მთავარი,სიახლეები

ქოლერა ბათუმში და დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი” ტბა

19.03.2020 • 8363
ქოლერა ბათუმში და დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი” ტბა

1970 წლის ივნისში ბათუმის სამედიცინო ინსტიტუტში პრაქტიკაზე სტუდენტების 20-კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა. მათგან ერთ-ერთი ძალიან ცუდად გახდა და  რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ძლიერი გაუწყლოების ზუსტ მიზეზს ვერავინ არკვევდა. ექიმებს ბიჭი დიზენტერიით დაავადებული ეგონათ. ვერაფერი უშველეს და გარდაიცვალა.

ქოლერაზე ეჭვი პირველად იმდროინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს გიორგი ებუთიძეს გაუჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტს ქოლერა შეეყარა – ეს კი ნახევარი საუკუნის წინ დამარცხებული საშიში დაავადების დაბრუნებას ნიშნავდა, რასაც საგულდაგულოდ მალავდა საბჭოთა ხელისუფლება.

1970 წლის ზაფხულში ქოლერასთან ბრძოლის ამბებზე „ბათუმელებთან“ პროფესორმა რამაზ სურმანიძემ ისაუბრა. ის ამ დროს ბათუმის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი იყო და ქალაქში ქოლერის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

[red_box]„საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია“[/red_box]

ტაშკენტიდან ჩამოსული სტუდენტების ჯგუფი კარანტინში მოათავსეს. კარანტინში დარჩნენ ექიმებიც, ვისაც მათთან კონტაქტი ჰქონდა. ინფექციურ საავადმყოფოში გამოკეტილ პოტენციურ დაავადებულებს სპეცტანსაცმლითა და ნიღბებით აწვდიდნენ გარედან წყალსა და საკვებს. კარანტინი 3 თვეს გაგრძელდა. ჩაკეტილ ექიმებს ხელფასს ორმაგად უხდიდნენ, პროტესტი რომ არ გასჩენოდათ.

დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგიის შესამუშავებლად ბათუმელი ექიმები შტაბში იკრიბებოდნენ, შეხვედრებს ყოველთვის ესწრებოდნენ საბჭოთა არმიის წარმომადგენლები და აფრთხილებდნენ ექიმებს, არაფერი გაემხილათ პრესისთვის, არ ესაუბრათ საჯაროდ, ფოტოაპარატით არავინ უნდა მიეშვათ საკარანტინო სივრცეებამდე, საავადმყოფოებამდე.

1970 წლის ქოლერის ეპიდემიის შესახებ ბათუმში მხოლოდ შტაბში, სხდომებზე გადაღებულ ექიმების ფოტოებს თუ მიაკვლევთ.

საბჭოთა კავშირში ქოლერის დაბრუნების ამბავი ისტორიას არ უნდა შემორჩენოდა. არ უნდა შერყეულიყო ლოზუნგი, რომ „საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია“.

ამბავმა თავი მაინც არ დამალა და 1970 წლის ცხელ ზაფხულს ბათუმური სახლების ეზოებში თამაშისას ბავშვები ყიჟინით დასდევდნენ და აშინებდნენ ერთმანეთს – „ქოლერა მოდის, ქოლერა!“

[red_box]17 დაავადებული და 1 გარდაცვლილი ბათუმში[/red_box]

ამავე წელს ეპიდემიამ თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და ახალციხეშიც იფეთქა. ბათუმი პირველი ქალაქი იყო საბჭოთა კავშირში, საიდანაც კრემლში შეტყობინება გაგზავნეს ქოლერის ეპიდემიის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. შედეგად ჩაითვალა, თითქოს ბათუმიდან დაიწყო 1970 წლის ეპიდემია, სინამდვილეში კი, ქოლერა  უკვე მძვინვარებდა თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკაში.

ამბის დამალვას ცუდი შედეგი მოჰყვა. ადამიანები არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს, არ ერიდებოდნენ ერთმანეთს. ყველამ იცოდა, რომ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი არ იყო ცოტა, თუმცა ზუსტად არავინ იცოდა, სად რა ხდებოდა. რამაზ სურმანიძის თქმით, ეპიდაფეთქებისას ბათუში მხოლოდ 1 პაციენტი გარდაიცვალა, დაავადდა – 17. პაციენტებს შორის მხოლოდ ერთი იყო ქალი. ბათუმელმა ექიმებმა არ იცოდნენ, როგორ პროგრესირებდა ქოლერა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ არც ბათუმის მონაცემების მიწოდების უფლება ჰქონდათ დანარჩენი ქალაქებისთვის.

შეიქმნა სპეციალური კომისია. ბათუმს საგანგებო ვიზიტით ეწვია სსრკ-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გულბასოვი, ასევე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ბოჭორიშვილი. ყველა დაწესებულებას დაურიგდა განსაკუთრებულად საშიში ინფექციის ამომცნობი კითხვარი. ეს კითხვარი 1970 წლის ზაფხულში ყველა ექიმს სამუშაო მაგიდაზე ედო, საეჭვო შემთხვევა რომ არ გამოჰპარვოდათ.

აიკრძალა ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, მოსახლეობას მოუწოდებდნენ კარგად და ხშირად დაებანათ ხელები, რადგან ქოლერა ვიბრიონის [ბაქტერია] პირის ღრუში მოხვედრის შედეგად ვრცელდებოდა, იწვევდა ძლიერ ფაღარათს და გაუწყლოებას. დაავადებულებს ანტიბიოტიკებით გაჯერებულ სითხეს უსხამდნენ – ეს იყო მკურნალობის ძირითადი მეთოდი სხეულის გაუწყლოებისგან დასაცავად. ხელების ხშირი დაბანა დაავადებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური გზა იყო.

[red_box]კარანტინი[/red_box]

ეპიდემიისას ბათუმის პორტში გემებს თავისუფლად შემოსვლა აეკრძალათ. გემებს რეიდზე ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით აჩერებდნენ. სპეცტანსაცმლიანი, შებურული ექიმების ბრიგადა ადიოდა გემზე, აღრიცხავდნენ მეზღვაურებს, აკვირდებოდნენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ერთი კვირით – ქოლერის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში, გემზევე ტოვებდნენ.

ბათუმის ბულვარი 1970-იან წლებში. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან

1970 წლის 13 ივლისს ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩაიკეტა რკინიგზა, აეროპორტი, აიკრძალა მიმოსვლა ქალაქებს შორის. 1970 წლის ზაფხულში ბათუმში ჩამოსულ 56 ათას ტურისტს ერთკვირიანი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ქალაქიდან გასვლა აეკრძალა.

საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ რამაზ სურმანიძემ 56 ათასივე ტურისტს მოუწერა ხელი ცნობაზე, რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ და ბათუმის დატოვების უფლება უკვე ჰქონდათ.

[red_box]დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი“ ტბა[/red_box]

ქოლერის გამომწვევი ბაქტერია ნურის ტბაში ამოითესა. ბათუმელებისთვის საყვარელი ტბის ირგვლივ სეირნობა და მით უფრო, შიგ ბანაობა თითქმის სიკვდილს ნიშნავდა. შტაბში გამართულ სხდომაზე ექიმების ნაწილმა თქვა, რომ დაავადებული ტბა საშიში იქნებოდა ქალაქისთვის და აუცილებელი იყო მისი დაშრობა, ბოლოს კი – ხრეშით ამოვსება. მეორე ნაწილი ამ აზრს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა და ტბის „განკურნების“ მომხრე იყო.

ტბაში უკანონოდ შემავალი ნარეცხი წყლების დაერთებები გააუქმეს. შედეგად ნურის ტბა გასუფთავდა, ქოლერისგან გაიწმინდა და ხრეშით ამოვსებასაც გადარჩა.

ნურის ტბა. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან


მთავარ ფოტოზე: ნურის ტბა. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: