მთავარი,სიახლეები

დეკანოზი იოანე: სინოდზე უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს

19.03.2020 • 2362
დეკანოზი იოანე: სინოდზე უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს

დღეს, 19 მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ბათუმის ქუჩების კურთხევა დაიწყო. ბათუმის გარდა აკურთხებენ ხელვაჩაურსა და ქობულეთს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით,  ქუჩების კურთხევა კორონავირუსს უკავშირდება.

„ჩვენ, სასულიერო პირები, მრევლთან და სტიქაროსნებთან ერთად გავალთ, ჩავატარებთ ლიტანიობას. უკვე წყალი ნაკურთხია. ლოცვა აღვლენილია. გავალთ და ქალაქის ქუჩებში ვაკმევთ საკმეველს. ნაკურთხ წყალს ვასხურებთ, რაც ერთგვარი გამოხატულებაა ეკლესიის მხრიდან ბრძოლისა ამ ვირუსთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში გავრცელებული,“ – უთხრა პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.

ბათუმის ქუჩების კურთხევა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

კითხვაზე, ხვალ, 20 მარტს, დაგეგმილ სინოდის სხდომაზე, განიხილება თუ არა ზიარების წესის შეცვლა, იოანე გორელიშვილმა თქვა:

„მე ზუსტად არ ვიცი სინოდი რა თემას განიხილავს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეკლესიისთვის მთავარი არ არის  ქმედება. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ქმედება, არამედ მოტივაცია ამ ქმედებისა. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, რატომ უნდა შეიცვალოს ან რატომ არ უნდა შეიცვალოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად წესები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და შეიძლება კიდევაც შეიცვალოს, მაგრამ მთავარი არის, რომ იყოს მოტივაცია სწორი. თუ მოტივაცია იქნება სწორი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქმედება იქნება გამართლებული“.

კითხვაზე, არის თუ არა მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვირუსი ეკლესიისთვის საკმარისი მოტივაცია, ეპარქიის პრესსპიკერი პასუხობს, რომ „ამასთან დაკავშირებით სინოდი იმსჯელებს“.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება ასევე აღდგომა. მრევლის შეკრების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს საზოგადოებაში.

„ამასთან დაკავშირებითაც სინოდი იმსჯელებს. უმთავრესი საკითხი ეს იქნება, როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს. ისტორიაში ყოფილა უფრო რთული ვირუსებიც. ისინი გადახედავენ ისტორიას, გადახედავენ საეკლესიო სამართალს, დოგმატიკას და იმისდამიხედვით გადაწყვეტენ,“ – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: