მთავარი,სიახლეები

რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მანქანის გაჩერებისთვის პოლიციელებს ესროლა

19.03.2020 • 3542
რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მანქანის გაჩერებისთვის პოლიციელებს ესროლა

მოსამართლე მარინა კიკნაძემ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც პოლიციელებს გურიაში ცეცხლი გაუხსნა. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა პოლიციელებს და მათ ავტომანქანას, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მძღოლს ავტომანქანა ქუჩაში გააჩერებინეს. შემთხვევა ოზურგეთში გასული წლის მარტში მოხდა.

„…საპირისპიროდ მოძრავმა მანქანამ გააკეთა არასწორი მანევრი, რის გამოც წარმოიშვა ეჭვი მძღოლის ალკოჰოლური თრობის თაობაზე, მოვატრიალე საპატრულო პოლიციის მანქანა და ხმამაღალი საძახისით მივმართე მძღოლს, გაეჩერებინა. დაძახებიდან დაახლოებით 300 მეტრში, უკიდურეს მარჯვენა მხარეს მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა,“ – მოუყვა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა.

ავტომანქანასთან მისულ პოლიციელს მძღოლის კარი ღია დახვდა, თუმცა მძღოლი ავტომანქანიდან არ გადმოვიდა. პოლიციელთან მძღოლის გვერდით მყოფი პირი მივიდა და უთხრა, რომ სიმთვრალეზე შემოწმება საჭირო არ იყო. პატრულის თანამშრომელმა მძღოლს ასევე მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა. ამ საუბრის დროს, გაჩერებული ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ბრალდებული გადმოვიდა და პოლიციელის, ასევე მისი სამსახურებრივი ავტომანქანისკენ რამდენჯერმე გაისროლა.

პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული პირველი გასროლის შემდეგ ფეხით გაიქცა და „შემთხვევის ადგილიდან მიმალვიდან კიდევ ორჯერ გაისროლა“. გასროლის შედეგად საპატრულო პოლიციის მანქანა დაზიანდა.

ბრალდებულმა ბრალი არ აღიარა და დუმილის უფლება არჩია, თუმცა სასამართლოს ჩვენება მისცეს იმ პირებმა, რომლებიც ბრალდებულთან ერთად იყვნენ ავტომანქანაში. მათ მოსამართლეს დაუდასტურეს, რომ იმ ღამით ნასვამი იყვნენ და სიგარეტის საყიდლად მიდიოდნენ, ხოლო ბრალდებული მათი თანასოფლელია და გზად შეხვდათ.

„…პატრულს როცა ვესაუბრებოდი, ამ დროს გავიგონე ორი-სამი გასროლის ხმა, უკან მივიხედე და დავინახე რომ ი. უკვე გარბოდა, მას მუქი ლურჯი შარვალი და მუქი ზედა ეცვა, ხოლო თავზე ნაქსოვი ქუდი ეხურა… ავტომანქანაში მჯდომმა პატრულის მეორე თანამშრომელმა მოაბრუნა მანქანა და დაედევნა, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან… შემდეგ პატრულ-ინსპექტორებმა გამომკითხეს გაქცეული პიროვნების შესახებ,“ – აღნიშნა მოწმემ, რომელიც შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა.

ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და შენახვა-ტარების მუხლითაც გაასამართლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: