მთავარი,სიახლეები

ზურაბიშვილის რეზიდენციის მოსაწყობად ჯამში 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა

19.11.2019 • 1543
ზურაბიშვილის რეზიდენციის მოსაწყობად ჯამში 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ.

IDFI-ს თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი.

სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;

სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;

ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი. ოთხ ანტიკვარულ ჭაღში ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა.

IDFI-ს თანახმად, შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა.

შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური.

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);

შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი – 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან – თითოეულის ფასი – 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან – თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა – თითოეულის ფასი 41,9 ევრო.

IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო  ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის  არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.

„პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესის და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების  შესყიდვით გარკვეული ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ასევე, ეჭვქვეშ აყენებს  საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალ ფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა, ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ  გადაწყვეტილებად და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ, ამგვარი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები უნდა გამოეყოს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს (მაგალითად ეროვნულ მუზეუმი) რომელთა უშუალო კომპეტენციაა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და  სამუზეუმო ექსპონატების  გადარჩენა-ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკის მატარებელია, ტენდერის გარეშე 720 225 ლარი ღირებულების თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ფარდების  შესყიდვა.

IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების  განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: