მთავარი,სიახლეები

აჭარაში ხიდების გამოკვლევაზე 100 000-ლარიანი ტენდერი არ შედგა – ხიდების ჩამონათვალი

02.08.2019 • 1782
აჭარაში ხიდების გამოკვლევაზე 100 000-ლარიანი ტენდერი არ შედგა – ხიდების ჩამონათვალი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა 100 ათასი ლარი იყო. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეისწავლიან მიზეზებს, თუ რატომ ჩავარდა ტენდერი და შემდეგ ხელახლა გამოაცხადებენ.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდების გამოკვლევა-გამოცდის ჩატარება საჭიროა მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ასევე, შესაბამისი ღონისძიებების ჩასატარებლად ნაგებობების მზიდუნარიანობის შესანარჩუნებლად, ხოლო საჭირო შემთხვევაში – ტვირთამწეობისა და გამტარუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობის განსაზღვრისთვის.

ტენდერში გამარჯვებულს უნდა შეესწავლა კონკრეტული ხიდის კონსტრუქციული ელემენტები [ბურჯები, სარეგულაციო კედლები, საყრდენი ნაწილები, მალთანაშენი, სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოაჯირები, დეფორმაციული ნაკერები, მისასვლელები], ასევე უნდა გამოევლინა და დაეფიქსირებინა დეფექტები, დაზიანებები და  უწესრიგობები. ყველა ცალკეულ შემთხვევაში დასახული უნდა იქნას ღონისძიებები ნაგებობების ნორმალური და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.

ხიდების ჩამონათვალი, რომელთა გამოკვლევა-გამოცდა უნდა ჩატარდეს

ტექნიკური დავალების მიხედვით, სხვადასხვა ხიდზე სხვადასხვა სამუშაო არის ჩასატარებელი. მათ შორის, მაგალითად, ხიდქვეშა ზონის გამოკვლევა და ცოცხალი კვეთის გადაღება; ბურჯების წარეცხვის დონის და მათი ფუნდირების დონის დადგენა სპეციალურ მყვინთავთა ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში). საგამოცდო დატვირთვების ორგანიზება [8-12 ცალი მანქანის დაქირავება, ინერტული მასალებით დატვირთვა და მათი ექსპლოატაცია რამდენიმე დღის განმავლობაში].

უნდა მომზადდეს ხიდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, დასკვნები და გამოვლენილი დაზიანებების აღმოსაფხვრელი რეკომენდაციები.

ვიზუალური დათვალიერებით მიმწოდებელს უნდა დაედგინა ლითონის კოროზია, კონსტრუქციის ელემენტებისა და კვანძების დეფექტები, ბზარები, მაღალი სიმტკიცის ჭანჭიკებისა და მოქლონების სრულყოფილება და მდგრადობა, შედუღებულ ნაკერებში ბზარების წარმოშობა და სხვა. უნდა დადგინდეს არსებული დეფექტების გავლენა კონსტრუქციის სიცოცხლისუნარიანობაზე და ა. შ. უნდა დაისახოს რეკომენდაციები აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად.

მიმწოდებელი ვალდებული იყო, არსებული ნაგებობების კონსტრუქციებიდან აღებული ნიმუშები საჭირო შემთხვევაში გამოეცადა სპეციალიზებულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

სტატიკური და დინამიკური გამოცდის დროს [ხიდის გამოცდას უნდა დასწრებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი] ტრანსპორტის მოძრაობა ხიდებზე უნდა შეწყვეტილიყო. მიმწოდებელს მოძრაობის შეჩერების ხანგრძლივობა მინიმუმამდე უნდა დაეყვანა. მოძრაობის შეწყვეტა კი წინასწარ უნდა შეეთანხმებინა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და შსს-ს საპატრულო პოლიციასთან.

ხიდი მდინარე აჭარისწყალზე / კირნათისკენ მიმავალი გზა სოფელ აჭარისწყალში /2.08.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: