მთავარი,სიახლეები

ობი კედლებზე და ჭერიდან ჩამოსული წყალი მუზეუმში – რაში დაიხარჯა 182 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

16.01.2020 • 1831
ობი კედლებზე და ჭერიდან ჩამოსული წყალი მუზეუმში – რაში დაიხარჯა 182 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის ახალი ფლიგელის მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდა, თუმცა მიშენება ხელახლა გასაკეთებელია. ორსართულიან, შემინულ კონსტრუქციაში, რომლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 182 ათასი ლარი დაიხარჯა, კედლები დაობებულია და ჭერიდან წყალი ჩამოდის.

კედელი ძმები ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში

იატაკი

ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად აჭარის მუზეუმმა 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომელშიც „მშენებელთა ჯგუფმა“ გაიმარჯვა. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოების შესრულება 190 264 ლარად იკისრა, თუმცა მას ბიუჯეტიდან ავანსად 190 336 ლარი გადაურიცხეს. მოგვიანებით, შესრულებულმა სამუშაოებმა 182 293 ლარი შეადგინა, სხვაობა კი კომპანიამ უკან დააბრუნა. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 2 აპრილს უნდა დასრულებულიყო. დასრულდა თითქმის ორი თვის დაგვიანებით, რის გამოც „მშენებელთა ჯგუფს“ ბიუჯეტში პირგასამტეხლო – 1 147 ლარი გადაახდევინეს.

მუზეუმში ამბობენ, რომ ფლიგელი ხარვეზებით რომ იყო აგებული, ამის შესახებ ჩაბარებიდან 3-4 თვის შემდეგ, 2019 წლის შემოდგომაზე გახდა ცხადი, როცა წვიმამ ახალ შენობაში ჩააღწია და კედლებს ობი მოედო.

რატომ ვერ აღმოაჩინა ხარვეზები ინსპექტირების ჯგუფმა, რომელმაც ჩაბარებამდე შენობა შეამოწმა? აჭარის მუზეუმის დირექტორი სულხან ოქროპირიძე ამბობს, ამის მიზეზი შესაძლოა ის გახდა, რომ სამუშაოები ზაფხულში დასრულდა.

„ინსპექტირების ჯგუფმა აღნიშნული ობიექტი ჩაიბარა 17 ივნისს. ზაფხულში არ იყო წვიმები და ისეთი ნალექი, დაახლოებით სექტემბრის ბოლოსთვის გამოჩნდა, რომ ჭერიდან იყო წყლის ჩამოდენის ნიშნები“.

ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია პირველად „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მუზეუმის ახალ ფლიგელში კომპანიამ ჩამოხსნა თაბაშირ-მუყაოს ჭერი.

ჭერი ძმები ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში

ჭერი ძმები ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში

აჭარის მუზეუმის დირექტორი, სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ კომპანიამ ახლა თავად უნდა შეაკეთოს შენობა, რადგან ხელშეკრულება შესრულებული სამუშაოების სამწლიან გარანტიას ითვალისწინებს:

„დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ სამი წლის ვადაში ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ის თავისი ხარჯებით მოახდენდა დაზიანებული სივრცეების თავიდან შეკეთებას. ხარვეზები დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო სახურავიდან წყლის ჩამოდინებით. კომპანიას მივმართე 16 ოქტომბერს და ამ დროისთვის დაწყებულია სამუშაოები. ეს არ გამოიწვევს დამატებით ხარჯს, თვითონ კომპანია უზრუნველყოფს ამას“.

მიშენება ძმები ნობელების მუზეუმზე

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს დაარსდა. მუზეუმი სწორედ იმ შენობაში მდებარეობს, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის „ბათუმის კანტორა“. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მუზეუმზე ახალი ფლიგელის მიშენების მიზეზად 2018 წელს ისიც დასახელდა, რომ აქ კაფე უნდა გახსნილიყო, თუმცა მიშენება საამისოდ მცირე ზომისაა, ორსართულიან სივრცეს კი მხოლოდ ვიწრო რკინის კიბე აკავშირებს.

„კაფეს თემას ცოტა კრიტიკულად ვუყურებ. ჩემი სუბიექტური მიდგომაა, რომ საგანმანათლებლო კუთხით გამოვიყენოთ აღნიშნული სივრცე. კიბეც არ არის ისეთი, რომ უსაფრთხო იყოს. ვფიქრობთ, აქ ჩავატარებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას“ – გვითხრა სულხან ოქროპირიძემ.

თუმცა მანამ, სანამ მუზეუმის მენეჯმენტი გადაწყვეტს, რაში გამოიყენოს ახალი ფლიგელი, შენობა, რომლის ასაგებადაც 182 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ხელახლაა გასაკეთებელი.

გადაბეჭდვის წესი