განათლება,სიახლეები

სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო

19.03.2020 • 3055
სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვაში, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები დაეხმარებიან.

„მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინრეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან მაღალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული პირები ვერ შეძლებენ პრობლემის მოგვარებას,  სამინისტროს განცხადებით,  რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები, რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით.

„მოხალისეები შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურსცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში დღეს დღის ბოლომდე,“ – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები გააქტიურებული აქვთ და შეუძლიათ ისარგებლონ ონლაინინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS-ს, OneNote-სა და სხვა.

„ბათუმელები“ არაერთ პედაგოგს და სკოლის დირექტორს ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც დღეს არსებობს სკოლებში ინტერნეტთან და ტექნიკურ აღჭურვასთან დაკავშირებით. დირექტორების თქმით, გარდა იმისა, რომ სკოლები უხარისხო ინტერნეტით მარაგდება, სოციალურად დაუცველ ბავშვებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტრესურსებთან, ბევრს არ აქვს ტელეფონი და კომპიუტერი.

სოფლის სკოლებში საუბრობენ იმაზეც, რომ სახელმწიფომ ასეთ პირობებში უნდა უზრუნველყოს ამ ბავშვების სპეციალური ინტერნეტპაკეტით უზრუნველყოფა.

განიხილეს თუ არა სამინისტროში ეს პრობლემა და ხომ არ აპირებს ამ მიმართულებით სამინისტრო თანხის გამოყოფას? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს არაერთხელ დაუსვა, თუმცა სამინისტროში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

რაც შეეხება ინტერნეტის ხარისხს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გვითხრეს, რომ  „ცუდი ინტერნეტი საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოშია“.

„მთელი მსოფლიო ინტერნეტშია შესული, გლობალური პრობლემაა. მეც ინტერნეტი ხან მაქვს, ხან – არა. ყველა სახლშია, ყველა ინტერნეტშია, მაიკროსოფთსაც პრობლემა აქვს,“- გვითხრა უწყების წარმომადგენელმა, ზაზა ტყემალაძემ.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება ტელევიზიითაც.

 

ამავე თემაზე:

მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები ტელევიზიითაც მიეწოდებათ – სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: