მთავარი,სიახლეები

მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შეჩერდა – შსს

18.03.2020 •
მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შეჩერდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. სამინისტრომ   გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული  რეკომენდაციების შესაბამისად მიიღო.

უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

სამინისტროს განმარტებით მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ ასევე  სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით [sa.gov.g]), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

20 მარტიდან მოქალქეებს შეეძლებათ  მომსახურების სააგენტოს  მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე, დროებით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრები.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

როდის აღდგება სერვისების მიწოდება სრულად, შსს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: