ბათუმში ევკალიპტებს ჭრიან – გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ ხეები გამხმარია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 10 ევკალიპტს ჭრიან. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ხეების გადაბელვა და ამ პროცესში გაიჩეხება დაზიანებული და გამხმარი ხეები.

„ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ხდება გონიო-კვარიათისა და ხელვაჩაურის მიმართულებით არსებული ევკალიპტის ხეების მონიტორინგი. საუბარია დაზიანებულ და ხმელ ხეებზე, რომლებიც ზამთრის სეზონთან დაკავშირებით შეიძლება ქარში, გრიგალში მოიგლიჯოს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს. ჯერ ხდება ხე-მცენარეების გადაბელვა, საუბარია ხმელ, ავარიულ ხეებზე და თუ საჭიროებაა, ხე მოიჭრება.

ხშირად მოქალაქეებიც მოგვმართავენ იმ ხეებთან დაკავშირებით, რომლებიც საცხოვრებელ სახლს საფრთხეს უქმნიან და არის შემთხვევები, როცა ამოწმებს მონიტორინგის ჯგუფი. თუ ხე გზის სავალი ნაწილისკენაა დახრილი, ასეთ ხეებს ჩვენ აღვრიცხავთ და ვახდენს მის აღებას,“ – გვითხრეს გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში.

ამავე სამსახურში ამბობენ, რომ წლების წინ ევკალიპტის ხეები ბათუმის შემოგარენში ერთდროულად გაშენდა, ახლა ხეები უკვე დაძველდა და ეს არის ევკალიპტის ხეების ხშირი ხმობის მიზეზი. იგეგმება თუ არა ამავე ადგილებში, მოჭრილი ხე-მცენარეების დარგვა? – გამწვანების სამსახურში ამბობენ, რომ სამომავლოდ ეს იგეგმება, თუმცა როდის – არ აკონკრეტებენ.

____________

ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

მთავრობა მე-3 წელია აცხადებს, რომ ხულო-ზარზმის გზას „მომავალი წლის გაზაფხულიდან“ გააკეთებს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საბოლოოდ გააფრთხილა. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია აქტიურ სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ამ გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოები „ტოდინს“ 2019 წლის გაზაფხულიდან უნდა დაეწყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. „ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი“, – აცხადებს დეპარტამენტი.

„რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, ბოლო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. კომპანიას გაეგზავნა გაფრთხილება. საბოლოო გაფრთხილებაა ეს უკვე პროცედურების მიხედვით. კომუნიკაციაც არის კომპანიასთან, რომელიც გარკვეულწილად მოდის თანამშრომლობაზე და გვაძლევს პირობას იმისას, რომ უნდა და  სურვილი აქვს დაიწყოს სამუშაოები… ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან, როცა უკვე საშუალებას მოგვცემს კლიმატური პირობები, კომპანია, როგორც იძახის და აცხადებს მზაობას, დაიწყებს აქტიურად სამუშაოებს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შუახევში ოთხი დღის წინ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

აღნიშნულ შეხვედრას შუახევში გზების დეპარტამენტის, აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და პარლამენტარები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაისვა საკითხი, ხომ არ განიხილება „ტოდინის“ ჩანაცვლება პროექტში.

„თქვენ იცით, რომ ეს პრობლემაა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროცედურებით, რომლებიც არიან ამა თუ იმ პროექტის დამფინანსებლები. ისე როგორც სახელმწიფო კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას დეპარტამენტს ადვილად გავწყვიტოთ ხელშეკრულება და ავამოქმედოთ [საგარანტიო] შესაბამისი სანქციები, ეს ასე ადვილად ჩვენთვის ამ პროექტში არ არის. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი პირობები, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაწყვეტა შესაბამის კონტრაქტორთან, თუ ვერ ასრულებს ის თავის მოვალეობას. რაც შეეხება გაწყვეტის პროცედურებს ამ [„ტოდინის“] შემთხვევაში ეს ძალიან ძნელია, იქედან გამომდინარე, რა ვალდებულებებიც გვაქვს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან. ამიტომ, ასე ადვილად ვერ გავწყვეტთ მათთან კონტრაქტს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

რატომ არ აშენებენ გზას? – გიორგი წერეთლის თქმით, „ეს არის 48-კილომეტრიანი გზა, გარკვეულწილად მუშაობა დაწყებული იყო, მაგრამ შეჩერდა სამუშაოები. ალბათ, კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო, ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არის – არც ფინანსური უზრუნველყოფის, არც იმის, რომ სამუშაოები აქტიურად გაგრძელდეს. უბრალოდ, ამ კომპანიას პრობლემები აქვს ზოგადად ფინანსურ საკითხებში. პრობლემა არც პროექტის გამოა, ისეთ აქტიურ ფაზაში არ არის გადასული აღნიშნულ მონაკვეთზე კომპანია, რომ რაღაც პროექტის გამო შეჩერებულიყო სამუშაოები“.

გზაზე დაწყებული სამუშაოები, „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა თურქულმა კომპანიამ, რომელიც ხულოში ასრულებდა სამუშაოებს, 2019 წლის ივნისში შეაჩერა.

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

თავად ტენდერში გამარჯვებული „ტოდინი“ იტალიაში დაუფუძნებიათ და მისი წილებს 100%-ს ყაზახური კომპანია ფლობს.

ამ თემაზე:

ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი – გზების დეპარტამენტი

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

3 თვეა პარკინსონით დაავადებულები 1-ლარიანი წამლის პროგრამით ვერ სარგებლობენ

მერაბ პ. ქედაში ცხოვრობს. მას პარკინსონის დაავადება აქვს და როგორც სოციალურად დაუცველი, 1-ლარიანი წამლების პროგრამაშია ჩართული. ექიმმა მას მედიკამენტები: „პარკინისა“ და „ნაკომის“ მარაგი ამოეწურა და რადგან ამ დასახელების მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში არ ჰქონდათ, ამბობს, რომ აფთიაქში მას შემცვლელი მედიკამენტი მისცეს.

„მედიპარკინი“ მომცეს, მაგრამ ეს სუსტი წამალი გამოდგა – არ იმოქმედა. ვისესხე 150 ლარი და იმით 100 ცალი „პარკინი“ ვიყიდე. 3-4 დღის წამალი დამრჩა“, – გვიყვება მერაბი.

მერაბის თქმით, ქედაში „ფარმადეპოს“ აფთიაქს არემონტებენ, ამიტომ არ იცის, სად უნდა მივიდეს მედიკამენტის ასაღებად. არც ის იცის, რომ 1-ლარიანი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტი „ნაკომი“ აფთიაქებში არ არის. „3 თვის მაქვს მისაღები, მივალ და ავიღებო“, – გვითხრა მან.

თითქმის მეორე თვეა, რაც აჭარაში პარკინსონით დაავადებული ადამიანები ვერ იღებენ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჭირო მედიკამენტ – „ნაკომს“. სოციალური მომსახურების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს მედიკამენტის შესყიდვის პროცედურები. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, „ნაკომი“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი თვის განმავლობაში არ იქნება. „შეიქმნა დეფიციტი“, – გვითხრეს სამინისტროში.

პარკინსონით დაავადებულთათვის კი „ნაკომის“ ყოველდღიურად მიღება აუცილებელია.

„თუ პაციენტი იღებს „ნაკომს“, ამ პრეპარატის მიღება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა მიიღოს. მაგალითად, როგორც დიაბეტიან ავადმყოფს ესაჭიროება „ინსულინი“, ესეც ასეა, დაახლოებით. „ნაკომის“ შემცვლელი პრეპარატები სხვადასხვა დასახელების არსებობს. ძირითადი აქტიური ნივთიერება არის ლევოდოპა და პრეპარატი, რომელიც ამ ნივთიერებას შეიცავს, ფაქტობრივად არის „ნაკონის“ შემცვლელი, თუმცა, გააჩნია დოზას“, – ამბობს ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე.

„2019 წლის 12 აგვისტოს შემდგომ მიმდინარეობს ბაზრის მოკვლევა და შესყიდვის პროცედურები, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მედიკამენტის გაცემა განახლდება ტენდერით გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ“, – მოგვწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

სწორედ ეს სააგენტო აწვდიდა ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირებს მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს წამლების მიღება აჭარაში შემდეგ აფთიაქებში შეუძლიათ:

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გაიცემა მედიკამენტი კარბიდოპა/ლევოდოპა 220მგ/25მგ – „ნაკომი“, რომელიც დღეის მდგომარეობით [23 ოქტომბერი] ნაშთის სახით, 5 716 აბი, განთავსებულია 14 აფთიაქში ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, პრეპარატის გაცემა არ შეწყვეტილა“, – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ამ 14 აფთიაქიდან არც ერთი არ მდებარეობს აჭარაში. შესაბამისად, რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარები მედიკამენტის გარეშე იქამდე დარჩებიან, ვიდრე შესყიდვის მინიმუმ ერთთვიანი პროცედურები არ დასრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის საშუალებით შესყიდული იქნა 525 600 აბი „ნაკომი“. მომწოდებელი იყო კომპანია შპს „პსპ ფარმა“ [კომპანიასთან ხელშეკრულება 304 848 ლარზე გაფორმდა].

2019 წელს კი, ფარმაცევტული პროდუქტი კონსოლიდირებული ტენდერის გზით იყიდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. სოცსააგენტოს ინფორმაციით, დამატებით შესყიდულია 200 000 აბი „ნაკომი“. მომწოდებელი სს „გეფა“ [კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 102 000 ლარი].

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, „ორივე მომწოდებელს ვალდებულებები, საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებით, შესრულებული აქვს“.

2019 წლის 6 მარტს შესყიდვების სააგენტომ „ნაკომის“ მიწოდებაზე კომპანია „გეფა“ კიდევ ერთ კონსოლიდირებულ ტენდერში გამოავლინა გამარჯვებულად. ამ ტენდერით კომპანიას სახელმწიფო უწყებებისთვის 175 548 აბი „ნაკომი“ [comb. Drug (Levodopa, Carbidopa), 250მგ/25მგ] უნდა მიეწოდებინა.

კომპანია „გეფაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერით ნაკისრი ეს ვალდებულებაც შესრულებული აქვთ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ მოთხოვნა ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებაზე შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილია.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ნაკომის“ შეძენაზე ახალი კონსოლიდირებული ტენდერი ამ დრომდე გამოცხადებული არ არის.

რა ეტაპზეა მედიკამენტ „ნაკომის“ [კარბიდოპა/ლევოდოპა 220მგ/25მგ] შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება? – ამ კითხვით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მივმართეთ. სააგენტოსთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, რატომ ვერ გაითვალისწინეს „ნაკომის“ მომხმარებლების სასიცოცხლო რისკები და აქამდე რატომ ვერ გამოაცხადეს ტენდერი. თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ ზეპირსიტყვიერად ინფორმაციას არ მოგვაწვდიან და წერილობით უნდა მივმართოთ.

კიდევ ერთი დეტალი, პარკინსონით დაავადებულთათვის „ნაკომის“ გაცემას ბათუმის მერია ქალაქში მცხოვრებ 55-მდე ბენეფიციარისთვის დამოუკიდებლად უზრუნველყოფდა. მერიამ თავად ჩაატარა ტენდერი, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის [„წამლები 1 ლარად“] ამოქმედების გამო იძულებული გახდა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულთან შეეწყვიტა.

„აგვისტოს თვეში გავეცით აღნიშნული მედიკამენტი. სექტემბრის თვიდან კი მომწოდებელთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, ვინაიდან იმავე ბენეფიციარებმა სახელმწიფო პროგრამით უნდა ისარგებლონ“, – გვითხრეს მერიაში.

შესაბამისად, ვიდრე სახელმწიფო ტენდერს გამოაცხადებს და გამარჯვებულს გამოავლენს, სოციალურად დაუცველ პაციენტებს, მაგალითად, აჭარაში, თავად მოუწევთ ზრუნვა წამლისთვის საყიდელი ფინანსების მოძიებაზე.

„ბათუმელებისთვის“ ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაა „ნაკომის“ მიწოდების მხრივ ქვეყნის სხვა რეგიონებში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/396131/

ასობით ტომარა ნაგავი მყინვარწვერზე [ფოტო]

ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. მოხალისეებმა ცელოფნის პარკები, პლასტმასის ბოთლები და სხვა, საყოფაცხოვრებო ნაგავი შეაგროვეს. აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით გაიმართა.

ყაზბეგის ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ეროვნული პარკის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1 400 მ-ზე მდებარეობს.

მყინვარწვერზე ნაგვის ურნები განთავსებული არ არის.

ნაგავი მყინვარწვერზე. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ნაგავი მყინვარწვერზე. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ნაგავი მყინვარწვერზე. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ნაგავი მყინვარწვერზე. ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოწმე: „ერმაკოვის მეგობარი კომპანიას იაფი სახლის ტენდერის მოგებაში დაეხმარა, ასე მითხრეს“

“ანარ ალაკბაროვს ტენდერის მოგებაში გიორგი ერმაკოვის მეგობარი, ირაკლი ხარაძე დაეხმარა… მისი და ერმაკოვის მამებიც მეგობრები იყვნენ, ასე ვიცი, ასე მითხრეს…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა. ის კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” მრჩეველი იყო, შემდეგ – თბილისის ფილიალის დირექტორი.

“კონვენტ ჯორჯია” აზერბაიჯანში რეგისტრირებული ის კომპანიაა, რომელსაც “იაფი სახლის” პროექტი უნდა გაეკეთებინა და მას ბათუმის მერიამ ავანსად დაახლოებით მილიონ-ნახევარი ჩაურიცხა. ამ საქმეზე დააკავა პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ბათუმის ყოფილი მერი – გიორგი ერმაკოვი.

მოწმის, ვახტანგ ჩიქოვანის თქმით, “კონვენტ ჯორჯიამ” და მისმა ხელმძღვანელმა ანარ ალაკბაროვმა თვითონაც დააზარალა.

“ანარი თბილისში გავიცანი. მითხრა, ინვესტიციის ჩადებას ვაპირებ და მანამდე ტენდერები უნდა მოვიგოთო… ერთ-ერთ ტენდერში, რომელიც თელავში იყო, გარანტიის სახით ჩემი საცხოვრებელი სახლი ჩავდეთ… მერე, როცა პრობლემა შეიქმნა, მე მომიხდა ჩემი სახლის გამოსყიდვა 335 ათას ლარად…”- აღნიშნა მოწმემ.

“თქვენ თქვით, რომ ირაკლი ხარაძის დახმარებით მოიგო ტენდერი ბათუმში ალაკბაროვმა. საიდან იცით ეს?” – ჰკითხა მოწმე ვახტანგ ჩიქოვანს პროკურორმა.

“მე ვიცი ეს საუბრებიდან. ირაკლი ხარაძე ამბობდა, რომ ერმაკოვის მეგობარი იყო. ანარის თქმით, ის მოაგებინებდა ტენდერს და მართლაც ასე მოხდა, მოიგო. ვიდეომტკიცებულება არ მაქვს,” – თქვა მოწმემ.

ვახტანგ ჩიქოვანის თქმით, მას ხელფასის ჩარიცხვა დაუგვიანეს, შემდეგ კი, ანარ ალაკბაროვი და ირაკლი ხარაძეც გაუჩინარდნენ. ჩიქოვანი ბათუმის მერიაში გია ერმაკოვს შეხვდა.

“ერმაკოვმა მითხრა, რომ ეს ირაკლი ხარაძე ბოროტად სარგებლობს ჩემი სახელით. იქნებ, თავად მოძებნოთო…” – დასძინა ვახტანგ ჩიქოვანმა.

“რომ გაიგეთ, რომ აფერისტი იყო და თქვენც დაზარალდით, რატომ არ მიმართეთ სამართალდამცველებს?” – ჰკითხა მოწმეს გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

“მიემართა ერმაკოვს, მე რა მექნა,” – მხრები აიჩეჩა მოწმემ.

მოწმეს კითხვები დაუსვა გიორგი ერმაკოვმაც.

“როგორც მახსოვს, მაშინ ჩვენ უკვე ვეღარ ვახერხებდით კომპანიასთან კონტაქტს… ამ დროს კონტრაქტი შეწყვეტილი იყო უკვე?” – იკითხა ბათუმის ყოფილმა მერმა.

“არ მახსოვს,” – უპასუხა ბრალდებულს მოწმემ.

“მამაჩემს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა… რომ მეთქვა თქვენთან შეხვედრის დროს, პროკურორ რამაზ შავაძესთან ვმეგობრობ-მეთქი, დაიჯერებდით?” – ისევ იკითხა გია ერმაკოვმა.

“ვერ გეტყვით,” – მოკლედ თქვა მოწმემ.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 4 ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

 

 

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში სამ დღეს გაგრძელდება

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ორი ხომალდი – ITS VESUVIO (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი) შემოვიდა.

სამხედრო ეკიპაჟს ბათუმის პორტში დახვდა ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, თურქეთის გენერალური კონსული – მაქბულე ქოჩაკი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე.

ერთობლივი მანევრირება, წყალქვეშა უსაფრთხოების ოპერაციები და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების წვრთნები – ეს არის ის ძირითადი პრაქტიკა, რასაც წვრთნებისას შს სამინისტროს სანაპირო დაცვა გაივლის შავ ზღვაში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთთან (SNMCMG2)  ერთად.

ნატოს შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ბათუმში

შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ნატო და საქართველო ბრიუსელის სამიტზე შეთანხმდნენ. როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე ამბობს, ნატოს ხომალდების ვიზიტიც სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და მხარეებმა პრაქტიკული ინიციატივები უნდა შეიმუშავონ წვრთნებისას.

„ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა, პირველად იმართება სამი დღის განმავლობაში ნატოსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თემურ კეკელიძემ.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდი ITS VESUVIO (იტალია)

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა არავინ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროდან, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა არ უპასუხა. ამავე კითხვაზე კი ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან” განაცხადა, რომ ეკიპაჟებთან შეხვედრები პროტოკოლითაა გაწერილი და ამ კითხვაზე ზუსტად ვერ გვიპასუხებს.

ამავე თემაზე:

“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია

“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის მწერალთა სახლი კონკურსს აცხადებს

მწერალთა სახლის ინფორმაციით, გამოცხადდა კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც მწერალ გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი:

[checklist]

  • კარცერი -ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის  [„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“]
  • გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე [„ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“]
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან

[/checklist]

საკონკურსო ესეები უნდა გააგზავნოთ ელექტრონული სახით  მისამართზე nbekishvili@writershouse.ge.  ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით [შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12] აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს [1000 სიტყვას].

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

I პრემია: 500-ლარიანი ვაუჩერი

II პრემია: 300-ლარიანი ვაუჩერი

II პრემია: 200-ლარიანი ვაუჩერი

„გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა,“- ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 დეკემბერი. მწერალთა სახლის ინფორმაციით, ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტდება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში.

ბეტონის ფარდა – ბათუმი, რომელიც ყოველდღე იცვლება [ფოტო]

ეს ბათუმია.  ქალაქი, რომელიც ყოველდღე იცვლება. ქალაქი, სადაც შენდება ახალი შენობები, მაგრამ ენერგოკომპანიას არ აქვს რესურსი, ეს შენობები ქსელში ჩართოს. ეს არის ახალი ბათუმი, საპარკინგე ადგილის, ეზოებისა და საბავშვო მოედნების გარეშე.

ასე გამოიყურება ბათუმის ახალი არქიტექტურა ზღვის მხრიდან ფოტო:  მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ახალი ბათუმის ახალი არქიტექტურა
ბეტონის ფარდა “ზღვიდან ხუთი წუთში” ფოტო:  მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ახალი ბულვარის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობები ფოტო:  მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ახალი ბათუმი
სანაპირო ზოლის ხედი ზღვიდან ფოტო:  მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო:  მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

გიორგი ერმაკოვს სასამართლოში ფენოვანი ხაჭაპური მიუტანეს

„ეს არის არაადამიანური მოპყრობა და წამება. მეც ასე მაშიმშილებდნენ, როცა პატიმარი ვიყავი,”- ამბობს მერაბ ღოღობერიძე, “უდანაშაულოთა დაცვის ორგანიზაციის” ხელმძღვანელი. მან დღეს, 25 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, ფენოვანი ხაჭაპურები და მინერალური წყალი მიუტანა.

მერაბ ღოღობერიძემ წერილითაც მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს, რომელიც „ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს” განიხილავს.

მერაბ ღოღობერიძეს მანდატურებმა უთხრეს, რომ სასამართლოს დარბაზში მხოლოდ წყლის შეტანა შეეძლო, თუმცა საბოლოოდ მან დარბაზში ხაჭაპურების შეტანა მაინც მოახერხა.

სასამართლო სხდომა უკვე დაიწყო, თუმცა მოსამართლე ჯერ არ შეხებია ბრალდებულებისთვის საკვების გადაცემის საკითხს. მერაბ ღოღობერიძემ მანდატურებს მოუწოდა, საკვები გადაეცათ პატიმრებისთვის, თუმცა უარი მიიღო.

სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბექა ხალვაშმა, რომელიც უკვე გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული, “ბათუმელებს” უთხრა, რომ ბრალდებულები ვერც პურს ჭამენ, რასაც ციხეში აძლევენ.

“რეალურად პურის ქერქს ჭამ მარტო…. შიგნით ცომია, ვერ შეჭამ. ციხეში რამდენიმე საათით ადრე გვაყენებდნენ, როცა სასამართლო პროცესი გვქონდა. ქუთაისიდან აქ ჩამოსვლას ორი საათი სჭირდება, მერე ორი საათი უკან, ამას ემატება სხდომაზე გატარებული საათები,”- ამბობს ბექა ხალვაში.

ბექას თქმით, ციხეში შესაძლებელია ასევე იქვე არსებულ მაღაზიაში დამატებითი პროდუქტის შეძენა.

ბრალდებულები რომ ნახევრად მშივრები არიან, ამის შესახებ გუშინდელ სხდომაზე თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. ბრალდებულმა გიორგი ერმაკოვმა კი აღნიშნა, რომ შემდეგ სხდომებზე აღარ მოვიდოდა.

დღევანდელ პროცესზე ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ვახტანგ გედენიძე და “კონვენტ ჯორჯიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხებიან.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 16 ოქტომბრის სხდომაზე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ და მოსამართლეს ბათუმის მერთან გაფორმებული შეთანხმება წარუდგინეს. შეთანხმების მიხედვით, გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში ყადაღა დაედებოდა გიორგი ერმაკოვის და არჩილ ვანაძის ოჯახის წევრების ქონებას, ხოლო საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, ამ ქონებიდან მოხდებოდა ზიანის ნაწილის ანაზღაურება.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯამში 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა „იაფის სახლის“ პროექტთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

დოლიძე, სტურუა და წილოსანი აჭარის მაუწყებლის მრჩევლებად დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 25 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებად დაამტკიცა თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი.

თამილა დოლიძე და სოსო სტურუა მმართველი პარტიის ფრაქციების მიერ იყვნენ დასახელებული, ხოლო თამარ წილოსანი [ევროპული საქართველოს] და დიანა ვაშაყმაძე ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან.

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამილა დოლიძემ უმაღლესი საბჭოს წევრებისგან 14 ხმა მიიღო, სოსო სტურუამ – 15, თამარ წილოსანმა – 14 ხმა, ხოლო დიანა ვაშაყმაძემ 6 ხმა და იგი მრჩეველთა საბჭოს წევრი ვერ გახდა.

უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მრჩევლების დამტკიცებამდე კანდიდატებთან გასაუბრებას ითხოვდა, გასაუბრება 28 ოქტომბერს უნდა ჩანიშნულიყო, თუმცა როგორც გუშინ, 24 ოქტომბერს, ენმ-ს წევრმა ასმათ დიასამიძემ განაცხადა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეთანხმება დაარღვია და სხდომა დღეს, 25 ოქტომბერს, დანიშნა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას. ამ პარტიას თავისი კვოტით ჯერჯერობით კანდიდატი არ ჰყავს წარდგენილი.

შესაბამისად, აჭარის მაუწყებლის 5-წევრიან საბჭო უკვე ჰყავს 4 მრჩეველი. ეს რაოდენობა საკმარისია მაუწყებლის ახალი დირექტორის ასარჩევად. დირექტორის პოზიცია 19 აპრილის, ანუ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ვაკანტურია. დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს.

ამავე თემაზე:

საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს

 

ჯაბა ტუღუშს ბათუმის ვიცე-მერად წარადგენენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ვიცე-მერად დღეს, 25 ოქტომბერს, ჯაბა ტუღუშს წარადგენენ. ის ბათუმის მერის მრჩეველია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე პროკურატურამ 2019 წლის მაისში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „იაფი სახლის“ საქმეზე დააკავა.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე ოთხი მათგანი გაათავისუფლა, მათ შორის თენგიზ პეტრიძე.

სააგენტო 3 თვეში საკათედრო ტაძრის რესტავრაციის პროექტზე ტენდერს გამოაცხადებს

ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული სარესტავრაციო დოკუმენტაციის მომზადება-შეძენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ტენდერს 2020 წლის თებერვლიდან გამოაცხადებს.

ბათუმის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

15 დღის წინ კი, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბათუმის საკათედრო ტაძარში დაგვიდასტურეს, დასრულდა ტაძრის დროებითი გადახურვა. ამ დრომდე დაზიანებული სახურავიდან ტაძარში წყალი ჩადიოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკების ნაწილი. მას შემდეგ, რაც წყლით გაჟღენთილი კედლები გაშრება, დაიწყება წყლის მიერ დაზიანებული ფრესკების აღდგენის პროცესი. ფონდ „ქართუს“ ფრესკების აღსადგენად 300 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

„ამ პროცესს [ფრესკების აღდგენას] 2020 წლის თებერვლამდე დავიწყებთ. ფონდი „ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის ელოდება ნებართვას ეროვნული სააგენტოსგან”, – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი.

როგორც იგი ამბობს, სააგენტო ტენდერს ეკლესიის სრული რესტავრაციის დოკუმენტაციის შეძენაზეც გამოაცხადებს, რაც მოიცავს დაზიანებული ბათქაშის, სახურავის, ვიტრაჟების, ფრესკების, ყველა დაზიანების აღწერასა და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრას.

2020 წლისთვის კმდს-ს, ზოგადად, ძეგლების პროექტებისთვის 170 000 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, აქედან 50 ათასი ლარი მოხმარდება ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული აღდგენის დოკუმენტაციის შეძენას.

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც სარესტავრაციო დოკუმენტაცია მომზადდება და განისაზღვრება სამუშაოებისთვის საჭირო ზუსტი ფინანსური რესურსი.

„დოკუმენტაციის მომზადებას სულ მცირე 3-4 თვე დასჭირდება, მერე ვნახოთ როგორ მოხერხდება, აჭარის მთავრობა გამოყოფს თანხას სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თუ რომელიმე ფონდისთვის მოგვიწევს თხოვნა”, – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

ამავე თემაზე:

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

https://batumelebi.netgazeti.ge/news/202737/

როგორ იქცა 4 წელი 5 წლად? – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატის დიპლომი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ დღეს, 25 ოქტომბერს, თამილა დოლიძის არჩევას აპირებს. კანონი მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხს სთხოვს ან მასთან გათანაბრებულს. თამილა დოლიძემ ინსტიტუტში 4 წელი ისწავლა, რაც მისი დიპლომიდან ჩანს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 8 ოქტომბერს გაცემულ დოკუმენტში მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს ჩაუწერა, რომ მან 5 წელი ისწავლა.

თამილა დოლიძის დიპლომის მიხედვით, იგი 1982-1986 წლებში სწავლობდა ბელორუსიაში, გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მიენიჭა რუსული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის კვალიფიკაცია.

დიპლომი

„თქვენთვის ბელორუსიის რესპუბლიკაში მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისთვის გათვალისწინებულ კვალიფიკაციას…“ – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გასცა. ეს უწყება ადგენს, რამდენად შეესაბამება უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკადემიურ ხარისხს. ამ უწყების მიერ გაცემულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: „…თქვენს სახელზე ნამდვილად გაიცა დიპლომი და თქვენ მიერ გავლილი პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 წელს“. წერილში არ არის განმარტებული, როგორ გამოდის 4 წელი 5.

„არსებობდა კანონიერი საფუძველი. 2000 წლამდე 4-წლიანი განათლება უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს. ალბათ, აქაც ეს შემთხვევაა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პრესცენტრში. აქ დაგვპირდნენ იმის გარკვევას, როგორ გამოითვალა ცენტრმა 4 წელი 5 წლად.

„ექსტერნად ვისწავლე, ინტერნაციონალური პროგრამა იყო,“ – გვიპასუხა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატმა, თამილა დოლიძემ, რომელსაც ასევე ვკითხეთ, როგორ გამოვიდა 4 წელი 5.

„არ მცალია, სამი საათის შემდეგ დამირეკეთ“, – გვითხრა თამილა დოლიძემ. დღეს, 25 ოქტომბერს, დღის 12 საათზე, უმაღლესი საბჭო თამილა დოლიძის და სხვა კანდიდატების ასარჩევად სხდომას ატარებს.

თამილა დოლიძის დიპლომში აღნიშნული არ არის, რომ მან ექსტერნად ისწავლა. დიპლომში არც სხვა ჩანაწერია, რითაც აიხსნებოდა, როგორ გამოდის 4 წელი – 5.

რა გაარკვია კომისიამ, რომელმაც კანდიდატად თამილა დოლიძე შეარჩია? – „ბათუმელები“ კომისიის ერთ-ერთ წევრს, ლევან გობაძეს დაუკავშირდა. მან გვიპასუხა, რომ დეტალურად ეს დოკუმენტი არ ახსოვს და შეგვეხმიანება, როცა დააზუსტებს.

კანდიდატად შერჩევამდე თამილა დოლიძის დოკუმენტაციას უმაღლეს საბჭოში შექმნილმა კომისიამ ხარვეზი დაუდგინა. თამილა დოლიძეს ჰქონდა წარმოდგენილი ცნობა, რომ მისი უმაღლესი განათლება მაგისტრის ხარისხთან იყო გათანაბრებული, თუმცა კომისიამ თამილა დოლიძეს დამატებითი დოკუმენტი მოსთხოვა.

„წარმოდგენილ ცნობაში ეწერა, რომ მას შეეძლო უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლა, ანუ დოქტორანტურაზე. ეს კი ირიბად გულისხმობს იმას, რომ მაგისტრატურა გავლილი გაქვს, მაგრამ პირდაპირ არ ეწერა ის, რომ მისი უმაღლესი განათლება შეესაბამება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. მან რამდენიმე დღეში ახალი დოკუმენტი წარმოგვიდგინა,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი ლევან გობაძე.

კომისიამ თამილა დოლიძეს დოკუმენტი 6 ოქტომბერს მოსთხოვა. თამილა დოლიძემ ახალი ცნობა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან 8 ოქტომბერს მიიღო, სადაც წერია, რომ თამილა დოლიძე 5 წელი სწავლობდა.

ბათუმში ელექტრომოპედი ხეს შეეჯახა

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული პირი, რომელიც ელექტრომოპედს მართავდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ფეხი მოიტეხა.

დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

ბათუმის მერია ადვოკატს 1 საათში 3 000 ევროს უხდის – საარბიტრაჟო დავა

ბათუმის მერიას საკონსულტაციო ფრანგულ კომპანია Egis Eau SA  – სთან საარბიტრაჟო დავა აქვს. ეს კომპანია ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე-მეოთხე ფაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კონსორციუმის ლიდერი კომპანიაა.

მერია ამტკიცებს, რომ კომპანიამ ხარვეზებით შეასრულა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით ევალებოდა. მერია ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მიყენებული ზარალის სახით 2 429 767 ევროს ითხოვს. მერიაში განმარტავენ, რომ „მოთხოვნა დაფუძნებულია პროექტის უფროსი ინჟინერ-ექსპერტის, შტეფან მეშკეს შეფასებაზე.“

ბათუმის მერიამ საქმის წარმართვის მიზნით გერმანელი ადვოკატიც დაიქირავა. საინვესტიციო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ადვოკატის მომსახურებისთვის მერია საათში 3 000 ევროს იხდის. ეს თანხა პროექტის დაფინანსების გრანტის ნაწილიდან ფინანსდება [დაფინანსება მოიცავს გრანტს და სესხს].

თავის მხრივ კომპანიაც ედავება მერიას და ამტკიცებს, რომ ბათუმის მერიას კომპანიისთვის 5 434 973 ევრო აქვს გადასახდელი. მერიის ინფორმაციით, კომპანია გულისხმობს იმ ინვოისებს, რომლის საფასურიც მერიას აღარ გადაუხდია, რადგან დავა უკვე დაწყებული იყო. გარდა ამისა, კომპანიისთვის გადასახდელი თანხა გარკვეულწილად გაიზარდა პროექტში ცვლილებებისა და, შესაბამისად, დამატებით შესრულებული სამუშაოების გამო.

საქმის საარბიტრაჟო სასამართლოში გადასვლამდე მხარეები შესაძლო მორიგების ვერსიასაც განიხილავენ. მერიის განმარტებით, „მეგობრული მორიგება“ და პირობებიც, მერიას თავად კომპანიამ შესთავაზა.

მორიგების პირობები გულისხმობს ბათუმის მერიის მხრიდან მოთხოვნაზე უარის თქმას, ამავდროულად საკონსულტაციო კომპანია „ეგისიც“ უარს იტყვის თავის სასარჩელო მოთხოვნაზე. საკონსულტაციო კომპანია „ეგისი“ [EGIS  EAU] ბათუმის მერიას,  ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით 100 000 ევროს გადაუხდის, რითაც დავა დასრულდება [დანარჩენი თანხა გაიქვითება, როგორც კომპანიის მიერ იმ სამუშაოს შესრულების საფასური, რომელსაც მერია აღიარებს და გადასახდელი აქვს].

მერიაში განმარტეს, რომ მორიგების ეს პირობა აწყობთ, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი მერია აირჩევს დავის გაგრძელებას, არბიტრაჟში ეს შესაძლებელია დროში გაიწელოს. ამასთან დავის გაგრძელება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. იმ შემთხვევაში თუკი დავა დასრულდება მორიგებით, მერია დავის დასრულების დადებით ეფექტს მიიღებს დაუყონებლივ.

„გამოთავისუფლდება მესამე და მეოთხე ფაზის ფარგლებში კომპანია ეგისის [EGIS EAU] დარეზერვებული თანხები [დაახლოებით 1 000 000 ევრო); ბათუმის ბიუჯეტში დამატებით მობილიზდება საკონსულ­ტაციო კომპანია „ეგისის“ მიერ ჩარიცხული 100 000 ევრო“, – მორიგების ამ პირობების შესახებ მერიამ ინფორმაცია საკრებულოში გადააგზავნა, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა მერს უფლება შეთანხმების ამ პირობებს დასთანხმდეს და შესაბამის ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 25 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 5-10 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 27  ოქტომბერს და ორშაბათს, 28 ოქტომბერს, ღამით და დილით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი: ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას 

25 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭო გეგმავს აირჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრები. ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგას.

„ვფიქრობდით, რომ უმაღლეს საბჭოში, რომელსაც ეს მაღალი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ჯერ კომისიის წევრების და შემდეგ მრჩევლების შერჩევის, ჩვენი განცხადება იქნებოდა ნიშანი და სიგნალი იმისა, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ შერჩევის პროცესს. პირველი ნაბიჯი გადადგა უმაღლესმა საბჭომ და ამით გვანიშნა, რომ ეს პროცესი დემოკრატიული აღარ იქნება,“ – თქვა გადაცემა „სათქმელში“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მაია მერკვილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე ამბობს, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა რეალურად დადგა საფრთხის წინაშე.

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დღეს ეთერში მითხრა, რომ კანონი [რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭო უნდა დაკომპლექტეს] არის ხარვეზიანი. ეს მან იცის, მაგრამ ხარვეზიანი კანონის მიუხედავად, უმაღლესი საბჭო ხვალ [25 ოქტომბერს] აპირებს აირჩიოს  „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები.

ყველაფერი დაიწყო ექვსი თვის წინ, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო რისკი სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის. ამის შემდეგ მეოთხე კონკურსზე ვიგებთ, რომ გოგა კოხრეიძე ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, აჩერებს მეოთხე კონკურსს. ახლა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა რეალურად დგას საფრთხის წინაშე. მივედით იქამდე, რომ უმაღლესმა საბჭომ ვერც კომისიის დაკომპლექტებამდე მოახერხა ისე, რომ კითხვები არ გაჩენილიყო და ვერც ამ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას მოახერხა ის, რომ კითხვები არ გაჩენილიყო,“ –  თქვა გადაცემა „სათქმელში“ თეონა ბაკურიძემ.

ამავე თემაზე: საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა თურმანიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ მოიგებს იმ ბრძოლას, რომელიც მან ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყო.

„ხელისუფლება ცდილობს გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე. არ ვფიქრობ და გამორიცხულია, რომ ეს ბრძოლა ხელისუფლებამ მოიგოს. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ვართ ბევრი მტკიცე პოზიციაზე და იმ მონაპოვარს [სარედაქციო დამოუკიდებლობა], რაც მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, არ დავთმობთ. ჩვენ ამის დათმობას არ  ვაპირებთ,“ – თქვა თეონა თურმანიძემ.

„ვერც მრჩეველთა საბჭო და ვერც ახალი დირექტორი ვერ შეცვლის იმ მონაპოვარს, რაც არის სარედაქციო დამოუკიდებლობა. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მაშინ უნდა აიღონ ეს გუნდი და გადაყარონ. ასე ჩალითაც არ არის დახურული ეს ქვეყანა,“  – თქვა გადაცემაში ჟურნალისტმა ირინა ყურუამ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაცემის წაყვანაზე ერთი დღით უარი თქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა ირინა ყურუამ ერთი დღით გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა. მიზეზი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არჩევნებში მონაწილე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი კანდიდატი სოსო სტურუაა. ირინა ყურუამ 2014 წელს ტელევიზია სწორედ სოსო სტურუასთან კონფლიქტის გამო დატოვა. ჟურნალისტმა თქვა, რომ ის არ წაიყვანდა გადაცემას და არ დაუსვამდა კითხვებს სტუმარს, რომელთანაც მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

„ის, რომ კანონს სხვადასხვაგვარად ხედავენ და შესაძლოა ამან გამოუსწორებელი შედეგი მოუტანოს მაუწყებელს, ჩემთვის ცხადი გახდა, მაშინ როდესაც მე ვნახე სამეურვეო  საბჭოს კანდიდატების ჩამონათვალში და ამოვიკითხე სახელი და გვარი ადამიანის, რომელთანაც თანამშრომლობის ერთი წელი მაკავშირებს –  ეს არის ბატონი სოსო სტურუა, რომელიც იყო ტელევიზიის დირექტორი.

მე მაშინაც ბევრი კითხვა მქონდა მასთან და ბევრი კითხვა მაქვს ახლაც. მეტი ობიექტურობისთვის, იმისთვის რომ გავითვალისწინოთ ინტერესთა კონფლიქტი, მე დღეს გადავწყვიტე გადავინაცვლო აუდიტორიაში,“ – თქვა ჟურნალისტმა შესავალ ტექსტში.

ირინა ყურუას ნაცვლად გადაცემა „სათქმელი“ მაუწყებლის სხვა ჟურნალისტს ლაშა ზარგინავას მიჰყავს. ყურუა გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ჟურნალისტმა გადაცემაში 2014 წლის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ მას ტელევიზიის დატოვება ზეწოლის გამო მოუწია.

„ტელევიზიაში სოსოს  სტურუასთან გატარებული ერთი წელი, იყო ურთულესი პერიოდი. მე არ მინდა, რომ განმეორდეს ის პერიოდი. მე მინახავს ბატონი სოსო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, როდესაც მას სთხოვდნენ ხელისუფლებისათვის მოსაწონი რიგითობა ყოფილიყო საინფორმაციო გამოშვებებში. მე მინახავს ადამიანურად ძალიან ცუდ დღეში მყოფი ადამიანი, რომელსაც არ ვიცი…. მე  დღესაც მგონია, რომ სწორად ვიქცეოდი. მე და იმ გუნდს, რომელმაც სარედაქციო დამოუკიდებლობის გემო იგრძნო, აღარ გვინდოდა და ვერ დავთმობდით ვერაფერს.

სოსო სტურუა მოდის დღეს სამეურვეო საბჭოში, როდესაც მე ნანახი მაქვს სახელისუფლებო ვერტიკალი როგორ ცდილობდა ამ ადამიანზე გავლენის მოპოვებას, ჩემთვის ძალიან რთულია დავიჯერო, რომ ის იქნება გამყოფი.

მე ვერ დამარწმუნებს სოსო სტურუას მხოლოდ კეთილი განწყობა იმაში, რომ ის აისხლეტს ზეწოლის მცდელობებს,“ – თქვა ირინა ყურუამ.

ხვალ ბათუმში ნატოს 3 გემი შემოვა – წვრთნები შავ ზღვაზე

25 ოქტომბერს შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდის USS Porter-ის ეკიპაჟი და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და სანაპირო დაცვას არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობისათვის. ხვალ ვგეგმავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებას სანაპირო დაცვასთან  ერთად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს,“ – განაცხადა USS Porter-ის მეთაურმა ქრეიგ ტრენტმა ბათუმის პორტში ჟურნალისტებთან.

USS Porter-ის მეთაური ქრეგ ტრენტი
USS Porter-ის მეთაური ქრეგ ტრენტი

25 ოქტომბერს დაგეგმილ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ხომალდები.

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატოსა და მისი თითოეული წევრი ქვეყნისათვის. საქართველოს, როგორც ნატოს მომავალ წევრს და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს, შეაქვს თავისი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში. ზოგადად, ალბათ ხაზგასასმელია, რომ საზღვაო თანამშრომლობა ალიანსთან, ისევე როგორც მოკავშირეებთან, არის უაღრესად აქტიური ბოლო წლებია და ამ თანამშრომლობას ახორციელებს სანაპირო დაცვა,“ –  თქვა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე

ამერიკული სამხედრო ხომალდის ვიზიტი შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

„მოუთმენლად ველით ამერიკის და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.

USS PORTER-ის ვიზიტი, მიმდინარე  წელს, ამერიკული სამხედო ხომალდების მესამე ვიზიტია საქართველოში. ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში.

მინდა მადლობა გადავუხადო, ბათუმის, აჭარის მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებს და საზღვრის დაცვას უსაფრთხოების და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის,“ – განაცხადა დღეს ბათუმის პორტში საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეთ რუდმა.

ამავე თემაზე: რატომ არ დახვდნენ მაღალჩინოსნები ამერიკულ სამხედრო ხომალდს

მას შემდეგ, რაც 25 ოქტომბერს ბათუმის პორტს ამერიკული სამხედრო ხომალდი დატოვებს, ნავსადგურში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვა.

შენაერთის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი  ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდები ITS NUMANA (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია

თამილა დოლიძე: რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია?

უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი თამილა დოლიძე, მისი ცოლის ნათესავი, კერძოდ დეიდაშვილია, კანდიდატის და – გურანდა დოლიძე კი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

თამილა დოლიძე მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“,   ფრაქცია  „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა გახდა. თამილა დოლიძე ამავე დროს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს.

„თამილა დოლიძე არის უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი და სანამ ნათესავი გახდებოდა, იმ ტელევიზიაში მუშაობდა. აქცენტი უნდა გაკეთდეს მის კვალიფიკაციაზე“, – ამბობს ილია ვერძაძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის თამილა დოლიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ილია ვერძაძის მეუღლესთან ნათესაურ კავშირზე გვითხრა: „დეიდაშვილია, მაგრამ მესამე თაობის“.

„მე ვარ ბათუმელი, მახინჯაურელი, მამაჩემის დედას ათი დედმამიშვილი ჰყავდა, მამაჩემს – 6 დედმამიშვილი. მამის მხრიდან 28 შვილიშვილი ვართ, აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია? უხერხულია და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როდესაც ამ კითხვას მისვამთ, რადგან ჩემი ოჯახის წევრი არის მხოლოდ ჩემი შვილი“, – ამბობს თამილა დოლიძე.

მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ როცა მისი და, გურანდა დოლიძე, საკრებულოს წევრი გახდა, ამის გამო სამსახურში დისკომფორტი შეექმნა. „ეს უხურხულობა გამიჩინა ნათია კაპანაძემ, რადგან ის მეუბნებოდა, რომ მე მყავს და დეპუტატი და უხერხულია, რომ აქ მუშაობთო, რასაც მე ვაპროტესტებდი.“

იყო თუ არა ეს მიზეზი იმისთვის, რომ ახლა უკვე კანდიდატი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვდა? – ამ კითხვის პასუხად თამილა დოლიძემ აღნიშნა: „მე იმპიჩმენტის მომხრე არ ვიყავი, ჩვენ ვითხოვდით ხელფასების გაზრდას და პროცესების გაჯანსაღებას. მაგრამ ჩვენი გამოსვლით ისარგებლა მრჩეველთა საბჭომ, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა გამოიყენა პირადად“.

თუკი გახდება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, იარსებებს თუ არა იმის რისკი, რომ დეპუტატთან ახლობლობა ან ის, რომ მმართველი პარტიის კანდიდატია, ტელევიზიის მიუკერძოებლობას დააყენებს დარტყმის ქვეშ?  – თამილა დოლიძე ამბობს: „მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო. ამდენი ხანი ვხელმძღვანელობ საინფორმაციო სამსახურს და მოუსმინეთ, თუ არის ისეთი, რის გამოც შეიძლება ეს კითხვა დამისვათ“.

„ბათუმელების“ კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ უმაღლესმა საბჭომ არ მისცა ოპოზიციის წარმომადგენლებს მათთან ანუ კანდიდატებთან გასაუბრების საშუალება, თამილა დოლიძე ამბობს, რომ ის მზადაა ოპოზიციას ნებისმიერ დროს გაესაუბროს.

„მე თუ დამიძახებენ, მივალ და შევხვდები“, – ამბობს ის.

_________________

ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან.

ამავე თემაზე:

ბორდის წევრობის კანდიდატი, თამილა დოლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნათესავია – ენმ

 

 

„პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება 50 ძროხა“ – პირველი „მესაქონლეობის ექსპო“ საქართველოში

26 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოში პირველი „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა და მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია, მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება.

ღონისძიების ორგანიზატორებია „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“.

„მესაქონლეობის ექსპო“ მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრს ითვალისწინებს სხვა აქტივობებთან ერთად.

„საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება.

სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშები – მეგრული წითელი და წაბლა კავკასიური – შეფასდებიან ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ. გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ღონისძიება თბილისის იპოდრომთან, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისთვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს.

მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობას მიიღებენ: ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, სახელმწიფო სამსახურები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები.

გარდა ამისა, ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

______________

ფოტო: pexels

 

საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით,  სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

„ამჟამად 2 კანდიდატი წარდგენილია ფრაქციების, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ. სავარაუდოდ კანდიდატს წარადგენს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.”

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები ხოლო ორს დანარჩენი დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედი.

ამჟამად უმაღლეს საბჭოში არის 4 ფრაქცია, საიდანაც ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 6 დეპუტატი, ფრაქცია – „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ – 5, ფრაქცია – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 4, ფრაქცია – ,,ქართული ოცნება – აჭარა“ -3.

ფრაქცია ,,ქართულ ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, დღეს უკვე მრჩეველთა საბჭოს წევრია და მისი უფლებამოსილების ვადა არ გასულა. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობისას ფრაქციების კვოტით შესაძლებელია მხოლოდ 2 კანდიდატის წარდგენა.

დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულობის გათვალისწინებით კანდიდატების წარდგენა უწევდათ ფრაქციებს ,,ქართული ოცნება-მაჟორიტარები“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
2 კანდიდატი კი წარდგენილი უნდა ყოფილიყო დანარჩენი დეპუტატების, მათ შორის ფრაქცია – ,,ქართული ოცნება – აჭარა“-ში შემავალი დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ“ -აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

________________

ფოტოზე: აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები. ფოტო არქივიდან.

ბათუმში რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე.

„ბათუმში – 12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ტბელ აბუსერიძის, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, ზ. გორგილაძის, თბილისის, ზ. ბერიძისა და მიმდებარე ქუჩებს.

ასევე, მწვანე კონცხისა და დაბა მახინჯაურის დასახლების ნაწილს,“ – აცხადებენ ენერგოკომპანიაში.

აბონენტებს ელექტროენერგია სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება, ჩვეულ რეჟიმში.

 

კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის მერია გეგმავს მახინჯაურის სანაპირო ზოლთან ახლოს, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადების დავალება მისცეს კომპანიას, რომელსაც ჯერ ეს ნაკვეთი არ უყიდია. როგორც მერია განმარტავს, ამ ნაკვეთის შესყიდვას კომპანია „აპირებს“ [სავარაუდოდ იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილი მშენებლობისთვის ყველა საჭირო დოკუმენტს მიიღებს].

შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“, რომელიც მახინჯაურში მშენებლობის უფლების მოპოვებას ცდილობს, რუსეთის მოქალაქე ოლეგ მალიშევმა 2019 წლის 24 ივნისს დააფუძნა და კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის. რუსეთის მოქალაქეა კომპანიის დირექტორი ალექსანდრ ჩერედნიჩენკოც.

შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფისთვის“ დავალების მიცემის მიზნით, გენგეგმის მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე მერიამ განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა და დასამტკიცებლად  ბათუმის საკრებულოს გადაუგზავნა. კომპანიას მერიაში უკვე წარდგენილი აქვს წინასაპროექტო კვლევა.

საპროექტო ტერიტორია

„საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“ ბათუმში, მახინჯაურის  სანაპირო ზოლში [თამარ მეფის I შესახვევი N4დ] გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე [საკურორტო-სარეკრეაციო ზოლი] სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, პროექტი სამ მაღლივ შენობას აერთიანებს. მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანიას  მშენებლობა აქვს დაგეგმილი, ძეგლის დაცვის ზონაშია.

მახინჯაურში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის რენდერი

ორი საკადასტრო ერთეული, რომლის ყიდვასაც ამ ადგილზე მასშტაბური მშენებლობის მიზნით შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“ გეგმავს, ჯამში, 5000 კვ.მ-მდე ტერიტორიას აერთიანებს. წინასაპროექტო კვლევაში მითითებულია იმის შესახებაც, რომ კომპანია არ ითხოვს კ2 კოეფიციენტის გაზრდას. პროექტი 12-11 და 10-სართულიან შენობებს აერთიანებს. წინასაპროექტო კვლევის მიხედვით, სამშენებლო 2000 კვადრატულ მეტრ ფართობს აითვისებს.

მერიის ინფორმაციით, ამ ადგილზე კომპანია აპირებს მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას, რომელშიც განთავსდება სასტუმრო, სასტუმრო აპარტამენტები, საცურაო აუზი, კაფე-რესტორანი, მრავალფუნქციური ობიექტის ეზოში კი პარკინგს მოაწყობენ.

მერიის ინფორმაციით, ნებართვის მიღების შემთხვევაში, კომპანია სამშენებლო სამუშაოებს 2020 წელს დაიწყებს და 2023 წელს დაასრულებს, მშენებლობისას საქართველოს არანაკლებ 200 მოქალაქეს დაასაქმებს, ხოლო პროექტში 14 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ბორდის წევრობის კანდიდატი, თამილა დოლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნათესავია – ენმ

დღეს, 24 ოქტომბერს, პარტიის ოფისში, უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ასმათ დიასამიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დაარღვია შეთანხმება ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების დამტკიცებამდე მათ უნდა გასაუბრებოდნენ. ენმ ხვალ, 25 ოქტომბერს, ჩანიშნული სხდომის გადადებას მოითხოვს.

„გასაუბრება უნდა დანიშნულიყო ორშაბათს 11:00 საათზე, თუმცა, დღეს, 24 ოქტომბერს, ისე ჩაინიშნა ბიუროს სხდომა, რომ ჩვენს ფრაქციას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ბიუროს დავსწრებოდით და გაგვეჟღერებინა ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, დავით გაბაიძემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და დაარღვია ჩვენი ურთიერთშეთანხმება. ახლა გავიგეთ, რომ ხვალ ჩაინიშნა სესია, სადაც კენჭი უნდა უყარონ „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ წარდგენილი ორი კანდიდატის დამტკიცებას“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან ჩქარობს დაამტკიცოს მათი ფრაქციების მიერ დასახელებული ბორდის წევრობის კანდიდატები, „მიუხედავად იმისა, რომ მათი მისამართით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა.“

„ჩვენ ვითხოვდით ყველა კანდიდატთან გასაუბრებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ორ კანდიდატთან შეხვედრასაც, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა მათთან მიმართებაში.

ბორდის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი თამილა დოლიძე, გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, არის „ქართული ოცნებიდან“ უმაღლეს საბჭოს წევრის, ილია ვერძაძის ნათესავი და როგორც ვიცით, ერთ-ერთი იყო, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა და მოითხოვდა ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას.

რაც შეეხება სოსო სტურუას, მისი გადაწყვეტილებებიც ვიცით, როცა ის მუშაობდა ტელევიზიის დირექტორის პოსტზე. ტელევიზიიდან წავიდნენ ჟურნალისტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტელევიზიაში იყო ცენზურა და ხელისუფლების მაამებლური პოლიტიკა. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვინდოდა მათ გავსაუბრებოდით“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.

მიიღებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას ენმ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ, 25 ოქტომბერს, გაასაჯაროვებენ. „ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ ხვალინდელი სესიის გადადებას“, – ამბობს დიასამიძე.

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ ბორდის წევრობის კანდიდატად თამილა დოლიძე დაასახელა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შერჩეულ კანდიდატებს უმაღლესი საბჭო ხვალ, 25 ოქტომბერს, უყრის კენჭს. ჯერჯერობით ოთხი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი – სოსო სტურუა და თამილა დოლიძე, რომლებიც მმართველი პარტიის ფრაქციებმა დაასახელეს და ოპოზიციის მიერ დასახელებული ორი კანდიდატი – თამარ წილოსანი და დიანა ვაშაყმაძე.

უმაღლესი საბჭო ხვალ რიგგარეშე სხდომას გამართავს.

ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო

„თქვენ, როგორც დაზარალებული ორგანიზაცია, სთხოვთ თუ არა ზიანის ანაზღაურებას იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა იაფი სახლის პროექტის შესრულებაზე?” – ამ კითხვით პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენელს, ზურაბ ქამაშიძეს მიმართა. ზურაბი მერიაში 2016 წლიდან სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობს. მან დღეს, 24 ოქტომბერს, მერიის პოზიცია წარმოადგინა სასამართლოში.

“მერიას მიაჩნია, რომ პასუხი უნდა აგოს “კონვენტ ჯორჯიამ”, რომელიც აზერბაიჯანში რეგისტრირებული კომპანიაა და ჩვენ მიმართული გვაქვს აღსრულებაზე აზერბაიჯანისთვის… ასევე, ვითხოვთ პასუხს “პოინტ ბანკისგან”, რომელმაც საბანკო გარანტია გასცა და “ბაზის ბანკისგან,” რომელმაც ავიზირება მოახდინა. ეს სამოქალაქო დავები გრძელდება…” – აღნიშნა მერიის წარმომადგენელმა, ზურაბ ქამაშიძემ.

“რატომ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ მხოლოდ სამოქალაქო დავით მოახერხებთ ზიანის ანაზღაურებას?” – გაცხარდა პროკურორი, თუმცა მას კითხვის დასრულების შესაძლებლობა ადვოკატებმა არ მისცეს.

“ეს სისხლის სამართლის საქმეა და აქ უნდა დადგინდეს ბრალეულობა ან უდანაშაულობა… რა შუაშია ზიანის ანაზღაურება,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

პროკურორს მიმართა გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმაც:

“თქვენ იცით, რომ ზიანის ანაზღაურება არაა სისხლის სამართლის საქმეში დავის საგანი, მაგრამ თქვენი გამოსვლა ორიენტირებულია ჟურნალისტებზე, ვიდეოკამერები ჩართულია,” – თქვა მან.

“კარგით,” – სიმშვიდისკენ მოუწოდა პროკურორმა ადვოკატებს და ისევ მოწმეს მიუბრუნდა:

“თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ამ საქმეზე, იდავებთ თუ არა ამ პირების წინააღმდეგ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებაზე?” – იკითხა პროკურორმა.

“ეს საკითხი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს… რომ თქვას არაო და მერე სარჩელი შეიტანოს მერიამ, რა ვქნათ, ვუჩივლოთ ბატონ ზურაბს ცრუ ჩვენებისთვის?” – მიმართა პროკურორს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან მოწმეს უთხრა, რომ კითხვისთვის პასუხი არ უნდა გაეცა.

პროკურორის კითხვები დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გია ერმაკოვმაც გააპროტესტა.

“4 საათი აქ გვიწევს ყოფნა, აღარ მოვალ ალბათ აწი… მეც ჯანმრთელი ვჭირდები ოჯახს,” – თქვა გიორგი ერმაკოვმა.

აქვე ადვოკატმა რამინ პაპიძემ თქვა, რომ ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან.

“თითო სოსისს და პურს აჭმევენ, ადრე სნიკერსებსაც აძლევდნენ, როცა პატიმარი სასამართლოში გადმოჰყავდათ,” – აღნიშნა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

“არ ვიცი, რა გითხრათ… ” – უხერხულობა ვერ დამალა მოსამართლემ.

“ბოდიშს გიხდით,” – ჩაილაპარაკა გისოსებიდან გია ერმაკოვმა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ კიდევ ერთ მოწმეს მოუსმინა – “საქართველოს ბანკის” თანამშრომელ არჩილ ჯანყარაშვილს. ამ პირმა 2016 წელს არჩილ ვანაძეს მისწერა: “რეიტინგი არ აქვს, ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ”.

ვიდრე “იაფი სახლის”პროექტზე მერია ხელშეკრულებას გააფორმებდა “კონვენტ ჯორჯიასთან”, კომპანიამ მერიაში საბანკო გარანტია “პოინტ ბანკისგან” წარმოადგინა.

როგორი იყო იმ ბანკის რეიტინგი და სანდოობა, რომელმაც საბანკო გარანტია გასცა? – ამის გადამოწმება სცადა მერიამ “საქართველოს ბანკში” 2016 წელს.

მოწმემ თქვა, რომ არ იცის, როგორ გადაამოწმა თავის დროზე “საქართველოს ბანკმა” “პოინტ ბანკის” რეიტინგი.

“საერთოდ, ბანკი იყო თუ არა ეს „პოინტ ბანკი“, ეს მაინც გადაამოწმეთ?” – ჰკითხა მოწმეს ლევან მახარაშვილმა, გიორგი ერმაკოვის ინტერესების დამცველმა.

“არ ვიცი, ის საერთოდ ბანკი იყო თუ არა, მე მაგის შემოწმება არ მევალებოდა… სხვა სამსახურმა მოამზადა ინფორმაცია და მე უბრალოდ შუამავალი ვიყავი,” – აღნიშნა მოწმემ.

ბანკის თანამშრომელმა ასევე თქვა, რომ, ზოგადად, ბანკის რეიტინგი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით დგინდება.

“ხომ შეიძლება, ერთი მონაცემებით ბანკს კარგი მაჩვენებელი ჰქონდეს, მეორეთი – არა?” – დაინტერესდა არჩილ ვანაძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.

“არ ვიცი,” – თავი აარიდა შეკითხვას მოწმემ.

“ხომ გსმენიათ?” – უკან არ დაიხია ადვოკატმა.

“ჰო, რა თქმა უნდა,” – ჩაილაპარაკა მოწმემ.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 16 ოქტომბრის სხდომაზე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ და მოსამართლეს ბათუმის მერთან გაფორმებული შეთანხმება წარუდგინეს. შეთანხმების მიხედვით, გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში ყადაღა დაედებოდა გია ერმაკოვის და არჩილ ვანაძის ოჯახის წევრების ქონებას, ხოლო საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, ამ ქონებიდან მოხდებოდა ზიანის ნაწილის ანაზღაურება.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯამში 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა „იაფის სახლის“ პროექტთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

მთავრობა ტყვიით მოშხამვაზე ცნობიერებას ამაღლებს, თუმცა საღებავში ტყვიას არ ამოწმებს

ყოველი წლის ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება.

წელს საქართველოშიც აღინიშნება კვირეული, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით – „აკრძალე ტყვია საღებავებში“. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ფლაერები და ბუკლეტებიც მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რატომ არის საშიში ტყვიის ზემოქმედება ორგანიზმზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და მოცემულია რეკომენდაციები – როგორ შეიძლება მოხდეს პრევენცია.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ დღეს, 24 ოქტომბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ასევე გვითხრეს, რომ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მედიასემინარი ამ თემაზე და იყო საუბრები საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. რაც შეეხება კვირეულის ფარგლებში გამოყოფილ ბიუჯეტს, ცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროებს შორისაა საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – სახლების ფასადის, შიდა კედლების, ავეჯის თუ სათამაშოების შესაღებად.

ბავშვებში ტყვიით მოწამვლას იწვევს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის შესუნთქვა და ა.შ.

არის თუ არა საღებავში ტყვია, ეს საქართველოში მოქალაქემ თავად უნდა გაარკვიოს. ზოგადი რეკომენდაციები ტყვიისგან მოწამვლის შესახებ ერთადერთია, რასაც მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ტყვიისგან დასაცავად. სლოგანი – „აკრძალე ტყვია საღებავებში“, საქართველოში მხოლოდ სიტყვებია, რადგან საღებავებში ტყვიის შემცველობას არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ამოწმებს.

საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, სამშენებლო მასალების ბაზარზე ზედამხედველობა ხდება მხოლოდ ოთხ პროდუქტზე: არმატურაზე, ცემენტზე, პლასტმასის მილებსა და ელექტროკაბელებზე. „ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, საღებავთან დაკავშირებით მომავალში შესაძლოა იყოს რაიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს პროდუქტებია“, – გვითხრეს ბაზარზე ზედამხედველობის სამმართველოში.

„მომხმარებელს საკუთარი ძალით რომ შეეძლოს ტყვიისგან ან სხვა საფრთხეებისგან თავის დაცვა, მაშინ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო კონტროლი ასეთი ტიპის სამომხმარებლო პროდუქციაზე არ იარსებებდა.

ჩვენთან არის აბსოლუტურად არანორმალური მდგომარეობა, უკვე წლებია, რაც სახელწიფო კონტროლი გაუქმებულია და აქამდე არ განუცხადებია მთავრობას, რომ აპირებს ამის ოდესღაც დანერგვას“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით, რომ ტყვია სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

„აუცილებელია არა მარტო საღებავებზე, არამედ ნებისმიერი სახის სამომხმარებლო პროდუქციაზე კონტროლის დაწესება და ეფექტიანი განხორციელება. კომპლექსურად რომ შევხედოთ, მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, სხვადასხვა უწყებებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვიკითხოთ ანგარიში, ვინ რა გააკეთა ამ საკითხთან მიმართებაში და შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე.

2019 წლის 23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2019 წლის 31 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ 72 ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ აქვთ ტყვიის შემცველ საღებავებზე კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლის მექანიზმი.

„ტყვიის შემცველი საღებავების სრული აღმოფხვრით, 2030 წლისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და დაბინძურებული ჰაერით, წყლით და ნიადაგით გამოწვეული სიკვდილისა და დაავადების შემთხვევები;

2020 წლისთვის მოხდება ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების ეკოლოგიურად მდგრადი მართვა, საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტების შესაბამისად და საგრძნობლად შემცირდება მათი გავრცელება ჰაერში, წყალში და ნიადაგში, რაც  მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე  უარყოფით ზეგავლენას“, – აღნიშნულია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა არაფერია ნათქვამი, რა ნაბიჯებს გადადგამს ამისთვის საქართველოს მთავრობა.

__________________

ფოტო: pexels

შეამოწმე, როგორ იცნობ ბათუმის ქუჩებს

არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს დადიხარ ფეხით, თუ მანქანით გადაადგილებას არჩევ, დიდი ხანია ბათუმში ცხოვრობ, თუ ზაფხულობით ისვენებ ხოლმე –  ვინც არ უნდა იყო, ეს ტესტი შენთვისაა და დაგეხმარება გაიხსენო ბათუმის ქუჩები, რომლებიც ფოტოებიდან აუცილებლად გეცნობა.

ხელი მოეწერა შეთანხმებას რუმინეთიდან ბათუმის პორტამდე საკონტეინერო გემის  მიმოსვლის შესახებ

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან (რუმინეთი) ბათუმის  პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა.  

სამმხრივი შეთანხმება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებს“, ,,აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოსა“ და რუმინულ კომპანია ,,გრამპეტს“ (GRAMPET) შორის გაფორმდა. 

,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და ,,გრამპეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი შავ ზღვაზე საფიდერო მიმოსვლას ისახავს მიზნად. მემორანდუმის თანახმად, ახალი რეგულარული საკონტეინერო გემი, ბათუმის პორტს, რუმინეთში კონსტანცას პორტთან უმოკლეს ვადებში  დააკავშირებს. გადაზიდვის პროცესის გამარტივებული პროცედურა, დერეფანში სატვირთო გადაზიდვის მოცულობის ზრდას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მარშრუტის უპირატესობას, საქართველოს გავლით, ევროკავშირის ბაზართან პირდაპირი წვდომა წარმოადგენს. ჩინეთიდან ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის დრო კი,  15 დღემდე შემცირდება. სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება გლობალური ეკონომიკის ზრდაზე უდიდეს როლს თამაშობს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალები“ საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს სარკინიგზო დერეფნის  კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,გრამპეტი“ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევროპაში. ყოველწლიურად GRAMPET-ჯგუფს  თითქმის 22 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს.  

აუქციონი თხილის შეძენაზე მომავალი კვირიდან დაიწყება

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის. შემდეგი კვირიდან, წინასწარ განსაზღვრულ დღეებში თხილის მწარმოებელთა ფეისბუქ გვერდზე 12-დან 3 საათამდე ექსპორტიორები და ქარხნები თხილის შესყიდვის ონლაინ პროცესში ჩაერთვებიან. ასოციაცია პროექტს კოორდინირებას ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე გაუწევს. პროექტის მიზანი, ფერმერებისთვის ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებაა-შემსყიდველისთვის კი, საუკეთესო თხილის მიღება.

ასოციაციის ხელმძღვანელების შეხვედრა ფერმერთა ლიდერებსა და ქარხნების წარმომადგენლებთან
ასოციაციის ხელმძღვანელების შეხვედრა ფერმერთა ლიდერებსა და ქარხნების წარმომადგენლებთან

ასოციაცია ფერმერებს თხილის რეალიზებაში ამ დრომდეც ეხმარებოდა, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ქარხნებთან და შემსყიდველებთან, თუმცა ახლა უკვე თხილის რეალიზების პროექტი თავისი წესებითა და პირობებით ამოქმედდება.

ასოციაციის ხელმძღვანელების შეხვედრა ფერმერთა ლიდერებსა და ქარხნების წარმომადგენლებთან
ასოციაციის ხელმძღვანელების შეხვედრა ფერმერთა ლიდერებსა და ქარხნების წარმომადგენლებთან

ასოციაცია ყოველდღიურად შეაგროვებს მეთხილე ფერმირებისგან აუქციონზე გასატან თხილს, გაყიდული თხილის ღირებულების 100 % კი, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე სრულად გადაეცემა ფერმერს.

პირველ ეტაპზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელები ფერმერთა ლიდერებს და ქარხნების წარმომადგენლებს შეხვდნენ, გააცნეს პირობები და მათთან ხელშეკრულებები დადეს. აუქციონი ყოველდღიურია და მასში მონაწილეობა ყველა ქარხანას და ფერმერს შეუძლია.

ასოციაციის ხელმძღვანელების შეხვედრა ფერმერთა ლიდერებსა და ქარხნების წარმომადგენლებთან
ასოციაციის ხელმძღვანელების შეხვედრა ფერმერთა ლიდერებსა და ქარხნების წარმომადგენლებთან

იაფ სახლში ბინის მისაღებად რეგისტრაცია ერთ თვეში დაიწყება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ოჯახებმა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ: „ამ დროისთვის მხოლოდ მცირე დეტალები ზუსტდება.“

დაზუსტების შემდეგ მერია სპეციალურ ფორმას საკრებულოში გადააგზავნის დასამტკიცებლად,  შემდეგ კი მოქალაქეები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებენ. ამ ყველაფრისთვის მერიას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.

განაცხადებს შესაბამისი კომისია წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით გადაარჩევს.  ოჯახები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს.

პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. გამოსყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გადაცემული საცხოვრებელი ბინები ოჯახებს საკუთრებაში უნდა დაურეგისტრიროს.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიამ ორი ხუთსართულიანი კორპუსი ააშენა. ორივე სახლში ჯამში 40 ბინაა. კორპუსების აშენებაზე 2,3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

„იაფი სახლის“ ფარგლებში კიდევ ორი კორპუსის აშენება იგეგმება.

ვის შეუძლია ბათუმში „იაფი სახლის“ ყიდვა – მერიამ კრიტერიუმები წარმოადგინა

ქობულეთში ქვის ხანის 1600-მდე არტეფაქტი აღმოაჩინეს

სოფელ ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, არქეოლოგებმა 1600-მდე უძველესი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც ძვ.წ.აღ-ით მე-9, მე-10 ათასწლეულის პერიოდის ნაშთები უნდა იყოს. საველე სამუშაოები ზაფხულში ჩატარდა. ამ დროისთვის აღმოჩენილ არტეფაქტებზე კამერალური სამუშაოები მიმდინარეობს.

არტეფაქტები შესასწავლად გადაგზავნილია ეროვნულ მუზეუმში, ასევე, აშშ-ის მისურის უნივერსიტეტში, სადაც ობსიდიანის [ქანი, რომელიც შედგება ვულკანური მინისგან] ქიმიურ შემადგენლობას იკვლევენ. სწორედ ამ მასალით არის დამზადებული აღმოჩენილი უძველესი ნივთების დიდი ნაწილი.

ექსპედიციის ჯგუფში მუშაობდა არქეოლოგი გურამ ჩხატარაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ  აღმოჩენილი არტეფაქტები ნადირობასთან დაკავშირებული იარაღებია.

ფოტო: გურამ ჩხატარაშვილი. აღმოჩენილია უძველესი ნივთები, რომლებსაც ადამიანები ნადირობის დროს იყენებდნენ

„ეს არის წმინდა სამონადირეო იარაღები – საფხეკები, ტყავის, ხორცის დასამუშავებელი დანები, საჭრისები და ა.შ. სხვა მასალებზე მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. გარდა ამისა, აღმოჩენილია საცხოვრებელი სახლის ნაშთებიც.

არქეოლოგიური არტეფაქტები 600 ერთეულს აჭარბებს, აქედან 250 ერთეული სანადირო იარაღია. მთლიანობაში არტეფაქტების რაოდენობა 1600-ია. მასალად გამოყენებულია კაჟი და ობსიდიანი, რომელიც დამახასიათებელია ქვის ხანის პერიოდისთვის“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

გურამ ჩხატარაშვილის თქმით, საქართველოში ობსიდიანის წყარო, სამხრეთ საქართველო, კერძოდ კი ჯავახეთის რეგიონია – ძირითადად ჭიქიანის მთა, საიდანაც ვრცელდება ეს მასალა და წარმოადგენს ვულკანურ მინას.

„ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდისთვის ალბათ აქტიური კონტაქტები არსებობდა ამ რეგიონებს შორის“, – ამბობს გურამ ჩხატარაშვილი.

არქეოლოგიური აღმოჩენები კერძო ტერიტორიაზე მიმდინარეობს. არქეოლოგებმა გათხარეს 32 მ2 მიწის ფართობი, სადაც დაფიქსირდა უძრავი კულტურული ფენის არსებობა.

გარდა ზემოთ ნახსენები არტეფაქტებისა, გათხრების შედეგად აღმოჩენილია საცხოვრებელი სახლის ნაშთებიც.

ფოტო: გურამ ჩხატარაშვილი. ქობულეთში ქვის ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

როგორც გურამ ჩხატარაშვილი ამბობს, ამ ტერიტორიაზე პირველი კვლევები ადგილობრივმა არქეოლოგმა სერგო გოგიტიძემ დაიწყო, რომელმაც 25 წლის განმავლობაში ათეულობით არტეფაქტი აღმოაჩინა. „ახლა ჩვენ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გავაგრძელეთ არქეოლოგიური სამუშაოები, რამაც საინტერესო შედეგებზე უნდა გაგვიყვანოს“, – გვეუბნება ის.

არტეფაქტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაახლოებით ერთ თვეში იქნება ცნობილი, მანამდე კი სამუშაოები გაგრძელდება.

არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი მანკოც.

როგორც გურამ ჩხატარაშვილი ამბობს, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ერთ-ერთი მიზანი სოფელ ქობულეთში პირველყოფილი ადამიანის პალეოგარემოს აღდგენაა, რისთვისაც მიწის სხვადასხვა დონიდან ამოღებულია სინჯები.

როგორც გურამ ჩხატარაშვილი გვეუბნება, საველე ექსპედიცია რუსთაველის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. „საველე სამუშაოები დაფინანსდა 8 000 ლარის ოდენობით, გრანტის საერთო ბიუჯეტი კი 19 950 ლარია“.

მთავარი ფოტო: არქეოლოგ გურამ ჩხტარაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

“თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე საქართველოს რკინიგზის დირექტორი სიტყვით გამოვიდა

“თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში,  სატრანსპორტო კავშირების განვითარების პანელურ დისკუსიაზე,  „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა  დირექტორმა   დავით ფერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

დავით ფერაძის განცხადებით, არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზამ“  მიმდინარე წელს  მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაზრდილია როგორც სატვირთო გადაზიდვებიდან, ასევე მგზავრთა გადაყვანებიდან   მიღებული შემოსავლები,  რეკორდულად მაღალი შედეგებია  საკონტეინერო გადაზიდვებში.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის” განვითარების და სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ მხრივ აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის  დასრულების შემდეგაც გაიზრდება გამტარუნარიანობა, ასევე საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემების მიმოსვლა, რაც ევროპისა და აზიის ტვირთებს რკინიგზით დააკავშირებს.

„ჩვენი ამოცანაა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ვაქციოთ მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბად აზია-ევროპის სატრანზიტო სივრცეში და საქართველოს რკინიგზა  აქტიურ როლს თამაშობს ამ მიზნის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები  მხოლოდ ამ სექტორის განვითარებას არ გულისხმობს.  გაზრდილი ინვესტიციები ხელს შეუწყობს  ქვეყანაში როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარებას,“ –  განაცხადა  თავის გამოსვლაში სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და  გზების დეპარტამენტის უარია [ეს დეპარტამენტი კურირებს ნაპირდაცვის საკითხებსაც]. „სანრემოს“ შენობა და  მისი მიმდებარე ტერიტორია „ხიდი 2006-ს“ 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, რესტორან „სანრემოს“  შენობისა და პირსის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებული მასშტაბით, ხიმინჯების რაოდენობის მომატების გარეშეა შესაძლებელი. შენობის მდგრადობის მისაღწევად კი, დასაშვები მხოლოდ დეფორმირებული ხიმინჯების შეცვლაა.

ინვესტორი სართულიანობის გაზრდასაც გეგმავდა. სპეციალისტებმა კი, ასეთ შემთხვევაში არსებული პირსის დემონტაჟის რეკომენდაცია გასცეს. გარდა ამისა, საჭიროდ მიიჩნიეს ახალი პროექტის შედგენა ტერიტორიის ჰიდრო და მორფოდინამიკური პირობების გათვალისწინებით.

ამ დასკვნის საფუძველზე ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა კომპანიას პროექტის სამშენებლო პირობების დამტკიცებაზე უარი უთხრა.

პროექტის პირველი ვერსია შენობის მასშტაბის გაზრდას ითვალისწინებდა
ამ პროექტზე მერიამ კომპანიას უარი უთხრა

ვიდრე ეს საკითხები გაირკვეოდა, „ხიდი 2006“-მა  მერიასთან დადებული პირობა დაარღვია. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას მშენებლობა 2018 წლის ოქტომბერში უნდა დაეწყო და 2019 წლის  31 დეკემბერს დაესრულებინა, ამიტომაც კომპანიას პირგასამტეხლო დააკისრეს.

კომპანიამ პროექტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. „ხიდი 2006“-ის დირექტორის ჯუმბერ ჭყონიას ინფორმაციით, პროექტის მასშტაბი შეამცირეს.

სანრემოს რეკონსტრუქციის ახალი პროექტი

მერიის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, რაც კომპანიასთან 2018 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითვალისწინებს, კომპანია დაგეგმილი პროექტის მიმდებარედ, პლაჟზე 3000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იჯარის წესით ითხოვს. როგორც კომპანიის დირექტორმა ჯუმბერ ჭყონიამ განგვიმარტა, დამატებით მიწის ნაკვეთებს კომპანია არა მშენებლობისთვის, არამედ საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ითხოვს: „რომ განვათავსოთ შეზლონგები და ასე შემდეგ“.

„სანრემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა.

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა

25 ოქტომბერს ღამით წყლის მიწოდება ბათუმში 33 ქუჩაზე შეწყდება – „ბათუმის წყლის“ გაფრთხილება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 25 ოქტომბერს, ღამის 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

ლუკა ასათიანის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას ქუჩა; 26 მაისის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა; მეტაქსას ქუჩა; სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩა; ფერაძის ქუჩა; ჯავახიშვილის ქუჩა; გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა; მამია ვარშანიძის ქუჩა; შამილაძის ქუჩა; თევრათ გორგილაძის ქუჩა; ორბელიანის ქუჩა; ლადო ასათიანის ქუჩა; მელიქიშვილის შესახვევის; აჭარისწყლის ქუჩა; ურეხის ქუჩა; ურეხის შესახვევი; დიდგორის ქუჩა; მურმან ლებანიძის ქუჩა; კოხტაგორის ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; ბალაძის ქუჩა; სევასტოპოლის ქუჩა; აკ. მამია კომახიძის ქუჩა; ჩოლოყაშვილის ქუჩა; ჩაიკოვსკის ქუჩა; ბესიკის ქუჩა; გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა; პუშკინის; ჭავჭავაძის ქუჩა.

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებენ კომპანიაში.

აფხაზეთში შემწვარი თხებით მორთული ქორწილის ქილიკის გამო მოქალაქეს სცემეს

სოხუმში მცხოვრები 32 წლის ბესლან ხვარწკია მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფება. ხვარწკიას ცემის მიზეზი სოციალურ ქსელში იმ ქორწილის ქილიკი გახდა, რომელშიც სტუმრებს საქორწილო სუფრაზე შემწვარი ცხოველები დახვდათ. ხვარწკია აუდიომიმართვაში აღნიშნულ ქორწილს შეურაცხმყოფელი ფორმით [козлосвадьба] მოიხსენიებდა.

ინციდენტი 21 ოქტომბერს მოხდა. სოხუმის პოლიციის განყოფილებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეტყობინება შევიდა, რომ მათთან მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი მრავალრიცხოვანი დაზიანებებით სხეულზე. პაციენტს ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, იარები გულმკერდის არეში, მრავლობითი სისხლჩაქცევები და ა.შ.

პროკურატურა აცხადებს, რომ განცხადების გარეშე საქმეს ვერ აღძრავენ, ფეისბუქზე გავრცელებული ვიზუალური მასალა კი, არც სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა და არც დანაშაულის მტკიცების საფუძველია.

პირი [გვარად აფხაზავა], რომელმაც 21 ოქტომბერს ქორწილი გადაიხადა, სკანდალში პირველად არ გახვეულა. მან რამდენიმე წლის წინ სოხუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია და მის ადგილას სხვა, მოოქროვილი ჭიშკრითა და ირმებიანი ორნამენტებით შენობა ააშენა. აღნიშნულ ფაქტზე მაშინ პროკურატურამ საქმეც აღძრა, თუმცა, მალევე დახურა.

დაზარალებული ბესლან ხვარწკიას ახლობლები აცხადებენ, რომ მომხდარზე  გამოძიებას  თავად ჩაატარებენ.

______________________________

 

წაიკითხეთ ამ თემაზე მეტი ნეტგაზეთზე: 

აფხაზეთში შემწვარი თხებით მორთული ქორწილის ქილიკის გამო მოქალაქეს სცემეს

Exit mobile version