მთავარი,სიახლეები

ჯარიმა 1500-1500 ლარი – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი

19.11.2019 • 2209
ჯარიმა 1500-1500 ლარი – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500 ლარით დააჯარიმა ბათუმში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე. ისინი მთავრობის სახლის პიკეტირების მოტივით დააკავეს.

“ოქმი შედგენილია იმიტომ, რომ შესასვლელი კარის გამოთავისუფლებას ითხოვდა პოლიცია. პოლიციელის მოთხოვნის შესრულება იყო კანონიერი…”- აღნიშნა მოსამართლემ.

საპროტესტო აქციის 4 მონაწილე 15 ნოემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, „ახალგაზრდა ლიდერთა კავშირის“ წევრი გია ხალვაში, მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა და სამოქალაქო ორგანიზაციის „ალტერნატივა“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ადამიანებმა აჭარის მთავრობის აპარატის შენობის პიკეტირება მოახდინეს. 15 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და სასამართლო სხდომა გადადო, რადგან პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა ადვოკატის დახმარება ითხოვეს.

შსს ამ ოთხ პირის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო პროცესზე 6 მოწმე წარმოადგინა, პოლიციელები, რომლებიც აქციის დროს მთავრობის სახლთან იყვნენ.

“პოლიციელები კი არა, იმ შენობის თანამშრომლები იტყვიან, იქ შესვლა შეძლეს თუ ვერა… პიკეტირება თუ იყო, იქ ვერ უნდა შესულიყო თანამშრომელი,” – მიმართა მოსამართლეს გია ხალვაშმა.

“ეს იყო პიკეტირება… ადამიანებს არც შიგნით შესვლა შეეძლოთ, არც – გამოსვლა,” – აღნიშნა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

“მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის პიკეტირება,” – უპასუხა პოლიციელს რეზო ხარაზმა, – “ნამდვილად ვაპროტესდებდი პროპორციული საარჩევნო კანონპროექტის ჩაგდებას და ვთქვი, რომ ვახდენდი პიკეტირებას, მაგრამ პოლიციელებს მინდა შევახსენო, რომ მთავრობის სახლს აქვს რამდენიმე შესასვლელი… იქ იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც შენობაში შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ჩვენ ვთხოვდით პასუხს თორნიკე რიჟვაძეს – რატომ წაგვართვა ხელისუფლებამ სისხლით მოპოვებული მონაპოვარი, რატომ მოგვატყუეს,” – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

მოწმე პოლიციელები

“ჩვენ გვედავებით მოთხოვნის დაუმორჩილებლობას… კითხვა მაქვს პოლიციელთან: რომელ მოთხოვნას არ დავემორჩილე?” – იკითხა გია ხალვაშმა.

“პოლიციელმა თქვენ მოგიწოდეს, გაწეულიყავით გვერდით, დაგეტოვებინათ მთავრობის შესასვლელი,” – უპასუხა გია ხალვაშს პოლიციელმა.

გია ხალვაშმა შეახსენა პოლიციელებს, რომ ისინი შესასვლელთან კი არა, მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

“როცა არსებობს წინააღმდეგობა, ფიზიკურად იქვე დაკავება რთულია,” – დასძინა პოლიციელმა.

პასუხისგებაში მიცემულებმა კატეგორიულად მოსთხოვეს პოლიციელებს იმ ადამიანების დასახელება, ვინც მთავრობის სახლში არ შეუშვეს.

“მეც მაქვს შეკითხვა თქვენთან: იქ რომ ვინმე მოსულიყო მოქალაქე ქედიდან, ან შუახევიდან, როგორ ფიქრობთ, გაუჩნდებოდა მთავრობის შენობაში შესვლის სურვილი?” – იკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

“თქვენ მოგმართათ რომელიმე მოქალაქემ, რომ ვერ შევიდა მთავრობის შენობაში?” – კითხვითვე მიმართა პოლიციელებს პაატა დიასამიძემ, საია-ს იურისტმა.

პოლიციელებმა თქვეს, რომ ასეთი ადამიანები იქ იყვნენ, თუმცა არ დაუსახელებიათ კონკრეტული პირი, ვისაც დაბრკოლება შეექმნა მთავრობის სახლში შესვლის დროს.

“მე ვხედავდი თანამშრომლებს, რომლებიც ვერ შემოდიოდნენ… ისინი ქუჩის მეორე მხარეს იყვნენ, ვხედავდი,” – აღნიშნა სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა, ავთანდილ დევაძემ.

“სახელი-გვარი გვითხარით, ვინ იყო?” – ჩაეკითხა მოწმეს რეზო ხარაზი.

“საჭიროების შემთხვევაში, ისინი თვითონ იტყვიან,” – მოკლედ თქვა პოლიციელმა.

“საჭიროება მეტი რაღა გინდათ? მასამართლებენ,” – მიმართა პოლიციელს რეზო ხარაზმა.

“აქვს მთავრობის სახლს სხვა შესასვლელი?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არა, შესასვლელი ერთია, საევაკუაციო გამოსასვლელებია რამდენიმე,” – აღნიშნა სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა.

“გომელაური და გახარიაც ხო მაგ კარიდან შემოდიან?” – ამჯერად გია ხალვაშმა მიმართა კითხვით მოწმეს.

“არა. ის კარები ჩაკეტილ მდგომარეობაშია,” – უპასუხა ხალვაშს ავთანდილ დევაძემ.

მოწმის სახით გამოკითხულ კიდევ ერთ პოლიციელს, სოსო გოგიტიძეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა ბეგლარ ფუტკარაძემ სთხოვა იმ ადგილის დაკონკრეტება, სადაც ის დააკავეს.

“სად და შენობის შესასვლელთან… 2 ათასი კამერა იყო იქ, რაღას მალაპარაკებ”, – გაღიზიანდა პოლიციელი.

სასამართლო სხდომაზე ასევე აჩვენეს პასუხისგებაში მიცემული პირების დაკავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ აქცენტი კანონზე გააკეთა “შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ”.

“ეს კანონიც ითვალისწინებს სამთავრობო ორგანოებისთვის დისკომფორტის შექმნას… პიკეტირება ეს არ იყო, რადგან ამ შენობას ჰქონდა სხვა შესასვლელები,” – აღნიშნა პაატა დიასამიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: