მთავარი,სიახლეები

„მანდარინის რეალიზების პრობლემა არ დგას“ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

24.12.2019
„მანდარინის რეალიზების პრობლემა არ დგას“ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნარინჯისფერი რთველი იყოს ზედმეტი შეფერხებების გარეშე ჩატარებული. ამიტომ, დღესვე უკვე ყველა ოჯახის დონეზე განუმარტეთ, სად შეიძლება არასტანდარტული მანდარინის მიღება,“ – მიმართა აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტიტე აროშიძეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს.

მთავრობის თავმჯდომარემ ახსენა „მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც“ და დასძინა, რომ ფერმერებს სჭირდებათ განმარტება, სად შეუძლიათ მანდარინის ჩაბარება.

„კომპანიები გამართულად მუშაობენ, ერთ-ერთმა საწარმომ, „ქართულმა ციტრუსმა“ თავისი ვალდებულებები შეასრულა და აქედან გამომდინარე, სტანდარტულ ციტრუსზე არ ჰქონდა შეკვეთები. ამიტომ შეაჩერა სტანდარტული ციტრუსის მიღება. ამასთანავე, არასტანდარტული მანდარინიც მილევადია,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მისივე თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით მიმდინარეობს და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წელს ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა.

სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ გვითხრა, რომ „ბათუმელებში“ გუშინ, 23 დეკემბერს, გამოქვეყნებულ სტატიას – სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა არაობიექტურად მიიჩნევს, რადგან ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც მანდარინის რეალიზების პრობლემა არ დგას.

„ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში არ არის საუბარი იმაზე, რომ რეალიზების პრობლემა არსებობს. სტატიაში საუბარია ქობულეთში ციტრუსის მიმღებ ყველაზე დიდ საწარმოზე – „ქართულ მანდარინზე“, სადაც ფერმერებმა მანდარინის ჩაბარება უკვე ვეღარ შეძლეს. ამ საწარმოზე საუბრობდა ტიტე აროშიძეც მთავრობის სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ მანდარინში“ მანდარინს აღარ იღებენ, გუშინ „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ საწარმო სტანდარტულ მანდარინსაც იღებს და არასტანდარტულსაც.

„შესაძლოა, კითხვა ან კითხვის კონტექსტი ვერ გაიგო. კიდევ 15 ქარხანა მუშაობს ხელვაჩაურსა და ქობულეთში,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ. მას ვუთხარით, რომ სამინისტროს პრესცენტრმა განმარტების გარდა, მოგვაწოდა კომპანიის „ქართული მანდარინის“ წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაციაც.

სტატიაში საუბარი იყო მოქალაქის მიერ მოწოდებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც, საწარმოში, სადაც მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინს იღებენ, რიგებია და არსებობს ურიგოდ შესვლის შემთხვევებიც, თუკი ვინმე ფულს გადაიხდის. იმავე სტატიაში მოქალაქის მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციას სამინისტროს პრესცენტრი აბსურდულს უწოდებს, კომპანიის წარმომადგენელმა კი ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

„პროცესი მიდის საკმაოდ კარგად და ეს უნდა გაშუქდეს ობიექტურად. 20 მანქანა რიგი არ არის. იქ არის სამუშაო პროცესი. რიგი არის 200 და 300 მანქანა როდესაც დგას,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: