მთავარი,სიახლეები

ძველი ბათუმის უცნობი პანორამული ხედი

15.01.2020 • 5968
ძველი ბათუმის უცნობი პანორამული ხედი

დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე 1878 წლის ბათუმის ხედი ჩანს. სამფეხა, მძიმე და მოუხერხებელი აპარატით გადაღებულ ფოტოზე წინა ხედი მაზნიაშვილის ქუჩით იწყება და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მთავრდება. ზღვისპირას ბურუნთაბიეს ციხესიმაგრე დგას, უკან კი ზღვა ჩანს. ქალაქის ამ პერიოდის და ზუსტად ამ ადგილის პანორამული ხედი აქამდე არ გვქონდა, მანამ სანამ კინორეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ რამდენიმე დღის წინ ერმაკოვის ფოტოების დახარისხებისას არ აღმოაჩინა, რომ იტალიელი ფოტოგრაფის ხუთი სხვადასხვა ფოტო ერთი წერტილიდანაა გადაღებული, მათი შეერთებით კი ახლანდელი რუსთაველის ქუჩიდან დანახულ ქალაქის პანორამას ვიღებთ.

„ფოტოზე ჩანს აზიზიეს მეჩეთი თავისი მინარეთით, შესაბამისად ქალაქის ცენტრი იყო ეს ადგილი.  მოჩანს სამხედროების კარვებიც და შეიძლება იმიტომაც გადაიღო, ან ქალაქის განაშენიანების საჩვენებლად.

ერმაკოვის კოლექცია 25 ათასამდე ფოტოს მოიცავს, ბათუმში ოთხასამდე კადრი აქვს გადაღებული, 1877-78-ში იღებდა რუსეთ-ოსმალეთის ომს, 1890-იან წლებში ქალაქის ხედებს, მანთაშევის ქარხნის სახელით ცნობილ კასპია-შავი ზღვის საზოგადოების ეზოში შიდა სამუშაო პროცესს, ალბათ შეკვეთით.

ძალიან ბუნდოვან ლეგენდებად დარჩებოდა ძველი ბათუმი, რომ არა ერმაკოვის გადაღებული ფოტოები. ქალაქის მიმართ დიდი დამსახურების გამო ვფიქრობ მისი სახელობის ქუჩა თუ არა ძეგლი მაინც უნდა გვქონდეს ბათუმში“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

თითქმის ერმაკოვის ამ ფოტოზე ასახულ პერიოდის აღწერს დავით კლდიაშვილი მემუარებში „ჩემი ცხოვრების გზაზე“. მწერალი 1882 წელს ჩავიდა პირველად ბათუმში, სადაც მისი სამხედრო ნაწილი იდგა:

„1983 წლის ბოლოს რკინიგზის კეთებაც დამთავრდა და ბათუმი შეუერთდა თბილისს, 1885 წელს კი პორტო-ფრანკო გაუქმდა. რკინიგზის ნაპირებზე, ქალაქის მახლობლად იწყეს ტყეების გაჩეხა და აგარაკების შენება. გზა მიდიოდა უდაბურ ტყეში, ჭენჭყ ადგილებში; ადგილები ციებიანი, ჯანმრთელობისთვის მავნე ჰაერიანი, მაგრამ ამას არ შეუშინდა ზოგიერთი პირი და იწყეს აქ დასახლება. მიწა მუქთად იშოვებოდა, ხშირად არც კი იცოდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის ადგილი; მოწონებულ ადგილს კაფავდნენ და აწყობდნენ მოსახლეობას.

ქალაქის გარშემო გაბნეული იყო ფაცხები, რომლებშიც ცხოვრობდნენ აფხაზები და ზოგან ზანგები. ახლა რომ რკინიგზა მიდის ქალაქში, ეს ისეთი მოშორებული ადგილი იყო, რომ მარტოდ აქ წასვლა საშიშარი და სარიდებელი იყო დღისით, საღამოთი კი პირდაპირ შეუძლებელი; გამბედავს არაფერი სიკეთე მოელოდა:  ან გაძარცვავდნენ, ან დასჭრიდნენ ან კლავდნენ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: