 ლარი დაიხარჯება, გურჯაანში – 1 მილიონ 130 434 ლარი. ახალი იზოლატორი კეთდება ბაკურიანშიც, სადაც მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

საქართველოში სულ 29 დროებითი მოთავსების იზოლატორია, სადაც ერთდროულად 251 დაკავებულის განთავსებაა შესაძლებელი. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დათვლილია „გამონაკლის შემთხვევაში საკანში მოსათავსებელი პირების მაქსიმალური რაოდენობა“ და ის 367-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ იზოლატორების დიდ ნაწილში იმაზე მეტი დაკავებული შეიძლება მოათავსონ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ რეჟიმშია გათვალისწინებული, მაგალითად, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გათვალისწინებულია 19 ადგილი, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში მოთავსდება – 25.

ნახევრად გატიხრული საპირფარეშოები, დაზიანებების ზუსტი აღრიცხვის პრობლემა, კვება, ვენტილაცია, განათება, მდგომარეობა ქალი და არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის – ეს ის პრობლემებია, რის შესახებაც სახალხო დამცველი წლებია წერს და აღნიშნულია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშებშიც. ამ პრობლემებზე საუბრობენ ყოფილი პატიმრებიც, რომლებიც იზოლატორებში მოხვდნენ.

„ბათუმელები“ ამ თემაზე სამ ყოფილ პატიმარს ესაუბრა. სამივე პატიმარი ამბობს, რომ იზოლატორის საჭმელი არ უჭამიათ და იზოლატორში ყოფნის პერიოდში, რომელიც მაქსიმუმ 72 საათს გრძელდება, ძირითადად ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილ საკვებს იღებდნენ.

„იყო ჩაი, პაშტეტი ჰქონდათ, სუპებიც იყო, სპეციალურ ჭიქებში მარტივად და მალე რომ კეთდება, ცხელ წყალს დაასხამდნენ… ნუ, ახლა, ყავა არ იყო,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი ბორის მაისურაძე.

„საჭმელს ჩემები მიგზავნიდნენ, თუმცა საერთოდ ვერ ვჭამდი… ცოტა ჰიგიენას თუ მიხედავენ, კარგი იქნება. ჰიგიენის პრობლემა იყო საპირფარეშოშიც, რომელიც საკნებშია მოწყობილი, ნახევრად ჩანხარ, მარტო არ ხარ, მინიმუმ უხერხულად გრძნობ თავს,“ – გვითხრა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„რიგი იზოლატორები არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციით და განათებით, არადამაკმაყოფილებელია სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, იზოლატორების საკნებში არის ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძი. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ორ და მეტადგილიან საკნებში, სადაც შესახლებულ პირს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვა პირის/პირთა თანდასწრებით უწევს. იზოლატორებში თითოეული დაკავებული პირი უზრუნველყოფილია მხოლოდ მშრალი სასურსათო ულუფით, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

საპირფარეშოების პრობლემას სხვაგვარად უყურებს ყოფილი პატიმარი ბორის მაისურაძე:

„მთლიანად რომ იყოს ამოყვანილი კედელი, იქ შესაძლოა ადამიანმა თავი მოიკლას… დამიჯერეთ, ყველა, ვინც იქ ხვდება, ძალიან ნერვიულობს და საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ციხეში როცა შედიხარ, უკვე ვეღარ დარდობ ამდენს, უკვე შეჩვეული ხარ საკანს, შეგიძლია ჭადრაკი მაინც ითამაშო, ტელევიზორს შეხედო,“ – ამბობს ბორის მაისურაძე.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული კოორდინატორი, ცირა ჭანტურია კი მიიჩნევს, რომ ეფექტური მართვის პირობებში შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა ისე, რომ დაკავებულს იზოლატორში ღირსება არ შეულახონ.

„წლების წინ ანალოგიური პრობლემა იყო საპატიმრო დაწესებულებებშიც და საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რისკები ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. თუკი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადამიანი სუიციდისკენ არის მიდრეკილი, ან თვითდაზიანებას ჩაიდენს, მაშინ შესაძლოა ის მოათავსონ საკანში, სადაც კონტროლის სხვა მექანიზმები არსებობს… ნახევრად გატიხრული საპირფარეშო საკანში, სადაც რამდენიმე დაკავებული ერთადაა მოთავსებული, ცალსახად ღირსების შემლახავი მოპყრობაა,“ – აღნიშნავს ცირა ჭანტურია.

ცირა ჭანტურია საუბრობს არასრულწლოვნებზეც, რომლებსაც იზოლატორებში შესაბამისი გარემო არ ხვდებათ.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ მათთვის არ უნდა იყოს დამთრგუნველი გარემო იზოლატორებში, ასევე გამოკითხვის დროს… ამ კუთხით კიდევ ბევრი რამაა შესაცვლელი,“ – დასძენს ცირა ჭანტურია.

კიდევ ერთი ყოფილი ქალი პატიმარი [მის ვინაობას არ ვასახელებთ] გვიყვება, რომ იზოლატორების პრობლემა ქალი ზედამხედველების არარსებობაა.

„მე მოვხვდი სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში… მითხრეს, რომ ქალი ზედამხედველი იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დეკრეტში გავიდაო. უხერხულობა გაქვს შესვლის დროს, როცა გამოწმებენ, ასევე შემდეგ, როცა, მაგალითად, ჰიგიენურ ნივთებს გაწვდიან… ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს მხრიდან ცუდი ან აგდებული დამოკიდებულება იყოს,“ – გვითხრა ყოფილმა პატიმარმა.

„დროებითი მოთავსების 21 იზოლატორში არ ჰყავთ ქალი თანამშრომლები, რაც იზოლატორში მოსათავსებელი ქალების პირადი დათვალიერებისას პრობლემას წარმოშობს,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

ყოფილი პატიმრების თქმით, ასევე „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მონაცემებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მინიმუმამდეა დასული არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.

„იქ კამერებია და იწერება ყველაფერი, უბატონოდ ვინმე ხმას არ გაგცემს… მე როცა მოვხვდი, მთვრალი კაცი შემოიყვანეს, იგინებოდა საშინლად და პოლიციელს ხელიც არ დაურტყამს,“ – იხსენებს იზოლატორში ყოფნის პერიოდს ყოფილი პატიმარი ბორის მაისურაძე.

„სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ძირითადად პოლიციის განყოფილებაში ხდება… “ – ამბობს ცირა „ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული კოორდინატორი. იგი ყურადღებას ამახვილებს სხვა რისკზე – სახალხო დამცველის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 29 იზოლატორიდან 14-ში სამედიცინო პუნქტი არ არის და ექიმის ფუნქციას ადგილზე გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ჯგუფი ასრულებს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა შემუშავდეს სახელმწიფო დეტალური ინსტრუქცია იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად  დოკუმენტირების შესახებ.

ომბუდსმენი თავის ანგარიშში ასევე შენიშნავს იზოლატორებში ბუნებრივი და ხელოვნური განათების პრობლემებსაც.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მონაცემებით, ახალი იზოლატორები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. იზოლატორების რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. ეს ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატში დაგვიდასტურეს, თუმცა გვითხრეს, რომ დამუშავებული ინფორმაცია მორიგ წლიურ ანგარიშში აისახება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: