მთავარი,სიახლეები

მეუფე იაკობი ევროპარლამენტში: ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ

19.11.2019 • 1406
მეუფე იაკობი ევროპარლამენტში: ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ

მეუფე იაკობი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი:

„ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია.

მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ.

….ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა არა ზევიდან, არამედ როგორც პარტნიორს ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ჩვენც მშვიდობიანაც გვინდა გადაწყდეს. ისე, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ.“

19 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიხსნა სემინარი, რომლის  მთავარი თემაა ეკლესიის როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში. სემინარზე ბოდბელი მთავარეპისკოპოსის გამოსვლის ტექსტს “იმედინიუსი” ავრცელებს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: