ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში რამდენიმე თვეა ფერდობებზე ნაპრალი გაჩნდა. სოფელში ხულოს მერის წარმომადგენლის, ომარ აბაშიძის თქმით, ვერნებში 65 კომლი ცხოვრობს. მისი თქმით, ტერიტორია გეოლოგებმა ვიზუალურად უკვე შეისწავლეს:
„ჯერ კიდევ 1998 წელს იყო განვითარებული მეწყრული პროცესები ვერნებში, მაგრამ ისეთი მასშტაბის არ იყო. გასული წლის ნოემბერში მოსახლეობის განცხადება შემოვიდა მერიაში ამ თემასთან დაკავშირებით, მერიამ გვიშუამდგომლა და ამოვიდნენ გეოლოგები, მაგრამ თოვლი იყო და ძირეულად ვერ მოხერხდა შესწავლა. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაპრალები გაზრდილია…“
ომარ აბაშიძის თქმით, ფერდობები, რომლებზეც ნაპრალებია გაჩენილი, რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული ტერიტორიას, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.
ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რუსურსების სამმართველომ მოამზადა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სპეციალისტებმა დაათვალიერეს „ნახიზნევისა“ და „დიდვაკის“ უბნები, რომლებიც სოფელს 600-700 მეტრითაა დაშორებული. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „ნახიზნევის უბანში“ ქანები გამოფიტულია:
„ძირითადი ქანები გარემო პირობების შედეგად ძლიერ გამოფიტულია, დანაპრალიანებულია და წარმოქმნილია სხვადასხვა ზომის და ფორმის ბლოკები, რომლებიც ხელსაყრელ პირობას ქმნის ფერდობიდან გეოდინამიკური პროცესის განვითარების. ქვათაცვენისა და კლდეზვავების განვითარებას ასევე ხელს უწყობს ძირითად ქანებში გავრცელებულ ნაპრალებში ატმოსფერული ნალექების მოსვლის და თოვლის დნობის დროს წარმოქმნილი წყლების ჩაჟონვა….”
რაც შეეხება დიდვაკის უბანს, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფიქსირდება მეწყრული პროცესისთვის დამახასიათებელი ნიშნები:
„მთელი ფერდი წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდს, რელიეფზე ფიქსირდება მეწყრული პროცესებისთვის დამახასიათებელი ფორმები, ამობურცვების და გორაკ-ბორცვების სახით“.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ტერიტორია გეოლოგებმა გაზაფხულზე უნდა შეისწავლონ უფრო საფუძვლიანად და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა სახის ღონისძიებები განხორციელდება მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.
_____________
ფოტოზე: ნაპრალები ფერდობზე, სოფელ ვერნებში. ზვიად აბაშიძის ფოტო