მთავარი,სიახლეები

„მე თქვენ მაწამებთ“ – პატიმრის თქმით, ექიმის მიერ დანიშნული წამლები ციხეში არ აქვთ

15.01.2020 • 2716
„მე თქვენ მაწამებთ“ – პატიმრის თქმით, ექიმის მიერ დანიშნული წამლები ციხეში არ აქვთ

„მე თქვენ მამყოფებთ გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ, რაც იწვევს სულიერ ტანჯვას და წამებას. მე თქვენ მაწამებთ“, – წერს ბათუმის ციხეში მყოფი მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი. მან წერილი ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან გამოგვიგზავნა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე წერილის ჩვენთვის გადმოცემის საშუალება არ მისცეს.

ნუგზარ თაბაგარის ადმინისტრაციული საჩივარი 27 დეკემბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოსამართლემ პატიმრის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოდ მიიჩნია, რამდენიმე კი – სამართლიანად. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ნუგზარ თაბაგარი ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. 2018 წელს მან ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუგო. საქმე ეხებოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა  “გიორგი ოქროპირიძის საქმეშიც”.

27 დეკემბრის პროცესზე ნუგზარ თაბაგარმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბათუმის ციხის დირექტორი და მისი მოადგილე განადგურებით ემუქრებიან, ასევე შვილის დაჭერით.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი წერს, რომ მას ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები სასამართლოებიდან საჩივრების გამოტანას აიძულებენ, ასევე მას არ აძლევენ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას. პატიმარმა გამოგვიგზავნა კონკრეტული ექიმების მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ის ციხეში ვერ იღებს.

„მეუბნებიან, რომ ეს მედიკამენტები არ აქვთ და მთავაზობენ მივიღო სხვა მედიკამენტები, რომელიც არ ვიცი, რა არის. „არკოქსიის“ ნაცვლად „როტოკოქსს“, „ბი კომპლექსის“ ნაცვლად – „პოლოქსი“, „პანტროპრაზოლის“ ნაცვლად – „ომეზოლი“, „ფასტუმ გელის“ ნაცვლად – „კეტონალი“… ექიმი ინგა სურმანიძე მეუბნება, რომ გადატვირთულობის გამო არ მიშვებს მე-18 საავადმყოფოში,“ – წერს პატიმარი.

ნუგზარ თაბაგარმა გამოგვიგზავნა სახალხო დამცველის წერილიც, რომლითაც ბათუმის მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან სახალხო დამცველი პატიმრის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, თუ რას შეესწრო თავად სახალხო დამცველის წარმომადგენელი:

„2019 წლის 26 დეკემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას, მსჯავრდებულს აწუხებდა ტკივილები. მისი განმარტებით, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ელოდებოდა დაწესებულების მთავარ ექიმს, რომელიც მსჯავრდებულთან გამოცხადდა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლის შემდეგ, თუმცა მსჯავრდებული დატოვა ისე, რომ მისთვის არავითარი სამედიცინო მომსახურება არ გაუწევია, გარდა წნევის გაზომვისა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს მაღალი წნევა ჰქონდა, შესაბამისი მედიკამენტის მიწოდება დააგვიანეს,“ – წერია სახალხო დამცველის წერილში.

სახალხო დამცველი შენიშნავს კიდევ ერთ პრობლემასაც: „ნუგზარ თაბაგართან მთავარი ექიმი გამოცხადდა დაწესებულების თანამშრომელთან ერთად, რაც მსჯავრდებულმა გააპროტესტა, რადგან არ სურდა მისი ჯანმრთელობის შესახებ დაწესებულების თანამშრომლის თანდასწრებით საუბარი. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულის საკანი მან არ დატოვა“.

ნუგზარ თაბაგარის შესახებ პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ მსჯავრდებულს ანალოგიური მოქმედების სამკურნალო საშუალებები შესთავაზეს.

„მსჯავრდებულ ნ.თ-ს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში, მედ-პერსონალის მიერ შეეთავაზა დანიშნული მედიკამენტების ანალოგიური მოქმედების სამკურნალო საშუალებები, რაც გულისხმობს, რომ დანიშნული და შეთავაზებული პრეპარატები არის ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის და მათი მოქმედების მექანიზმი იდენტურია. მათ ერთმანეთისგან  მხოლოდ სავაჭრო დასახელება განასხვავებს… ამის შესახებ არაერთხელ განემარტა მსჯავრდებულს, თუმცა იგი დაჟინებით ითხოვს სამკურნალო საშუალებებს კონკრეტული სავაჭრო დასახელებით,“ – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: