Batumelebi | როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს – Batumelebi

როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა.

მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელია. ის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წელს გახდა.

მანანას აზრით, სპონტანურად ონლაინსწავლებაზე გადასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ბევრ ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ზოგიერთს კი არც კომპიუტერი აქვს სახლში.

მანანა კაპეტივაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

„ბავშვების დაახლოებით 8-10 პროცენტი ონლაინში შემოსვლას ვერ ახერხებს,“ – გვეუბნება ის. მანანა კაპეტივაძე ონლაინპლატფორმებიდან ყველაზე აქტიურად „ზუმს“ (Zoom) იყენებს, რადგან მისი თქმით, პროგრამა სინქრონული გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

„ზუმში“ კარგია ის, რომ ყველა ბავშვს ხედავ, ყველას შეუძლია ხელი აწიოს, გააჩუმო, როცა ხმაურობენ, გაუზიარო თეთრი დაფა, გაუზიარო ბმულები და ა.შ. მარტივია და კარგი.

ძალიან კარგია Kahoot-ის პლატფორმა. შემაჯამებელ გაკვეთილებზე ვიყენებ ხოლმე, QUIZLET-ის მსგავსი პროგრამაა ესეც და ძალიან საინტერესოა. ბავშვებს მოსწონთ ძალიან, მაგრამ kahoot-ს აქვს ე.წ. გამოწვევის [challenge] ფუნქცია, რომელსაც უგზავნი ბავშვებს და ისინი დამოუკიდებლად აკეთებენ დავალებებს. თუმცა მეც ვხედავ ონლაინ რომელმა რამდენი ქულა დააგროვა, რამდენი სწორი პასუხი გასცა და ა.შ.“

მანანა კაპეტივაძე ამბობს, რომ ონლაინპლატფორმების შესახებ ცოდნას იმ კოლეგებსაც უზიარებს, რომლებიც ამით დაინტერესებულნი არიან.

„ფეისბუქში შექმნილი მაქვს ყველა კლასის დახურული ჯგუფები, სადაც ვაზიარებ დავალებებს, თუ რა შეუძლიათ, რომ დამოუკიდებლად გააკეთონ მოსწავლეებმა, წაიკითხონ ან ტესტები შეავსონ, ქვიზები გააკეთონ… ძალიან საკომუნიკაციო და სახალისო დავალებებს ვაძლევ ხოლმე“ – გვეუბნება მანანა კაპეტივაძე.

სამინისტრომ პედაგოგებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად TEAMS-ის პროგრამის გამოყენება ურჩია, თუმცა როგორც მანანა კაპეტივაძე გვეუბნება, მან არჩევანი მაინც „ზუმზე“ შეაჩერა.

„ყველას თავისი მეთოდი აქვს. ზოგიერთი ჩემი კოლეგა იყენებს „დისქორდსაც“, მაგრამ მე ამ პროგრამას უფრო მოვერგე“ – ამბობს ის. მანანა კაპეტივაძე ასევე საუბრობს სხვა ტექნიკურ გამოწვევაზეც. მისი თქმით, მაგალითად, პირველკლასელთა ბუქებში „ზუმის“ ჩამოტვირთვა არ ხერხდება, რადგან ამისთვის ადმინისტრატორის თანხმობაა საჭირო. პედაგოგის თქმით, ონლაინგაკვეთილებს ზოგიერთი მასწავლებელი სკეპტიკურად უყურებს:

„ამბობენ, რომ „არ იმუშავებს“, „ბავშვები არ შემოვლენ“, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ამ პლატფორმას ბავშვები უნდა მივაჩვიოთ და შემდეგ ისინი თვითონ ასწავლიან ერთმანეთს და ცოდნასაც გაუზიარებენ“.

ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2017 წელს გახდა.

ლადო ამბობს, რომ ონლაინპლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ამ რეჟიმზე გადასვლას სკოლა ვერ შეძლებს:

„სინქრონული გაკვეთილი რომ გავაკეთოთ, ამას ძალიან დიდი აპარატურა სჭირდება. განათება, მიკროფონი, ვიდეოკამერები, ამის საშუალება არც სკოლას აქვს და არც მასწავლებლებს. Teams-ის პროგრამაში ჯერ არ მიმუშავია და გამოცდილებაც არ მაქვს, მაგრამ თუ ანგარიშებს გავააქტიურებთ, შევძლებთ მის გამოყენებას. ხვალისთვის გვაქვს ონლაინშეხვედრა დაგეგმილი სკოლაში და გადავწყვეტ, რას ვიზამთ.“

ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავა ყველაზე აქტიურად ფეისბუქის ჯგუფებს იყენებს მოსწავლეებთან ონლაინურთიერთობისთვის. „ვაწვდი საინტერესო ფილმებს, დავალებებს. ზოგიერთი მოსწავლე ხუმრობს კიდეც – „ახლა მოგინდათ ციფრული კომპეტენციები ჩვენგან? აბა, კლასში რომ გვიკრძალავთ ტელეფონის გამოყენებასო?“ არადა, სამომავლო გამოწვევები სწორედ ციფრული კომპეტენციებია და ჯერ ჩვენ, პედაგოგები უნდა მოვემზადოთ და ისე ვასწავლოთ მოსწავლეებს“.

ლადო აფხაზავას თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც უხარისხო ინტერნეტი და ტექნიკური აღჭურვაა.

„იმ ჯგუფებშიც კი, რომლებიც შექმნილი მაქვს, ყველა მოსწავლე არ შემოდის. ზოგიერთს ინტერნეტი არ აქვს. მეც, როცა მინდოდა ყველაფერი კარგად დამემუშავებინა, არ მქონდა ინტერნეტი, კრედიტი ავიღე 2 ლარის და ჩავრთე, მაგრამ მალევე ამოიწურა. სკოლაში მაინც რომ იყოს ხარისხიანი ინტერნეტი, მივალ, დავჯდები და ვიმუშავებ ღამემდე, მაგრამ არც სკოლის ვარგა. ტრიალებს, ტრიალებს და ვერ გაიგებ, როდის შედის ან გამოდის,“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

ის ამბობს, რომ სკოლას დამუშავებული აქვს ინფორმაცია, ბავშვების რა ნაწილს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს. „ამიტომ, გაკვეთილებს ამ ეტაპზე ონლაინრეჟიმში არ ვატარებთ, მაგრამ ვაზიარებთ საინტერესო და საჭირო ონლაინრესურსებს, ელექტრონულ წიგნებზეც წვდომა არსებობს, ასე. რომ ყველაფერი დაძლევადია“.

მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია.

ის ამ ეტაპზე არ მუშაობს მოსწავლეებთან ონლაინ, რადგან მისი თქმით, ამის რესურსი არ არსებობს. „teams-ის პლატფორმაში მუშაობის გამოცდილება მაქვს და სხვა მასწავლებლებისთვისაც გამიწევია ფასილიტაცია, მაგრამ რომ დავრეგისტრირდეთ ყველა ამ პროგრამაში და დავიწყოთ მუშაობა, ჯერჯერობით ამ დონეზე არც მასწავლებლები არ ვართ, აღარ ვლაპარაკობ ჩაშენებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რასაც, ასევე, გამოცდილება სჭირდება“.

გიორგი ჭაუჭიძე

გიორგი ჭაუჭიძე მოკლე დროში ონლაინგაკვეთილებზე გადასვლის შესაძლებლობას ვერ ხედავს. „მიჩვევა უნდა. თუმცა, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩემს თავს ვერ ვხედავ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ონლაინ წარვმართავდე გაკვეთილს. მე პირადად არ ვარ ამისთვის მზად,“ – გვეუბნება ის.

მისი თქმით, არსებულმა სიტუაციამ განათლების სისტემას უბიძგა, რომ ნელ-ნელა გაიზარდოს სისტემაში ონლაინინსტრუმენტების გამოყენება.

„ახლა უფრო მძაფრად ვიგრძენით ამის საჭიროება. შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ ამ სასწავლო წელს რამდენად მოხერხდება ეს, ვერ გეტყვით.

ამას სჭირდება სიტუაციის შესწავლა სკოლა-სკოლა, სოფელ-სოფელ, დაგეგმვა, მოსწავლეების, სკოლების ტექნიკური რესურსებით აღჭურვა. ჩემი გათვლებით, თუ ამაზე იმუშავებს სახელმწიფო, სექტემბრისთვის ალბათ გარკვეულწილად იქნება შესაძლებელი მომზადება,“ – გვითხრა გიორგი ჭაუჭიძემ.

კორონავურისის საფრთხის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილამდე შეჩერებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com