გურუ ჰოლდინგის ახალი პროექტი ბათუმში – თანამედროვე სახლი თანამედროვე ადამიანებისთვის

კომპანია გურუ ჰოლდინგმა“ 16 ნოემბერს თავისი ახალი პროექტის, გურუ სტატუსის“ პრეზენტაცია გამართა.

„გურუ სტატუსი“ ახალი, მაღალი კლასის, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.

პრეზენტაცია უშუალოდ მშენებლობის ადგილას შედგა და მას ესწრებოდნენ კომპანიის დამფუძნებელი, ინვესტორები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და კომპანიის გულშემატკივრები.  

“გურუ სტატუსის” პრეზენტაცია

ყველაფერი უკვე მზადაა იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყოს. პრეზენტაციაზე საზეიმოდ ჩაეშვა საძირკველში კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმოწერილი დოკუმენტით.

სტუმრებს დახვდნენ ცოცხალი მუსიკით, ღვინითა და ფურშეტით.

პრეზენტაციაზე კომპანიის დამფუძნებელი გურამ ჯიჯავაძე და პროექტის ბრიტანელი პარტნიორი გამოვიდნენ სიტყვით. მათ ისაუბრეს „გურუ სტატუსისა“ და მისი მნიშვნელობის შესახებ ქალაქისთვის.

„გურუ ჰოლდინგისდამფუძნებელი გურამ ჯიჯავაძე: „სახელიდან გამომდინარე „გურუ სტატუსში“ ცხოვრება იქნება ადამიანისთვის სტატუსის მიმნიჭებელი, რადგან ეს იქნება განსხვავებული, გამორჩეული საცხოვრებელი ადგილი ქალაქში.

აქ იქნება ყველაფერი იმისთვის, რომ სრულფასოვნად იცხოვროთ. ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ხარისხიან მშენებლობას, გამართულ ინფრასტრუქტურას. კორპუსს ექნება ბაღი, თანამედროვე პარკინგის სისტემა, რესტორნები, ვერანდა, მაღაზიები, ფიტნეს კლუბი, კონსიერჟის მომსახურება და მუდმივი დაცულობის განცდა, რაც მნიშვნელოვანია ბედნიერი ცხოვრებისთვის.

გურამ ჯიჯავაძე „გურუ ჰოლდინგი“

კომპანია დავაარსეთ 2012 წლის შემოდგომაზე, უკვე განხორციელებული გვაქვს ორი პროექტი, ერთი 18-სართულიანი და მეორე – 27-სართულიანი სახლი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 41 მილიონ ლარამდეა.

ვაშენებთ, ვყიდით და შემდგომ ეტაპზე მყიდველს ვთავაზობთ გაქირავების სერვისსაც.

ახლა ვიწყებთ მესამე პროექტს, „გურუ სტატუსს“, ახალ ბულვარში, რომელიც იქნება 29-სართულიანი სახლი 30 000 კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართობით.

„გურუ სტატუსს“ ექნება ინოვაციური სმარტ პარკინგ სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ელექტრონული მექანიზმი მანქანას მძღოლის გარეშე დააპარკინგებს, მხოლოდ სპეციალური ბარათის გატარება იქნება ჩვენი მაცხოვრებელის მხრიდან საჭირო.

ასევე, პროექტს ექნება ზღვის და მთის ხედები, რაც, დამეთანხმებით რომ ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია.

ჩვენი კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული სისტემით, იქნება ეს დახვედრა, მიყვანა ობიექტზე თუ პროდუქტის გაცნობა. პლუს ამას, ვაკეთებთ აქცენტს ხარისხისა და ფასის მიმართებაზე, ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი.

სამომავლოდ ვგეგმავთ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში წვლილი შევიტანოთ ქალაქის გამწვანებაში და დავრგოთ ხეები სხვადასხვა ნაწილში. ჩვენი ახალი კორპუსიც ამ მხრივ საკმაოდ დატვირთული იქნება.“

„გურუ სტატუსის“ ინფრასტრუქტურა და სერვისები:

[checklist]

  • 3 000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო
  • ზღვისა და მთის ხედები
  • მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი
  • Smart პარკინგის სისტემა (ინოვაციური, რობოტიზებული პარკინგი)
  • საცურაო აუზი
  • ჰოლი და რეცეფცია
  • რესტორანი
  • ვერანდები
  • ფიტნეს დარბაზი
  • საბილიარდე ოთახი

[/checklist]

 

გურუ ჰოლდინგის“ შესახებ:

კომპანია „გურუ ჰოლდინგი“ ბათუმის სამშენებლო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და თავისი წვლილი შეაქვს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. ამ დრომდე კომპანიას წარმატებით განხორციელებული აქვს 2 მსხვილი პროექტი, ხოლო რეგიონში ინვესტირებული თანხა 41 მილიონი ლარს შეადგენს. კომპანიაში დასაქმებულია 70 ადამიანი. ასევე, კომპანია თანამშრომლობს დაახლოებთ 20 კონტრაქტორ კომპანიასთან.

ავარია ბათუმში, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს, 20 ნოემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, „ერთ-ერთი მანქანის მძღოლი, 27 წლის კაცი, გულმკერდისა და თავის ქალის ტრავმით გადაყვანილია მედცენტრში“.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

რიყეთის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, სხვა ადგილებში ცეცხლის ღია კერა აღარ არსებობს – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 45 მეხანძრე-მაშველი.

ხანძარი ლიკვიდირებულია ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი.

საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. ამ დროისთვის ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ღამის განმავლობაში გრძელდებოდა  მონიტორინგის სამუშაოები, დღეს დილიდან კი დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს. „თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს“ – აცხადებენ საგანგებო სამსახურში.

 

მთავარი ფოტო: ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია / საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო

„ვერ ვეტყვით მსოფლიოს – გამარჯობა, ჩვენ ოლიგარქის ორღობიდან ვართ“ – ნენე კვინიკაძე

„…ზოგჯერ დეტალი აღწერს მთელ ტრაგედიას, მაგალითად, ზღვაში ჩაგდებული ძაღლის კადრი ყველაზე ნათლად გვახსენებს აფხაზეთის ტრაგედიას, ვიდრე დახოცილი ადამიანები. ჩემთვის ამ აქციის დეტალი სპეცრაზმელების თანაგრძნობა იყო – თითქოს არც ბრაზდებოდა ხალხი მათზე. ეს არ იყო შიში. იქ უკვე იდგა ხალხი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ქცევა. ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ არჩევნებით უნდა შეცვალონ,“ – გვიყვება მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. მას საპროტესტო აქციაზე ვესაუბრეთ, რომელიც დღემდე გრძელდება.

  • ნენე, რა აჩვენა თქვენთვის გუშინ, 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამ? 

მგონი, რაღაც ტიპის საშინელი გაუცხოება გვაქვს: როცა თავს დამარცხებულად გრძნობ და ვეღარ ხვდები, რა ენაზე უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას. მეც, თქვენც და, ალბათ, ყველას დიალოგი უჭირს არაადეკვატურ ადამიანთან… ასეა ხელისუფლებაც. მისი რეაქციები აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება პანიკაშია.

ჩვენ ამ დეპუტატების სახელები არაფერს გვეუბნება. ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ თურმე დეპუტატს 5 ბინა აქვს, ან 8 ბინა აქვს და ამ დროს ვფიქრობ, რომ ჩვენ 8 სარეაბილიტაციო ცენტრიც არ გვაქვს, მაგალითად, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის. აღშფოთებას რა იწვევს, რა იწვევს ქუჩაში გასვლის სურვილს? – თემა აღარ დარჩა, რაზეც პროტესტი არ გაქვს. თითოეულ ადამიანს შეიძლება ეხებოდეს გაუგონარი სიდუხჭირე. ერთი უბნიდან მეორეში ფეხითაც რომ გაიარო, საკმარისია გაიგო, რა მდგომარეობაშია ხალხი.

ტრაგიკული სანახავი იყო გუშინდელი აქციის დაშლა. მეტაფორასავით იყო წყლის ჭავლის ნოემბრის შუა რიცხვებში და ამდენი განვადებით გამოტანილი, დასველებული ტელეფონები…  როგორ ანარცხებდა ადამიანებს წყლის ძლიერი ჭავლი, იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობამ გამოიყვანა ქუჩაში.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ არ იყო გუშინ ხალხის ის რაოდენობა საპროტესტო აქციაზე, რაც, მაგალითად, კვირას? 

ეს დღეები სულ ამას ვუსვამდი ხაზს, რომ საკმარისად ბევრი ხალხია ქუჩაში. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ქუჩაში გამოსვლას სხვადასხვა მიზეზის გამო. მეც, მაგალითად, ზაფხულში რამდენიმე დღე ვიდექი აქციაზე და შემდეგ ბავშვების გამო ეს ვეღარ მოვახერხე. ჩვენ წლიდან წლამდე ვიზრდებოდით და გავიაზრეთ, რომ არჩევნები არის ყველაზე სწორი გამოსავალი. ცხადია, კიდევ უფრო მეტად ბევრი ხალხია გაბრაზებული, ვიდრე ქუჩაშია გამოსული. ხელისუფლების პასუხები არის გროტესკული, მაგრამ უკვე აღარაფერი გვიკვირს, მივეჩვიეთ.

უცნაურ მდგომარეობაში ვიმყოფებით: ჩვენ ვერ ვეტყვით მსოფლიოს – გამარჯობა, ჩვენ ოლიგარქის ორღობიდან ვართ, მაგრამ იცით რა, ბევრი რამ შეგვიძლია, რომ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მომღერლები ხსნიან „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენას, ან სხვა სცენებს. ჩვენ დავიწყეთ გაქრობა მსოფლიო ფოკუსიდან და მგონი, ჩვენს ხელისუფლებასაც ეს უნდა – ჩვენ აღარავის ვახსოვდეთ. რაც უნდა ბევრი ვიმუშაოთ თვითდამკვიდრებაზე, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება ზურგს უკან სახელმწიფო.

  • კვლევები აჩვენებს, რომ გვაქვს ნიჰილისტური განწყობები. ეს განწყობა აქციის შემდეგ დაიკლებს, თუ მოიმატებს? 

ბუნებრივი ინსტიქტია, როცა ყოველთვის დაზარალებულის მხარეს დგები. ასე იქნება ახლაც… მე მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ადამიანები ვცხოვრობთ და გვაქვს რეაქცია, უბრალოდ, მთელი ქვეყანა ახლა ისეა დაჩაჩანაკებული, ახლაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს იმაზე, რა შეჭამოს, როგორ მოუმზადოს სადილი შვილებს. ამ მდგომარეობაში ვართ მთელი ქვეყანა.

  • როდის და როგორ შეიძლება გახდეს ეს საპროტესტო აქციები ანგარიშგასაწევი ხელისუფლებისთვის? 

მე ვარ ოპტიმისტი და მჯერა ჩემი ქვეყნის ისტორიული გამოცდილების: ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლისთვისაც არამცთუ ერთი და ორი თვე, თითოეულ საათს აქვს მნიშვნელობა, ჩვენ საათობრივად უკან მივდივართ და ამას ვგრძნობთ, ეს რეფლექსი გვაქვს განვითარებული. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვერ დავემუქრებით, რომ აღარ დავწერთ წიგნებს, აღარ გადავიღებთ ფილმებს. მათ ეს ისედაც უნდათ. ჩვენი ინსტრუმენტია არის ის, რომ ქუჩაში დავდგეთ და ხმამაღლა გამოვხატეთ პროტესტი. მე მგონია, რომ ხალხის რაოდენობაც მოიმატებს და უფრო მტკიცე გახდება ეს პროტესტი. მთავარია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იყოჩაღონ, ეგოები დაწიონ და ქვეყნის საერთო ინტერესი, რაც არის, ის გაიაზრონ.

ზაფხულშიც ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა არ დასრულდებოდა მარტივად და მალე. ეს იქნებოდა ხანგრძლივი ბრძოლა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესები გამოავლენს ასევე ახალ ლიდერებს, რაც ასევე საჭიროა…. ამ აქციების ყველაზე ძლიერი მხარე ახალგაზრდებია, მათი ორიგინალობით და ქარიზმატულობით, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ჩემთვის ამ პროცესების მთავარ როლში ახალგაზრდები არიან. ჩვენ იქ ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც იქვე მეცადინეობენ. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად არის საჭირო იმის გააზრება, რომ იქ მისვლა თუნდაც ერთი საათით ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ იქ არის ეპიცენტრი. მე არ მეპარება ეჭვი ხალხის შემომატებაში, რადგან ეს უკვე მართლა ბოლო წერტილია. შესაძლოა, ხელისუფლებას არ აშინებს ხალხი, მაგრამ ბევრი ხალხი ყველას აშინებს.

ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს

ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: 

„გოგა კოხრეიძემ საბუთები შემოიტანა, მიუხედავდ იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორია. ახლა ისევ ცდის ბედს, რადგან ეს მოკლე გზაა გახდეს დირექტორი.

სად ხართ ის ხალხი, იმედი რომ გქონდათ ორი წელი გაგრძელდებაო სასამართლო დავა?

ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით რომ წავიდოდნენ, ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ, არსამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შვხვდით.

ხელისუფლების წარმომადგენლები გვიკიჟინებდნენ: შეთქმულებების თეორიებში ღრმად მიდიხართო.

მრჩეველთა საბჭომ სასწრაფოდ ჩანიშნა სხდომა პარასკევს, მოკლედ  არ არის გამორიცხული 21 ნოემბერს ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ ბატონ კოხრეიძეს.

ბატონმა კოხრეიძემ იცრუა: თქვა, რომ ბეჟან გობაძე (საბჭოს ყოფილი წევრი) იქ დასეირნებდა და პროცესში არ მონაწილეობდაო, ნაცარი მოგვაყარა თვალებში, ჩვენც, სასამართლოსაც, საზოგადოებასაც.

ბატონებო და ქალბატონებო! მიზანი არ ამართლებს საშუალებას, არ ღირს სავარძელი იმად, რომ შეიძლება თქვა ტყუილი, მორალის ამბავია ეს და უნდა გესმოდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანმდებობა უნდა დაიკავო. აქ კი ნდობა და რეპუტაცია გადამწყვეტი ფაქტორია.

მოგიწოდებთ ყველას, ვისი გამოცდილებაც იძლევა საშუალებას, მიიღეთ ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობა. ერთი დღე დარჩა, რაც ბევრი მით უკეთესი, გამოგვყევით ბოლომდე, ლუსტრაციის დროა!“

___________

წყარო: ფეისბუქი

რა ხდება

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა და ამიტომ იჩივლა სასამართლოში.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში ვერც ერთი ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც გარედან გარედან მაყურებელი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი, მანამდე კი, მრჩეველთა საბჭოს უკვე ახალი შემადგენლობას ტელევიზიის ახალი დირექტორი უნდა შეერჩია, თუმცა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის ფეისბუქზე განცხადების თანახმად, გოგა კოხრეიძემ ისევ შეიტანა საბუთები დირექტორის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

სიმაღლის გადასახადიდან ბათუმის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი შევიდა

ბათუმის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ათი თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით 528 000 ლარი შევიდა. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს. შესაბამისად, ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლები, ძირითადად, ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, სადაც ბევრ ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ როგორც მზის სხივის გავრცელების, ასევე ჰაერის გადანაწილების პრობლემები იქმნება.

კ2-განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. ბათუმის კონკრეტულ ზონაში კონკრეტული კოეფიციენტია დადგენილი. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა, კონკრეტულ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორი სახის გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარს, ხოლო საცხოვრებელ ზონაში – 143 ლარს.

სპეციალური ზონალური შეთანხმება გულისხმობს კ2-ის გაზრდაზე მოლაპარაკებას მერიასა და მშენებელს შორის, რომ მერიამ მშენებელს თანხმობა მისცეს, უფრო მაღალი შენობა ააშენოს, ვიდრე იმ კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით კი, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 369 800 ლარი შევიდა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ მოსაკრებლის სახით, მომავალ წელს მერია 500 000 ლარის ამოღებას გეგმავს, ასეთია საპროგნოზო მაჩვენებელი. რაც შეეხება ზონალური შეთანხმების მოსაკრებელს, ამის შესახებ მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში არაფერი ჩაწერა.

2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს

 

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულს სახლიდან ასახლებს – როგორ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება

„გუშინაც დამირეკეს, სახლის დაცლას მთხოვენ, თუ არადა, იძულებით გამოგასახლებთო, ოფიციალურად წერილები უკვე ჩამბარდა,“ – გვიყვება ხათუნა იმერლიშვილი და ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში შევყავართ. ამ ოჯახში აღსრულების პოლიციას დღე-დღეზე ელიან.

სადავო სახლის მესაკუთრე 2016 წლიდან „საქართველოს ბანკია“. ეს ქონება ლევან გოგიტიძის იყო, რომელმაც 2007 წელს ბანკში იპოთეკით დატვირთა. ლევან გოგიტიძის ყოფილმა ცოლმა და ახლა უკვე მხარდამჭერმა – ხათუნა იმერლიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა – „საქართველოს ბანკსა“ და ლევან გოგიტიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

„ჩემს ყოფილ მეუღლეს, ლევან გოგიტიძეს 1998 წლიდან სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბოლო 21 წელია ლევანი სახელმწიფოსგან პენსიას იღებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი… მე არ ვიცოდი, თუ ბანკში ჩადო ქონება. ჩემს ყოფილ მეუღლეს გარეგნულადაც ეტყობა ეს დაავადება და მიკვირს, ამით რატომ არავინ დაინტერესდა?“ – კითხულობს ხათუნა იმერლიშვილი.

სესხის ხელშეკრულება ლევან გოგიტიძეს და „საქართველოს ბანკს“ შორის 2007 წელს გაფორმდა. ხათუნა იმერლიშვილი გვიყვება, რომ სესხი ლევანის ძმამ, ტარიელ გოგიტიძემ აიღო – 150 ათასი აშშ დოლარი და იპოთეკის სახით, ერთ-ერთ ქონებად საკუთარი ძმის, ლევან გოგიტიძის სახლი ჩადო.

„მე ამ ხელშეკრულების შესახებ არაფერი ვიცოდი… გავიგე მაშინ, როცა პრობლემა შეიქმნა და სასამართლოდან წერილი მოგვივიდა. ლევანის ძმა რამდენიმე წელი იხდიდა სესხს, შემდეგ – გაუჭირდა. დღეს მასთან ურთიერთობა აღარ გვაქვს,“ – ამბობს ხათუნა იმერლიშვილი.

„სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქმედუუნარო პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ბათილია, ისევე, როგორც, მაგალითად, მცირეწლოვანთან,“ – განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რომელიც ხათუნა იმერლიშვილს ახლა სამართლებრივად ეხმარება.

საიდან უნდა სცოდნოდა ბანკს, რომ ლევან გოგიტიძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? – საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა რეგულაცია აქვს ბანკს კლიენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, მაგრამ შეკითხვა ბანკის თანამშრომელს უნდა გასჩენოდა, „რადგან გარეგნულად მკვეთრად შესამჩნევი იყო ეს პრობლემა,“ – დასძენს მირზა მამულაძე.

ხათუნა იმერლიშვილის თქმით, მას თავდაპირველად ბანკმა „გამოსავალი“ შესთავაზა.

„წლების წინ ბანკის თანამშრომელმა მითხრა, გაყიდეთ მაშინ სახლი, ჩვენი თანხა მოგვეცით – 25 ათასი დოლარი და თქვენ თქვენი დაიტოვეთო… ჩვენ გვინდოდა გირაოს თანხა მაინც გამოსულიყო – 10 ათასი დოლარი, მაგრამ 35 ათასად ეს სახლი ვერ გაიყიდა.

მერე ბანკმა გადაიფორმა სახლი და ჩვენ აღმასრულებლისგან მოგვდის წერილი, რომ სახლი უნდა დავცალოთ,“ – უთხრა ხათუნა იმერლიშვილმა „ბათუმელებს“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ხათუნას და ლევანის შვილსაც. ის 25 წლისაა. მამა-შვილს სახელმწიფო მხოლოდ ყოველთვიური პენსიით – 120 – 120 ლარით ეხმარება.

„სოციალურად დაუცველები ვართ, მაგრამ არავინ გვეხმარება… ჩვენი შემოსავალი ეს პენსიაა და კიდევ ჩემი ხელფასი – 300 ლარი… არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ, თუ გაგვასახლებენ, ვეღარ ვფიქრობ,“ – ამბობს ხათუნა იმერლიშვილი.

ხათუნა იმერლიშვილის სარჩელის მომზადებაში საია-ს იურისტი დაეხმარა, ის წარმოებაში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ უკვე მიიღო. დავის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა ლევან გოგიტიძის ოჯახის გამოსახლების საკითხი იმ სახლიდან, რომელიც უკვე „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის. სასამართლოს ბანკის მიერ ქმედუუნარო პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ უმსჯელია, რადგან დავის საგანი ეს არ ყოფილა და ლევან გოგიტიძეც, ან მისი მხარდამჭერი არ დასწრებია პროცესს. საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის თქმით, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამართლებრივი განხილვის არცერთ ეტაპზე  [მათ შორის არც სასამართლო ეტაპზე] მსგავსი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, თუკი საქმესთან დაკავშირებით გამოვლენილი იქნება ახალი გარემოებები, ბანკი გადაწყვეტილებას მიიღებს  შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით და  მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – მოგვწერეს „საქართველოს ბანკიდან“.

მეუფე იაკობი ევროპარლამენტში: ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ

მეუფე იაკობი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი:

„ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია.

მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ.

….ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა არა ზევიდან, არამედ როგორც პარტნიორს ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ჩვენც მშვიდობიანაც გვინდა გადაწყდეს. ისე, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ.“

19 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიხსნა სემინარი, რომლის  მთავარი თემაა ეკლესიის როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში. სემინარზე ბოდბელი მთავარეპისკოპოსის გამოსვლის ტექსტს “იმედინიუსი” ავრცელებს. 

საყვირებით აჭარის მთავრობასთან – გრძელდება საპროტესტო აქცია „დავიბრუნოთ ქვეყანა“ 

„ჩვენ არ ვიშლებით, ღამეც აქ ვიქნებით“, – ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე, ხათუნა ბერიძე. იგი სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია. სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციისთვის ამ საღამოსთვისაც ემზადებიან. მათ მთელი დღის განმავლობაში საყვირებით ხმაური არ შეუწყვეტიათ მთავრობის სახლთან.

აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ გაშლილია სამი კარავიც. ხათუნა ბერიძის თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს და ქვეყანაში პროპორციული სისტემით არჩევნები არ ჩატარდება.

საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, როცა პარლამენტმა უარი თქვა კანონპროექტის მიღებაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

ხათუნა ბერიძის თქმით, მათთან ერთად ღამეს ათევენ პოლიციელებიც: „4-5 მანქანა არის ყოველთვის. ისინი მორიგეობით გადმოდიან და დგანან მთავრობის სახლის წინ“, – გვითხრა ხათუნა ბერიძემ.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ აქციის მონაწილე ოთხი პირი 1500-1500 ლარით დააჯარიმა. ისინი პოლიციამ 15 ნოემბერს დააკავა.

ჯარიმა 1500-1500 ლარი – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი

რომელი ქუჩების კეთილმოწყობა იგეგმება ბათუმში 2020 წელს

მუნიციპალური ინფრატრუქტურის რეაბილიტაცია 2020 წელსაც ბათუმის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ამ მიმართულებით 58 მილიონ 387 000 ლარი დაიხარჯება.

მომავალ წელს მერია  ე.წ. “ჭაობის დასახლების” ქუჩების კეთილმოწყობას დაიწყებს, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს დაგეგმილია შემდეგი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა:

  • ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთი [ლადო ასათიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე]
  • ლუკა ასათიანის ქუჩის მონაკვეთი [ვარშანიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე]
  • ჰ. აბაშიძის ქუჩის მონაკვეთი [ლადო ასათიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე]
  • აჭარისწყლის შესახვევის კეთილმოწყობა
  • ბაგრატიონის ჩიხის კეთილმოწყობა
  • გონიოს ქუჩის კეთილმოწყობა
  • თევრათ გორგილაძის ქუჩის კეთილმოწყობა
  • ლადო ასათიანის ჩიხის კეთილმოწყობა
  • ლუკა ასათიანის შესახვევის კეთილმოწყობა
  • მ. ვარშანიძის შესახვევის კეთილმოწყობა
  • პ. მელიქიშვილის ჩიხის კეთილმოწყობა
  • ლ. გელაძის ქუჩის კეთილმოწყობა
  • პ. მელიქიშვილის II შესახვევის კეთილმოწყობა
  • ნანა გვარიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა
  • ს. ხიმშიაშვილის ქუჩის N109-113-ის მონაკვეთის კეთილმოწყობა
  • ურეხის ქუჩის კეთილმოწყობა
  • ურეხის ჩიხის კეთილმოწყობა
  • დემეტრე თავდადებულის შესახვევის კეთილმოწყობა
  • მ. ვარშანიძის I შესახვევის კეთილმოწყობა
  • გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა

რაც შეეხება სხვა უბნებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით  აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაგარინის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, ბონი-გოროდოკის დასახლებაში კი დაიწყება ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩის კეთილმოწყობისა [ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები] და ამავე ქუჩის გაგრძელების სამუშაოები იაშვილიდან ერისთავის ქუჩამდე. ასევე იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და თაყაიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერია შეისყიდის ლერმონტოვის ქუჩის  გენერალ აბაშიძის ქუჩამდე [ხორცკომბინატის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხის მოწყობა] გაგრძელებისა  და სულხან საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს.

ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია  ჯავახიშვილისა  [ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე]  და ჟილინის არხის მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობა[მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელება].

თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია ე.წ. „ბარცხანის“ ხიდის რეაბილიტაცია. აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების ანგისის პირველი შესახვევის მონაკვეთების კეთილმოწყობა, [აეროპორტის გზატკეცილი #238-დან #252-მდე ქუჩის კეთილმოწყობა, აეროპორტის გზატკეცილი #219-დან #235-მდე ქუჩის კეთილმოწყობა].

ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება  ჯავახიშვილის I და II შესახვევების რეაბილიტაცია გუდიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაგეგმილია ოძელაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც.

__________

ფოტო: ბათუმის მერია

სვანეთის, სამეგრელოს, რაჭისა და აჭარის ტყეებში 7 ადგილას ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა – სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

 სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი.

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინოს მიმდებარედ, ფერდობზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ტერიტორია არის სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს:

„თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით.

მხოლოდ ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა. კახეთში 3, შიდა ქართლში 3, ქვემო ქართლში 9, სამცხე-ჯავახეთში 4, იმერეთში 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, რაჭაში 3, აჭარაში 3, გურიაში 1. ჯამში მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

___________

ფოტო: es.gov.ge

ჯარიმა 1500-1500 ლარი – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500 ლარით დააჯარიმა ბათუმში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე. ისინი მთავრობის სახლის პიკეტირების მოტივით დააკავეს.

“ოქმი შედგენილია იმიტომ, რომ შესასვლელი კარის გამოთავისუფლებას ითხოვდა პოლიცია. პოლიციელის მოთხოვნის შესრულება იყო კანონიერი…”- აღნიშნა მოსამართლემ.

საპროტესტო აქციის 4 მონაწილე 15 ნოემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, „ახალგაზრდა ლიდერთა კავშირის“ წევრი გია ხალვაში, მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა და სამოქალაქო ორგანიზაციის „ალტერნატივა“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ადამიანებმა აჭარის მთავრობის აპარატის შენობის პიკეტირება მოახდინეს. 15 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და სასამართლო სხდომა გადადო, რადგან პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა ადვოკატის დახმარება ითხოვეს.

შსს ამ ოთხ პირის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო პროცესზე 6 მოწმე წარმოადგინა, პოლიციელები, რომლებიც აქციის დროს მთავრობის სახლთან იყვნენ.

“პოლიციელები კი არა, იმ შენობის თანამშრომლები იტყვიან, იქ შესვლა შეძლეს თუ ვერა… პიკეტირება თუ იყო, იქ ვერ უნდა შესულიყო თანამშრომელი,” – მიმართა მოსამართლეს გია ხალვაშმა.

“ეს იყო პიკეტირება… ადამიანებს არც შიგნით შესვლა შეეძლოთ, არც – გამოსვლა,” – აღნიშნა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

“მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის პიკეტირება,” – უპასუხა პოლიციელს რეზო ხარაზმა, – “ნამდვილად ვაპროტესდებდი პროპორციული საარჩევნო კანონპროექტის ჩაგდებას და ვთქვი, რომ ვახდენდი პიკეტირებას, მაგრამ პოლიციელებს მინდა შევახსენო, რომ მთავრობის სახლს აქვს რამდენიმე შესასვლელი… იქ იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც შენობაში შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ჩვენ ვთხოვდით პასუხს თორნიკე რიჟვაძეს – რატომ წაგვართვა ხელისუფლებამ სისხლით მოპოვებული მონაპოვარი, რატომ მოგვატყუეს,” – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

მოწმე პოლიციელები

“ჩვენ გვედავებით მოთხოვნის დაუმორჩილებლობას… კითხვა მაქვს პოლიციელთან: რომელ მოთხოვნას არ დავემორჩილე?” – იკითხა გია ხალვაშმა.

“პოლიციელმა თქვენ მოგიწოდეს, გაწეულიყავით გვერდით, დაგეტოვებინათ მთავრობის შესასვლელი,” – უპასუხა გია ხალვაშს პოლიციელმა.

გია ხალვაშმა შეახსენა პოლიციელებს, რომ ისინი შესასვლელთან კი არა, მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

“როცა არსებობს წინააღმდეგობა, ფიზიკურად იქვე დაკავება რთულია,” – დასძინა პოლიციელმა.

პასუხისგებაში მიცემულებმა კატეგორიულად მოსთხოვეს პოლიციელებს იმ ადამიანების დასახელება, ვინც მთავრობის სახლში არ შეუშვეს.

“მეც მაქვს შეკითხვა თქვენთან: იქ რომ ვინმე მოსულიყო მოქალაქე ქედიდან, ან შუახევიდან, როგორ ფიქრობთ, გაუჩნდებოდა მთავრობის შენობაში შესვლის სურვილი?” – იკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

“თქვენ მოგმართათ რომელიმე მოქალაქემ, რომ ვერ შევიდა მთავრობის შენობაში?” – კითხვითვე მიმართა პოლიციელებს პაატა დიასამიძემ, საია-ს იურისტმა.

პოლიციელებმა თქვეს, რომ ასეთი ადამიანები იქ იყვნენ, თუმცა არ დაუსახელებიათ კონკრეტული პირი, ვისაც დაბრკოლება შეექმნა მთავრობის სახლში შესვლის დროს.

“მე ვხედავდი თანამშრომლებს, რომლებიც ვერ შემოდიოდნენ… ისინი ქუჩის მეორე მხარეს იყვნენ, ვხედავდი,” – აღნიშნა სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა, ავთანდილ დევაძემ.

“სახელი-გვარი გვითხარით, ვინ იყო?” – ჩაეკითხა მოწმეს რეზო ხარაზი.

“საჭიროების შემთხვევაში, ისინი თვითონ იტყვიან,” – მოკლედ თქვა პოლიციელმა.

“საჭიროება მეტი რაღა გინდათ? მასამართლებენ,” – მიმართა პოლიციელს რეზო ხარაზმა.

“აქვს მთავრობის სახლს სხვა შესასვლელი?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არა, შესასვლელი ერთია, საევაკუაციო გამოსასვლელებია რამდენიმე,” – აღნიშნა სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა.

“გომელაური და გახარიაც ხო მაგ კარიდან შემოდიან?” – ამჯერად გია ხალვაშმა მიმართა კითხვით მოწმეს.

“არა. ის კარები ჩაკეტილ მდგომარეობაშია,” – უპასუხა ხალვაშს ავთანდილ დევაძემ.

მოწმის სახით გამოკითხულ კიდევ ერთ პოლიციელს, სოსო გოგიტიძეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა ბეგლარ ფუტკარაძემ სთხოვა იმ ადგილის დაკონკრეტება, სადაც ის დააკავეს.

“სად და შენობის შესასვლელთან… 2 ათასი კამერა იყო იქ, რაღას მალაპარაკებ”, – გაღიზიანდა პოლიციელი.

სასამართლო სხდომაზე ასევე აჩვენეს პასუხისგებაში მიცემული პირების დაკავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ აქცენტი კანონზე გააკეთა “შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ”.

“ეს კანონიც ითვალისწინებს სამთავრობო ორგანოებისთვის დისკომფორტის შექმნას… პიკეტირება ეს არ იყო, რადგან ამ შენობას ჰქონდა სხვა შესასვლელები,” – აღნიშნა პაატა დიასამიძემ.

ბათუმის საბავშვო ბაღებში ხელფასები გაიზრდება – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის ბაღების გაერთანების ბიუჯეტი 15 მილიონ 525 ათასი ლარი იქნება, რაც გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 817 900 ლარით მეტია.

ნამატი თანხა შრომის ანაზღაურების გრაფაშია ასახული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებაში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ.

პროექტის მიხედვით, 2019 წელს ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულ 1 338 თანამშრომელზე 8 მილიონ 770 ათას 100 ლარი დაიხარჯა, მომავალი წლისთვის კი ეს თანხა 9 მილინ 109 ათას 500 ლარი იქნება.

ბათუმის მერიის წარდგენითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ბოლოს ბაღებში დასაქმებულებს ხელფასები 2018 წლის აგვისტოში გაეზარდათ.

მაგალითად, აღმზრდელის ხელფასი დარიცხვით 500 ლარი იყო და 600 ლარამდე, ხოლო ძიძის ხელფასი – 460-ლარიდან 560-ლარამდე გაიზარდა.

ამავე თემაზე:

ბათუმში საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები სექტემბრიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

4 864 ლარის ოქროს უკანონოდ გადმოტანისთვის მოქალაქე 4 864 ლარით დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე, ეჭვის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ლ.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 4 864 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო  (59,75 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 864 ლარის ოდენობით შეეფარდა.

რომელ ქუჩებზე ივლის 8 ახალი ელექტრობუსი ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში 8 ახალი ელექტროავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია 25 მძღოლისა და 5 ინჟინრის გადამზადება. ახალ ავტობუსებს ბათუმში 2020 წლის აპრილის თვეში ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელ ხაზზე ივლიან ეს ელექტროავტობუსები. გადაწყვეტილი არ არის ავტობუსების ფერიც.

„გვინდა მოვიცვათ უფრო  ქალაქის შუაგული. ესაა, ვთქვათ, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩები. ელექტროავტობუსების მოძრაობა არ არის დაგეგმილი რუსთაველის ქუჩაზე, ასევე მახინჯაურის, სარფის, აეროპორტის მიმართულებით“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით:

[checklist]

  • „ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე დაახლოებით 25 კილომეტრი. დატენვა დარჩენილი 30%-დან – 80%-მდე ელემენტის მუხტით ხდება 6-8 წუთში. ყოველი ბრუნის შემდეგ მოხდება სწრაფი დატენვა;
  • ელექტროავტობუსის დატენვის ყოველდღიური ხარჯი თითქმის 10-ჯერ დაბალია ვიდრე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების;
  • ვადა ელექტრო აკუმულატორებზე 10 წელი. სამუშაო რესურსი ელექტრობუსის – 12 წელი;
  • ელექტრობუსი დაიტევს 75 მგზავრს და აქვს 18 დასაჯდომი ადგილი“.

[/checklist]

„ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ „ასეთი ძვირადღირებული მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეს ძალიან ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია“. ელექტროავტობუსები ბათუმში ბელარუსიიდან შემოვა.

„ელექტრობუსი იქნება დაბალძირიანი, კლიმატ კონტროლით [რაც არის მნიშნელოვანი ბათუმისთვის ზაფხულში და ზამთარში). ყველა ელექტრობუსშია – ინფორმაციული ეკრანი. მგზავრების უსაფრთხოებისთვის, ასევე ანტი-ვანდალური ზომებისთვის ყველა ელექტრობუსში იქნება ვიდეოკონტროლის სისტემა, მძღოლის მონიტორზე იქნება გამოყვანილი ვიდეო თვალით დაფიქსირებული სურათი სალონიდან. ყველა ელექტრობუსი არის აღჭურვილი პანდუსით“ – აცხადებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ელექტროავტობუსების პროექტისთვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო [სესხი და გრანტი] დაიხარჯება. ამ თანხაში შედის ელექტროავტობუსების დასამუხტი აპარატურაც.

ბოლო პერიოდში ბათუმის ავტოპარკი დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსით განახლდა. ელექტროავტობუსების მიღების შემდეგაც, ბათუმის ავტოპარკს განახლება მაინც დასჭირდება, თუმცა საჭირო ფინანსები ჯერ გამოყოფილი არ არის.

ამ თემაზე:

€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება  

აჭარაში ტუბერკულოზის 210 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა 2019 წელს

2019 წელს აჭარაში ტუბერკულოზის 210 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისშია.

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის პროექტის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი ტომას ნიკოლსონი, რომელიც პროექტის ეფექტურობასა და მობილური ჯგუფების ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროექტის კოორდინატორის,  ნონა ეფაძის თქმით, პროექტი, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მაჩვენებლის შემცირება მინიმუმამდე, 2018 წლის აგვისტოში ამოქმედდა. პროექტის მიზანია ასევე მკურნალობაში ჩართული პირების კონტროლზე აყვანა, იმისთვის რომ ბოლომდე მიიყვანონ მკურნალობა. ასევე, გამოვლენაზე მუშაობა.

„პროექტის ამუშავების  საფუძველი იყო ტუბერკულოზის მაჩვენებლის ზრდა. 2018 წელს ტუბერკულოზის მაჩვენებელი 2 606-მდე იყო გაზრდილი,  მათ შორის 1 926 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2019 წელს კი 210 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტუბერკულოზის კლების ტენდენცია გვაქვს“-გვეუბნება ნონა ეფაძე.

„საერთო შემთხვევების 20-30 პროცენტი დაუსრულებელი მკურნალობაა, ამიტომ ამ კუთხით მიდის მუშაობა და ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ეს. ასევე მობილური ჯგუფის აღჭურვა. სწორედ ამ პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაზე მუშაობს ტომ ნიკოლსონი ჩვენთან. ასევე შედეგებზეც იყო საუბარი. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებიც იქნება“.

ნონა ეფაძის თქმით, ტუბერკულოზის გამოვლენის ერთ-ერთი ხელშემშლელი არის ის, რომ საეჭვო პაციენტი, რომელსაც რეკომენდაცია ეძლევა რომ მივიდეს ფთიზიატრიულ სამსახურში, არ მიდის, რის გამოც დიაგნოზის დადასტურებაც ვერ ხერხრდება: „ამ რგოლის გაუმჯობესებაზე გვაქვს საუბარი ექსპერტთან“.

ტუბერკულოზი ყველაზე მეტად გავრცელებულია 25-იდან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში. გავრცელება კაცებში უფრო მეტია ვიდრე ქალებში. ტუბერკულოზის სკრინინგსა და მკურნალობას სახელმწიფო მთლიანად აფიანანსებს.

 

მთავარი ფოტო: ნონა ეფაძე/აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ხულოში, სოფელ დიდი რიყეთთან ტყეში ხანძარია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში, ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტაუციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა ტყის ქვედა საფარს.

„ცეცხლის ღია კერა არ არის, ესაა მხრჩოლავი დაკვამლიანება, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე არ არის“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

ხულოში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი მუშაობს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს საქართველოს რეგიონებში, ტყეებში ხანძრის გაჩენის მეოთხე შემთხვევაა.

______________

ფოტოზე: ხანძარი მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყეში. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მიტროპოლიტი დიმიტრი – თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით – „თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია“.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი შეუერთდა კამპანიას – „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.

რუსმა სამხედროებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] ცნობით, დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

25 წლამდე პირებს შესაძლოა სათამაშო ბიზნესში ჩართვა აეკრძალოთ

საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც 25 წლამდე ასაკის პირების სათამაშო ბიზნესში ჩართვას აკრძალავს.

ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს 10-მა დეპუტატმა მიმართა. კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.

კანონპროექტის მიხედვით, 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირს არ ექნება უფლება სათამაშო ბიზნესში ჩაერთოს. ცვლილებამდე ასაკობრივი ზღვარი 21 წელი იყო.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, შეიქმნება თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანა. ასევე, მოთამაშის  ოჯახის წევრს ექნება უფლება სასამართლოს წესით მოითხოვოს თამაშდამოკიდებული პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში მოქალაქე 3 წლის განმავლობაში იქნება შეტანილი. ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. კანონის ამოქმედების შემდეგ, არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, გაუქმდება ყველა ონლაინ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდება მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზია კანონში არსებული ხარვეზების გასწორების აუცილებლობა, არასრულწლოვანთა ჩართულობა, მძიმე სოციალური ფონი და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკები.

კანონის მესამე პუნქტში შედის ცვლილება, რომელიც უშუალოდ სათამაშო ბიზნესის მფლობელებს ეხება.

ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებული იქნება ნებართვის გაცემამდე გამოიკვლიოს ნებართვის მაძიებელი ბენეფიციარი პირი და მისი კაპიტალი. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის ყველა ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოთხოვნისას, პირი, რომელსაც სათამაშო ბიზნესში ჩართვა სურს, ვალდებული იქნება წარადგინოს ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ. ხოლო, ტოტალიზატორის, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაცემისას სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო იქნება ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე თემაზე:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

 

ბათუმის ახალი, მუნიციპალური ინსპექციის ბიუჯეტი 3.4 მილიონი იქნება და 110 პირი დასაქმდება – პროექტი

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი 3 მილიონ 444 000 ლარი იქნება. აქედან 1 მილიონ 460 000 ლარი ხელფასებისთვის გაითვალისწინეს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით,  ნაწილობრივ ამასაც უკავშირდება მომავალი წლის ბიუჯეტის სახელფასო გრაფაში თანხის გაზრდა.

ამავე პროექტის მიხედვით, მუნიციპალურ ინსპექციაში 110 პირი დასაქმდება. როგორც ა(ა)იპის შექმნასთან დაკავშირებულ დოკუმენტებშია განმარტებული, მერია ამ ორგანიზაციაში გააერთიანებს ყველა საზედამხედველო სამსახურს, რომელიც ამ დრომდე მერიის სხვადასხვა სამსახურებსა და სამმართველოებშია გადანაწილებული.

პროექტის მიხედვით, ახალი ა(ა)იპის საქონლით მომსახურების ხარჯებში 1 მილიონ 460 000 ლარი გაითვალისწინეს.

როგორც განმარტეს, ახალი საზედამხედველო ფუნქციების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება მერიას ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება. პროექტის განმარტებითი ბარათში წერია იმის შესახებაც, რომ ახალი აიპის შექმნასთან ერთად საზედამხედველო მიმართულებით საშტატო ნუსხა გაიზრდება.  საუბარია ასევე ახალი ა(ა)იპის ტექნიკით აღჭურვის აუცილებლობაზეც.

ამ დრომდე მერიის საზედამხედველო სამსახურების მიმართ უკმაყოფილებას ბათუმში ხშირად გამოთქვამენ, სამსახურებში კი მუდმივად ამტკიცებენ, რომ კარგად მუშაობენ და პრობლემა მხოლოდ აღსრულებაა.

რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ახალი აიპის შექმნას, საშტატო ნუსხის გაზრდას და დამატებითი ხარჯების გაღებას, თუ აღსრულების პრობლემა ისევ დღის წესრიგში დარჩება?  – საკითხის საკრებულოს სხდომაზე წარდგენისას მერიის აპარატის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ თქვა, რომ  სხვადასხვა სამსახურში გადანაწილებული საზედამხედველო ფუნქციების გაერთიანებითა და „ერთიანი მძლავრი სამსახურის“ შექმნით ეფექტური შედეგის მიღწევას შეძლებენ.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

 

რას წერს საერთაშორისო მედია თბილისის მოვლენებზე

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ თბილისში მიმდინარე მოვლენებით უცხოური მედიაც დაინტერესდა.

მაგალითად, გუშინ New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ქართული პოლიცია აპირებს დაშალოს მასობრივი პროტესტი თბილისში”. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პროტესტი გამოიწვია “ქართული ოცნების” მხრიდან ივნისში აღებული პირობების შეუსრულებლობამ.

 

New York Times

მოვლენებს გამოეხმაურა ასევე Euronews: “პოლიცია საქართველოში აპატიმრებს მომიტინგეებს, რომლებიც მოითხოვდნენ ნაადრევი არჩევნების ჩატარებას”.

Euronews ასე წერს, რომ სააგენტო როიტერსის ჟურნალისტმა დაინახა ორი პოლიციელი მომიტინგეებს შორის, რომლებმაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ უარყო ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

 

Euronews

თავად Reuters ორი დღის წინ გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს. სააგენტო წერს: “ათობით ათასი ადამიანი იკრიბება თბილისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით”.

” ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა მოთხოვნით, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით, რათა გადადგეს არსებული მთავრობა და დაინიშნოს დროებითი.”

Reuters

ასევე გუშინ რადიო თავისუფლება ევროპამ ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა თბილისში მიმდინარე აქციიდან: “საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენეს” – წერს Radio Free Europe / Radio Liberty

Radio Free Europe /Radio Liberty

თბილისი ნიუ იორკული მედიის – Bloomberg-ის ობიექტივშიც მოექცა: “პოლიცია საარჩევნო რეფორმების მოთხოვნით გარეთ გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ”. Bloomberg-ი წერს, რომ პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლა პარლამენტის შესასვლელები და აიღო კარვები ქუჩიდან.

Bloomberg

ფრანგულმა მაუწყებელმა – France24 გუშინ დაწერა, რომ “ამერიკა და ევროკავშირი მხარს უჭერს მომიტინგეებს პარლამენტის წინ”. მათ მოიყვანეს ამერიკის საელჩოს განცხადება, სადაც წერია: “არსებული ვითარების გათვალისწინებით, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ აღდგეს ნდობა მთავრობას, პოლიტიკურ მხარეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. რათა შევძლოთ წინსვლა.”

France 24

მთავარი ფოტო: ირაკლი გედენიძე

ზურაბიშვილის რეზიდენციის მოსაწყობად ჯამში 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ.

IDFI-ს თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი.

სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;

სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;

ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი. ოთხ ანტიკვარულ ჭაღში ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა.

IDFI-ს თანახმად, შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა.

შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური.

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);

შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი – 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან – თითოეულის ფასი – 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან – თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა – თითოეულის ფასი 41,9 ევრო.

IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო  ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის  არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.

„პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესის და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების  შესყიდვით გარკვეული ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ასევე, ეჭვქვეშ აყენებს  საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალ ფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა, ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ  გადაწყვეტილებად და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ, ამგვარი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები უნდა გამოეყოს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს (მაგალითად ეროვნულ მუზეუმი) რომელთა უშუალო კომპეტენციაა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და  სამუზეუმო ექსპონატების  გადარჩენა-ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკის მატარებელია, ტენდერის გარეშე 720 225 ლარი ღირებულების თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ფარდების  შესყიდვა.

IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების  განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გახარია აქციის დაშლაზე: ადრეც ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის და ახლაც

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ის, რაც გუშინ განხორციელდა საპოლიციო ძალების მხრიდან რუსთაველის ქუჩაზე, როცა საპროტესტო აქცია დაშალა სპეცრაზმმა, იყო კანონიერი. გახარიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან რაც ხდებოდა, იყო უკანონობა.

„ან საბედნიეროდ, ან სამწუხაროდ ეს შეკითხვა – ვინ გასცა ბრძანება, რაღაც მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის“. [„ადრეში“ იგულისხმება 20 ივნისისი მოვლენები, როდესაც სპეცრაზმა სასტიკად დაარბია საპროტესტო აქცია. მაშინ დაშავდა არაერთი ადამიანი, ორმა კი თვალი დაკარგა. გიორგი გახარია მაშინ შს მინისტრი იყო – ავტ.]

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული: „თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემდგომ რაც, რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ ჯერ ქუჩების  და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა, ბლოკირების შემდგომ, ღამის განმავლობაში პარლამენტი ვერ ფუნქციონირებდა, ფაქტიურად თავს დაესხნენ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლება ჰქონდა – უკანონო აქციის, სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების ქმედების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – შემდგომშიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს.

გასვლითი სხდომის გარეშე გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმის, რომ ეს ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, აი ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არი აბსოლუტურად მიუღებელი.

პოლიტიკურ პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველასთვის არის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის ჩასატარებლად“.

გუშინ საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცრაზმის ჩართულობით დაშალეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საავადმყოფოში მოხვედრილი ორი სამი პირიდან ორი დღესაც სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მოქალაქეები აპროტესტებდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული პირობის შეუსრულებლობას –  20 ივნისის მოვლენების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ქვეყანაში ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ცვლილება 14 ნოემბერს ჩააგდო.

სასმელი წყალი, დაბალი ხელფასი, ძვირი წამლები – რა პრობლემები აქვთ ოჯახებს საქართველოში

IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახების მთავარი პრობლემა უმუშევრობა, სასმელი წყალი, დაბალი ხელფასი და მედიკამენტებზე მაღალი ფასებია.

რა არის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ოჯახი დგას, ასე იყო დასმული კითხვა, რომელზეც გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა უმუშევრობა მონიშნა.

ოჯახების პრობლემად დაბალ ხელფასს მიიჩნევს გამოკითხულთა 14%. ამდენივე ასახელებს სიღარიბეს, ხოლო 9% – მედიკამენტების სიძვირეს. გამოკითხულთა 7 % მიიჩნევს, რომ პრობლემა ყველაფერზე მაღალი ფასებია, 4 % პრობლემად ასახელებს საბანკო კრედიტებს, 5 % – ჯანმრთელობის დაზღვევას, 6 % კი დაბალ პენსიას.

რა არის მთავარი პრობლემა თქვენს ქალაქში/სოფელში? ასე იყო დასმული მეორე კითხვა, რასაც გამოკითხულთა 44 %-მა უპასუხა, რომ – უმუშევრობა. გამოკითხულთა 13 %  მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, 11 %-მა დაასახელა გზა, 12 %-მა სიღარიბე.

გამოკითხულთა 6 %, თავიანთი ქალაქის თუ სოფლის პრობლემად, გარემოსდაცვით საკითხებს მიიჩნევს, 5 % – ინფრასტრუქტურას.

IRI-ის კვლევა, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

აჭარისწყლის ხიდს და გოდერძის უცნობ სასაფლაოებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში მდებარე ხიდს და ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის უცნობ სასაფლაოებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების მიხედვით, მდინარე აჭარისწყალზე მდებარე ხიდი XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული [ეს ხიდი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან კირნათისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს], ხოლო გოდერძის უღელტეხილის [„მეტეოს“] უცნობი სასაფლაოები, სავარაუდოდ, XIX საუკუნის II ნახევრიდან XX საუკუნის I ნახევრით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები / წყარო: სააგენტო

– – –

აჭარის გზების დეპარტამენტს სახიდე გადასასვლელების [მათ შორის აჭარისწყლის ხიდის] გამოკვლევა-გამოცდის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული თუმცა არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდების გამოკვლევა-გამოცდის ჩატარება საჭიროა მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ასევე, შესაბამისი ღონისძიებების ჩასატარებლად ნაგებობების მზიდუნარიანობის შესანარჩუნებლად, ხოლო საჭირო შემთხვევაში – ტვირთამწეობისა და გამტარუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობის განსაზღვრისთვის.

ამ თემაზე:

აჭარაში ხიდების გამოკვლევაზე 100 000-ლარიანი ტენდერი არ შედგა – ხიდების ჩამონათვალი

 

საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს ევროპის მოედანზე აღარ ჩატარდება. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ, მთავარ სცენას კი, ასევე ბულვარში – საზაფხულო თეატრთან. ქალაქის გაფორმებისთვის და საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 700 373 ლარია გამოყოფილი.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა 271 950 ლარია.

ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

საახალწლო ღონისძიებების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, სავარაუდო დეკორაციების მსგავსი ფოტოების სანახავად კი, გადადით ამ ბმულზე.

რაც შეეხება საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებს, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

სამმართველოს შესაბამის მომსახურებას ტრადიციულად შპს „აჭარგანათება“ სთავაზობს. კომპანიის შეთავაზება [მომსახურების ფასი] ზუსტად იმდენია, რა თანხითაც ტენდერი გამოცხადდა – 428 423 ლარი.

მონაწილეობს თუ არა სხვა კომპანია ტენდერში ჯერ უცნობია, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე [ტენდერის დასრულებამდე] შესყიდვების პორტალზე სხვა პრეტენდენტ[ებ]ი არ გამოჩნდება.

ამ თემაზე:

საახალწლოდ ბათუმის ქუჩების მოსართავად 428 423 ლარია გათვალისწინებული

 

მთავარი ფოტო: საზაფხულო თეატრთან დასამონტაჟებელი მთავარი სცენის მსგავსი ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობის წინაშე 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საჯარო შეხვედრა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა. ჯუმბერ ვარდმანიძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც მერიამ ამ პერიოდში განახორციელა.

მერის თქმით, 2019 წელს პრიორიტეტს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურის განვითარება – მიმდინარე წელს დაგეგმილი 147 პროექტიდან 130 უკვე დასრულდა ხოლო 17 ჯერ კიდევ პროცესშია.

ჯუმბერ ვარდმანიძის ანგარიში საზოგადოებას

მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მერიის მიერ ჯამში 65 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზა მოწესრიგდა მოეწყო 17 ერთეული ფერდსამაგრი კედელი და დამცავი გაბიონი.  წყალმომარაგების მიმართულებით 12 ახალი პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდა დამატებით 1 365 ოჯახის სუფთა სასმელი წყლით მომარაგება. მოეწყო 7 სკვერი და 6 მინი სტადიონი. განხორციელდა გარე განათების მოწყობის 16 პროექტი და შესაძლებელი გახდა 25 კილომეტრამდე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის განათება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 50 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი მოეწყო.

ჯუმბერ ვარდმანიძის ანგარიში საზოგადოებას

აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ხელვაჩაურში 968 000 ლარია. მიმდინარეობს მე-4 სოციალური სახლის მშენებლობა კაპრეშუმში, პროექტის განხორციელებით 39 ეკომიგრანტი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ბინებით.

მნიშვნელოვანი იყო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაფართოება. ასევე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, ახალი პროგრამები ბუნებრივი რესურსებისა და აგრარული საკითხების კუთხით.

მერმა დადებითად შეაფასა მუნიციპალური ორგანიზაციების მუშაობა და მადლობა გადაუხადა მერიის ყველა სამსახურს ნაყოფიერი მუშაობისათვის.

,,ჩვენ ვცდილობდით ყველა პროექტი და პროგრამა მაქსიმალურად მოგვერგო მოსახლეობის საჭიროებებზე, მომალ წელს უფრო საინტერესო და მასშტაბური პროექტებით წარვსდგებით’’ აღნიშნა მერმა.

გამოკითხულთა 68 % თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა

IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ეკონომიკური პრობლემებია. გამოკითხულთა 68 % თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 45 % კი მიიჩნევს, რომ პრობლემა ცხოვრების ხარჯი და მაღალი ფასებია.

ქვეყნის მთავარ გამოწვევად გამოკითხულთა 21% სიღარიბეს მიიჩნევს, 6% კი დაკარგულ ტერიტორიებს.

 

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

ბათუმში დღისით 20 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი, მთაში – 17 გრადუსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 19  ნოემბრის  21 საათიდან 20 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12-17 გრადუსი 
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 5-10 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 21 ნოემბერს მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

140 მეხანძრე-მაშველი სვანეთში ხანძარს ებრძვის

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებოს ცნობით, ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია  ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/407089/

აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსი გაგრძელდება – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გაგრძელდება. გადაწყვეტილება დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა.

„კონკურსისთვის განაცხადების მიღება ხვალ დილით 10 საათზე განახლდება და გაგრძელდება ზეგ, 18 საათამდე. პრაქტიკულად დღენახევარი იყო დარჩენილი, როცა კონკურსი შეჩერდა. ამის შემდეგ გვექნება გასაუბრება კანდიდატებთან,“ – გვითხრა გიგა ჩხარტიშვილმა, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში 0 ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც დაინტერესებული პირი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აქცენტი მრჩეველთა საბჭოს სხდომის ვიდეო ჩანაწერზე გააკეთა და მიიჩნია, რომ საბჭოს მაშინდელი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას არ ესწრებოდა, როგორც მხოლოდ „დამსწრე, დაინტერესებული პირი“.

„დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი – ბეჟან გობაძე ესწრებოდა მოსარჩელე გიორგი კოხრეიძის გასაუბრებას, თუმცა განსხვავებით ამ უკანასკნელის სარჩელში გადმოცემული განმარტებისა, ამავე მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბეჟან გობაძე წარმოადგენდა არა საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე კონკურსის ჩასატარებელ ოთახში უბრალო დამსწრე, დაინტერესებულ პირს, როგორც ამას მოსარჩელე მიიჩნევს, არამედ იგი, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრი, აქტიურად იყო ჩართული მასთან გასაუბრების პროცესში, რაც ნათლად არის ასახული ვიდეო ჩანაწერში და აბსოლუტურ თანხვედრაშია კერძო საჩივრის ავტორის მიერ გადმოცემულ განმარტებასთან,“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.

ამ განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი, მანამდე კი, მრჩეველთა საბჭოს უკვე ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს შეარჩევს.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აქციაზე დააკავეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას მისი ფრაქციის წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ადასტურებს, რომელიც ელგუჯა ბაგრატიონთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა.

კონკრეტულად რა მიზეზით დააკავეს ელგუჯა ბაგრატიონი, ამის შესახებ გია აბულაძეს ინფორმაცია არ აქვს.

ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია პარლამენტთან დაკავებულების შესახებ. სამინიტროს ცნობით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის პოლიციამ 18 პირი დააკავა.

აღნიშნული პირები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

როგორც შსს აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები: ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები.

ცხინვალში გატაცებული ექიმი წითელმა ჯვარმა მოინახულა – მან ოჯახს წერილი გამოუგზავნა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ვკითხულობთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს 14 ნოემბერს დაუკავშირდა.

„წითელმა ჯვარმა საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წითელი ჯვრის დელეგატებმა გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს  ვაჟა გაფრინდაშვილს გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წითელი ჯვრის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და „ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/405651/

შსს-ს სპეცრაზმმა თბილისში მშვიდობიანი აქცია დაშალა

დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა  სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

საპროტესტო გამოსვლები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 14 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან ამ დანაპირების შესრულებას.

გუშინ, 17 ნოემბერს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის პიკეტირება გადაწყვიტეს. შედეგად, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ვერ შევიდნენ დეპუტატები. თუმცა, მუშაობაში ხელი არ შეშლია პარლამენტის ადმინისტრაციაში მომუშავეებს და პოლიციელებს.

ბოლო მონაცემებით [18:00 საათი] დაკავებულია აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები.

სახალხო დამცველმა, მოქალაქეების მიერ საქართველოს პარლამენტის პიკეტირებაზე კომენტარისას თქვა, რომ მართალია ქმედება უკანონოა, მაგრამ „უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და, შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში,“ –  განმარტა ეკა ლომჯარიამ.

სპეცრაზმმა თბილისში პარლამენტთან აქციის დაშლა დაიწყო

სპედანიშნულების რაზმებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლა დაიწყეს.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა დასაშლელად, თუმცა აქციის მონაწილეები არ დაშლილან. აქციის მონაწილეები აწეული ხელებით შეხვდნენ სპეცრაზმის გამოჩენას.

პარლამენტთან ისმის გამაფრთიხლებელი სიგნალები და მოწოდებები: დაიშალოს აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

აქციის დასაშლელად უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი.

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ. პიკეტირების გამო დღეს ვერ ჩატარდა ერთ-ერთი კომიტეტისა და ბიუროს სხდომები.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

___________

აქცია პარლამენტთან. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ბათუმში, ინასარიძის N7-ში სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა [ვიდეო]

⭕12 ნოემბერს ბათუმში, ინასარიძის ქ.N7-ში, სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა.
▶?ნახეთ ვიდეო, რატომ უნდა ეწვიოთ ქალაქის შუაგულში, 500 კვ.მ ფართობის მქონე „დეილის“ ქსელურ სუპერმარკეტს⤵ Daily Grocery

Exit mobile version