მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“: მოვუწოდებ ჟურნალისტებს პოზიტიური ამბით დავიწყოთ გამოშვება

25.12.2019 • 1243
საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“: მოვუწოდებ ჟურნალისტებს პოზიტიური ამბით დავიწყოთ გამოშვება

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ოცნების“ უმრავლესობიდან, ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტებს ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების გამო უსაყვედურა: „იქნებ დავიწყოთ პოზიტიური ამბების გაშუქებით“.

საკრებულოს წევრმა ამ განცხადების წინ მის სამაჟორიტარო უბანში განხორციელებულ ინფრასტრუტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ სრულად გადაიღო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მაგრამ არ გააშუქა:

„ყველაფერი გადაიღო და  ჩაწერა კომენტარები, მაგრამ არ გააშუქა. ეს არის ცუდი ტენდენციაა, რომ არ აშუქებენ კარგ საქმეს. გამოშვებას იწყებენ ცუდი საქმიდან. მე მოვუწოდებ  იქნებ პოზიტიურით დავიწყოთ გამოშვება და არა ნეგატიურით. ასეთი დიდი საქმე, სადაც 3 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება, სადაც მოსახლეობის სასიკეთოდ  ხდება ნაბიჯების გადადგმა,  აუცილებლად უნდა გაშუქდეს ობიექტურად “.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხედავს უფრო ნეგატიური ამბების გაშუქების ტენდენციას. ირაკლი პატარიძეს ამ თემაზე საუბრის გაგრძელება უნდოდა, თუმცა ის საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჩერა.

ირაკლი პატარიძის გამოსვლას ჯერ საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე, შემდეგ კი საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თამჯდომარე თეონა დიასამიძე გამოეხმაურა.

„ეს განცხადებები ხომ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მცდელობაა დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის? – მითუმეტეს იმ ფონზე რაც ხდება ქვეყანაში ტელევიზიებთან მიმართებაში“  – განაცხადა მირდატ ქამადაძემ. საკრებულოს თავმჯდომარემ  მას შეახსენა, რომ მხოლოდ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეეძლო ესაუბრა.

თეონა დიასამიძის თქმით კი მედიის და განსაკუთრებით  საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია სწორედ ის არის, რაც შეიძლება მწვავედ და სიღრმისეულად წარმოაჩინოს ის პრობლემები და გამოწვევები რაც აწუხებს ქალაქს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: