საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები – შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ჯანმოს მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან [ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია] ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ კონტროლი გამკაცრდა.

„კერძოდ, იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, ექვემდებარება შემდეგ ღონისძიებებს:

[crosslist]

  • საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას, ანუ ის ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გადაადგილდეს გაცილებით დანიშნულების საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე.

[/crosslist]

რაც შეეხება იმპორტს, ხორციელდება შემდეგი პროცედურები: ახალი კორონავირუსის გავრცელების [ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული] არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას:

[checklist]

  • განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:
  • საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;
  • სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;
  • ან განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება.
  • თუ ვერ განხორციელდება მძღოლის სხვა პირით ჩანაცვლება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილება გაცილებით და საქონელი გადაიტვირთება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში.

[/checklist]

ასევე, სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან მომავალი მძღოლის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურები [დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრება, სკრინინგი-ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, მათ შორის თერმოსკრინინგი და ა.შ.]

ეპიდემიოლოგის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, თუ მძღოლს გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურა ან/და სხვა საეჭვო სიმპტომები, ამ შემთხვევაში მძღოლი ბრუნდება უკან [საქართველოს მოქალაქის გარდა], ხოლო ტვირთის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს ზემოაღნიშნული პროცედურები.

საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში კი, მძღოლი შემდგომი გამოკვლევის მიზნით ექვემდებარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას.

მძღოლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადაადგილდებიან შეუფერხებლად.

ამ დროისთვის მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა შესაბამისი წესების დაცვით ხორციელდება.

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი კონტროლი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე ასევე, მოწყობილია საკარანტინე სივრცეები“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

_______________

თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. შეზღუდვის მიზეზი ახალი კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებია.

სახმელეთო საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია შემოვიდეს საქართველოში, საქართველოდან კი, თურქეთში გადავა მხოლოდ თურქეთის მოქალაქე.

ამ თემაზე:

სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში, 2020 წლის 19 მარტის 19:30 საათის მონაცემებით კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 262 პირი.

 

„დაკეტეთ ყველაფერი, სხვა არჩევანი არ არის” – ჩინეთის წითელი ჯვარი იტალიელებს

ლომბარდიის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტთან, სუნ შუოპენგთან ერთად დღეს, 19 მარტს პრესკონფერენცია გამართა.  ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტმა იმ ზომებზე ისაუბრა, რაც სასწრაფოდ  უნდა მიიღოს იტალიის მთავრობამ.

„საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღება. უნდა დახუროთ ყველაფერი, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ. ის, რაც ახლა იტალიაში ხდება, ძალიან ჰგავს იმას, რაც ჩვენ გადავიტანეთ ვუჰანში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი წევს საავადმყოფოში და ბევრიც გარდაიცვალა,“ – თქვა პრესკონფერენციაზე ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტმა სუნ შუოპენგმა.

მისივე რეკომენდაციით, ქუჩაში ხალხმა უნდა ატაროს ნიღბები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი – გაჩერდეს.

„ვუჰანში კარანტინის გამოცხადებიდან ერთ თვეში გვქონდა შედეგი  – საავადმყოფოებს შეეძლოთ დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა, მათ ეფექტურად შეძლეს პანდემიის პიკთან გამკლავება და შემთხვევები შემცირდა.

მილანში რაც ვნახე, ხალხი არ ატარებს ნიღბებს, ძალიან ბევრი ადამიანი დადის გარეთ, მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვირუსის დასამარცხებლად კი საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღება.

ჩემი რეკომენდაციაა, უნდა შეჩერდეს ყველა სახის ეკონომიკური აქტივობა, ყველა ადამიანი უნდა დარჩეს სახლში. ყველანი მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რათა შეაჩერონ პანდემია. ამ სიტუაციაში, უბრალოდ არ არსებობს სხვა არჩევანი,“ – თქვა პრესკონფერენციაზე ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტმა სუნ შუოპენგმა.

ლომბარდიის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ პრესკონფერენციის დასასრულს თქვა, რომ ის გადის კონსულტაციებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან, რათა უფრო მკაცრი ზომები მიიღონ.

„თქვენ აღარაფერს არ უნდა ელოდოთ. უნდა მივიღოთ ეს რეკომენდაციები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ებრძოდნენ ამ ვირუსს და დაამარცხეს ის. მე დაველაპარაკები დღეს პრემიერ კონტეს და ვთხოვ, რომ განახორციელოს ის ზომები, რაც შემოგვთავაზეს ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა“, – თქვა ატილიო ფონტანამ.

პრესკონფერენციის ჩანაწერი იტალიურმა გამოცემა fanpage.it-მა გამოაქვეყნა.

შეიძლება თუ არა ფორსმაჟორის დროს სამსახურიდან გაგიშვან?

არის თუ არა კორონავირუსის გამო გამოწვეული პანდემია ფორსმაჟორი და შესაძლოა თუ არა, რომ ამის გამო სამსახურიდან გაგიშვან? – ამ საკითხზე დღეს, 19 მარტს განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმაც“.

„კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა შესაძლებელია დამსაქმებლის მხრიდან დაუძლეველ ძალად იქნას აღქმული, თუმცა, დაუძლეველი ძალა იგივე ფორსმაჟორი ორივე მხარის [დამსაქმებელი და დასაქმებული] პასუხისმგებლობას გამორიცხავს მხოლოდ მაშინ, თუ მხარეთა ურთიერთობა ნებისმიერი გზით შეუძლებელია,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მხარეებმა „ყველა ღონე იხმარონ შრომითი ურთიერთობების შესანარჩუნებლად“ და აღებული ვალდებულებების რაიმე ფორმით შესრულების შესაძლებლობაზე, მაგალითად, დისტანციურად საქმის კეთებაზე. იურისტები მიიჩნევენ, რომ თუკი დამსაქმებელი ამ შესაძლებლობებს არ გამოიყენებს, ეს გადაწყვეტილების ბათილად მიჩნევის საფუძველი გახდება.

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი სამუშაო პირობების  შეცვლილ ვითარებასთან მისადაგების ნაცვლად არჩევს საქმიანობის შეჩერებას, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად. ამ შემთხვევაში, „შრომის კოდექსის“ თანახმად, დასაქმებულს უნდა შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს სრული ოდენობით, ხოლო ყველა გადაწყვეტილება სამუშაოს შეჩერების, შეწყვეტის ან ხელფასის შემცირების შესახებ საქართველოს სამოქალქო კოდექსის თანახმად, შესაძლებელია, აღიარებულ იქნას ბათილად,“ – მიიჩნევენ EMC-ში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს ფორსმაჟორის ცნებას.

„თუმცა „სამოქალაქო კოდექსში“ თავმოყრილი ნორმები და სასამართლო პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ ფორსმაჟორის დეფინიცია. ფორსმაჟორის ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზი შესაძლოა გახდეს ეპიდემია/პანდემია.  ფორსმაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა – ეს არის მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მოვლენები, ობიექტურად არსებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის პირის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას და რომლის გათვალისწინებაც მხარეებს წინასწარ არ შეეძლოთ“,  – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 19 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ფორსმაჟორის პირობებში „შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მხარეთა შორის გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდეს“, რადგან კონკრეტული მოვლენის ფორსმაჟორულად მიჩნევის შემთხვევაში, მხარე თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას ჩვეულებრივ შემთხვევაში ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო.

რა უნდა მივიჩნიოთ ფორსმაჟორად? – იურისტები განმარტავენ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამოიწვია თუ არა ვალდებულების შეუსრულებლობა ფორსმაჟორულმა გარემოებამ. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით კი, ფორმაჟორული გარემოება არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს, თუკი ვალდებულების შესრულება ფორსმაჟორულ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია და თუ აღნიშნული შესრულების მიმართ, მაგალითად, დასაქმებულს ინტერესი არ დაუკარგავს.

„შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოშვება მხოლოდ მაშინ, თუ ფორსმაჟორული მოვლენები გრძელდება ხანგრძლივი (გონივრული)  პერიოდით, რაც საკმარისი არის ვალდებულებების შესრულების გამორიცხვისათვის,“ – აღნიშნულია EMC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

______________

ფოტო: ahvalnews.com

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/435024/

 

ქოლერა ბათუმში და დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი” ტბა

1970 წლის ივნისში ბათუმის სამედიცინო ინსტიტუტში პრაქტიკაზე სტუდენტების 20-კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა. მათგან ერთ-ერთი ძალიან ცუდად გახდა და  რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ძლიერი გაუწყლოების ზუსტ მიზეზს ვერავინ არკვევდა. ექიმებს ბიჭი დიზენტერიით დაავადებული ეგონათ. ვერაფერი უშველეს და გარდაიცვალა.

ქოლერაზე ეჭვი პირველად იმდროინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს გიორგი ებუთიძეს გაუჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტს ქოლერა შეეყარა – ეს კი ნახევარი საუკუნის წინ დამარცხებული საშიში დაავადების დაბრუნებას ნიშნავდა, რასაც საგულდაგულოდ მალავდა საბჭოთა ხელისუფლება.

1970 წლის ზაფხულში ქოლერასთან ბრძოლის ამბებზე „ბათუმელებთან“ პროფესორმა რამაზ სურმანიძემ ისაუბრა. ის ამ დროს ბათუმის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი იყო და ქალაქში ქოლერის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

[red_box]„საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია“[/red_box]

ტაშკენტიდან ჩამოსული სტუდენტების ჯგუფი კარანტინში მოათავსეს. კარანტინში დარჩნენ ექიმებიც, ვისაც მათთან კონტაქტი ჰქონდა. ინფექციურ საავადმყოფოში გამოკეტილ პოტენციურ დაავადებულებს სპეცტანსაცმლითა და ნიღბებით აწვდიდნენ გარედან წყალსა და საკვებს. კარანტინი 3 თვეს გაგრძელდა. ჩაკეტილ ექიმებს ხელფასს ორმაგად უხდიდნენ, პროტესტი რომ არ გასჩენოდათ.

დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგიის შესამუშავებლად ბათუმელი ექიმები შტაბში იკრიბებოდნენ, შეხვედრებს ყოველთვის ესწრებოდნენ საბჭოთა არმიის წარმომადგენლები და აფრთხილებდნენ ექიმებს, არაფერი გაემხილათ პრესისთვის, არ ესაუბრათ საჯაროდ, ფოტოაპარატით არავინ უნდა მიეშვათ საკარანტინო სივრცეებამდე, საავადმყოფოებამდე.

1970 წლის ქოლერის ეპიდემიის შესახებ ბათუმში მხოლოდ შტაბში, სხდომებზე გადაღებულ ექიმების ფოტოებს თუ მიაკვლევთ.

საბჭოთა კავშირში ქოლერის დაბრუნების ამბავი ისტორიას არ უნდა შემორჩენოდა. არ უნდა შერყეულიყო ლოზუნგი, რომ „საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია“.

ამბავმა თავი მაინც არ დამალა და 1970 წლის ცხელ ზაფხულს ბათუმური სახლების ეზოებში თამაშისას ბავშვები ყიჟინით დასდევდნენ და აშინებდნენ ერთმანეთს – „ქოლერა მოდის, ქოლერა!“

[red_box]17 დაავადებული და 1 გარდაცვლილი ბათუმში[/red_box]

ამავე წელს ეპიდემიამ თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და ახალციხეშიც იფეთქა. ბათუმი პირველი ქალაქი იყო საბჭოთა კავშირში, საიდანაც კრემლში შეტყობინება გაგზავნეს ქოლერის ეპიდემიის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. შედეგად ჩაითვალა, თითქოს ბათუმიდან დაიწყო 1970 წლის ეპიდემია, სინამდვილეში კი, ქოლერა  უკვე მძვინვარებდა თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკაში.

ამბის დამალვას ცუდი შედეგი მოჰყვა. ადამიანები არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს, არ ერიდებოდნენ ერთმანეთს. ყველამ იცოდა, რომ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი არ იყო ცოტა, თუმცა ზუსტად არავინ იცოდა, სად რა ხდებოდა. რამაზ სურმანიძის თქმით, ეპიდაფეთქებისას ბათუში მხოლოდ 1 პაციენტი გარდაიცვალა, დაავადდა – 17. პაციენტებს შორის მხოლოდ ერთი იყო ქალი. ბათუმელმა ექიმებმა არ იცოდნენ, როგორ პროგრესირებდა ქოლერა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ არც ბათუმის მონაცემების მიწოდების უფლება ჰქონდათ დანარჩენი ქალაქებისთვის.

შეიქმნა სპეციალური კომისია. ბათუმს საგანგებო ვიზიტით ეწვია სსრკ-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გულბასოვი, ასევე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ბოჭორიშვილი. ყველა დაწესებულებას დაურიგდა განსაკუთრებულად საშიში ინფექციის ამომცნობი კითხვარი. ეს კითხვარი 1970 წლის ზაფხულში ყველა ექიმს სამუშაო მაგიდაზე ედო, საეჭვო შემთხვევა რომ არ გამოჰპარვოდათ.

აიკრძალა ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, მოსახლეობას მოუწოდებდნენ კარგად და ხშირად დაებანათ ხელები, რადგან ქოლერა ვიბრიონის [ბაქტერია] პირის ღრუში მოხვედრის შედეგად ვრცელდებოდა, იწვევდა ძლიერ ფაღარათს და გაუწყლოებას. დაავადებულებს ანტიბიოტიკებით გაჯერებულ სითხეს უსხამდნენ – ეს იყო მკურნალობის ძირითადი მეთოდი სხეულის გაუწყლოებისგან დასაცავად. ხელების ხშირი დაბანა დაავადებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური გზა იყო.

[red_box]კარანტინი[/red_box]

ეპიდემიისას ბათუმის პორტში გემებს თავისუფლად შემოსვლა აეკრძალათ. გემებს რეიდზე ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით აჩერებდნენ. სპეცტანსაცმლიანი, შებურული ექიმების ბრიგადა ადიოდა გემზე, აღრიცხავდნენ მეზღვაურებს, აკვირდებოდნენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ერთი კვირით – ქოლერის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში, გემზევე ტოვებდნენ.

ბათუმის ბულვარი 1970-იან წლებში. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან

1970 წლის 13 ივლისს ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩაიკეტა რკინიგზა, აეროპორტი, აიკრძალა მიმოსვლა ქალაქებს შორის. 1970 წლის ზაფხულში ბათუმში ჩამოსულ 56 ათას ტურისტს ერთკვირიანი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ქალაქიდან გასვლა აეკრძალა.

საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ რამაზ სურმანიძემ 56 ათასივე ტურისტს მოუწერა ხელი ცნობაზე, რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ და ბათუმის დატოვების უფლება უკვე ჰქონდათ.

[red_box]დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი“ ტბა[/red_box]

ქოლერის გამომწვევი ბაქტერია ნურის ტბაში ამოითესა. ბათუმელებისთვის საყვარელი ტბის ირგვლივ სეირნობა და მით უფრო, შიგ ბანაობა თითქმის სიკვდილს ნიშნავდა. შტაბში გამართულ სხდომაზე ექიმების ნაწილმა თქვა, რომ დაავადებული ტბა საშიში იქნებოდა ქალაქისთვის და აუცილებელი იყო მისი დაშრობა, ბოლოს კი – ხრეშით ამოვსება. მეორე ნაწილი ამ აზრს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა და ტბის „განკურნების“ მომხრე იყო.

ტბაში უკანონოდ შემავალი ნარეცხი წყლების დაერთებები გააუქმეს. შედეგად ნურის ტბა გასუფთავდა, ქოლერისგან გაიწმინდა და ხრეშით ამოვსებასაც გადარჩა.

ნურის ტბა. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან

მთავარ ფოტოზე: ნურის ტბა. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან

ბათუმში 19 შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ 

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ბათუმში „გეოგრაფიკის“ რეკომენდებული 23 სახლიდან 19-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამ შენობებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საბჭომ 13 მარტს მიიღო. შესაბამისი ოქმის მოპოვება კი მხოლოდ დღეს, 19 მარტს, შევძელით. ოქმის მიხედვით, დარჩენილი 4 სახლისთვის სააგენტომ სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ „შენობებს აღარ აქვთ შემორჩენილი ძეგლის ავთენტური ნიშნები“.

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით 2015 წელს შეარჩია. 2015 წლიდან 2019 წლამდე ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გრძელვადიანი გადარჩევა-დაზუსტების შემდეგ, სააგენტომ 2019 წლის მარტში ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად, დარჩენილი იყო ბოლო ეტაპი – შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება, რასთან დაკავშირებითაც საბჭოს გადაწყვეტილება ექვს თვეში უნდა მიეღო, თუმცა ეს ვადა გაახანგრძლივეს.

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსის მინიჭების შემდეგ კონკრეტული შენობების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამოქმედდა, სტატუსის მინიჭების შემდეგ  კი შენობებს ხელყოფისგან, ასევე, კანონი იცავს.

შენობები ბათუმში, რომლებსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა:

ლუკა ასათიანის ქუჩის N15 -სა და მემედ აბაშიძის N44 -ში მდებარე შენობა
საცხოვრებელი სახლი, ბათუმი, მ. აბაშიძის ქ.N11 – ორსართულიანი შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული

 

მ.აბაშიძის 17 – კინოთეატრ „ აპოლოს“ შენობა
საცხოვრებელი სახლი, ბათუმი, ვაჟ- ფშაველას #25

ძეგლის სტატუსი ახვლედიანის ქუჩაზე მიენიჭა #2-სა და #15- ში მდებარე სახლებს

ბათუმი. ახვლედიანის ქუჩა #15

საცხოვრებელი სახლი, ბათუმი, კლდიაშვილის N5

კლდიაშვილის ქუჩაზე ძეგლის სტატუსი მიენიჭა კიდევ ორ  – # 10-სა და #34 -ში მდებარე სახლებს. ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ასევე საცხოვრებელ სახლებს შემდეგ მისამართებზე: კომახიძის II შესახვევი N6; მაზნიაშვილის N48; თავდადებულის N8; თავდადებულის N13; თავდადებულის N41/ ფარნავაზ მეფის N63; ჭავჭავაძის N68; გორგასლის N21.

ძეგლის სტატუსი არ მიენიჭა ოთხ სახლს, ესენია: საცხოვრებელი სახლი ბათუმში 9 მარტის ქუჩაზე, N3- ში, მ. აბაშიძის N62 -ში მდებარე სახლი, კლდიაშვილის N12/ ვაჟა-ფშაველას ქ.N12-ში მდებარე შენობა და ბათუმში, რუსთაველის N7.

____________

მთავარ ფოტოზე: სახლი ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლების საბჭომ 13 მარტს მიიღო.

კინოთეატრი „აპოლო“ 1910 წელს სწორედ ამ შენობაში გაიხსნა და მისი პირვანდელი სახელწოდებაც „აპოლო“  იყო. ისტორიულ შენობას არამარტო ძველი სახელი, არამედ პირვანდელი იერსახეც 2011 წელს დაუბრუნდა, როცა განახლებულ შენობაში კინოთეატრი ისევ გაიხსნა.

„აპოლო“ ძველ ბათუმში
1911 წლის ზამთარი ბათუმში. მიხეილ გლაუდანის ფოტო. ფოტოზე ჩანს „აპოლოს“ შენობა

„აპოლო“ ერთ-ერთია იმ შენობებს შორის, რომლებსაც სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია შპს „გეოგრაფიკმა“ გაუწია.

 

რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მანქანის გაჩერებისთვის პოლიციელებს ესროლა

მოსამართლე მარინა კიკნაძემ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც პოლიციელებს გურიაში ცეცხლი გაუხსნა. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა პოლიციელებს და მათ ავტომანქანას, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მძღოლს ავტომანქანა ქუჩაში გააჩერებინეს. შემთხვევა ოზურგეთში გასული წლის მარტში მოხდა.

„…საპირისპიროდ მოძრავმა მანქანამ გააკეთა არასწორი მანევრი, რის გამოც წარმოიშვა ეჭვი მძღოლის ალკოჰოლური თრობის თაობაზე, მოვატრიალე საპატრულო პოლიციის მანქანა და ხმამაღალი საძახისით მივმართე მძღოლს, გაეჩერებინა. დაძახებიდან დაახლოებით 300 მეტრში, უკიდურეს მარჯვენა მხარეს მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა,“ – მოუყვა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა.

ავტომანქანასთან მისულ პოლიციელს მძღოლის კარი ღია დახვდა, თუმცა მძღოლი ავტომანქანიდან არ გადმოვიდა. პოლიციელთან მძღოლის გვერდით მყოფი პირი მივიდა და უთხრა, რომ სიმთვრალეზე შემოწმება საჭირო არ იყო. პატრულის თანამშრომელმა მძღოლს ასევე მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა. ამ საუბრის დროს, გაჩერებული ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ბრალდებული გადმოვიდა და პოლიციელის, ასევე მისი სამსახურებრივი ავტომანქანისკენ რამდენჯერმე გაისროლა.

პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული პირველი გასროლის შემდეგ ფეხით გაიქცა და „შემთხვევის ადგილიდან მიმალვიდან კიდევ ორჯერ გაისროლა“. გასროლის შედეგად საპატრულო პოლიციის მანქანა დაზიანდა.

ბრალდებულმა ბრალი არ აღიარა და დუმილის უფლება არჩია, თუმცა სასამართლოს ჩვენება მისცეს იმ პირებმა, რომლებიც ბრალდებულთან ერთად იყვნენ ავტომანქანაში. მათ მოსამართლეს დაუდასტურეს, რომ იმ ღამით ნასვამი იყვნენ და სიგარეტის საყიდლად მიდიოდნენ, ხოლო ბრალდებული მათი თანასოფლელია და გზად შეხვდათ.

„…პატრულს როცა ვესაუბრებოდი, ამ დროს გავიგონე ორი-სამი გასროლის ხმა, უკან მივიხედე და დავინახე რომ ი. უკვე გარბოდა, მას მუქი ლურჯი შარვალი და მუქი ზედა ეცვა, ხოლო თავზე ნაქსოვი ქუდი ეხურა… ავტომანქანაში მჯდომმა პატრულის მეორე თანამშრომელმა მოაბრუნა მანქანა და დაედევნა, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან… შემდეგ პატრულ-ინსპექტორებმა გამომკითხეს გაქცეული პიროვნების შესახებ,“ – აღნიშნა მოწმემ, რომელიც შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა.

ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და შენახვა-ტარების მუხლითაც გაასამართლეს.

სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვაში, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები დაეხმარებიან.

„მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინრეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან მაღალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული პირები ვერ შეძლებენ პრობლემის მოგვარებას,  სამინისტროს განცხადებით,  რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები, რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით.

„მოხალისეები შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურსცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში დღეს დღის ბოლომდე,“ – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები გააქტიურებული აქვთ და შეუძლიათ ისარგებლონ ონლაინინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS-ს, OneNote-სა და სხვა.

„ბათუმელები“ არაერთ პედაგოგს და სკოლის დირექტორს ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც დღეს არსებობს სკოლებში ინტერნეტთან და ტექნიკურ აღჭურვასთან დაკავშირებით. დირექტორების თქმით, გარდა იმისა, რომ სკოლები უხარისხო ინტერნეტით მარაგდება, სოციალურად დაუცველ ბავშვებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტრესურსებთან, ბევრს არ აქვს ტელეფონი და კომპიუტერი.

სოფლის სკოლებში საუბრობენ იმაზეც, რომ სახელმწიფომ ასეთ პირობებში უნდა უზრუნველყოს ამ ბავშვების სპეციალური ინტერნეტპაკეტით უზრუნველყოფა.

განიხილეს თუ არა სამინისტროში ეს პრობლემა და ხომ არ აპირებს ამ მიმართულებით სამინისტრო თანხის გამოყოფას? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს არაერთხელ დაუსვა, თუმცა სამინისტროში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

რაც შეეხება ინტერნეტის ხარისხს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გვითხრეს, რომ  „ცუდი ინტერნეტი საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოშია“.

„მთელი მსოფლიო ინტერნეტშია შესული, გლობალური პრობლემაა. მეც ინტერნეტი ხან მაქვს, ხან – არა. ყველა სახლშია, ყველა ინტერნეტშია, მაიკროსოფთსაც პრობლემა აქვს,“- გვითხრა უწყების წარმომადგენელმა, ზაზა ტყემალაძემ.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება ტელევიზიითაც.

 

ამავე თემაზე:

მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები ტელევიზიითაც მიეწოდებათ – სამინისტრო

ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარი გაყიდა – ლარი ცოტათი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს, 2020 წლის 19 მარტს, გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კი, გუშინ, 18 მარტის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 9 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს, 19 მარტის მდგომარეობით ევროსთან მიმართებაში იყო 3,4997, ხვალ, 20 მარტს კი 3,4109 იქნება.

აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 19 მარტს 3,1804 იყო, 20 მარტს კი – 3,1568 იქნება.

ბათუმში 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში, კარანტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან 4 ადამიანი გუშინ ღამით გადაიყვანეს.

ბათუმში კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური კლინიკის მენეჯერის თქმი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს 19 მარტის მდგომარეობით: საქართველოში ამ დროისათვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 40 შემთხვევაა, აქედან 1 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

ახლა საშიშროების წინაშე დგას არა ქრისტე, არამედ ადამიანი – მსოფლიო პატრიარქი

მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი: 

__________________________

„ჩვენო ძვირფასო შვილებო, გევედრებით, როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ. ყველაფერი კეთდება ჩვენი დაცვისთვის, ჩვენი საერთო სიკეთისთვის, რათა შეჩერდეს ამ ვირუსის გავრცელება. ამ გასაჭირისგან ჩვენი გათავისუფლება მთლიანად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

ალბათ ზოგიერთ თქვენგანს მიაჩნია, რომ ეს მკვეთრი ზომები ძირს უთხრის, ან ზიანს აყენებს ჩვენს რწმენას.

თუმცა, ის რაც საშიშროების წინაშე დგას არის არა ჩვენი რწმენა, არამედ მორწმუნე, არა ქრისტე, არამედ ქრისტიანები, არა ღმერთკაცი, არამედ ადამიანი.

ჩვენი რწმენა მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში. ჩვენი რწმენა ცოცხალი რწმენაა და არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ან ჩაახშოს იგი. ის კი, რაც უნდა შეიზღუდოს ამ საგანგებო მდგომარეობაში, არის შეკრებები და დიდი თავყრილობები. მოდით, დავრჩეთ ჩვენს სახლებში. მოდით, ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ჩვენს გარშემო მყოფნი. და იქ, ჩვენი სახლებიდან, ჩვენი სულიერი ერთიანობის განმტკიცებით, მოდით, თითოეულმა ჩვენთაგანმა ვილოცოთ მთელი კაცობრიობისთვის.

ჩვენ ამ პერიოდს გავივლით უდაბნოში მოგზაურობის მსგავსად, აღთქმულ მიწამდე მისასვლელად, სადაც მეცნიერება, ღმრთის წყალობით, გადალახავს ამ ვირუსს“.

____________________

წყარო: მსოფლიო პატრიარქის მიმართვა. მიმართვა თარგმნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის დიაკონმა, ირაკლი ჯინჯოლავამ. 

ნახეთ სრული მიმართვა: 

https://netgazeti.ge/news/435519/

 

მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები ტელევიზიითაც მიეწოდებათ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო ინფორმაციით, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამების მიწოდება დაიწყება სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით.

„პროექტზე რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა – მეორე არხი, ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები.

„განათლების სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა, მომზადდა სასწავლო პროგრამები, საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები.

პირველი არხი უზრუნველყოფს მსოფლიოს საუკეთესო სტუდიების მიერ მომზადებულ სასწავლო დოკუმენტური ფილმების თარგმნას და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენებას.

ასევე გადაწყდა, რომ აღნიშნული პროექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაგრძელდება შექმნილი ვითარების დასრულების შემდეგაც“, – ამბობენ განათლების სამინისტროში.

„ონლაისწავლებასთან დაკავშირებით „ბათუმელების“ დამატებით კითხვებს, განათლების სამინისტროში არ პასუხობენ. სამინისტროს არც იმ კითხვებზე აქვს პასუხი, როგორ აპირებს თანასწორი გარემოს შექმნას სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე და სხვა ელექტრონულ რესურსებზე.

ბათუმის ბულვარში განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 19 მარტს, გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მან უკვე მისცა დავალება აჭარის ფინანსნთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „ბათუმის ბულვარს“ იმაზე, რომ „მოახდინოს საშეღავათო პირობების შემუშავება ბულვარში განთავსებულ ობიექტებთან დაკავშირებით“.

„ვეცდებით მაქსიმალურად, რომ გავითვალისწინოთ მეწარმეების, მოიჯარეების ინტერესები, შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებები მტკივნეულად არ დააწვეთ მათ,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

მას არ დაუკონკრეტებია, რა  სახის საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ ბათუმის ბულვარში განთავსებული ობიექტები ან რატომ არ ეხება ეს შეღავათი სხვა ბიზნესს.

თორნიკე რიჟვაძის დღევანდელ ბრიფინგს ჟურნალისტები არ დასწრებიან. ვიდეოკომენტარი თორნიკე რიჟვაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველ მოხუცებს „სასურსათო კალათას“ გაუგზავნის

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მედიკამენტების გაგზავნას აპირებს – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს განაცხადა ბრიფინგზე.

„ყველამ ერთად, როგორც სახელმწიფომ, ასევ საზოგადოებამ, მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იზოლაციისთვის და ის რისკები, რაც უკავშირდება ამ ვირუსის გავრცელებას, მინიმუმამდე შევამციროთ… აჭარაში დღის წესრიგში დადგა სასურსათო კალათის შემუშავება და ამის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ, რომ 6 ათასზე მეტ მოხუცს მივუტანოთ ოჯახში სასურსათო კალათა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, სასურსათო კალათის მოხუცებისთვის მიწოდების პროცესში ჩართული იქნებიან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და პარტნიორი ორგანიზაციები.

„სასურსათო კალათას“ აჭარაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ის ხანდაზმული მიიღებს, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს. თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, რა საკვები პროდუქტი იქნება თითოეულ „სასურსათო კალათაში“ და რა იქნება მისი ფასი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დღის განმავლობაში მოგვაწვდიან ინფორმაციას იმაზე, თუ რას ითვალისწინებს „სასურსათო კალათა“. პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყებენ ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტების გაგზავნას.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს რესპირატორები აჩუქეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შპს „ნიუ ტექნიკსმა“ საჩუქრად სადეზინფექციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 100 სხვადასხვა ტიპის აპარატი და რესპირატორი გადასცა.

ინვენტარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაიცემა საჭიროებისამებრ Covid -19 ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად.

ამავე თემაზე: 

„სენსესმა“ ინფექციურ საავადმყოფოს უფასოდ გადასცა საბნები და თეთრეული

უდაბნოს კალიის შემოჭრა საქართველოში არ დაფიქსირდება – სეს

„უდაბნოს კალია საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საქართველოში საფუძველს მოკლებულია,“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში:

წყარო: სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს ასევე, რომ ყოველწლიურად ახორციელებს იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

„სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია კონტროლირებადია, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს,“ – აცხადებს სააგენტო.

აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს.

ამ თემაზე:

კალიების მასშტაბური შემოსევა: გაერო შიმშილის რისკზე საუბრობს

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/DAI KUROKAWA

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

დღეს, 19 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა შვიდის ნაცვლად ცხრა ძირითადი პროდუქტის მარაგსა და სტაბილურ ფასს დააზღვევს.

საუბარია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბრინჯი
  • მაკარონი
  • მზესუმზირის ზეთი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ხორბალი
  • რძის ფხვნილი
  • წიწიბურა
  • ლობიო

სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად მთავრობამ  მსხვილ დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა. მინისტრის განმარტებით, მთავრობას შეუძლია ამ მსხვილ მომწოდებლებს კომპენსაციის სახით აუნაზღაუროს განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან,  იმისთვის, რომ მათ ურყევი ფასი შეინარჩუნონ იმ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება.

„ჩვენ ეს შეთანხმება მივიღეთ და  დღის განმავლობაში ავამუშავებთ ამ მექანიზმს. შეთანხმება უკვე შედგა მსხვილ  იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რომ ისინი უკვე გუშინდელი დღის რეჟიმში შეინარჩუნებდნენ ფასებს და არ მოხდებოდა გაძვირება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გავაკონტროლოთ ფასი და კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულირება. ამაზე გვექნება მონიტორინგი. საწყის ეტაპზე ჩვენ გვექნება ფასი დაზღვეული და მნიშვნელოვანია, მომხმარებლამდე ეს ინფორმაცია და სტაბილური ფასი მივიდეს ხელუხლებლად,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები არსებობს:

„იყო რამდენიმე პროდუქტზე გარკვეული შეფერხება, რაც ისევ პანიკური ქცევით იყო განპირობებული. მეორე ფაქტორი უკავშირდებოდა ამინდს, რომლის გამოც უკვე შეძენილი პროდუქტების ტრანსპორტირება გვიანდება. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში, რომ სახმელეთო გზით შემომავალი ტვირთი საქართველოში შემოვიდეს ლარსიდან. ასევე, ამინდი გამოსწორდება შავ ზღვაზე და ტვირთი იმ გემებიდან, რომლებიც შემოსულია საქართველოში, ჩამოიცლება. ასე, რომ ფასის ზრდის და დეფიციტის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს,” – თქვა ლევან დავითაშვილმა.

დეკანოზი იოანე: სინოდზე უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს

დღეს, 19 მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ბათუმის ქუჩების კურთხევა დაიწყო. ბათუმის გარდა აკურთხებენ ხელვაჩაურსა და ქობულეთს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით,  ქუჩების კურთხევა კორონავირუსს უკავშირდება.

„ჩვენ, სასულიერო პირები, მრევლთან და სტიქაროსნებთან ერთად გავალთ, ჩავატარებთ ლიტანიობას. უკვე წყალი ნაკურთხია. ლოცვა აღვლენილია. გავალთ და ქალაქის ქუჩებში ვაკმევთ საკმეველს. ნაკურთხ წყალს ვასხურებთ, რაც ერთგვარი გამოხატულებაა ეკლესიის მხრიდან ბრძოლისა ამ ვირუსთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში გავრცელებული,“ – უთხრა პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.

ბათუმის ქუჩების კურთხევა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

კითხვაზე, ხვალ, 20 მარტს, დაგეგმილ სინოდის სხდომაზე, განიხილება თუ არა ზიარების წესის შეცვლა, იოანე გორელიშვილმა თქვა:

„მე ზუსტად არ ვიცი სინოდი რა თემას განიხილავს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეკლესიისთვის მთავარი არ არის  ქმედება. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ქმედება, არამედ მოტივაცია ამ ქმედებისა. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, რატომ უნდა შეიცვალოს ან რატომ არ უნდა შეიცვალოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად წესები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და შეიძლება კიდევაც შეიცვალოს, მაგრამ მთავარი არის, რომ იყოს მოტივაცია სწორი. თუ მოტივაცია იქნება სწორი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქმედება იქნება გამართლებული“.

კითხვაზე, არის თუ არა მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვირუსი ეკლესიისთვის საკმარისი მოტივაცია, ეპარქიის პრესსპიკერი პასუხობს, რომ „ამასთან დაკავშირებით სინოდი იმსჯელებს“.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება ასევე აღდგომა. მრევლის შეკრების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს საზოგადოებაში.

„ამასთან დაკავშირებითაც სინოდი იმსჯელებს. უმთავრესი საკითხი ეს იქნება, როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს. ისტორიაში ყოფილა უფრო რთული ვირუსებიც. ისინი გადახედავენ ისტორიას, გადახედავენ საეკლესიო სამართალს, დოგმატიკას და იმისდამიხედვით გადაწყვეტენ,“ – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სავაჭრო ობიექტებს აფრთხილებს, შეაჩერონ მუშაობა

ბათუმში მოქმედი რამდენიმე სავაჭრო ობიექტის მესაკუთრე ამბობს, რომ ისინი ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა, დროებით შეაჩერონ მუშაობა და მაღაზიები დაკეტონ.

„ბათუმელები“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა.

„ჩვენი თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით აფრთხილებენ ისეთ ობიექტებს, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებად მიიჩნევა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციაა შეაჩერონ მუშაობა. ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ამ რეკომენდაციის გადაცემაა მათთვის და არა რაიმე სავალდებულო მოთხოვნა, რომლის არშესრულებასაც შესაძლოა სანქცია მოჰყვეს. უბრალოდ, სასურველია გაითვალისწინონ რეკომენდაცია და შეაჩერონ მუშაობა დროებით. ეს ეხება მაგალითად რესტორნებს, კაფე-ბარებს, მაღაზიებს, გარდა სასურსათო მარკეტებისა,“ – გვითხრეს მუნიციპალურ ინსპექციაში.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე დღეს, 19 მარტს, მიიღეს.

ირაკლი ჩიქოვანს, საბჭოს სპიკერს, არ დაუკონკრეტებია რა სახის გამკაცრებაა დაგეგმილი. მისი თქმით, ყველა სამინისტროს მიეცა მითითება, რომ უახლოეს დროში წარმოადგინონ ხედვა, თუ რისი გამკაცრებაა შესაძლებელი სფეროების მიხედვით.

ამ თემაზე:

“ხოფის ბაზრობაზე” მხოლოდ სურსათის ობიექტები იმუშავებენ – COVID-19

 

კორონავირუსის გამო ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის კურთხევა დაიწყო

დღეს, 19 მარტს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ქალაქის კურთხევა დაიწყო. როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, ბათუმის გარდა აკურთხებენ ხელვაჩაურსა და ქობულეთს.

დილის 11 საათიდან საკათედრო ტაძართან ავტომობილები იყო მობილიზებული, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ქალაქის კურთხევა, მეუფის ბრძანებით, მანქანებიდან არ მოხდება და სასულიერო პირები ქალაქს ფეხით შემოივლიან.

ქალაქის კურთხევა 
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ქალაქების კურთხევა კრონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ინიციატივით ხდება. გუშინწინ, 17 მარტს, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა აკურთხეს თბილისის ქუჩებიც.

პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი.

შს სამინსიტრო გაფრთხილებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, თუ განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ – გვითხრეს მერიაში.

მოქალაქეების თქმით, ბოლო დღეებში ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მერიის განმარტებით, სამუშაოების შეჩერება უამინდობას უკავშირდებოდა.

ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა / 19.03.2020

ბათუმში – ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის, ჯავახიშვილისა და სხვა ქუჩებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო [IV ფაზის ] სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩების მოასფალტებისთვის ბათუმის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 25 მარტს დაიწყება და 30 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 999 970 ლარია.

პირველად გამოცხადებული ტენდერის გამო მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დავების საბჭოში უჩივლეს. საბჭომ მომჩივანის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სატენდერო კომისიამ კი, ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვლება

მთავარი ფოტო: ბათუმი, ინასარიძის ქუჩა / 19.03.2020

ბათუმის ინფექციურის მენეჯერი: პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდგინეს, სიცხე არ აქვს

პაციენტი, რომელსაც ბათუმში „კორონავირუსი“ დაუდგინეს, სიცხე არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ დღეს, 19 მარტს, ჟურნალისტებს ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ უთხრა.

„პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი, სავსებით მხნედ და ნორმალურად გრძნობს თავს. მას არავითარი ჩივილები არ გააჩნია. ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის შედეგად არაფერი საგანგაშო ჯერ არ გავქვს. ადეკვატური და ნორმალური მდგომარეობაა, არც სიცხე აქვს და არც გამოხატული რაიმე პრობლემა არის სასუნთქი გზებიდან გამომდინარე. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის,“ – აღნიშნა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ.

ბათუმის ინფექციური ცენტრის მენეჯერმა ისაუბრა იმ ოთხ პაციენტზეც, რომლებიც გუშინ ღამით მიიყვანეს კლინიკაში საკარანტინო სივრციდან. დავით მურვანიძის თქმით, ყველა ანალიზი აღებულია და დღის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან პასუხს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 31 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა პრობლემურია მათი სხვა დაავადებებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს 19 მარტის მდგომარეობით: საქართველოში ამ დროისათვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 40 შემთხვევაა, აქედან 1 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

ბათუმში გაუჩინარებული ქალი იპოვეს

ბათუმში იპოვეს ქალი, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი გუშინ ღამით იპოვეს. ის ჯანმრთელადაა.

თუმცა გამოძიება გრძელდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ამ თემაზე:

პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა ბათუმში

„ეკლესია ჯიბრში ჩაუდგა პანდემიას“ – ინტერვიუ თეოლოგთან ზიარების წესის შეცვლაზე 

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზიარების წესს არ ცვლის. ამ თემაზე ვირუსის შიშით სახლში გამოკეტილი ადამიანები ხშირად კამათობენ სოციალურ ქსელებში, თუმცა საპატრიარქო,  სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არ ცვლის კონკრეტულ რელიგიურ რიტუალს, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის. სინოდი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას 20 მარტის სხდომაზე გეგმავს.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიებში, პირადი ლოცვების გარდა, მარტის ბოლომდე ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყვიტა.

რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზიარების წესის დაცვა პანდემიის პირობებში და რა პასუხუსიმგებლობა აქვს ამ დროს ეკლესიას? – კითხვები თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს დავუსვით.

ბატონო მირიან, თქვენთვის რას აჩვენებს დისკუსია ზიარების შეცვლის საკითხზე? 

ამდენი დისკუსია ამ საკითხზე ცხადია, უსაგნოა. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, არ გააჩნია არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა. რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის, ქრისტიანული ეკლესიები მოვალენი არიან, ასეთ პანდემიურ სიტუაციაში, გაუფრთხილდნენ საკუთარ მრევლს და მოსახლეობას, სადაც ისინი მიწიერი სახით საქმიანობენ. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც უნდა მოახდინოს სათანდო რეაგირება შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლის მქონე რელიგიური ორგანიზიცია საქართველოში.

აქცენტი კეთდება საეკლესიო ტრადიციაზე, რომელიც არ უნდა დაირღვეს…

რაც შეეხება თავად ზიარების წესს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ  ის არ არის პირვანდელი სახის და იგი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. წარსულში ეკლესიაში არაერთ რიტუალს ადგენდნენ, რომელსაც თავდაპირველად ჰქონდა სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულება, მაგალითად, საეპისკოპოსო წირვებზე ნანახი გექნებათ, როცა იყენებენ „რიპიდებს“, ანუ მეტალისგან დამზადებულ, გრძელტარიან წრიულ, ან რომბისებურ ფიგურებს, ამ საგნებს თავის დროზე  მწერების მოსაგერიებლად იყენებდნენ. შემდეგ, როცა ფანჯრები და მინები გამოიგონეს, ამ საგნებმა მიიღეს მხოლოდ რიტუალური ფუნქცია. ასე რომ, ეკლესიას აქვს საკუთარი გამოცდილებაც, როცა ის რამეს ცვლის, ან ახალ ტრადიციას ადგენს, როდესაც საქმე სანიტარულ უსაფრთხოებას და ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.

მე ზიარების წესის შეცვლის მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სრულად მწამს – ვეზიარებით სისხლს და ხორცს ქრისტესი. ურიგო არ იქნებოდა, ეკლესიას მოცემულ სიტუაციაში და შემდგომაც, როცა ეს ვირუსი გადაივლის, მეტად ეზრუნა სანიტარულ მდგომარეობაზე. მაგალითად, უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ აღადგინა სწორედ ის წესი, რაც იყო ზიარების რიტუალში კოვზის შემოტანამდე, ანუ მე-14 საუკუნემდე. ეს არის შემდეგი: პურს ხელით იღებს მღვდელი და შთაასობს მას სისხლში, ანუ ღვინოში და შემდეგ უდებს ხელის გულზე მორწმუნეს, ეს ძველიც არის, ტრადიციული და შედარებით უსაფრთხოა. საქართველოშიც ზიარების არსებული წესი და სეფისკვერის კულტურა, საბოლოოდ დამკვიდრდა რუსული ეკლესიის დომინაციის შედეგად, 1812 წლიდან, როცა რუსეთმა მიგვიერთა და მოხდა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია, მანამდე ჩვეულებრივად ხორბლის, შოთის პურს აწებდნენ ღვინოში. თბილისში ლავაშსაც იყენებდნენ, მაგალითად.

ზოგადად, ასეთ დროს ეკლესიამ რაღაცნაირიად თავი უნდა შეიკავოს შეკრებებისგანაც, დროებით უნდა შეაჩეროს წირვა, ლოცვაც და სხვა შეკრებები, მაგრამ სახეზე სხვა რეალობა გვაქვს – ჩვენი ეკლესია რაღაცნაირად ჯიბრში ჩაუდგა პანდემიას და პირიქით, უფრო და უფრო ხალხმრავალ ღონისძიებას აანონსებს. ამით ვგავართ ბერძნებს: სახელმწიფო ეხვეწება ეკლესიას, რომ თავი შეიკავოს და ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ.

რატომ ხდება ასე და რასთან გვაქვს საქმე? 

ეს ხდება იქ, სადაც სახელმწიფო არის სუსტი და ვერ ქმნის დღის წესრიგს. რუსეთში ეკლესიას მიმართა სახელმწიფომ თუ არა, მაშინვე მორჩა საკითხი. არ ვარ მომხრე, ეკლესია სახელმწიფოზე დაქვემდებარებული იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და პანდემიურ სიტუაციაში კრიზისული გეგმის შემუშავებას, ამ დროს მოქალაქეების უპირველესი პარტნიორია სახელმწიფო და არა რელიგია. ეკლესია ვერ აიღებს საკუთარ თავზე ჩვენი სამხედრო უსაფრთხოების და ჯანმრთელობის კუთხით უსაფრთხოებაზე გარანტიას.

მეორე საკითხიცაა:  ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა და შეზღუდულია რესურსები ამ კუთხით. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისევ ადამიანების გამხნევების არარაციონალური გზა გამოიყენონ. რელიგიამ იგრძნო, რომ მას გაუჩნდა შანსი, თავისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამოწმოს, დაახლოებით ასე: „გიტევს კორონა? თუ გაქვს რწმენა, მე შენ გადაგარჩენ“. ეკლესიას ახლა სურს, ამ კრიზისული ფონის გადავლის შემდეგ, ისევ ემანსიპირდეს სახელმწიფოსთან მიმართებაში და დაკარგული ნდობა, რაც ბოლოდროინდელ სკანდალებს უკავშირდება, დაიბრუნოს. ნახავთ, „კორონავირუსის“ ჩავლის შემდეგ, ეკლესიას კვლავ ექნება იგივე რეიტინგი, რაც „ციანიდის საქმემდე“ ჰქონდა. ნებისმიერი პანდემია და ჭირი არის რელიგიის მოკავშირე, მათ შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქოსი.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა გაახსნილოს მარხვაც, რომ მოსახლეობამ მიიღოს საჭირო ვიტამინები, ცილები, ცხიმები და მომზადებული დახვდეს ვირუსს. ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ სამყარო იმყოფება ჩვეულებრივ პანდემიურ მდგომარეობაში. საქართველოში ამ დროს აქვთ გამყრელიძის და სამი კაცის იმედი, რომლებიც პატივსაცემი პოროვნებები არიან თავის მხრივ, მაგრამ  ეს საფრთხე ძალიან სერიოზულია. გაიხსენეთ, სამხრეთ კორეაში როგორ ავიდა ათეულობით შემთხვევა ათასებამდე, როცა ერთი მორწმუნე ქალი ტაძარში წავიდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ერთი დაინფიცირებული დაესწრება წირვას სამების ტაძარში? ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ვირუსი წრფივად კი არა, გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება და თუ დავუშვებთ მის გავრცელებას, ვეღარ შევაჩერებთ.

რა შეგიძლიათ უთხრათ მორწმუნეს, რომელიც ამბობს, რომ რწმენით ასრულებს ზიარების წესს და რწმენა გადაარჩენს? 

მორწმუნეთა არგუმენტები გაცილებით ირაციონალურია, ვიდრე თავად სასულიერო პირების და სხვა ადამიანების. ეს არის სრული რელიგიური აღტკინება, როცა მორწმუნეები თავად ეწინააღმდეგებიან ეკლესიის მხრიდან ზიარების წესის შეცვლას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს იქნება ურწმუნოების გამოხატულება.

მე სამეცნიერო მოღვაწეობა ტერმინი „მადლის“ გამოკვლევით დავიწყე, როგორ გვესმის ეს სიტყვა საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ებრაული ტერმინი „ხესედ(חֶסֶד)“, რაც „ძველ აღთქმაშია“ და ბერძნული „ხარის (χάρις)“, ქართველებს ესმით, როგორც მუხტი, ანუ ეს სიტყვა საქართველოში ენერგეტიკულად  უფრო არის გაგებული, ვიდრე სულიერი თვალსაზრისით. ადამიანები ფიქრობენ, რომ გარკვეული რიტუალის შემდეგ მათ მიეცემათ ფიზიკური ენერგია, წარმოუდგენიათ, რომ მადლის გადახურდავება შეიძლება კილო-ჯოულებში თუ ვოლტებში. ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა, რადგან ნებისმიერი რიტუალი მიმართულია ადამიანის სულიერი სამყაროსკენ და მიზნად ისახავს ადამიანის შინაგან გარდასახვას და არა ფიზიკურ გარდაქმნას, „რედ ბულივით“ რაღაც ენერგიით შევსებას. გამიგია თავად მორწმუნეებისგანაც, რომ, მაგალითად, ზამთარში უფრო ხშირად ეზიარებიან, გრიპი არ შემხვდებაო, ან როცა ბავშვებს აზიარებენ, აღარ დაავადდებიანო.

როცა სიცოცხლეს არ უფრთხილდები, არ ფიქრობ, რომ სენი შესაძლოა, სხვასაც გადაედოს, მაშინ რიტუალში მონაწილეობა არის ანტიქრისტიანული ქმედება, რადგან ღმერთი ყველგან არის. საქართველოს ეკლესიას შეეძლო ამაზე გაეკეთებია აქცენტი: არსებობს უამრავი რიტუალი, რომლის გაკეთებაც შეიძლება სახლში, მაგალითად, მრევლისთვის მოეწოდებინათ, სახლში ეკითხათ წმინდა წერილი და სასულიერო ლიტერატურა, თუმცა ასეთი ლიტერატურა ინტერნეტსივრცეში არც თუ უხვად მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკა არსებულთაგან ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც მუშაობს.

წლების წინ ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში „ქრისტიანობის კრიზისია“. რა შეგიძლიათ უწოდოთ ამ მოცემულობას, რაც ზიარებასთან დაკავშირებით ხდება? 

ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში ადამიანებს აინტერესებთ არა ქრისტიანობა და მისი არსობრივი მხარე, არამედ რიტუალისტური და ფიზიკური განზომილება. ეს ქცევა, როცა არ უფრთხილდები სხვის სიცოცხლეს, უკვე კრიზისი კი არა, არამედ ანტიქრისტიანული ქცევაა. მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ მაშინ შეიწუხებს თავს ამ საკითხით, თუკი რომელიმე ეპისკოპოსი დაავადდება ამ ვირუსით, ან შედეგად რომელიმე მათგანს უფალი თავისთან მოუხმობს. სხვაგვარად მათ არ აინტერესებთ, მრევლში რა ხდება.

რამდენიმე სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს. თქვენ რა გადაწყვეტილებას ელოდებით 20 მარტს, როცა სინოდი შეიკრიბება? 

სინოდი იკრიბება, რადგან რუსულმა ეკლესიამ შეცვალა ზიარების წესი. სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, უერთდება თუ არა ამ მოდელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის წინააღმდეგ არ წავა, ქრისტე მეორედაც რომ მოვიდეს. ეს სასულიერო პირები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს ზიარების წესის შეცვლაზე, საპატრიარქოს რუპორები არიან და თუ გავითვალისწინებთ მათ როლს საპატრიარქოს კარზე, ისინი ერთგვარ მოთელვით სამუშაოს ასრულებენ. საქართველოს საპატრიარქოც სავარაუდოდ, რუსულ მოდელს მიიღებს.

 

 

ბათუმის საკარანტინო დაწესებულებაში ერთი პირი იძულებით გადაიყვანეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი ერთი პირი, რომელიც თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა, სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან“ – აცხადებს შსს.

ავარია ბათუმში, პოლიციის შენობის წინ

ავარია მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. პოლიციის შენობის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მილანში ჩასული ჩინელი ექიმების სოლიდარობის გზავნილი იტალიას

“ჩვენ ტალღები ვართ იგივე ზღვიდან, ფოთლები იმავე ხიდან და ყვავილები იმავე ბაღიდან,” – ამ შინაარსის წარწერით გაშალეს ბანერი დღეს, 18 მარტს, მილანში, მალპენზას აეროპორტში ჩასულმა ჩინელმა ექიმებმა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებმა.

მოგვიანებით მათ განმარტეს, რომ ეს იყო სოლიდარობის და იმედის გზავნილი ჩინეთიდან მთელი იტალიისათვის.

ეს ჩინელი ექიმების მეორე გუნდია, რომელიც იტალიელი ექიმების დასახმარებლად ჩავიდა. მათ თან 400 ათასი სამედიცინო ნიღაბი და სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთი ჩაიტანეს, მათ შორის: მედიკამენტები,  რესპირატორები და სპეციალური აღჭურვილობა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან სამუშაოდ.

იტალიური გამოცემების ცნობით, მომდევნო დღეებში იტალიაში ჩინეთიდან 300 ექთანი და ექიმი ჩავა მათ დასახმარებლად.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჯამში თითქმის 3 ათასს მიაღწია. 18 მარტს Covid-19-ით იტალიაში 475 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 713 შემთხვევა, ინფიცირებულთაგან 4 000 განიკურნა.

ყველაზე მეტად ვირუსმა ლომბარდიის რეგიონი დააზარალა, სადაც ერთი დღის განმავლობაში სიკვდილის 319 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა ბათუმში

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოჯახი ეძებს ქალს, რომელიც გუშინ, 17 მარტს გავიდა სახლიდან ბათუმში, აბაშიძის ქუჩიდან.

როგორც ფეისბუქზე წერენ, სადაც აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ქალი ბოლოს კამერებმა ბათუმში, ე.წ. „ხოფის“ ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

ქალს აცვია ნაცრისფერი გრძელი დუტი, ლურჯი შარვალი და თეთრი ფერის ბოტასები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

„მადლიერების ტაში“ ექიმებს ბათუმიდან

დღეს, საღამოს 9 საათზე, ბათუმის მრავალსართულიანი სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდან გაბმული ტაშის ხმა გაისმა. ბათუმი შეურთდა აქცია/პერფორმანსს რომელიც ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად გაიმართა საქართველოში.

ამ ფორმით აქციის მონაწილეები მადლობას უხდიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომლებიც ბოლო პერიოდია კორონავირუსს ებრძვიან.

ვირტუალური მოგზაურობა ვერსალში, პომპეიში, პარიზის ოპერასა და ვან გოგის მუზეუმში

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით თვითიზოლაცია და შინ დარჩენა ვირუსის გავრცელების შემაფერხებელი ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შინ დარჩენა არც ისე მარტივია.

ამ პრევენციული ქმედების წასახალისებლად ქართულ პლატფორმებზე saba.com.ge და lit.ge ერთი თვით უფასო გახდა ყველა წიგნზე წვდომა.

მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილმა მუზეუმმა, ბიბლიოთეკამ და თეატრმა ბოლო დღეების განმავლობაში დაიწყო ისეთი რესურსების გასაჯაროება, რაც აქამდე ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ზოგი ვებგვერდი მომხმარებლებს სხვადასხვა პროფესიის უფასო ონლაინკურსებსაც კი  სთავაზობს. სხვადასხვა რესურსზე თავისუფალი წვდომის შესახებ ყოველდღე ქვეყნდება ახალი ინფორმაცია.       

ჩვენ რამდენიმე ასეთ ვებგვერდს გირჩევთ.

პარიზის ოპერა

                              

პარიზის ოპერის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ 7 ცნობილი საოპერო სპექტაკლი ნახოთ. ვებგვერდი ვიზიტორებისთვის 6 დღით იქნება უფასოდ ხელმისაწვდომი.

  • პუჩინის „მანონ ლესკო“ 17 დან 22 მარტამდე
  • მოცარტის „დონ ჟუანი“ 23 დან 29 მარტამდე
  • ჩაიკოვსკის „გედების ტბა“  30 დან 5 აპრილამდე
  • როსინის „სევილიელი დალაქი“ 6 დან 12 აპრილამდე
  • რობინსის ბალეტის საღამო 13 დან 19 აპრილამდე
  • ოფენბახის „ჰოფმანის ზღაპრები“ 20 დან 26 აპრილამდე
  • ბიზეს „კარმენი“ 27 დან 3 მაისამდე

საოპერო სპექტაკლების ჩანაწერები უფასოდ შეგიძლიათ ნახოთ ასევე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის გვერდზეც. საოპერო სპექტაკლების ჩანაწერების უფასოდ გავრცელების ინიციატივა კორონავირუსის ფონზე თავიდან სწორედ ნიუ იორკის ოპერას ჰქონდა.

ლუვრი

კორონავირუსის გამო ლუვრი საფრანგეთში აპედემიის აფეთქებისთანავე დაიკეტა, მაგრამ ვებგევრდზე შეგიძლიათ მუზეუმის სხვადასხვა დარბაზი და ექსპონატები ონლაინტურის საშუალებით დაათვალიეროთ.

10 000 უფასო წიგნი

Amazon.com-ზე ყველასთვის ხელმისაწვდომია 10 000 წიგნი. ეს თავისუფალი რესურსი სხვადასხვა ქვეყნის პოპულარულ კლასიკურ ლიტერატურას მოიცავს – სხვადასხვა ენაზე. თავისუფალი წიგნებით სარგებლობისთვის საჭიროა free Kindle Reading app  – აპლიკაციის გადმოწერა.

პომპეი და ჰერკულანუმი

იტალიის პომპეისა და ჰერკულანუმის არქეოლოგიური მუზეუმები ვირტუალურ ტურებს სთავაზობენ დამთვალიერებლებს. იტალიაში რომის კოლიზეუმისა და ფლორენციის უფიცის გალერეის შემდეგ ეს ადგილები ტურისტების სიმრავლით ყველაზე გამორჩეულია.

პომპეის გვერდზე ვიდეოტურში ვულკან ვეზუვის ფერფლში დაფარული ქალაქის შესახებ გიამბობენ, რომელიც ნეაპოლთან მდებარეობდა. ვიდეოეფექტებით ქალაქის აღდგენითი სამუშაოების სხვადასხვა ეტაპები შეგიძლიათ დაათვლიეროთ.

ჰერკულანუმი ასევე ქალაქი იყო ვულკან ვეზუვთან ძალიან ახლოს და ფერფლით დაიფარა პომპეის მსგავსად. ვიდეოტურით ამ ქალაქის შესახებაც გაიგებთ და ექსპონატებსაც დაათვალიერებთ.

მას შემდეგ, რაც იტალია დახურულ ზონად გამოცხადდა,  ქვეყნის სხვა მუზეუმებიც ცდილობენ გააქტიურონ პლატფორმები სოციალურ ქსელებში.

ვერსალის სასახლე

 

ვერსალის ონლაინვერსია ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელი დისტანციური მუზეუმია 3D ფორმატში, სადაც სასურველ დისტანციაზე შეგიძლიათ ახლოს და შორიდან ნახოთ სარკეებიანი დერეფნები, დარბაზები, ექსპონატები, ნახატები და მუზეუმის ბაღებშიც შეგიძლიათ ვირტუალურად გასეირნება.

ონლაინტელესკოპი

რახან თვითიზოლაცია არსებულ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია და ვერც აბასთუმნის ობსერვატორიაში მოახერხებთ  წასვლას დროებით, შეგიძლიათ ონლაინპლატფორმა worldwidetelescope.org-ზე ჩაიხედოთ ტელესკოპში, აარჩიოთ სასურველი პლანეტა და ახლოდან დაათვალიეროთ, ძებნის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ დედამიწა, ცა, მზის სისტემა, პლანეტები და ვარსკვლავები. შეგიძლიათ ახალდაბადებულ ან ჩაქრობის პირას მყოფ ვარსკვლავებს და ახალ გალაქტიკებს დააკვირდეთ.

ვან გოგის მუზეუმი

ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმიც 3D ვირტუალურ ტურს გთავაზობთ, შესაძლებელია ასევე ტილოების კარგი ხარისხის ფოტოების დათვალიერება, ამ რესურსებში მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებია განთავსებული.

ონლაინკურსები

Ivy League courses ონლაინსწავლების ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ბრაუნის, ჰარვარდის, კორნელის, კოლუმბიის, იელის, პენსილვანიისა და სხვა უნივერსიტეტების ონლაინრესურსებს. გვერდზე ლექციები უნივერსიტეტებისა და დარგების მიხედვითაა დაყოფილი, შეგიძლიათ აარჩიოთ სასურველი მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, პროგრამირება, ჯანმრთელობა, მედიცინა და ა.შ.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი

ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპონატებით შეიქმნა და უამრავი ადამიანია ჩართული მისი გაციფრულების პროცესშიც. მუზეუმი 1870 წელს დაარსდა და მას შემდეგ იშვიათი ექსპონატების ნამდვილ საბადოდ იქცა. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ დიორის, შანელის ცნობილი კოლექციები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერამიკისა და შუშის ნაკეთობების გალერეა, ფერწერული ტილოები და ა.შ.

ფოტოგრაფიის მუზეუმი

ამ ვირტუალურ პლატფორმაზე შეგიძლიათ დაგეროტიპის პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა პერიოდის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფების კადრები დაათვალიეროთ. ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლისას ტექსტში მოცემულია საკვანძო სიტყვებზე, რომლის მიხედვითაც თემებადაა დალაგებული ფოტორესურსები, ამგვარად შეგიძლიათ ერთსა და იმავე თემაზე გადაღებული სხვადასხვა პერიოდის ფოტოები დაათვალიეროთ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ფოტოს ახლავს აღწერა, კადრების თვალიერებისას  ამერიკის არაფორმალურ ისტორიასაც ეცნობით.

დედოფალ სოფიას მუზეუმი მადრიდში

1900 წელს დაარსებული მუზეუმი თავიდან სამხატვრო ცენტრად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ექსპონატების მრავალფეროვნებამ დედოფალ სოფიას ცენტრი მუზეუმად აქცია. კუბიზმი, თანამედროვე ხელოვნება, სკულპტურები, ესპანეთის სამოქალაქო ომი, ფოტორესურსები და ა.შ. – ვირტუალური კოლექციები  მუზეუმის ვებგვერდზე თემატურადაა დალაგებული.

როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას

„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს.

„ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, სადაც ონლაინგაკვეთილების ჩატარებას ცდილობენ პედაგოგები. ერთ-ერთი თაგოს საჯარო სკოლაა, სადაც ამჟამად 23 მოსწავლესთან ცხრა მასწავლებელი მუშაობს.

სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე გვეუბნება, რომ დისტანციურმა სწავლებამ ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დაყენა, რადგან სკოლაში ამის გამოცდილება არცერთ მასწავლებელს არ აქვს.

„გამოცდილება ნულია, ჩემს სკოლაში კი არა, მგონი მთელს ხულოშიც არავის არ აქვს ონლანგაკვეთილების ჩატარების პრაქტიკა, რადგან აქამდე არც მოთხოვნა იყო და არც საჭიროება“-გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, მთავარი პრობლემა მაინც ინტერნეტის უქონლობა ან უხარისხო ინტერნეტია. „მე თვითონ 3 დღეა რაც ვზივარ და ვსწავლობ, როგორ დავრეგისტრირდე იმ პროგრამაში, რომელიც სამინისტრომ გვირჩია. ვეხმარები მოსწავლეებსაც, თუმცა ზოგან არც იხსნება და ასე ვწვალობთ.

ზოგ პედაგოგს აქვს ინტერნეტი, ზოგს – არა, ალბათ რესურსცენტრში მიდიან ან ახლობელთან  და ისე მუშაობენ. მოსწავლეებსაც ასეთივე პრობლემები აქვთ. მშობლებიც გვპირდებიან – რამეს ვიზამთო“ – გვეუბნება დირექტორი.

მისი თქმით, იყო რეკომენდაცია, რომ იმ ბავშვებს, ვისაც ინტერნეტზე არ აქვთ წვდომა, სასწავლო რესურსი წერილობით მიაწოდონ. „შემოგვთავაზეს, რომ მასალები ამოვბეჭდოთ და გავუგზავნოთ ბავშვებს, მაგრამ მიმტანიც ხომ სჭირდება? თუ სკოლაში დავიბარებთ, ესეც კონტაქტი გამოდის“ – ამბობს ილია ბოლქვაძე.

ის ამბობს, რომ სკოლა ახალ პლატფორმაზე გადასვლას სწავლობს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ სახელმწიფო მათ ინტერნეტით დაეხმარება.

„პრემიერმა პირდაპირ გაგვცა პასუხი, თავს ნუ ვიტყუებთ, ვიცით რომ არ გვაქვს (ინტერნეტით) მომარაგებაო და ვის მოვთხოვოთ. თუმცა სიხშირის გაზრდა აუცილებელია,  ეს ინტერნეტი ჩატსაც (chat) არ ხსნის, ერთი ადამიანი როცა საუბრობს, მაშინ გვეშლება ხელი და 7-8 მოსწავლე რომ ჩავრთოთ, არამგონია TEAMS-ი გამოვიყენო. დავიწყებთ და ვნახოთ რა გამოვა“- ამბობს ილია ბოლქვაძე.

უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი შუახევში. მაგალითად, სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი რომან კონცელიძე ამბობს, რომ TEAMS-ი გაააქტიურეს და „შესაბამისად მოქმედებენ“, თუმცა, მოსწავლეების უმრავლესობას ინტერნეტთან წვდომა ტელეფონით აქვთ და პაკეტის ყიდვა ძვირი უჯდებათ.

„45 წუთი მაინც გვჭირდება ონლაინგაკვეთილისთვის. ამას დაახლოებით 5 ლარის ინტერნეტი მაინც მაინც მიაქვს. ზოგს მეტიც სჭირდებათ, გააჩნია ვინ რამდენ მეგაბაიტს მოიხმარს, ამიტომ ხან მესიჯებით ვაგზავნით დავალებებს, ხან მეილით“ – ამბობს რომან კონცელიძე.

სოფელი პატარაა და სკოლაშიც 13 მოსწავლე სწავლობს. ამიტომ დირექტორი იმედოვნებს, რომ მათ სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფას როგორმე შეძლებენ.

გია ბარამიძე, ქედაში, სოფელ მერისის სკოლის დირექტორია. სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს და დირექტორი ამბობს, რომ აქედან სულ ცოტა 140 მოსწავლე ინტერნეტთან წვდომას ახერხებს.

„მასწავლებლების უმრავლესობაც ჩართულია ონლაინპროგრამების გამოყენების პროცესში და სხვადასხვა ხერხით აწვდიან მოსწავლეებს მასალებს“ – გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, მოსწავლეები ინფორმირებული არიან იმის შესახებ, თუ რომელ საათზე რომელი საგნის გაკვეთილი დაიწყება ონლაინ და ისინიც ამ დროისთვის პროგრამაში შემოდიან.

„დღეს 3 ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტი, ამიტომ უნდა ამოვუბეჭდოთ დავალებები და გავუგზავნოთ. ზოგს ტელეფონზე ურეკავს მასწავლებელი და ისე აძლევს დავალებებს“ – გვეუბნება დირექტორი.

გია ბარამიძე ამბობს, რომ თუკი სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ხარისხიანი ინტერნეტი შეღავათიან ფასად მიეწოდებოდეს, მაშინ უფრო გაუადვილდებათ საქმე:

„მაშინ არც მშობელი იტყვის, რომ ინტერნეტის ფული არ მაქვსო, რადგან არის შემთხვევები, როცა მშობელი ამბობს – ამ თვეში არ მიმუშავია და ინტერნეტს ვერ გადავიხდიო“.

ონლაინგაკვეთილების ჩატარების საჭიროება სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებამ გააჩინა, რადგან მსოფლიოში  covid-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით, საჯარო სივრცეებში მუშაობის პროცესი შეაჩერა და უწყებებს რეკომენდაცია მისცა დისტანციურად გააგრძელონ მუშაობა.

_______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/მანანა ქველიაშვილი

ამავე თემაზე:

როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს, სასწრაფოდ გააძლიერონ აგრესიული ტესტირების ზომები COVID-19-ის წინააღმდეგ, რადგანაც დადასტურებული შემთხვევები 480-ს გადასცდა და ინფექციას შეეწირა 8 სიცოცხლე. 

ფოტო: Piyush Goyal/twitter

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჯანმოს წევრი 11 ქვეყნიდან რვამ დაადასტურა  COVID-19-ის შემთხვევები. ტაილანდს აქვს 177 დადასტურებული შემთხვევა, ინდონეზიას – 134, ინდოეთს – 125, შრი ლანკას – 19, მალდივებს – 13, ბანგლადეშს – 5, ნეპალსა და ბჰუტანს – თითო-თითო. ეს რიცხვები მზარდია.

„დასტურდება ვირუსის გადაცემის ახალი კლასტერები. რიცხვებს რომ შევხედოთ, ზოგიერთი ქვეყანა აშკარად მიიწევს COVID-19-ის  შიდა გადაცემისკენ,“ – განაცხადა ჯანმოს რეგიონალურმა დირექტორმა და დასძინა, რომ ეს ტენდენცია უნდა აღიკვეთოს. 

ფოტო: Piyush Goyal/twitter

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის მარტივ ღონისძიებებს ახლა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ხელის ჰიგიენის დაცვის, დაცემინებისას და დახველებისას პირზე ხელის აფარების და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობა შეუფასებელია. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი არსებითად შემცირდეს ინფექციის გადაცემა,“ –  თქვა დოქტორმა კჰეტრაპალ სინგჰმა. 

თუ შიდა გადაცემის შემთხვევები მოიმატებს, ქვეყნებს მოუწევთ გააძლიერონ და დააჩქარონ საპასუხო ქმედებები, ვირუსის გადაცემის ტემპის შესანელებლად და ეპიდემიის აღსაკვეთად. 

ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება საგანგებო მექანიზმების განსაკუთრებული გაძლიერება. პაციენტებით გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, სამკურნალო დაწესებულებებისა და საავადმყოფოების ქსელებს მოუწევთ გააქტიურება.

თვითიზოლაცია იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სუსტი სიმპტომები აქვთ, ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ  ქმედებად რჩება, რათა შემსუბუქდეს ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლილი ტვირთი და შემცირდეს ვირუსის გადაცემები. 

ამის პარალელურად კვლავ აუცილებელი იქნება შემოწმდეს ყველა საეჭვო შემთხვევა, ასევე სიმპტომატური კონტაქტები შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევებისა.

მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შეჩერდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. სამინისტრომ   გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული  რეკომენდაციების შესაბამისად მიიღო.

უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

სამინისტროს განმარტებით მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ ასევე  სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით [sa.gov.g]), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

20 მარტიდან მოქალქეებს შეეძლებათ  მომსახურების სააგენტოს  მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე, დროებით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრები.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

როდის აღდგება სერვისების მიწოდება სრულად, შსს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

საქართველო-თურქეთს შორის მგზავრთა მიმოსვლა სამივე სასაზღვრო პუნქტზე შეიზღუდა

საქართველო-თურქეთს შორის მგზავრთა მიმოსვლა დროებით შეწყვეტილია.  დღეს, 18 მარტს, დაიხურა ვალესა და კარწახის სასაზღვრო გამშვები პუნქტებიც.  ინფორმაციას ამის შესახებ CNN TURK-ი ავრცელებს.

საზღვარზე თავისუფლად გადაადგილდებიან სატვირთო ავტომობილები და შეთანხმებისამებრ, ტვირთბრუნვა შეუფერხებლად გაგრძელდება.

თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად 15 მარტს, საღამოს  18:00 საათზე, შეწყდა. 18 მარტამდე ღია იყო ვალე და კარწახი.

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ. შეზღუდვები 2020 წლის 18 მარტის 00:00-დან ამოქმედდა და ძალაში ორი კვირის განმავლობაში იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა შემდეგი  პირებისა:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;
  • შერეული ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები…);
  • მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირები – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;
  • სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები;
  • ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად. 

სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

„მედცენტრში“ სისხლის ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება

მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ სისხლის ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება.

18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მოგვმართოს და გახდეს უანგარო დონორი.

ვინ შეიძლება იყოს დონორი

[checklist]

  • ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ინფექციური დაავადება, არ ჰქონია კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, არ არის დისპანსერულ აღრიცხვაზე – ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!

[/checklist]

რა პროცედურას გადის სისხლის უანგაროდ გაღების მსურველი

[checklist]

  • ექიმი სამედიცინო კითხვარის მიხედვით გაესაუბრება დონორს
  • ხდება პირველადი სამედიცინო დათვალიერება
  • კეთდება მოკლე ანამნეზი
  • მოწმდება წონა, ტემპერატურა და პულსი

[/checklist]

აღებული სისხლის ნიმუშის მიხედვით განისაზღვრება: ჰემოგლობინი, სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორები.

ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, დონორი გადადის დონაციის ოთახში.

„მედცენტრის“ სისხლის ბანკში ხდება სისხლის აღება, დამუშავება, შენახვა და გაცემა.

სამუშაო საათები: 10-დან 18 სთ-მდე

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

თქვენ შეგიძლიათ სიცოცხლის გადარჩენა!

 

Exit mobile version