მთავარი,სიახლეები

გახარია აქციის დაშლაზე: ადრეც ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის და ახლაც

19.11.2019 • 1381
გახარია აქციის დაშლაზე: ადრეც ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის და ახლაც

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ის, რაც გუშინ განხორციელდა საპოლიციო ძალების მხრიდან რუსთაველის ქუჩაზე, როცა საპროტესტო აქცია დაშალა სპეცრაზმმა, იყო კანონიერი. გახარიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან რაც ხდებოდა, იყო უკანონობა.

„ან საბედნიეროდ, ან სამწუხაროდ ეს შეკითხვა – ვინ გასცა ბრძანება, რაღაც მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის“. [„ადრეში“ იგულისხმება 20 ივნისისი მოვლენები, როდესაც სპეცრაზმა სასტიკად დაარბია საპროტესტო აქცია. მაშინ დაშავდა არაერთი ადამიანი, ორმა კი თვალი დაკარგა. გიორგი გახარია მაშინ შს მინისტრი იყო – ავტ.]

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული: „თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემდგომ რაც, რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ ჯერ ქუჩების  და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა, ბლოკირების შემდგომ, ღამის განმავლობაში პარლამენტი ვერ ფუნქციონირებდა, ფაქტიურად თავს დაესხნენ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლება ჰქონდა – უკანონო აქციის, სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების ქმედების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – შემდგომშიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს.

გასვლითი სხდომის გარეშე გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმის, რომ ეს ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, აი ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არი აბსოლუტურად მიუღებელი.

პოლიტიკურ პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველასთვის არის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის ჩასატარებლად“.

გუშინ საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცრაზმის ჩართულობით დაშალეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საავადმყოფოში მოხვედრილი ორი სამი პირიდან ორი დღესაც სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მოქალაქეები აპროტესტებდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული პირობის შეუსრულებლობას –  20 ივნისის მოვლენების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ქვეყანაში ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ცვლილება 14 ნოემბერს ჩააგდო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: