მთავარი,სიახლეები

როგორ შეარჩია აჭარის მთავრობამ ადამიანები, რომლებსაც ბინები უფასოდ გადასცა

24.12.2019
როგორ შეარჩია აჭარის მთავრობამ ადამიანები, რომლებსაც ბინები უფასოდ გადასცა

დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ხუთ მოქალაქეს აჭარის საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი ბინა გადასცა. ბათუმში საცხოვრებელი ბინები მიიღეს: სპორტსმენმა ლაშა გობაძემ, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „არსიანის“ დირექტორმა – ოთარ მიქელაძემ, ფსიქოლოგმა და მრავალშვილიანმა დედამ – შორენა დოლიძემ, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ჯუმბერ ნინიძემ და მსახიობმა მამუკა მანჯგალაძემ. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ დამსახურებული ადამიანებისთვის ბინების გადაცემა წინასაახალწლო ტრადიციად დამკვიდრდება.

„ამ ეტაპისთვის შეირჩა ადამიანები, რომელთაც აქვთ პრობლემა საცხოვრებელთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რის მიხედვით გამოარჩია აჭარის მთავრობამ ეს ოჯახები იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ასევე აქვთ საცხოვრებლის პრობლემა.

„არსებული დამსახურების და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მათ ჰქონდათ,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, როცა მას სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: რა კრიტერიუმებით და ვინ შეარჩია ოჯახები, რომლებმაც ბინები უფასოდ მიიღეს?

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბინების გადაცემა უფასოდ მას ერთპიროვნულადაც შეეძლო.

„შევარჩიეთ შესაბამისი უწყებების მომართვის საფუძველზე, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ დისკრეციულად შემიძლია, რომ განსაკუთრებით ამ ნაწილში, როცა სოციალური დატვირთვა აქვს, აჭარის მთავრობას შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

საცხოვრებელი ბინები დაუკანონდა აჭარის რეგიონში მცხოვრებ 30 ოჯახს, რომლებიც თვითნებურად იყვნენ შესახლებულები. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე 25-25 ათას ლარს მისცემენ სოფელს თხილვანაში ეკომიგრანტ 34 ოჯახს, „საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: