მთავარი,სიახლეები

„ვერ ვეტყვით მსოფლიოს – გამარჯობა, ჩვენ ოლიგარქის ორღობიდან ვართ“ – ნენე კვინიკაძე

19.11.2019 • 3395
„ვერ ვეტყვით მსოფლიოს – გამარჯობა, ჩვენ ოლიგარქის ორღობიდან ვართ“ – ნენე კვინიკაძე

„…ზოგჯერ დეტალი აღწერს მთელ ტრაგედიას, მაგალითად, ზღვაში ჩაგდებული ძაღლის კადრი ყველაზე ნათლად გვახსენებს აფხაზეთის ტრაგედიას, ვიდრე დახოცილი ადამიანები. ჩემთვის ამ აქციის დეტალი სპეცრაზმელების თანაგრძნობა იყო – თითქოს არც ბრაზდებოდა ხალხი მათზე. ეს არ იყო შიში. იქ უკვე იდგა ხალხი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ქცევა. ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ არჩევნებით უნდა შეცვალონ,“ – გვიყვება მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. მას საპროტესტო აქციაზე ვესაუბრეთ, რომელიც დღემდე გრძელდება.

  • ნენე, რა აჩვენა თქვენთვის გუშინ, 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამ? 

მგონი, რაღაც ტიპის საშინელი გაუცხოება გვაქვს: როცა თავს დამარცხებულად გრძნობ და ვეღარ ხვდები, რა ენაზე უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას. მეც, თქვენც და, ალბათ, ყველას დიალოგი უჭირს არაადეკვატურ ადამიანთან… ასეა ხელისუფლებაც. მისი რეაქციები აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება პანიკაშია.

ჩვენ ამ დეპუტატების სახელები არაფერს გვეუბნება. ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ თურმე დეპუტატს 5 ბინა აქვს, ან 8 ბინა აქვს და ამ დროს ვფიქრობ, რომ ჩვენ 8 სარეაბილიტაციო ცენტრიც არ გვაქვს, მაგალითად, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის. აღშფოთებას რა იწვევს, რა იწვევს ქუჩაში გასვლის სურვილს? – თემა აღარ დარჩა, რაზეც პროტესტი არ გაქვს. თითოეულ ადამიანს შეიძლება ეხებოდეს გაუგონარი სიდუხჭირე. ერთი უბნიდან მეორეში ფეხითაც რომ გაიარო, საკმარისია გაიგო, რა მდგომარეობაშია ხალხი.

ტრაგიკული სანახავი იყო გუშინდელი აქციის დაშლა. მეტაფორასავით იყო წყლის ჭავლის ნოემბრის შუა რიცხვებში და ამდენი განვადებით გამოტანილი, დასველებული ტელეფონები…  როგორ ანარცხებდა ადამიანებს წყლის ძლიერი ჭავლი, იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობამ გამოიყვანა ქუჩაში.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ არ იყო გუშინ ხალხის ის რაოდენობა საპროტესტო აქციაზე, რაც, მაგალითად, კვირას? 

ეს დღეები სულ ამას ვუსვამდი ხაზს, რომ საკმარისად ბევრი ხალხია ქუჩაში. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ქუჩაში გამოსვლას სხვადასხვა მიზეზის გამო. მეც, მაგალითად, ზაფხულში რამდენიმე დღე ვიდექი აქციაზე და შემდეგ ბავშვების გამო ეს ვეღარ მოვახერხე. ჩვენ წლიდან წლამდე ვიზრდებოდით და გავიაზრეთ, რომ არჩევნები არის ყველაზე სწორი გამოსავალი. ცხადია, კიდევ უფრო მეტად ბევრი ხალხია გაბრაზებული, ვიდრე ქუჩაშია გამოსული. ხელისუფლების პასუხები არის გროტესკული, მაგრამ უკვე აღარაფერი გვიკვირს, მივეჩვიეთ.

უცნაურ მდგომარეობაში ვიმყოფებით: ჩვენ ვერ ვეტყვით მსოფლიოს – გამარჯობა, ჩვენ ოლიგარქის ორღობიდან ვართ, მაგრამ იცით რა, ბევრი რამ შეგვიძლია, რომ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მომღერლები ხსნიან „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენას, ან სხვა სცენებს. ჩვენ დავიწყეთ გაქრობა მსოფლიო ფოკუსიდან და მგონი, ჩვენს ხელისუფლებასაც ეს უნდა – ჩვენ აღარავის ვახსოვდეთ. რაც უნდა ბევრი ვიმუშაოთ თვითდამკვიდრებაზე, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება ზურგს უკან სახელმწიფო.

  • კვლევები აჩვენებს, რომ გვაქვს ნიჰილისტური განწყობები. ეს განწყობა აქციის შემდეგ დაიკლებს, თუ მოიმატებს? 

ბუნებრივი ინსტიქტია, როცა ყოველთვის დაზარალებულის მხარეს დგები. ასე იქნება ახლაც… მე მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ადამიანები ვცხოვრობთ და გვაქვს რეაქცია, უბრალოდ, მთელი ქვეყანა ახლა ისეა დაჩაჩანაკებული, ახლაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს იმაზე, რა შეჭამოს, როგორ მოუმზადოს სადილი შვილებს. ამ მდგომარეობაში ვართ მთელი ქვეყანა.

  • როდის და როგორ შეიძლება გახდეს ეს საპროტესტო აქციები ანგარიშგასაწევი ხელისუფლებისთვის? 

მე ვარ ოპტიმისტი და მჯერა ჩემი ქვეყნის ისტორიული გამოცდილების: ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლისთვისაც არამცთუ ერთი და ორი თვე, თითოეულ საათს აქვს მნიშვნელობა, ჩვენ საათობრივად უკან მივდივართ და ამას ვგრძნობთ, ეს რეფლექსი გვაქვს განვითარებული. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვერ დავემუქრებით, რომ აღარ დავწერთ წიგნებს, აღარ გადავიღებთ ფილმებს. მათ ეს ისედაც უნდათ. ჩვენი ინსტრუმენტია არის ის, რომ ქუჩაში დავდგეთ და ხმამაღლა გამოვხატეთ პროტესტი. მე მგონია, რომ ხალხის რაოდენობაც მოიმატებს და უფრო მტკიცე გახდება ეს პროტესტი. მთავარია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იყოჩაღონ, ეგოები დაწიონ და ქვეყნის საერთო ინტერესი, რაც არის, ის გაიაზრონ.

ზაფხულშიც ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა არ დასრულდებოდა მარტივად და მალე. ეს იქნებოდა ხანგრძლივი ბრძოლა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესები გამოავლენს ასევე ახალ ლიდერებს, რაც ასევე საჭიროა…. ამ აქციების ყველაზე ძლიერი მხარე ახალგაზრდებია, მათი ორიგინალობით და ქარიზმატულობით, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ჩემთვის ამ პროცესების მთავარ როლში ახალგაზრდები არიან. ჩვენ იქ ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც იქვე მეცადინეობენ. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად არის საჭირო იმის გააზრება, რომ იქ მისვლა თუნდაც ერთი საათით ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ იქ არის ეპიცენტრი. მე არ მეპარება ეჭვი ხალხის შემომატებაში, რადგან ეს უკვე მართლა ბოლო წერტილია. შესაძლოა, ხელისუფლებას არ აშინებს ხალხი, მაგრამ ბევრი ხალხი ყველას აშინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: