მთავარი,სიახლეები

ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარში 10 ადგილზე ხანძარია – საგანგებო

24.12.2019
ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარში 10 ადგილზე ხანძარია – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა. ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს.

„სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.

ქვემო-ქართლი – უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მარნეული – სოფელი ახკერპი. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

თიანეთი – სოფელი ჩაბანო. ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დუშეთი – სოფელ ახალ ტონჩასთან ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 15 მეხანძრე-მაშველი.

წალენჯიხა – სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მარტვილი – სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ვანი – სოფელი ძულუხი. დილიდან ადგილზე მუშაობა განაახლა 40-მდე მეხანძრე-მაშველმა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცაგერი – სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ლანჩხუთი – სოფელ მამათთან, გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამსახური მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: