მთავარი,სიახლეები

25 წლამდე პირებს შესაძლოა სათამაშო ბიზნესში ჩართვა აეკრძალოთ

19.11.2019 • 1684
25 წლამდე პირებს შესაძლოა სათამაშო ბიზნესში ჩართვა აეკრძალოთ

საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც 25 წლამდე ასაკის პირების სათამაშო ბიზნესში ჩართვას აკრძალავს.

ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს 10-მა დეპუტატმა მიმართა. კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.

კანონპროექტის მიხედვით, 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირს არ ექნება უფლება სათამაშო ბიზნესში ჩაერთოს. ცვლილებამდე ასაკობრივი ზღვარი 21 წელი იყო.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, შეიქმნება თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანა. ასევე, მოთამაშის  ოჯახის წევრს ექნება უფლება სასამართლოს წესით მოითხოვოს თამაშდამოკიდებული პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში მოქალაქე 3 წლის განმავლობაში იქნება შეტანილი. ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. კანონის ამოქმედების შემდეგ, არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, გაუქმდება ყველა ონლაინ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდება მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზია კანონში არსებული ხარვეზების გასწორების აუცილებლობა, არასრულწლოვანთა ჩართულობა, მძიმე სოციალური ფონი და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკები.

კანონის მესამე პუნქტში შედის ცვლილება, რომელიც უშუალოდ სათამაშო ბიზნესის მფლობელებს ეხება.

ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებული იქნება ნებართვის გაცემამდე გამოიკვლიოს ნებართვის მაძიებელი ბენეფიციარი პირი და მისი კაპიტალი. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის ყველა ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოთხოვნისას, პირი, რომელსაც სათამაშო ბიზნესში ჩართვა სურს, ვალდებული იქნება წარადგინოს ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ. ხოლო, ტოტალიზატორის, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაცემისას სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო იქნება ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე თემაზე:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: