ქობულეთში, ცეცხლაურის მშენებარე სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად გაზრდილია და 2 042 887 ლარია.
წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1 855 739 ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. კომისიამ ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში გზის მოსაწყობად ყველაზე დაბალი შეთავაზება 1 587 483 ლარი იყო.
ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება. სამუშაო კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა შესრულდეს.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ, საჭირო გახდა დაპროექტებული გზის მიერთების მოწყობა ახალაშენებულ საავტომობილო გზასთან.
პროექტის მიხედვით, ახალ სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების სიგრძე ჯამში 996 მეტრია: „ქობულეთის შემოსავლელ გზაზე გათვალისწინებულია ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების მოწყობა შესაბამისად 100+80 და 180+80 გრძივი მეტრით, რისთვისაც საჭიროა მიწის ვაკისის გაგანიერება 1-2 მეტრით. გაგანიერების მცირე სიგანიდან გამომდინარე გათვალისწინებულია მიწის ვაკისის გაგანიერება გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობით მიწის ვაკისის ორივე მხრიდან სიმაღლით 2 მეტრი.
ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლებიდან საპროექტო გზის მიერთებამდე გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა გზის ორივე მხრიდან სიგრძით 524+472 მეტრი, სადაც პანდუსების გადაკვეთაზე გათვალისწინებულია წრიული კვანძის მოწყობა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია გზის აღჭურვა დამატებითი სტანდარტული საგზაო ნიშნებით და საფარის მონიშვნა“.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი სოფიო ანანიძეა. მისი ხელფასი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის ივნისის ბრძანებით, 2900 ლარით განისაზღვრა. ანანიძის წინამორბედის, გია ხალვაშის ხელფასი კი, 2500 ლარი იყო.
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, ანუ ყოფილი „ჰიგიენა 2009“, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ახორციელებს. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში სასამართლომ, 2017 წლის მაისში, კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.
დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი და კონკრეტულად რამდენი? – ამ კითხვაზე თავის დროზე „ბათუმელებს“ პასუხი არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიაწოდა და არც „ჰიგიენა 2009“-მ.
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ დროულად ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლების განმავლობაში ვალდებულების საკომისიოს იხდიდა.
7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.
აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაგავსაყრის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. რაც შეეხება გზის მშენებლობას, რაზედაც ტენდერია გამოცხადებული, საჭირო თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
მთავარი ფოტო: ნაგასაყარის მშენებლობა ცეცხლაურში / „ბათუმელების“ არქივიდან
დღეს, 28 ოქტომბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, რასაც თვითმმართველობის ზოგიერთი წევრი აპროტესტებს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის წევრების მცირე ჯგუფმა, მათი ინფორმირების და ჩართულობის გარეშე მიიღო ცვლილება, რამაც სხვა კანდიდატებს არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, დავით ზოიძე მონაწილეობს. სტუდენტები არჩევნების შედეგების გაბათილებას სასამართლოში აპირებენ.
„ჩვენ ვაპირებთ სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში და სამართლებრივი გზით მოვითხოვოთ შედეგების გაუქმება“, – ამბობს თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი დავით მარკოიძე.
დავით მარკოიძე მხარდამჭერებთან ერთად. ის ამბობს, რომ მას კანდიდატად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ მიეცა ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
სტუდენტების თქმით, 25 ოქტომბერს, თვითმმართველობის საერთო კრებაზე საკითხების განხილვის დროს არ იყო ნახსენები ის ინიციატივა, რომლის გამოც მათ კანდიდატი ვერ დაარეგისტრირეს.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ავთანდილ დიასამიძე, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის წევრია, ამბობს, რომ თვითმმართველობის სხდომა საღამოს, 19:00 საათზე მიმდინარეობდა, შესაბამისად, სხდომის მსვლელობის დროს კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა.
„სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საკითხები, ამ ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. როცა სხდომა დასრულდა და უმრავლესობა წამოვედით, შემდეგ მიიღეს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ თურმე სხდომის მიმდინარეობისას უნდა დარეგისტრირებულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ყველა კანდიდატი, რაც აბსურდია. სხდომაზეც რომ გაეჟღერებინათ ეს საკითხი, მაინც არაგონივრული დრო ეძლეოდა კანდიდატს დასარეგისტრირებლად“.
სტუდენტების ერთი ჯგუფი ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებს აპროტესტებს
მისი თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ, არ ჰქონდათ უფლება განეხილათ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი.
„არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებს მონაწილეობას და სტუდენტების მცირე ნაწილს აქვს გარკვეული ინტერესი ამ კანდიდატის და იმ ინტერესების მიმართ, რომელსაც ის ატარებს უნივერსიტეტში“, – ამბობს ჯუმბერ ქათამაძე, საბუღალტრო-საგადასახადო ბიზნესადმინისტრირების მე-3 კურსის სტუდენტი, რასაც სხვა სტუდენტებიც იზიარებენ.
ოფიციალურ კრებას 82 სტუდენტი ესწრებოდა, სტუდენტურ თვითმმართველობაში სულ 103 წევრია, აქედან მინიმუმ 52 ხმაა საჭირო, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.
„52 სტუდენტის ხელმოწერა გვაქვსო გვეუბნებოდნენ, მაგრამ როცა ვარკვევდით, სტუდენტები გვეუბნებოდნენ, რომ ღამის 3 საათზე ურეკავდნენ თვითმმართველობის წევრებს და სთხოვდნენ ამ დოკუმენტზე ხელისმოწერას“, – ამბობს სტუდენტი, არჩილ ბერიძე.
აუდიტორიის გვერდით, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობდა, დავით ზოიძესა და ზოგიერთ სტუდენტს შორის კამათის დროს ერთ-ერთმა სტუდენტმა მას უთხრა: „შენ იკადრე ის, რომ სხდომა დაასრულე და შემდეგ მოაწერინე ხელი დოკუმენტზე სტუდენტებს“.
დავით ზოიძე (მარცხნიდან მეორე), მხარდამჭერებთან ერთად ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„ბათუმელების“ კითხვაზე, იზიარებდა თუ არა სტუდენტების პრეტენზიებს არჩევნების მიმდინარეობაზე, დავით ზოიძე ამბობს, რომ ინიციატივა სამმა სტუდენტმა წამოაყენა და „მოტივაცია იყო ის, რომ არ გაყალბებულიყო ხელმოწერები, ამიტომ ითხოვდნენ, რომ დღის ბოლომდე დასრულებულიყო კანდიდატთა რეგისტრაცია“.
„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა.
ბატონო მირიან, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად საპატრიარქოში? ეს არის „ციანიდის საქმის“ გაგრძელება, თუ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის განცხადებების ახალი ეტაპია?
მეუფე იაკობის გაღიზიანება გამოიწვია ორმა ფაქტორმა: ერთი იყო ის, რომ მას უჩივლეს ადვოკატებმა და სასამართლოს სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრეს [თბილისის საქალაქო სასამართლომ ქორეპისკოპოსი იაკობი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 2018 წლის დეკემბერში დააჯარიმა]. ეს მეუფე იაკობისთვის იყო მიუღებელი, რადგან მისთვის სასამართლო არის მთავრობის ხელში. ეს იყო მისთვის „მესიჯი“, რომ მთავრობისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა. მანამდე მეუფე იაკობი იყო არაფორმალურად საპატრიარქოდან მთავრობასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.
გაღიზიანების მეორე მთავარი ფაქტორი იყო მეუფე შიოს გააქტიურება, რომელიც სრულიად მოულოდნელად თანამოსაყდრედ დაასახელა პატრიარქმა. მეუფე შიომ საკუთარი თამაში წამოიწყო.
რაში გამოიხატა მეუფე შიოსგან „საკუთარი თამაშის დაწყება“?
მირიან გამრეკელაშვილი
მეუფე შიომ საპატრიარქოში შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“, რომელიც უშუალოდ მას ემორჩილება და აქვს საკუთარი ლოგოც კი. მანამდე არსებობდა მხოლოდ პრესცენტრი. ეს სამსახური კი, უფრო პასტორალურ საქმიანობას ქმნის, რომელსაც ეკლესია გამოხატავს საზოგადოების ასპარეზზე. მეუფემ შემოიკრიბა სამღვდელოების ის ნაწილი, რომელსაც მინიმუმ შეუძლია რაღაცაზე ისაუბროს, აქვს განათლება და მათთან ერთად ატარებს შეხვედრებს ახალგაზრდებთან. ქვეყნდება ამ სამსახურის მიერ მომზადებული ვიდეომასალებიც, რომელიც ტექნიკურად მაღალი ხარისხით გამოირჩევა… მოკლედ, დიდი მუშაობაა იქ გაჩაღებული, მიდის დამოუკიდებელი თეოლოგების გადაბირების მცდელობებიც.
მეუფე შიო იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მან გამოკვეთილი პოზიცია დაიჭირა. ლიტურგიული თვალსაზრისითაც ის იჯდა მაღალ დასაჯდომელზე. ის არის ჩვეულებრივი ეპისკოპოსი, მაგრამ იქცეოდა, როგორც პატრიარქი. მას უნდა, რომ თავისი პოზიცია გამოიყენოს და ეს გასაგებიცაა. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი კლასელი იყო და მისი მეგობარი ლევან ვასაძე.
რამ გააღიზიანა მეუფე იაკობი, მასაც პატრიარქობა სურს?
არა მგონია. იაკობს სურს საკუთარი პოზიციების შენარჩუნება საპატრიარქოში. ის აქამდე იყო ხაზინდარი და საპატრიარქოს მთელი შემოსავლები მას ებარა. მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული. ქორეპისკოპოსი სულ სამი გვყავს, მათ შორის, მეუფე შიო და მეუფე იაკობი. მათ თანაბარი პოზიციები ჰქონდათ და ყველა მეტ-ნაკლებად ეგუებოდა ამ სიტუაციას.
ამ დაბალანსებული პოზიციიდან მეუფე შიომ გააჩაღა საკუთარი გზის მშენებლობა. მეუფე იაკობის აბდა-უბდა საუბარში ჩანს, რომ მეუფე შიო მთავრობის ფავორიტია, რაშიც მე პირადად ვეთანხმები. ასევე ინფორმაცია პატრიარქის გადაყენების შესახებ, შესაძლოა, იყოს სარწმუნო… მეუფე იაკობს ქართველი პოლიტიკოსები დიდად ენდობოდნენ – ის მიაჩნდათ ბრიყვად, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა: საბოლოოდ, იგი პატრიარქის მიმართ უფრო მეტად ლოიალური აღმოჩნდა, ვიდრე ხელისუფლების.
ამ ეტაპზე რატომ შეიძლება სურდეს ხელისუფლებას ახალი პატრიარქი?
იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეკლესია უპირობო მორჩილად ვერ გაიხადა. მოგეხსენებათ, რუსეთში ეკლესია არის უპირობოდ დაქვემდებარებული ხელისუფლებაზე: რასაც მთავრობა იტყვის, ეკლესია ამას იღებს… ჩვენთან, ძირითადად უმნიშვნელო საკითხებზე, საპატრიარქო ეწინააღმდეგება ხელისუფლებას, მაგალითად, გვახსოვს წინააღმდეგობა მარიხუანას ბიზნესის გამო.
ანუ მეუფე იაკობმა დაინახა, რომ მეუფე შიოს გააქტიურება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა?
კი. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ გახდება პატრიარქი. მნიშვნელობა აქვს, ვინ მოხვდება რეპრესიებში და ვინ – გადარჩება.
დეკანოზმა ციხიდან წერილი გამოუგზავნა ერთ-ერთ ტელევიზიას. ჯერჯერობით უცნობია წერილის შინაარსი. რა მნიშვნელობა შეიძინა ამ პროცესში „ციანიდის საქმემ“?
დეკანოზი, როგორც ჩანს, მაინც ითმენს. მე მეგონა, რომ ის გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. უკვე ამ კადრების შესახებ ყველა საუბრობს საპატრიარქოს შიგნით. მან ასევე იცის ფინანსური საკითხები და სხვა ურთიერთკავშირი… თუ გამოვლინდება, რომ ეს საქმე [ციანიდის საქმე] თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, გამოვა, რომ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა. ამ საქმეში ჯერ კიდევ არ არის ამოღებული ნივთმტკიცება – ციანიდი. გამოძიება ამბობს, რომ ციანიდი ჩემოდანში იდო, მაგრამ ეს ნივთიერება აღმოჩენილი არ არის…
ბათუმელი მეუფე დიმიტრიც ახსენა მეუფე იაკობმა სატელევიზიო კომენტარის დროს. ქორეპისკოპოსის თმით, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მეუფე დიმიტრისაც შეხვდა.
ჩემთვის სანდოა მეუფე იაკობის ეს მონათხრობი. ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიაში მმართველობის შეცვლას. მე ვფიქრობ, ამ პროცესში მეუფე დიმიტრის განეიტრალება უნდოდათ ან შეთანხმება. მეუფე დიმიტრი რომ ვერ გახდებოდა პატრიარქი, ეს მაშინვე გახდა ცხადი, როცა პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალა. მეუფე დიმიტრი ბოლო წლებში დაინტერესებულია, რამდენად შენარჩუნდება მისი პოზიციები და რამდენად დაცული იქნება მისი ქონება. ეს შუა საუკუნეების ცნობილი სცენარია – როცა ახალი პატრიარქის პირობებში წინა პატრიარქის მომხრეები იჩაგრებოდნენ, ზოგჯერ მათ კლავდნენ კიდეც.
როგორია თქვენი მოლოდინი, რას უნდა ველოდოთ ამჯერად საპატრიარქოდან?
საპატრიარქო ახლა არის დენთით სავსე კასრი, პატრიარქი აღარ წავიდა საკვირაო წირვაზე, დეკანოზის წერილი უკვე დევს ერთ-ერთ ტელევიზიაში, სინოდის წევრები პატრიარქის თანამოსაყდრედ არ აღიარებენ მეუფე შიოს… ზოგადად, სინოდის წევრებს შორის გაურკვევლობა აუტანელი გახდა. ახლა პროცესი დამოკიდებულია მედიის აქტიურობაზე. თუ მედიის ინტერესი შენელდა, საპატრიარქო გააგრძელებს იმავე პოლიტიკას, 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრების წინა დღეებში მოიწვევენ სინოდს, დაურიგებენ სინოდის წევრებს წოდებებს, ტკბილეულს გადასცემენ და ამით დამთავრდება.
მეორე სცენარი არის ის, რომ მედიის ინტერესი შენარჩუნდება და უნდა ველოდოთ ახალ კონფლიქტებს. ამ შემთხვევაში სინოდის სხდომას დაჩქარებული წესით მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა, საპატრიარქოში რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მაგრამ როგორც ბიზანტიის მკვლევრები ამბობდნენ – გაგრძელდება „ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ“.
ქობულეთში, სოფელ გელაურში, მცხოვრები ბოშა ქალები თავს ბაზრებში ვაჭრობით ირჩენენ და ოჯახებსაც არჩენენ. სამუშაო დღე მათთვის ადრე დილას იწყება. ალაგებენ სახლს, ამზადებენ სადილის, შემდეგ კი ჩანთებს და ასე მძიმე ჩანთებაკიდებულები მიდიან სავაჭროდ. ასეთია გელაურელი ბოშა ქალების ყოველდღიურობა – ისინი უმეტეს შემთხვევაში, ბათუმში დადიან სავაჭროდ.
ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე ბოშა ქალები მუდამ ეზიდებიან მძიმე ტვირთს ჩანთებით, რომ საღამოს სახლში წასაღები საკვების ფული იშოვონ.
ფატიმა 54 წლისაა და გელაურში ცხოვრობს. ჰყავს სამი შვილი და შვილიშვილები. ის ხან ქობულეთის ბაზარში ატარებს გასაყიდ ნივთები, ხანაც ბათუმში მიაქვს. ძირითადად სუნამოებით ვაჭრობს. თუ ბათუმში დააპირებს ვაჭრობას, წინა დღეს ნივთებს ქალაქშივე ტოვებს, რომ მძიმე ტვირთის ტარება ერთი ქალაქიდან მეორეში არ მოუწიოს.
ფატიმა
ფატიმა:
“ერთ ადგილას ჯდომას მირჩევნია ასე ვიარო და გზადაგზა ვყიდო საქონელი. ახლა ყველას უჭირს, ბოშასაც, ქართველსაც, მუშაობა არ არის. კაცები სახლში არიან, ბავშვებს უვლიან, საჭმელსაც უკეთებენ, სკოლაში დაჰყავთ. მეც ვსწავლობდი სკოლაში, მაშინ რუსული სკოლა იყო.
ახლა რომ ვივაჭრებ, წამალი უნდა ვიყიდო. ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ათასი რამე გვჭირდება, ეს ცხოვრება არ არის. ადრე ბოშებს ჰქონდათ ქონება, სამკაულები, ოქროს კბილები (იცინის), ახლა პურის ფულს თუ ვიშოვით, ეგეც კარგი იქნება.
გასაყიდ საქონელს “ხოფაზე” ვიღებთ იაფად, “ოფტაოებში” (საბითუმოდ) და მერე გვრჩება 50 თეთრი ან ლარი თითო გაყიდული ნივთიდან, იაფად ვყიდით ჩვენც.”
ბათუმის ავტოსადგურში ორ ბოშა ქალს ჰქონდა გაშლილი სავაჭროდ გამოტანილი ნივთები. ფატიმას მსგავსად ისინიც სუნამოებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და წვრილმან ტექნიკას ჰყიდიან. ეს მათი ყოველდღიურობაა და ჩვენთან ამაზე საუბარი არ მოინდომეს.
ბოშა ქალები ბათუმის ავტოსადგურში
სავაჭროდ გამოსულ ბოშებს ქობულეთის ბაზარშიც შევხვდით. ისინი ჩანთებით დაატარებენ გასაყიდ კოლგოტკებს, სუნამოებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს.
მოვაჭრეები ქობულეთის ბაზრობის მიმდებარედ
როგორც წესი, როცა ბოშა ქალები ოჯახს ქმნიან, იწყებენ მუშაობასაც. მათი როლი თემში უმნიშვნელოვანესია, ძირითადად, ქალები მიიჩნევიან ოჯახში ფულის შემტანებად, ამის გამო მათი ცხოვრება რთულია. უწევთ შვილების გაჩენა, ვაჭრობა, სახლის საქმეების კეთება.
ხშირად ახალგაზრდა გოგონები დაქორწინებამდე სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ, რადგან სკოლაში სიარულის ნაცვლად სახლში რჩებიან და მცირეწლოვან და-ძმებზე ზრუნავენ. ამის გამოა, რომ ისინი შემდგომში ვერ საქმდებიან და ისევ სავაჭროდ გასვლა უწევთ. ერთგვარი მოჯადოებული წრის გარღვევა შეიძლება ახალმა თაობამ შეძლოს: გელაურში მცხოვრები ბოშა ბავშვები, მათ შორის გოგონებიც, ხშირ შემთხვევაში სკოლაში ახერხებენ სიარულს. რამდენიმე მათგანი პროფესიულ სასწავლებელშიც სწავლობს.
ამ გოგონებს იმედი აქვთ, რომ დასაქმდებიან და ღირსეულად იცხოვრებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია სპეციალური პროგრამების შემუშავება განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, უცხოელი ექსპერტების დახმარებით. ასევე დაგეგმილია, საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რაც სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს“.
ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის: ავსტრიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და საბერძნეთში.
28 ოქტომბერს საპატრიარქოს ვებგვერდზე ილია მეორის ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი გათავისუფლებულია საპატრიარქოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან.
ბრძანება
დღეს, 28 ოქტომბერს, შეხვედრა იყო საპატრიარქოში. ამ შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ იგი ქორეპისკოპოსის, იმავე პატრიარქის თანაშემწის პოზიციას ტოვებს.
იაკობის გადადგომას წინ უსწრებდა მისი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ილია მეორის გადაყენებაში თანამონაწილეობას სთხოვდნენ.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.
„კვირიკაშვილი, ვახო [გომელაური] და გიორგი გახარია მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ პატრიარქი გვინდა გადავაყენოთ და შიო [მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე] დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო”, – თქვა მან.
ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს. გვერდის მისამართის აკრეფისთანავე იხსნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით: „I’ll be back“ – [მე დავბრუნდები].
გატეხილია სასამართლოებისა ძველი გვერდები და სხვა სამთავრობო სტრუქტურების გვერდები, ასევე მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო ააიპ-ების და სსიპების გვერდები.
აჭარაში გატეხეს შემდეგი გვერდები:
ბათუმის მერია
ბათუმის საკრებულო
ბათუმი წყალი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ამ დროისთვის ყველა გატეხილი გვერდი გამორთულია.
წინასწარი ინფორმაციით, გატეხილია სამთავრობო საიტების სერვერი, თუმცა ჰაკერული თავდასხმა ჯერჯერობით არ შეხებია, მაგალითად, საქართველოს და აჭარის მთავრობებს, შს სამინისტროს, სუს-ს, პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ, თანამდებობა დატოვა. ის „ბათუმელებთან“ კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუ რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება. თუმცა დასძენს, რომ იყო „კომპლექსური საკითხები“, რაზეც მას განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.
„სამუშაო პროცესს ბუნებრივია ახლავს საკითხებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება, ის არის კომპლექსური მიმართულება და ეს თემა დამატებით განხილვას არ საჭიროებას“, – გვითხრა მან.
მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, მინისტრის მოადგილის პოსტზე კი ტიტე აროშიძის მინისტრობის დროს დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ. დიღომში დააკავეს. პოლიციამ, მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.ჯ. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპირო ზოლში, მიწის სამი ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს. ტერიტორია ჯამში 869 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთები ბაგრატ და ტარიელ ჯინჭარაძეებს ეკუთვნით. ისინი მერიისგან ითხოვენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად სარეკრეაციო-საკურორტო ზონის სტატუსი მიენიჭოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მერია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს, თანხმობის მისაღებად შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მესაკუთრეები ზონის სტატუსის შეცვლას იმ მოტივით ითხოვენ, რომ მიწის ნაკვეთებზე 2000 წლიდან კაფე ფუნქციონირებს.
ამ დრომდე თუ კაფეს ფუნქციონირებას ზონის სტატუსი ხელს არ უშლიდა, ახლა რატომ მოინდომეს მესაკუთრეებმა სტატუსის შეცვლა? – ამაზე განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი.
იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას დაეთანხმება, მერიამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროდ განხილვისთვის უნდა გამოაქვეყნოს. ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 200 ათასამდე ლარს გადაიხდის „ჩირუხის მთაში [შუახევის მუნიციპალიტეტი] გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაში, რომელიც ჩირუხის მთას გახდის ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრს“.
სააგენტო ამ ეტაპზე შეისყიდის 3 ადგილთან დაკავშირებულ 9 იდეას და აქედან შეარჩევს ერთს, რომლის მიხედვითაც შემდგომში განავითარებს ინფრასტრუქტურულ პროექტს.
სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ტენდერში მონაწილემ უნდა შეიმუშაოს ისეთი მარშრუტ[ებ]ი, რომელიც ჩირუხის მთას დაკავშირებას სხვადასხვა ადგილს [მაგალითად: ხიხანი, გოდერძი].
სატენდერო პირობის მიხედვით, შესყიდვის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ჩირუხის მთისა და ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური მარშრუტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა ექსპერტების ჩართულობით და შეარჩიოს:
[checklist]
სამი ლოკაცია, სადაც შესაძლებელი იქნება გამორჩეული ტურისტული პროდუქტის განვითარება [რადგან საკვლევ ტერიტორიად ითვლება მთლიანად ჩირუხის მთა, ლოკაციაში არ იგულისხმება ერთი კონკრეტული შემოსაზღვრული ადგილი, სივრცე დიდია, ამიტომაც იგულისხმება ჩირუხის მთის შემოგარენი ან მიმართულებები];
ზემოაღნიშნული 3 ლოკაციიდან თითოეულზე წარმოადგინოს მინიმუმ სამ-სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ტურისტული პროდუქტის/ინფრასტრუქტურის განვითარების იდეა [ჯამში არანაკლებ 9 იდეა];
წარმოდგენილი იდეებიდან შემსყიდველი შეარჩევს ერთს. პრეტენდენტმა შერჩეული ერთი ტურისტული პროდუქტი უნდა დააპროექტოს დეტალურად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის ჩათვლით;
პრეტენდენტმა ასევე უნდა წარადგინოს აღნიშნული ინფრასტრუქტურის მართვისა და მენეჯმენტის გეგმა.
[/checklist]
„ჩირუხის მთის მთავარი ღირებულება არის ის, რომ მთა არის ხელშეუხებელი, მდებარეობს ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები იალაღებზე და პატარა ტბებზე. იაილებში შენობები მთლიანად ხისაა, რაც ავთენტურ გარემოს ქმნის. ჩირუხის მთას უკავშირდება სხვადასხვა ტურისტული ბილიკი, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.
ჩირუხის მთაში უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაცია, ბუნებრივი გარემოს დაცვა, დასაქმების ხელშეწყობა, ადგილობრივი ეკონომიკისა და მდგრადი ტურიზმის განვითარება“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 2 ნოემბერს დაიწყება და 5 ნოემბერს შეწყდება. საბოლოო დოკუმენტაცია გამარჯვებულმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.
პირობის მიხედვით, „პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2013-2018 წლებში ორი კვლევასა და დაგეგმარებასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ განხორციელებული პროექტი და ორი ინფრასტრუქტურის დაპროექტების გამოცდილება, რომელთაგან ერთ-ერთი პროექტის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 150 000 ლარს…
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ გამოცდილების სახით წარმოდგენილი იქნება არასახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და დოკუმენტაცია, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული მომსახურების დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის ქსეროასლები და დადებითი რეკომენდაციები წარმოდგენილი პროექტების შესაბამისად დამკვეთი ორგანიზაციების მხრიდან“.
მთავარი ფოტო: ჩირუხის მთა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
დღეს, 28 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი დიასამიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნებში კანდიდატის დასახელებას. ენმ-ს, როგორც ოპოციზიას, უფლება აქვს, თავისი კვოტით ერთი კანდიდატი წარადგინოს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილი კანდიდატებიდან მხარს არავის დავუჭერთ და არც ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს ჩვენი კვოტით. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ,“ – აცხადებს გიორგი დიასამიძე.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებისთვის ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს.
„ის, თუ როგორ დაკომპლექტდა საარჩევნო კომისია და წარიმართა პროცესი, აჩვენებს, რომ მრჩეველთა საბჭო იქნება ცალსახად ერთპარტიული, ერთი პარტიის ინტერესზე მორგებული, რომლის მიზანიც არის მმართველმა პარტიამ გავლენა მოიპოვოს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე,“ – ამბობს დიასამიძე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რჩეველთა საბჭოში სულ ხუთი წევრია. ამჟამინდელ მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხს ეწურება უფლებამოსილების ვადა, სწორედ მათ ადგილებზეა კონკურსი გამოცხადებული.
მმართველი პარტიის ორმა ფრაქციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში თავიანთი კანდიდატები უკვე დაამტკიცესმრჩეველთა საბჭოში, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ორი კანდიდატი ჰყავდათ დასახელებული, აქედან ერთმა, ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ერთი, ოპოზიციის კვოტა, რომელიც, დღევანდელი განცხადების თანახმად, თავისუფალი დარჩება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება.
სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში ბრალდებული ორი პირი – თ.ა. და კ.ტ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, 2018 წლის ივლისში, თ.ა.-მ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კ.ტ.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ სამუშაო ვიზების მიღების უზრუნველყოფით, ისინი დიდ ბრიტანეთში წაეყვანათ და დაესაქმებინათ.
დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდეგ, 2018 წლის ივლისსა და აგვისტოში, თ.ა. და კ.ტ. მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების დიდი ოდენობით თანხას, საერთო ჯამში – 36 906 ლარს.
სამართალდამცველებმა თ.ა. და კ.ტ. 2019 წლის 17 იანვარს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა. და კ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 28 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 18-23 გრადუსი
ღამით: 10-15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13-18 გრადუსი
ღამით: 3-8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, 30-31 ოქტომბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ფეიქბუგვერდი სტუდენტური ჰელოუინის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ორი სტუდენტი დღესასწაულზე რასისტული ორგანიზაციის, კუ კლუქს კლანის მსგავსი კოსტიუმით მივიდა. ამ ორგანიზაციას უკავშირდება აშშ-ში ფერადკანიანი ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება.
ჰელოუინის ერთი მონაწილე კი კარნავალზე ჰიტლერის კოსტიუმით გამოცხადდა. რამდენიმე ფოტოზე ასახული არიან სტუდენტები ნაცისტური მისალმებით. მსგავსი ნაცისტური მისალმება დანაშაულად მიიჩნევა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
კელტური დღესასწაული ჰელოუინი ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება და მას ბოროტი სულების განდევნის დღესასწაულს უწოდებენ, რომელსაც თან ახლავს ფოიერვერკები და ტკბილეული. ჰელოუინზე ადამიანები სპეციალურ კოსტიუმებს იცვამენ, ირჩევენ საშიშ ფორმებს, თუმცა ძირითადად განასახიერებენ ცნობილი ფილმების გმირებს ან ცხოველებს და არა ისტორიულ პერსონაჟებს ახლო წარსულიდან, რომლებსაც კაცობრიობის წინაშე მიუძღვით დანაშაული.
ფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიფოტო: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი
სტუდენტური ჰელოუინი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. თვითმმართველობის პრეზიდენტი ქრისტინე მიქაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ღონისძიება პირველკურსელებმა გამართეს და თვითმმართველობა კოსტიუმების შერჩევაში ჩართული ვერ იქნებოდა:
„ამ ფაქტს მოჰყვა გარკვეული გამოხმაურება, რამდენიმე სტუდენტმა გამოხატა აზრი, იყო რამდენიმე კომენტარი ამასთან [კოსტიუმებთან] დაკავშირებით, მაგრამ განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება არ ყოფილა“ – ამბობს ქრისტინე.
გასულ წელს აშშ-ში, ქალაქ როჩესტერში, სკანდალი მოჰყვა ჰელოუინის ფოტოს, რომელზეც სკოლის მოსწავლეებს კუ კლუქს კლანის ფორმა ეცვათ. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფაქტს იძიებდნენ. ასევე, გასულ წელს მისისიპის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, ბარიდან გააგდეს კაცი, რომელსაც კუ კლუქს კლანის კოსტიუმი ეცვა ჰელოუინზე. ქალაქის მერმა მხარი დაუჭირა ბარის მეპატრონის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერენ რასიზმს, თუნდაც კოსტიუმირებულ დღესასწაულზე.
newsweek-ი 2018 წელს წერდა შემთხვევაზე, როცა კენტუკის შტატში მოსახლეობის გულისწყრომა გამოიწვია კაცის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ჰელოუინზე ჩაიცვა ნაცისტური ფორმა და შვილსაც ასე ჩააცვა. მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა ასეთი არჩევანისთვის.
„თუ თქვენი კოსტიუმი ადამიანებს ახსენებს მოვლენას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი მოკლეს, შეარჩიეთ სხვა კოსტიუმი ჰელოუინისთვის“ – წერს გამოცემა.
მე-20 საუკუნის ბოლოს, ბულვარსა და ცენტრალურ პარკში ციყვებს ხშირად ნახავდით, დაახლოებით ათი წელია კი ბულვარში ვერც ერთ ციყვს ვეღარ შეხვდებით.
რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან? – ამ კითხვაზე ბათუმის ბულვარის ზოოკუთხის ზედამხედველს, ამირან მურვანიძეს, საკუთრი მოსაზრება აქვს. იგი 25 წელია ბათუმის ბულვარში მუშაობს და აქ ბინადარი ცხოველებსა და ფრინველებს აკვირდება.
ამირან მურვანიძის აზრით, ბულვარიდან ციყვების გაქრობის მიზეზი მცირე საკვები ბაზა და უპატრონო კატები და ძაღლები გახდა, რომლებიც წლებია ბულვარში ცხოვრობენ და ციყვებზე ნადირობდნენ.
„ციყვები ბათუმის ბულვარში დაახლოებით გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოიყვანეს. თავიდან 10-15 წყვილი იყო, ნელ-ნელა გამრავლდნენ და ბათუმის ცენტრალურ პარკშიც გადავიდნენ. ოთხი წყვილი მარტო მე მყავს გაშვებული, პატარა ციყვები ჩამომიყვანეს, გამოვზარდე და გავუშვი.
ტყეში ციყვები საკვებს იოლად პოულობენ, წიწიბოა, რკოა, კენკრა… აგროვებენ და იკვებავენ თავს, პარკში კი უნდა დავეხმაროთ, განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში უნდა მოვაწოდოთ უკვე საკვები ხეებზე, სპეციალურ საკვებურებში.
გამრავლების შემდეგ ბათუმის ბულვარში არსებული საკვები აღარ იყო საკმარისი მათთვის და მიდიოდნენ ციყვები, ქალაქის ეზოებში გადიოდნენ შემოდგომაზე და იქ ყურძენს ჭამდნენ. ამიტომაც საკვები ბაზა უნდა შექმნილიყო მათთვის, ხეებზე უნდა გაკეთებულიყო საკვებურები, ეს გამორჩენილი იყო მხედველობიდან, დამატებითი საკვები მათ მისცემდა ბულვარში ცხოვრების საშუალებას“, – ამბობს ამირან მურვანიძე.
ციყვის საკვებურის მაგალითი. ფოტო: pexels.com
მსგავსი საკვებურები ხეებზე მაგრდება და ციყვებისთვის იყრება ისეთი საკვები, როგორიცაა თხილი, მზესუმზირა და სხვა.
ამირან მურვანიძის დაკვირვებით, ბულვარიდან ციყვების გაქრობის მეორე მიზეზი მაწანწალა ცხოველები გახდა, კატები და ძაღლები, რომლებიც ციყვებზე ნადირობდნენ.
„კატა ხეზეც ადის, რამდენჯერ კატისგან დაზიანებული ციყვი წამომიყვანია და მომირჩენია. ციყვებზე ნადირობდნენ ასევე ძაღლებიც, რომლებიც უსაფრთებოდნენ ხის ძირას და იჭერდნენ. ამ ფაქტორებმა განაპირობა, ჩემი აზრით, ციყვების გაქრობა ბულვარიდან“, – ამბობს ამირან მურვანიძე.
ციყვები ბევრი ცნობილი ქალაქის პარკებში ბინადრობენ. მაგალითად, ნიუ იორკის ცნობილ ცენტრალურ პარკში 2 300-ზე მეტი ციყვი ბინადრობს.
დღეს, 27 ოქტომბერს, რამდენიმე საათში, რუსეთიდან საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ ფილმებს შორისაა სურათი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.
ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20 – იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ. საქართველოს განათლების სამინსიტროს ცნობით, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.
ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:
„ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927); „ჯანყი გურიაში“ (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
„გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
„ბელა“ (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
„გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
„იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
„ნორჩი მფრინავი“ (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
„ქალი ბაზრობიდან“ (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
„ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
„ჩემი ბებია“ (1928 -ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
„საბა“ (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
„მონანიება“ (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე.
სამინისტროს ცნობით, „მონანიების“ ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში – Cannes Classics, რომელიც კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა. „მონანიების“ ჩვენება საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო კანის კინოფესტივალზე ვერ ხერხდებოდა.
„გოსფილფოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მოგვცემს“ – აღნიშნულია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.
შს სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.
არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.
გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ხ.ბ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან მეუღლეს – 2001 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში არაერთგზის ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ასევე ოჯახში ძალადობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს 1980 წელს დაბადებული რ. კ.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1974 წელს დაბადებულ ს. ლ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუსმოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება.
სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე რა თქმა უნდა ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით.
დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი.“
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 27 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 28 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 10-15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13-18 გრადუსი
ღამით: 3-8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, 29-30 ოქტომბერს, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
26 ოქტომბერს, ღამის საათებში ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციებისა და შპს “ბათუმის წყალი” სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის ჭაობის მონაკვეთში, პოლიციის ავტომანქანა პიკაპი არხში ჩავარდა. ქუჩის ეს ნაწილი დაზიანებულია.
დღეს, 26 ოქტომბერს, ღამის საათებში ბათუმში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. დაიტბორა ზოგიერთი ქუჩა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია წვიმის შედეგად დაზარალებულების შესახებ.
ამ დროისთვის [21:30] ბათუმში ისევ წვიმს.
პიკაპის არხიდან ამოსაყვანად ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
ბათუმის მერია კახაბერში სამი მიწის ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს, სამივე მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაშია და 7 473 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. მესაკუთრე მერიისგან ითხოვს მიწის ნაკვეთებს სამრეწველო ზონის სტატუსი მიენიჭოს.
მერია საკითხის შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს, რისთვისაც თანხმობას საკრებულოს სთხოვს. საკრებულოს ბიურომ ეს საკითხი უკვე განიხილა და მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.
განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ და რატომ ითხოვს კახაბერში სამი საკადასტრო ერთეულისთვის სტატუსის შეცვლას. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ამ ნაკვეთების მესაკუთრე ნოდარ შალიკაშვილია.
ზონის სტატუსის შეცვლას ითხოვენ ასევე ბათუმში მაიაკოვსკის #4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზეც. ამ შემთხვევაშიც მესაკუთრე სარეკრეაციო ზონაში არსებული ნაკვეთისთვის სამრეწველო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ეს ტერიტორია 3 267 კვადრატული მეტრია და შპს „პეტროლფის“ საკუთრებაშია.
შპს „პეტროლფი“ 2019 წელსაა დაფუძნებული და კომპანიის ასივე პროცენტი გიორგი რამიშვილის ეკუთვნის. ინფორმაცია, თუ რატომ ითხოვს მესაკუთრე ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლას, განმარტებით ბარათში არც ამ შემთხვევაში იძებნება. მერიამ საკრებულოს არ განუმარტა რა პროექტის განხორციელებას გეგმავს ტერიტორიაზე მესაკუთრე.
იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭერს, მერია ვალდებულია შესაბამისი დოკუმენტები საჯაროდ გამოაქვეყნოს.
2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 141 823-ით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოლოდინის მიუხედავად, როცა ამტკიცებდნენ, რომ „რუსი ტურისტების გარეშე სეზონი ჩავარდება“.
მაშინ, როცა პუტინის მოწოდების შემდეგ რუსი ტურისტების ნაწილმა საქართველოში ჯავშნების გაუქმება დაიწყო, მაღალჩინოსნები საზოგადოების დამშვიდების და ალტერნატივებზე საუბრის ნაცვლად, აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი რუსეთზეა დამოკიდებული. ხელისუფლებამ „რუსეთის განაწყენებაში“ ოპოზიცია დაადანაშაულა და ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანების ზარალის ანაზღაურებაზეც გასცა დაპირებები.
შემოდგომაზე ხელისუფლებამ სტატისტიკა დაითვალა. აღმოჩნდა, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა. სამაგიეროდ, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რას ემსახურებოდა საზოგადოებაში ერთგვარი პანიკის დათესვა, რომ „ცუდი ამბავი დაგვემართება“, თუკი რუსი ტურისტები არ ჩამოვიდოდნენ?
[gray_box]რას აჩვენებს სტატისტიკა?[/gray_box]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 420 745-ით, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ვიდრე გასული წლის პირველ რვა თვეში: 2019 წელს, აგვისტოს ჩათვლით – სულ 6 მილიონ 104 433 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა საქართველოს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 5 მილიონ 683 688 ადამიანი.
ამ სტატისტიკის მიხედვით, „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ, რუსი ტურისტების კლება მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში გვაქვს: 2019 წლის ივლის-აგვისტოში გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციიდან 46 896 ტურისტით ნაკლები შემოვიდა. თუმცა, ივლის-აგვისტოში 176 853-ით გაიზარდა ვიზიტორები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საუდის არაბეთიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკით, მცირედით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებიც. 2019 წლის პირველ კვარტალში 578 442 ამერიკული დოლარი მიიღო ქვეყანამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 550 730 ამერიკული დოლარი იყო. მეორე კვარტლის შემოსავალი წელს 877 626 ამერიკული დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 809 969 ამერიკული დოლარი. მესამე კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
[gray_box]„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ბიზნესი და პოლიტიკა“ – ხელისუფლების მოლოდინი ჯავშნების გაუქმებაზე [/gray_box]
„20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში 25 ივნისს შედგა, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა:
„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, თუ რა მიმართულებით იმუშავებს. რუსი ტურისტი საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ეს არის 25 პროცენტი ჩვენი ბაზრის და ეს არის ბიზნესის არჩევანი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს, ტურისტი ირჩევს საქართველოს. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრს რეპლიკის სახით უთხრეს, რომ „რუსეთი არ მიჯნავს ბიზნესსა და პოლიტიკას“. რეპლიკის საპასუხოდ ნათია თურნავამ თქვა: „სამაგიეროდ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რადგან განსხვავებულები ვართ. ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურისტულ ბაზარზე რუსი ტურისტიც შევინარჩუნოთ“.
ნათია თურნავა გამონაკლისი არ ყოფილა. მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ სამომავლოდ „წარმატებულ სეზონს“ ზიანი დესტრუქციულმა ძალებმა მიაყენეს.
„მაისისა და ივნისის მზარდი დინამიკა და მონაცემები იძლეოდა გარანტიას, რომ წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი გვქონოდა, თუმცა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და დესტრუქციული ძალების ქმედებებმა წარმატებულ ტურისტულ სეზონს ზიანი მიაყენა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, 4 ივლისი ამბობდა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავრილოვთან დაკავშირებულ ინციდენტს საერთო არაფერი აქვს რუსი ხალხის მიმართ ჩვენს განწყობასთან… მინდა დავადასტურო, რომ ღია ვართ რუსი მეგობრების მიმართ, ვინც კეთილგანწყობილია საქართველოსადმი და რუსეთის მოქალაქეების, ტურისტების მიმართ, რომლებიც აქ ჩამოდიან და რომელთაც უყვართ საქართველო.“
„ჰუმანიტარული ურთიერთობებიდან ტურიზმის განვითარება, ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი. ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში და სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერების მოხსნა, უნდა მოიხსნას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე კიდევ უფრო შორს წავიდა და მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ბიუჯეტიდან 600 ათასი ევრო გამოიყო რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დასაფინანსებლად. თუმცა, ამ თანხის ასათვისებლად აეროპორტების გაერთიანებას საქართველოს მთავრობისთვის არ მიუმართია.
[gray_box]როგორ აისახა ხელისუფლების რეაქცია ხალხზე?[/gray_box]
„საკითხი არის არა ის, რომ რუსულ ბაზარზე ვართ თურმე დამოკიდებული, არამედ ის, თუ რატომ ვართ დამოკიდებული. როცა ამას ამბობს ხელისუფლება, მოქალაქეც ხელებს უშვებს, მტერზე ვყოფილვარ დამოკიდებული და მე რა ვქნაო,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი.
ხელისუფლების რეაქციის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილმა ქობულეთში საპროტესტო აქცია გამართა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, ნაწილმა კი, ალტერნატივის მოძიება დაიწყო და თქვა, რომ „შესაძლებელია ახალი ტენდენციების შექმნა.“ ასეთი იყო, მაგალითად, ლინდა ბალაძე. იგი უკვე მეოთხე წელია Airbnb-ით ბინას აქირავებს.
„ფრენები რომ აიკრძალა, პირველი რამდენიმე დღე სიწყნარე იყო, შემდეგ წამოვიდა ჯავშნების გაუქმება. ცოტა გული შეგვეკუმშა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩანაცვლდებოდა სხვა სტუმრებით. როდესაც ახალი ჯავშნები მივიღე, მივხვდი, რომ არაფერი არაა შეუძლებელი და ნამდვილად შესაძლებელია ახალი ტენდენციების შექმნა და ახალი სტუმრების მოძიება,“ – გვითხრა ლინდა ბალაძემ.
ლინდასთან ჩამოვიდნენ ის რუსი ტურისტებიც, რომლებმაც პროტესტის ნიშნად იმოგზაურეს საქართველოში.
„ფრენების აკრძალვიდან რამდენიმე დღეში მივიღე ჯავშანი რუსეთიდან. ორი რუსი გოგო, როგორც მათ მითხრეს, პროტესტის ნიშნად ჩამოვიდა საქართველოში. იმდენად გაბრაზდნენ ამ აკრძალვაზე, რომ გადაწყვიტეს ბოლო თვითმფრინავს გამოჰყოლოდნენ. არ იცოდნენ უკან როგორ წავიდოდნენ, მაგრამ ჩამოვიდნენ,“ – იხსენებს ლინდა.
[gray_box]ექსპერტი: „წიწილები დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ კატასტროფა არ გვქონია, რასაც თურნავა ამბობდა“[/gray_box]
„ჩვენ ვხედავდით მიზანმიმართულ კამპანიას სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, რომ ერთგვარი შავი ფერით ეჩვენებინათ მომდევნო შედეგი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო,“ – იხსენებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებს ვატო ასათაშვილი, ტურიზმის ექსპერტი და კომპანიის „ჰელისკი ჯგუფის“ დამფუძნებელი. მისი აზრით, ხელისუფლება აქტიურად ეცადა საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ „რუსეთის იქეთ საქართველოს გზა არ აქვს“ და ის, რომ „რუსეთთან კარგი ურთიერთობა აუცილებელია“.
„შემოდგომა მოვიდა, წიწილები დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ არავითარი კატასტროფული შედეგი არ გვაქვს. ეკონომიკის მინისტრი კი ხალხს აშინებდა, კატასტროფა იქნებაო…“ – აღნიშნავს ვატო ასათაშვილი.
ტურიზმის ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებამ ტურიზმის მენეჯმენტი უნდა შეცვალოს და აქტიურად ეცადოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებას. მისი აზრით, ფული საერთოდ არ უნდა დაიხარჯოს რუსულ ბაზარზე.
„2012-2016 წლებში ხელისუფლება რუსეთის ბაზარზე არანაირ აქცენტს არ აკეთებდა, ეს თვითდინებაზე იყო მიშვებული… მე ვფიქრობ, რომ იგივე უნდა იყოს, რადგან ამ მიმართულებით თანხის ხარჯვა იყო ბუნდოვანი. ფაქტი იყო ის, რომ ტურისტების ზრდა რუსეთიდან გვქონდა, მაგრამ რამდენად იყო ეს მარკეტინგული აქტივობების შედეგი, არავინ იცის. უმჯობესია, თუ ამ თანხას გადავიტანთ სხვა ბაზარზე, სადაც ანალოგიურ შედეგს მივიღებთ, სტაბილური ტურისტების რაოდენობაც გვეყოლება და შედეგი იქნება თვლადი,“ – ამბობს ვატო ასათაშვილი.
რატომ ვერ გააქტიურდა საქართველო სხვა ბაზრებზე? – ვატო ასათაშვილი პრობლემას ტურიზმის მენეჯმენტში ხედავს.
„თავდაპირველად იყო მოსაზრება, რომ ჩვენი წარმომადგენლები გვყოლოდა სხვადასხვა სამიზნე ქვეყანაში. შემდეგ თქვეს, რომ საელჩოებს დაუქვემდებარებდნენ ამ წარმომადგენლებს. საბოლოოდ, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკეთებს იმ საქმეს, რაც არის ყოველდღიურობა, ასრულებენ გეგმას, რაც გაწერილია წლის დასაწყისში. ჩვენ გვჭირდება ნოვატორული და გარდამტეხი ნაბიჯები, მაგრამ ეს ხელისუფლება არ გამოირჩევა რეფორმატორული ნოვაციებით,“ – გვითხრა ვატო ასათაშვილმა.
[gray_box]პოლიტოლოგი: ჩემი კითხვა ხელისუფლებას – რას აკეთებს იმისთვის, რომ რუსულ ტურისტზე არ ვიყოთ დამოკიდებული? [/gray_box]
„ამ პროცესმა აჩვენა ისიც, რომ პუტინისგან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ხალხი მაინც ჩამოვიდა. როგორც ჩანს, საქართველო არის საინტერესო და მიმზიდველი და ეს რეპრესიული მეთოდი რუსეთშიც აღარ მუშაობს,“ – ასე დაინახა „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ განვითარებული პროცესი პოლიტოლოგმა, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ.
რატომ დასჭირდა ხელისუფლებას რუსეთის მშველელის როლში წარმოჩენა? – ლევან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ცალკეული მაღალჩინოსანი ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ რეალური საფრთხე ეროვნულ უსაფრთხოებაზე გადის. „ნაწილი შესაძლოა კოჭსაც უგორებდეს რუსეთს,“ – დასძენს იგი.
პოლიტოლოგი უპასუხისმგებლობად აფასებს ხელისუფლებისგან იმის ხაზგასმას, რომ ტურიზმი მეტწილად რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. ის კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს, რომლითაც ბაზრის დივერსიფიცირება მოხდება და ეს პრინციპული საკითხი გახდება ხელისუფლებისთვის. ლევან ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა „პუტინსაც აწყობს“.
„რუსეთი არ არის წესებზე დამოკიდებული. ის არის ვიღაცის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. თუ რაღაც არ მოეწონება პუტინს, კიდევ რაღაცას გააკეთებს… მეორეს მხრივ, რუსეთსაც აწყობს იმის ჩვენება, რომ შენ ხარ მათზე დამოკიდებული. პუტინი ამას უყურებს, როგორც გავლენის ინსტრუმენტს. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. მესმის, რომ ეს საკითხი ერთი ხელის მოსმით ვერ გადაიჭრება,“ – უთხრა ლევან ცუცქირიძემ „ბათუმელებს“.
[gray_box]რას ამბობს ხელისუფლება დღეს?[/gray_box]
რა აჩვენა სტატისტიკამ, როცა ხელისუფლებას ტურისტული სეზონის ჩავარდნას ელოდა? რა შეცვალა ტურიზმის ადმინისტრაციამ „20 ივნისის“ და ტურიზმის სფეროში მომუშავე ექსპერტების რეკომენდაციების შემდეგ? როგორ აპირებს ტურიზმის ადმინისტრაცია ალტერნატიული ბაზრების მოძიებას? – ამ და სხვა კითხვებით ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მივმართეთ, რომლის პრესცენტრშიც გვითხრეს, რომ 30 ოქტომბრამდე უწყების ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ამ თემაზე საუბრისთვის ვერ მოიცლის. ადმინისტრაციაში ვერც სხვა პასუხისმგებელი პირი შეგვირჩიეს.
რა ბედი ეწია დაპირებულ „შეღავათებს“, რაზეც მაღალჩინოსნები მოსახლეობას ესაუბრებოდნენ „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ? – წერილობით პასუხი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს. აღმოჩნდა, რომ დახმარების სურვილი მხოლოდ 80-მა მეწარმემ გამოხატა, მათ შორის, 18 განაცხადი შესულია სამინისტროში აჭარიდან. ეს საკითხი ჯერ მთავრობას არ შეუსწავლია – განაცხადების მიღება 15 ნოემბრამდე გრძელდება.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს პროექტს – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“. პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს 6 თვის განმავლობაში იმ ბენეფიციარების საბანკო სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის თუ რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და მათი სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს,“ – მოგვწერეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.
[gray_box]ვინ და როგორ მიაბა საქართველო რუსეთის ტურისტულ ბაზარს?[/gray_box]
საქართველოს ტურიზმის სექტორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო: შემცირდა რუსი ტურისტების ოდენობა, მაგრამ გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან – აღმოსავლეთ ევროპიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთიდან.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოს ყოველი ოთხი ვიზიტორიდან ერთი იყო სომხეთის მოქალაქე, 1 აზერბაიჯანის და 1 თურქეთის. ამასთან, ტურისტების 85% ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდიოდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, 2009-2015 წლებში, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში: საერთაშორისო მოგზაურების მთლიანი რაოდენობა 293%-ით გაიზარდა და გადააჭარბა 5.9 მილიონს (2009 წ: 1.5 მლნ). 2009 წლიდან 2015 წლამდე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა – 476 მილიონი აშშ დოლარიდან 1.9 მილიარდ აშშ დოლარამდე.
2014 წლიდან საქართველოში დაბრუნდნენ რუსი ტურისტები და ვიზიტორთა რაოდენობამ პიკს 2018 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანას მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთში ტურისტული კამპანიისათვის 13 მილიონი ლარი დახარჯა. აქედან ყველაზე მეტი, 6 მლნ ლარი – 2018 წელს.
29 ოქტომბერს ბათუმში ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად არტპროექტი – „ბრა-ლიანტი“ გაიმართება ნიუ-იორკიდან.
„ბრა-ლიანტი“ საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბრილიანტ სუფორთ იბერია“ წარმოადგენს.
გამოფენა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ცენტრალურ პარკთან მდებარე „ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. ფონდში შემოსული თანხები კი „მემორიალ სლოუნ კეტერინგ კიბოს ცენტრში“ გადაირიცხა.
ორგანიზაცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ კიბოს კვლევის ცენტრს.
„გამოფენაზე წარმოდგენილია კლასიკური და თანამედროვე ფოტოგრაფიის სინთეზი, ტილოსა და აბრეშუმზე ნაბეჭდ არტ პრინტებად, რომლებიც როგორც ტრადიციულად მოლბერტებზე დაიდგმება, ასევე ე.წ. „ლონდრი კალათებში“ იქნება.
სამოსის საკიდებზე ჩამოკიდებული ფოტოები ტყავის ჩარჩოებით, უბრალოდ ბიუზჰალტერები და „ცოცხალი მოდელების ინსტოლაცია“ საუცხოოდ გამოხატავს ფემინურობას და გამოფენა ამგვარად ერწყმის „ძუძუს კიბოს“ თემას“, – ნათქვამია პრესრელიზში.
არტპროექტი აერთიანებს ხელოვნებისა და ჯანმრთელობის თემებს.
პროექტის მხარდამჭერები აჭარის მუზეუმი. პროექტი ეძღვნება ქართველი აქტივისტის ნინი ვარდიაშვილის ხსოვნას.
გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილება შეაქვს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოშია გადაგზავნილი, მერია ბათუმში ათასობით კვადრატული მეტრი ტერიტორიის გაყიდვას აპირებს. როგორც განკარგულების პროექტშია მითითებული, მიწის ნაკვეთებს, ძირითადად, უპირობო აუქციონის წესით გაყიდიან. ჩამონათვალში არის ისეთი ნაკვეთებიც, რომელთა გაყიდვასაც მერია პირობიანი აუქციონით გეგმავს.
განკარგულების პროექტის მიხედვით, მერია აუქციონზე გაიტანს 1245 კვ. მ მიწის ნაკვეთს ბათუმში ბეთლემის ქუჩის #7-11-ის მიმდებარედ.
ფოტოზე მონიშნულია მიწის ნაკვეთი ბეთლემის ქუჩაზე, რომელსაც მერია აუქციონის წესით გაყიდის
1911 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას გაიტანს გასაყიდად მერია ქავთარაძის #6-ში. ამ ნაკვეთსაც უპირობო აუქციონის წესით გაყიდიან.
მიწის ნაკვეთი ქავთარაძის ქუჩაზე
ბათუმის მერია 1130 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონით გაყიდის ასევე მეჯინისწყლის დასახლებაში, ხოლო პირობიანი აუქციონით გაასხვისებენ მიწის ნაკვეთს სვიშევსკის ქუჩაზე.
საერთო ჯამში ჩამონათვალი 85 საკადასტრო ერთეულს მოიცავს, მათ შორის არის მცირე ზომის ნაკვეთებიც:
შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.
გუშინ, 25 ოქტომბერს, მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას პარალამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და აგინა. მან მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო, სადაც მართლაც ისმის უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას.
მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. დეპუტატის გინება3 წუთი და 46 წამი გრძელდება.
ეს ფაქტი „ბათუმელებთან“ თავად დეპუტატმაც დაადასტურა.
მერაბ ღოღობერიძე გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში.
საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მალავენ მთავრობის იმ განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ და ივანიშვილის კომპანიამ – „ურეკი რეზიდენსმა“ შეკვეთილში ერთმანეთს გზები გადაუცვალეს. როგორც წესი, ამ ტიპის განკარგულებებს მთავრობა თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს წესი არ დაიცვა.
საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2019 წლის 23 აგვისტოს მიიღო, „ბათუმელებმა“ ამ განკარგულების ასლი და ამავე განკარგულების განმარტებითი ბარათი, ოფიციალურად, 2019 წლის 29 აგვისტოს გამოითხოვა.
მოგვიანებით მთავრობის კანცელარიაში განაცხადეს, რომ ჩვენი მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იყო გადაგზავნილი. სამინისტროში განაცხადეს, რომ პასუხს საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტო მოგვაწვდიდა.
ქონების ეროვნულ სააგენტოში კი გვითხრეს, რომ პასუხის გასაცემად მათ ერთი თვე ჰქონდათ. ეს „ვადა“ ორი კვირის წინ, 11 ოქტომბერს ამოიწურა, თუმცა არცერთი ამ უწყებიდან პასუხი დღემდე [25 ოქტომბერი] არ მიგვიღია.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ურეკი რედიზენსმა“ და სახელმწიფომ, ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მათ საკუთრებაში არსებული გზები ერთმანეთს 2019 წლის 3 სექტემბერს, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებით გადაუცვალეს.
„ბათუმელები“ გაეცნო ქონების [გზების] ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერენ შპს „ურეკი რეზიდენსისა“ და ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლები.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შპს „ურეკი რეზიდენსი“ უარს აცხადებს სახელმწიფოსგან მიიღოს 96 ლარი. სწორედ ამდენით მეტად შეფასდა კომპანიის ქონება, სახელმწიფო ქონებასთან შედარებით. გზები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ექსპერტიზამ, 3 066 კვ/მ გზა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და ბიძინა ივანიშვილს თავის რეზიდენციასთან მისასვლელად უკანონოდ ჰქონდა ჩაკეტილი, 294 336 ლარად შეაფასა. ის 3 067 კვ/მ ფართობის გზა კი, რომლითაც შეკვეთილის მოსახლეობა სარგებლობს და რომელიც „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში იყო – 294 432 ლარად. ანუ, 1 კვ/მ მიწა 96 ლარად.
სახელმწიფომ „ურეკი რეზიდენსის“ გზა სახელმწიფო საკუთრებად 6 სექტემბერს დაარეგისტრირა, „ურეკი რეზიდენსმა“ კი, სახელმწიფო გზა თავის საკუთრებაში – 9 სექტემბერს.
შპს „ურეკი რეზიდენსი“ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს, საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის, სულ 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული.
ყველაზე მეტი, – 16 ვაკანსია, მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა გამოცხადებული, შემდეგ კი, ბიოლოგიაზე, სადაც 11 ვაკანსიაა გამოცხადებული.
10-10 ვაკანსია გამოცხადებული ფიზიკის, ისტორიის და მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია პედაგოგებს და მასწავლებლობის მაძიებლებს შეუძლიათ ვებგვერდზე Teacherjobs.ge.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ყველაზე მეტად მცირეკონტინგენტიან სკოლებშია. დღეს ქვეყანაში არსებობს სკოლები, სადაც 1-იდან ასამდე მოსწავლე სწავლობს და ასეთი 900-ზე მეტი სკოლაა ქვეყანაში.
განალების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამამ „ასწავლე საქართველოსთვის“, გარკვეულ სკოლებში პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტი მეტ-ნაკლებად აღმოფხვრა, თუმცა მთლიანობაში ეს პრობლემა მაინც გამოწვევად რჩება. „რადგან „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამა, მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40 პროცენტს აკმაყოფილებს ყოველწლიურად“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებზე „ათწლეულებია არ იქმნება კონკურსი და ე.წ უფასო პროგრამებზეც კი კონტინგენტი არ სცდება ყოველწლიურად 530-მდე ადამიანს ბოლო პერიოდში პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდის მიუხედავად“.
სამინისტროს განმარტებით, უნივერსიტეტები აკადემიური პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ვერ უზრუნველყოფენ საჭირო კადრების მომზადებას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ სკოლაში, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთ საგაკვეთილო საათზე დანამატი საშუალოდ 30 ლარია. აქამდე, მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები არ უნაზღაურდებოდათ. ცვლილების მიხედვით, პედაგოგებს უფლება აქვთ 25 საათამდე ჩაატარონ და აინაზღაურონ.
საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან გასვლის შემდეგ, სკოლებმა ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა. თუმცა, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, პენსიონერი მასწავლებლების ხარჯზე გამოთავისუფლებული საათები ჯერ სკოლის შიგნით გადანაწილდა, კონკურსი კი დარჩენილ ვაკანსიებზე გამოცხადდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საჯარო და კერძო სკოლებში 100-ზე მეტი ვაკანსიაა.
ბათუმის მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ დაურეკა და ყველაფერი აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქლაივში მართლაც ისმის წარმოუდგენლად უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. დეპუტატის გინება 3 წუთი და 46 წამი გრძელდება
ბათუმის მაჟორიტარგი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან “და წარსულში ცნობილი სპორტსმენი მუხრან ვახტანგაძე სატელეფონო საუბარში მერაბ ღოღობერიძეს ეუბნება, რომ მისთვის ცნობილია, რომ ის ამ საუბარს იწერს და თან იქვე დასძენს, „მოასმენინე, ვისაც გინდა“.
მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დეპუტატის მოულოდნელი გაღიზიანება ქედის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორად მანუჩარ ჯიჯავაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილმა ფეისბუქპოსტმა გამოიწვია. მერაბ ღოღობერიძის თქმით, მან „კოჰაბიტაცია“ გააკრიტიკა, რადგან მანუჩარ ჯიჯავაძე 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილს აგინებდა.
მერაბ ღოღობერიძესთან საუბარს და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას „ბათუმელებთან“ ადასტურებს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე. ის უარყოფს მუქარას.
„დამუქრება რაში მდგომარეობს? მერაბ ღოღობერიძე რასთან დაკავშირებით იჯდა ციხეში? მთელმა აჭარის მოსახლეობამ იცის, ვინ არის მერაბ ღოღობერიძე. ის უთავმოყვარეო ადამიანი, თახსირი, გარეწარი, ინტრიგანი… მაგის საქმე არ არის სპორტი, მიხედოს თავის ბინძურ სულს და წარსულს. ღამის 9 საათზე რომ არ დარეკოთ და დღისით დარეკოთ, არ შეიძლება?“
მუხრანს ვახტანგაძეს შევახსენეთ, რომ ის პარლამენტარია. მას ვკითხეთ, აქვს თუ არა პარლამენტის წევრს უფლება, ვინმეს ამ ლექსიკით ესაუბროს. პარლამენტარმა გვიპასუხა, რომ მისთვის „ღირსება კანონზე მაღლა დგას“.
„ამ ლექსიკით, თუ იმ ლექსიკით, ჩემთვის ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას. თუ ჩემი ცხოვრების წესი არ მოგწონთ, ვინც იქნებით, ცივი წყალი დალიეთ ყველამ. საზოგადოება გადაწყვიტავს, ვინ იყოს პარლამენტში და ვინ – არა,“ – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ.
რა მოხდა მერაბ ღოღობერიძესთან ტელეფონით დარეკვამდე? მუხრან ვახტანგაძე ადასტურებს, რომ გაღიზიანება მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქპოსტმა გამოიწვია, სადაც იგი ქედის სასპორტო სკოლაში ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებდა.
„მე მანუჩართან [ჯიჯავაძე] საერთოდ არაფერი მაკავშირებს, გარდა სპორტული ცხოვრებისა… მე მქონდა მერაბთანაც ურთიერთობა და იმის უფლება, დამერეკა და მეკითხა, რაში სჭირდებოდა ფეისბუქზე განცხადების გაკეთება,“ – დასძინა პარლამენტარმა.
მერაბ ღოღობერიძე ახლა იმყოფება ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამოკითხვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფაქტს სწავლობენ. გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა.
შუახნის კაცს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურთან“ მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ის ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებს დაახლოებით 50 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 18%-ით, 337 365 ლარით გაიზრდება და 21 000 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 2020 წელს 36 პროგრამას განახორციელებს, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
2020 წელს დაგეგმილი სიახლეები
მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა
2020 წლიდან პირველად მოხდება 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. სამინისტრო დააფინანსებს:
[checklist]
ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას -არაუმეტეს 100 000 ლარით
ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 180 000 ლარით
ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 210 000 ლარით
[/checklist]
მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა
გაიზრდება ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების (კერძოდ, მუცინიპალიტეტებში რეგისტრირებული) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რომლებიც ოპერაციას საქართველოში ჩაიტარებენ:
[checklist]
ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 80 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს კი – 100 000 ლარით
ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 130 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს – 150 000 ლარით
ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში გაიზრდება ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება, კერძოდ: ქ. ბათუმში რეგისტრირებული პაციენტებისათვის ნაცვლად 65 000 ლარისა დაფინანსდება 70 000 ლარით (დამატებით 30 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტების კი სამინისტრო – 100 000 ლარით დააფინანსებს
2020 წელს პირველად დაგეგმილია რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით. პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატოიდული მედიკამენტებით, მაგრამ კვლავ აღენიშნებათ რევმატოიდული ართრიტის მაღალი აქტივობა.
[/checklist]
სოციალური დაცვის მიმართულება
2020 წლიდან ამოქმედდება მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ) ასაკის პირთა მატერიალური მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა, საზოგადოებაში სრული რეინტეგრაცია.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია. სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ მათი უმრავლესობა განიცდის არამარტო ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართობი. პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მათი მატერიალური მდგომარეობისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების მიღებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რისთვისაც გათვალისწინებულია 465-მდე ლარი თვეში.
18-დან 25 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია, ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლიდან ყოველთვიურად 465 ლარს გამოყოფს.
20 პედაგოგს, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარეს, შესაძლოა კრედიტები არ ჩაუთვალონ. პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს.
„ბათუმელები“ ორ პედაგოგს ესაუბრა, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა ხიჭაურში, საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების უმეტესობას მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 ქულაზე ნაკლები ჰქონდა მიღებული.
60-კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამის გავლა მხოლოდ იმ პრაქტიკოს ან მასწავლებლობის მაძიებელ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, მინიმუმ 10 ქულაზე მეტი დააგროვეს.
„აღმოჩნდა, რომ ვინც ეს პროგრამა გავიარეთ, მხოლოდ სამ ადამიანს ჰქონდა საგნობრივ გამოცდაზე 10 ქულა აღებული, სხვებს ათზე ნაკლები“, – გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელსაც ამ ეტაპზე არ სურს საკუთარი ვინაობის გასაჯაროება.
„ბათუმელები“ კიდევ ერთ პრაქტიკოს პედაგოგს ესაუბრა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუშაობს და ის ხვალ, 26 ნოემბერს, დაგეგმილ მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასვლას პირველად გეგმავს.
ჰქონდათ თუ არა პროგრამის გავლის უფლება იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოცდაზე ვერ შეძლეს ათზე მეტის ქულის დაგროვება? როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ამის შესახებ მათთვის იმ უნივერსიტეტს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, სადაც ემზადებოდნენ.
„ბათუმელები“ ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტსაც დაუკავშირდა. აქ გვითხრეს, რომ პრობლემა მხოლოდ რამდენიმე პირს შეექმნა. „ყველას არ ჰქონდა პრობლემა, 1 ან 2 ქულა ვისაც ჰქონდა, მათთვის იყო პრობლემა, თუმცა გვარდება“, – გვითხრეს აქ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე 16 პირი სწავლობს, 20-მა კი უკვე დაასრულა სწავლა.
უღიარებს თუ არა სამინისტრო კრედიტებს იმ პირებს, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ვერ დააგროვეს ათი ქულა, მაგრამ გაიარეს 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამის შესახებ საბოლოო პასუხს მასწავლებლის სახლი მათ ნოემბერში გასცემს.