დაბა ჩაქვში ძალოსანთა ახალი ბაზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ორჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, ბაზა იმ ადგილზე უნდა აშენდეს, სადაც ძალოსნები დღემდე ვარჯიშობენ.
ბაზის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „სტადიონსა“ და კერძო ამხანაგობა „ინჟარქიტექტს“ შორის 2019 წლის მაისში 96 700 ლარზე იყო გაფორმებული. ამავე წლის ოქტომბერში კი, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, თანხა 8 ათასი ლარით გაიზარდა და 104 700 ლარით განისაზღვრა.
ცვლილების მიხედვით, პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება კომპანიამ უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2020 წლის 17 თებერვლისა [თავდაპირველი ხელშეკრულებით კი, ეს ვადა 2019 წლის ოქტომბერი იყო].
„…დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქ. N2-ში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით 2019 წლის 17 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. საპროექტო სამუშაოების საწყის ეტაპზევე – ტერიტორიის შესწავლის, ტოპოგრაფიული კვლევისა და ტერიტორიის საინჟინრო- გეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებობდა სანიაღვრე არხები, რის გამოც მოხდა ტერიტორიის ცვლილება. საპროექტო სამუშაოები დაიწყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე. ახლად შერჩეულ ტერიტორიაზეც დამატებით ჩატარდა საინჟინრო- გეოლოგიური კვლევა, საიდანაც გაირკვა, რომ შენობის დიდი ნაწილი უნდა დაპროექტდეს ყოფილ ჭაობზე [20 მეტრ სიღრმეზე არ არის საყრდენი]. აღნიშნულის გამო, შემდგომში მნიშვნელოვანი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, შეჩერებული იქნა საპროექტო სამუშაოები, ახალი საპროექტო მიწის ნაკვეთის გამოყოფამდე“, – აღნიშნულია შეთანხმების აქტში, რომლითაც ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა.
ამავე შეთანხმებით, ახალი ბაზა უნდა დაპროექტდეს ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე 2256 კვ/მ მიწის ნაკვეთზე [სადაც დგას ამორტიზებული შენობა, რომელშიც ძალოსნები ამჟამად ვარჯიშობენ]. თავიდან კი, დაპროექტება 3300 კვ.მ-ზე იგეგმებოდა [აბაშიძის ქ. N2-ში].
საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე შენობა უნდა დაინგრეს. სად გადაიყვანენ სპორტსმენებს დროებით სავარჯიშოდ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
შპს „სტადიონის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ძალოსანთა ბაზის მშენებლობა. ბაზის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს მაყურებლის ტრიბუნებით. ასევე გათვალისწინებულია საშხაპეები, საუნა, გასახდელები და სველი წერტილები. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს, როგორც სპორტსმენებს, ასევე მაყურებლებს, სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით. მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ზონა, სადაც არანაკლებ 10 სასტუმრო ოთახი მოეწყობა“.
ახალი ბაზის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც დაზუსტდება ხარჯთაღრიცხვა და ტენდერის გზით შეირჩევა მშენებელი კომპანია. „სტადიონის“ ინფორმაციით, ახალი ბაზის მშენებლობა 2020 წელშია დაგეგმილი.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/196660/