მთავარი,სიახლეები

„ცუდია ეს თუ კარგი?“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმზე, სადაც „მშენებლობების სიმაღლე არ იზღუდება“

24.12.2019
„ცუდია ეს თუ კარგი?“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმზე, სადაც „მშენებლობების სიმაღლე არ იზღუდება“

„არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება, რომელიც ჩვენს რეგიონს, ქალაქს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას და მიმზიდევლობას მატებს. მინდა შევეხო ბოლო პერიოდში მიღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღიარებას – გამომცემლობა „ფორბსმა“ ბათუმი შეიყვანა ევროპის ხუთეულში, საინვესტიციო ქალაქებში. ჩვენ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ბათუმი გამხდარიყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი კონკურენტი ქალაქი და ეს უკვე გადაიქცა რეალობად, ვინაიდან 2019 წელს ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი, ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება…“ – ამ სიტყვებით დაიწყო დღეს, 24 დეკემბერს, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომა. ის არ შეხებია Forbse-ის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმი დეველოპერებს ძირითადად იმის გამო იზიდავს, რომ მშენებლობებზე სიმაღლის შეზღუდვა არ არსებობს.

რამდენად კარგია, როცა არ არსებობს სიმაღლის შეზღუდვა და ბათუმი უკვე 14 წელია განაშენიანების გენერალური გეგმის გარეშე შენდება? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს სხდომის დასრულების შემდეგ.

„რეგულაციები როგორ არ არის, ხომ არ შეიძლება ჩვენ გვქონდეს ყველაფრის ნიველირების მცდელობა? ყველაზე რეპუტაციულმა საერთაშორისო გამომცემლობამ აღიარა ბათუმის წარმატება ბევრი მიმართულებით,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ. მას შევახსენეთ, რომ ამ გამოცემამ აღნიშნა ისიც, რომ ბათუმში არ არის მშენებლობის სიმაღლის შეზღუდვა.

„ცუდია ეს თუ კარგი?“ – იკითხა თორნიკე რიჟვაძემ და შემდეგ, როცა ვუთხარით, რომ კითხვებს ჟურნალისტები სვამენ, დასძინა:

„ქალაქმშენებლობის დოკუმენტთან დაკავშირებით გიპასუხებთ მერია, ალბათ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტებს, ის გადის იმ რეგულაციებს, რომლებიც არის კანონით გათვალისწინებული,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: