მთავარი,სიახლეები

ვისთვის და რამდენით შემცირდება წყალზე მიერთების საფასური

15.01.2020
ვისთვის და რამდენით შემცირდება წყალზე მიერთების საფასური

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტებში 100 ლარით მცირდება და 400 ლარი იქნება. ცვლილება არ შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, სადაც მიერთების საფასური იგივე, ანუ 500 ლარი დარჩება.

როგორც სემეკში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ცვლილებების პაკეტი ჯერ კიდევ განხილვაშია, თუმცა არსებითი ცვლილება ტარიფებთან დაკავშირებით, მოსალოდნელი არ არის.

ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე გადაუნაწილოს.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურს 100 ლარით შეამცირებს. ცვლილება არ შეეხება აბონენტად დარეგისტრირებას“, – გვეუბნებიან სმკ-ში.

„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ აბონენტად რეგისტრაცია 100 ლარი ღირს და ცვლილება არ იგეგმება.

სემეკის ინფორმაციით, მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. „100 და 150 მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების მოქმედ საფასურებს შორის აქამდე დიდი სხვაობა იყო, რაც, რიგ შემთხვევაში, სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდება წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისათვის, პროექტით, 150 მმ წყალარინების მილის მიერთება [დღეს მოქმედი საფასურია 11 500 ლარი] თვითმმართველი ქალაქებისთვის დაახლოებით 39%-ით მცირდება [გახდება 7 000 ლარი], ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით [გახდება 5 000 ლარი]“, – აცხადებენ სემეკში.

——–

თვითმმართველი ქალაქებისთვის [თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი], 2020 წლის იანვრიდან, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური გაორმაგდა და მოქალაქე 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარს გადაიხდის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: