მთავარი,სიახლეები

ვირტუალური მოგზაურობა ვერსალში, პომპეიში, პარიზის ოპერასა და ვან გოგის მუზეუმში

18.03.2020 • 8767
ვირტუალური მოგზაურობა ვერსალში, პომპეიში, პარიზის ოპერასა და ვან  გოგის მუზეუმში

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით თვითიზოლაცია და შინ დარჩენა ვირუსის გავრცელების შემაფერხებელი ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შინ დარჩენა არც ისე მარტივია.

ამ პრევენციული ქმედების წასახალისებლად ქართულ პლატფორმებზე saba.com.ge და lit.ge ერთი თვით უფასო გახდა ყველა წიგნზე წვდომა.

მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილმა მუზეუმმა, ბიბლიოთეკამ და თეატრმა ბოლო დღეების განმავლობაში დაიწყო ისეთი რესურსების გასაჯაროება, რაც აქამდე ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ზოგი ვებგვერდი მომხმარებლებს სხვადასხვა პროფესიის უფასო ონლაინკურსებსაც კი  სთავაზობს. სხვადასხვა რესურსზე თავისუფალი წვდომის შესახებ ყოველდღე ქვეყნდება ახალი ინფორმაცია.       

ჩვენ რამდენიმე ასეთ ვებგვერდს გირჩევთ.

პარიზის ოპერა

                              

პარიზის ოპერის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ 7 ცნობილი საოპერო სპექტაკლი ნახოთ. ვებგვერდი ვიზიტორებისთვის 6 დღით იქნება უფასოდ ხელმისაწვდომი.

  • პუჩინის „მანონ ლესკო“ 17 დან 22 მარტამდე
  • მოცარტის „დონ ჟუანი“ 23 დან 29 მარტამდე
  • ჩაიკოვსკის „გედების ტბა“  30 დან 5 აპრილამდე
  • როსინის „სევილიელი დალაქი“ 6 დან 12 აპრილამდე
  • რობინსის ბალეტის საღამო 13 დან 19 აპრილამდე
  • ოფენბახის „ჰოფმანის ზღაპრები“ 20 დან 26 აპრილამდე
  • ბიზეს „კარმენი“ 27 დან 3 მაისამდე

საოპერო სპექტაკლების ჩანაწერები უფასოდ შეგიძლიათ ნახოთ ასევე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის გვერდზეც. საოპერო სპექტაკლების ჩანაწერების უფასოდ გავრცელების ინიციატივა კორონავირუსის ფონზე თავიდან სწორედ ნიუ იორკის ოპერას ჰქონდა.

ლუვრი

კორონავირუსის გამო ლუვრი საფრანგეთში აპედემიის აფეთქებისთანავე დაიკეტა, მაგრამ ვებგევრდზე შეგიძლიათ მუზეუმის სხვადასხვა დარბაზი და ექსპონატები ონლაინტურის საშუალებით დაათვალიეროთ.

10 000 უფასო წიგნი

Amazon.com-ზე ყველასთვის ხელმისაწვდომია 10 000 წიგნი. ეს თავისუფალი რესურსი სხვადასხვა ქვეყნის პოპულარულ კლასიკურ ლიტერატურას მოიცავს – სხვადასხვა ენაზე. თავისუფალი წიგნებით სარგებლობისთვის საჭიროა free Kindle Reading app  – აპლიკაციის გადმოწერა.

პომპეი და ჰერკულანუმი

იტალიის პომპეისა და ჰერკულანუმის არქეოლოგიური მუზეუმები ვირტუალურ ტურებს სთავაზობენ დამთვალიერებლებს. იტალიაში რომის კოლიზეუმისა და ფლორენციის უფიცის გალერეის შემდეგ ეს ადგილები ტურისტების სიმრავლით ყველაზე გამორჩეულია.

პომპეის გვერდზე ვიდეოტურში ვულკან ვეზუვის ფერფლში დაფარული ქალაქის შესახებ გიამბობენ, რომელიც ნეაპოლთან მდებარეობდა. ვიდეოეფექტებით ქალაქის აღდგენითი სამუშაოების სხვადასხვა ეტაპები შეგიძლიათ დაათვლიეროთ.

ჰერკულანუმი ასევე ქალაქი იყო ვულკან ვეზუვთან ძალიან ახლოს და ფერფლით დაიფარა პომპეის მსგავსად. ვიდეოტურით ამ ქალაქის შესახებაც გაიგებთ და ექსპონატებსაც დაათვალიერებთ.

მას შემდეგ, რაც იტალია დახურულ ზონად გამოცხადდა,  ქვეყნის სხვა მუზეუმებიც ცდილობენ გააქტიურონ პლატფორმები სოციალურ ქსელებში.

ვერსალის სასახლე

 

ვერსალის ონლაინვერსია ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელი დისტანციური მუზეუმია 3D ფორმატში, სადაც სასურველ დისტანციაზე შეგიძლიათ ახლოს და შორიდან ნახოთ სარკეებიანი დერეფნები, დარბაზები, ექსპონატები, ნახატები და მუზეუმის ბაღებშიც შეგიძლიათ ვირტუალურად გასეირნება.

ონლაინტელესკოპი

რახან თვითიზოლაცია არსებულ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია და ვერც აბასთუმნის ობსერვატორიაში მოახერხებთ  წასვლას დროებით, შეგიძლიათ ონლაინპლატფორმა worldwidetelescope.org-ზე ჩაიხედოთ ტელესკოპში, აარჩიოთ სასურველი პლანეტა და ახლოდან დაათვალიეროთ, ძებნის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ დედამიწა, ცა, მზის სისტემა, პლანეტები და ვარსკვლავები. შეგიძლიათ ახალდაბადებულ ან ჩაქრობის პირას მყოფ ვარსკვლავებს და ახალ გალაქტიკებს დააკვირდეთ.

ვან გოგის მუზეუმი

ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმიც 3D ვირტუალურ ტურს გთავაზობთ, შესაძლებელია ასევე ტილოების კარგი ხარისხის ფოტოების დათვალიერება, ამ რესურსებში მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებია განთავსებული.

ონლაინკურსები

Ivy League courses ონლაინსწავლების ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ბრაუნის, ჰარვარდის, კორნელის, კოლუმბიის, იელის, პენსილვანიისა და სხვა უნივერსიტეტების ონლაინრესურსებს. გვერდზე ლექციები უნივერსიტეტებისა და დარგების მიხედვითაა დაყოფილი, შეგიძლიათ აარჩიოთ სასურველი მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, პროგრამირება, ჯანმრთელობა, მედიცინა და ა.შ.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი

ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპონატებით შეიქმნა და უამრავი ადამიანია ჩართული მისი გაციფრულების პროცესშიც. მუზეუმი 1870 წელს დაარსდა და მას შემდეგ იშვიათი ექსპონატების ნამდვილ საბადოდ იქცა. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ დიორის, შანელის ცნობილი კოლექციები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერამიკისა და შუშის ნაკეთობების გალერეა, ფერწერული ტილოები და ა.შ.

ფოტოგრაფიის მუზეუმი

ამ ვირტუალურ პლატფორმაზე შეგიძლიათ დაგეროტიპის პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა პერიოდის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფების კადრები დაათვალიეროთ. ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლისას ტექსტში მოცემულია საკვანძო სიტყვებზე, რომლის მიხედვითაც თემებადაა დალაგებული ფოტორესურსები, ამგვარად შეგიძლიათ ერთსა და იმავე თემაზე გადაღებული სხვადასხვა პერიოდის ფოტოები დაათვალიეროთ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ფოტოს ახლავს აღწერა, კადრების თვალიერებისას  ამერიკის არაფორმალურ ისტორიასაც ეცნობით.

დედოფალ სოფიას მუზეუმი მადრიდში

1900 წელს დაარსებული მუზეუმი თავიდან სამხატვრო ცენტრად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ექსპონატების მრავალფეროვნებამ დედოფალ სოფიას ცენტრი მუზეუმად აქცია. კუბიზმი, თანამედროვე ხელოვნება, სკულპტურები, ესპანეთის სამოქალაქო ომი, ფოტორესურსები და ა.შ. – ვირტუალური კოლექციები  მუზეუმის ვებგვერდზე თემატურადაა დალაგებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: