ბათუმში 25-სართულიან სახლზე დაშენებას აქ მცხოვრებლები აპროტესტებენ

ბათუმში, ფიროსმანის #18-ში, ექსპლუატაციაში მიღებულ 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს 26-ე სართულს დააშენებენ. მესაკუთრეს შესაბამისი ნებართვა აქვს. პარალელურად, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური სწავლობს ამ სახლის ამხანაგობის სახელით შესულ საჩივარს, თუმცა საჩივარი მშენებლობის პროცესს ვერ შეაჩერებს.

აქ მცხოვრებლები სახლის ექსპლუატაციის შემდეგ ამხანაგობასთან შეუთანხმებლად მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. კანონის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღებული სახლის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ახალი ნებართვის გაცემამდე, სავალდებულოა ამხანაგობის თანხმობაც.

ეს ის კორპუსია, სადაც 26-ე სართულის დაშენებას, სტუდიის მოწყობის მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობდა. სწორედ ამ მიზნით მაუწყებლის მენეჯმენტმა 492,2 კვადრატული მეტრი ფართობი [სხვენი], 88 596 აშშ დოლარად 2017 წელს მშენებელი კომპანიისგან – შპს  REAL PALACE -სგან შეისყიდა.

2017 წლის აგვისტოში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის მერიისგან რეკონსტრუქციის ნებართვა მიიღო და 26-ე სართულის დაშენებისა და აქ სტუდიის მოწყობის მიზნით მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. სახლის რეკონსტრუქციის ნებართვაზე ხელს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი აწერს.

2017 წლის ბოლოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფიროსმანის #18-ში ოცდახუთსართულიან სახლზე 26-ე სართულის დაშენების მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, საბოლოოდ კი ეს პროექტი არ შედგა.

რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ეს ფართობი შმაგი გაბიანს ეკუთვნის, რომელიც ქობულეთში, დაბა ოჩხამურშია რეგისტრირებული. ის ამბობს, რომ მშენებლობის კანონიერი უფლება აქვს, რადგან ნებართვა გაანახლა. მისივე თქმით, მშენებლობას მეზობლები ეწინააღმდეგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მას ეს ფართობი კომერციული ობიექტის მოსაწყობად სჭირდება. მეზობლებმა ასევე გვაჩვენეს ბრძანება, რომლითაც დაშენების უფლება მიიღო მოქალაქემ. მსგავს ბრძანებებს ხელს ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე აწერს ხელს.

„არ ვაპირებ არც რესტორნის და არც სხვა რაიმე სახის კომერციულ ობიექტს, ეს იქნება საცხოვრებელი, ვიყიდე კანონიერად, ნებართვაც მაქვს მერიისგან და მეტს ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა შმაგი გაბიანმა.

„ეს უნდა ყოფილიყო სტუდია, პროექტი არ შეცვლილა და სტუდიაში აპირებს ცხოვრებას? – მე წინააღმდეგი ვარ, რადგან მინდოდა მეცხოვრა ბოლო სართულზე და ვიყიდე ოცდამეხუთე სართულზე, რატომ უნდა დამაშენოს? – ნებართვა რომ გასცა თავის დროზე წინა მერმა, რამდენად კანონიერად გასცა, როცა ჩვენთვის არაფერი უკითხავს?! ეს ყველაფერი გაირკვევა,  რამდენად კანონიერია ნებართვა“, – ამბობს ამ სახლის მცხოვრები დიას ჯალაღონია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შმაგი გაბიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული სხვენი 2019 წლის იანვარში დაირეგისტრირა. ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვას, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა, ვადა გასული ჰქონდა. მისი განახლება გაბიანმა 2019 წლის მარტში შეძლო, თუმცა მეზობლებმა მშენებლობის დაწყების საშუალება არ მისცეს. აქ მცხოვრებლების განმარტებით, დაშენების გადაწყვეტილება მერიას არც მაშინ და არც ახლა ამხანაგობასთან არ შეუთანხმებია.

სოციალურად დაუცველები რძისა და ხორცის პროდუქტებს 21 აპრილამდე ვერ მიიღებენ

1-ელი აპრილიდან უფასო სასადილოები დაიკეტება. იმ ადამიანებს კი, ვინც ამ სასადილოებით სარგებლობდა, ერთი თვის მარაგს სახლში მიუტანენ.

ბათუმის მუნიციპალური სასადილო, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და აქ 900-მდე ადამიანი იკვებებოდა, სასადილოთი მოსარგებლე ოჯახებს საკვების მარაგს სახლში მიუტანს. ამის შესახებ მუნიციპალური სასადილოს ხელმძღვანელმა, ასლან გელაძემ უთხრა „ბათუმელებს“. ამ პერიოდში უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირები რძისა და ხორცის პროდუქტებს ვერ მიიღებენ.

საკვებს ამ ოჯახებს სულადობის შესაბამისად გადასცემენ.

„ძირითადად არამალფუჭებადი პროდუქტები შევიტანეთ კალათაში, თევზსა და ხორცს ვერ მივუტანდით. ხორცეულიდან მხოლოდ  ქათამი მივუტანეთ.

ერთ სულზე პაკეტში შედის: კარტოფილი -5 კგ, ხახვი – 2 კგ, შაქარი, ბურღული, ტომატი, ზეთი, კვერცხი – 6 ცალი. ამავე დროს გავეცით პასკა და 6 ცალი სააღდგომო კვერცხი“, – ამბობს ასლან გელაძე.

საკვების მარაგი სოციალურად დაუცველებმა 1-ელი აპრილიდან 21 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე უნდა იკმარონ.

„ადამიანების 99-მა პროცენტმა თქვა, რომ მიიღებს პროდუქტებს, 4 ადამიანია, ვისაც სურს, რომ გამზადებული საკვები წაიღოს. ამ ადამიანებისთვის ერთი სასადილო იმუშავებს და საჭმელს სახლებში მიაწვდის“, – ამბობს გელაძე.

მისი თქმით, ის პირები, ვისაც საჭმელი მიაქვთ ოჯახებში, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ მოთხოვნებს იცავენ.

„საკვებს სპეციალური კონტეინერებით მივუტანთ. ადგილზეც ვამუშავებთ ამ კონტეინერებს. თუ მას მოაქვს თავისი ჭურჭელი, იმასაც ადგილზე ვამუშავებთ სასადილოებში. ვინც ოჯახებში მიდის, იმ პერსონალს ექნება დამცავი პირბადე, სპეციალური სათვალეები და ხელთათმანები“, – ამბობს ასლან გელაძე.

ვიცი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, საჭმელი გექნება თუ არა – ჯანმოს დირექტორი მთავრობებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მთავრობებს მიმართა, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, არ დაავიწყდეთ ის ადამიანები, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ:

„ზოგიერთმა ქვეყანამ სოციალური დისტანცირების ზომები მიიღო, დაიხურა სკოლები, შეკრებები აიკრძალა, ეს დროს მოგვაგებინებს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სოციალური უზრუნველყოფის კარგი სისტემა აქვს, ზოგს – არა. მე აფრიკიდან ვარ, როგორც იცით და ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც იძულებულია იმუშაოს ყოველ დღე, დღიური პურის მოსაპოვებლად. მთავრობებმა ეს მოსახლეობა უნდა გაითვალისწინონ. თუ დაიხურება ყველაფერი, შევზღუდავთ გადაადგილებას, რა მოუვათ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ყოველ დღე, რომ დღიური პური იშოვონ? ყველა ქვეყანამ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვას“.

ტედროს გებრეისუსმა თქვა, რომ გარდა ზოგადი, ეკონომიკური ზარალისა, რაც ვირუსის გავრცელებამ მოუტანა მსოფლიოს, ჩვენ ასევე უნდა დავინახოთ, თუ რას ნიშნავს ეს ზიანი ცალკეული ადამიანებისთვის.

„შეიძლება ბევრჯერ მითქვამს, რომ ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ. მე ვიცი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, საჭმელი გექნება თუ არა. ეს უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა გავლენა ექნება ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თითოეულ ადამიანზე. ეს ეხება ყველა ქვეყანას. თუნდაც დედამიწის უმდიდრეს ქვეყნებს ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც უწევთ იშრომონ, რათა ჰქონდეთ დღიური პური,“ – განაცხადა მან.

_________________________

COVID-19-ის გავრცელების ფონზე უმუშევრად დარჩენილი ადამიანების, ასევე ქირით მცხოვრები და უსახლკარო ადამიანების განსაკუთრებული დაცვისკენ მოუწოდა საქართველოს მთავრობას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც, 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობისადმი მიმართვაში წერს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ეფექტიანი ზომა უსახლკარობისა და განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის მდგომარეობაში მყოფი პირების მხარდასაჭერად, მათ შორის, მიიღოს გადაწყვეტილება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებისა და მათი საჭიროებების შესაბამისი დამატებითი რელევანტური სოციალური პაკეტების უზრუნველყოფის მიმართულებით.

ქალთა ფონდი წერს, რომ კრიზისით გამოწვეული გადახდის უუნარობის გამო, ასევე, იზრდება ქალების უბინაოდ/საცხოვრისის გარეშე დარჩენის საფრთხე, იმ ფონზე, როდესაც კაცებთან შედარებით ნაკლებ ქალს აქვს საკუთრებაში ქონება/მიწა და მოუწოდებს მთავრობას, რომ შეიმუშაოს პოლიტიკა კრიზისის დროს საცხოვრისის გარეშე დარჩენის საფრთხის ასარიდებლად. ვრცლად მიმართვა იხილეთ აქ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა [ენერგოომბუდსმენმა] სალომე ვარდიაშვილმა 28 მარტს რამდენიმე სატელევიზიო არხთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ სამთავრობო გუნდი განიხილავს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას. “კონსულტაციები და მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა რა ტიპის შეღავათები იქნება, ეს – უცნობია.

სანამ მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის გადასახადებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ფეისბუქში შეიქმნა ჯგუფი “გადავუხადოთ ერთმანეთს კომუნალური გადასახადები“, რომლის მიზანია კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს დაზარალებულ, უმუშევარ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაეხმაროს კომუნალური გადასახადების დაფარვაში.

კორონავირუსის ერთი შემთხვევა სოფლის ექიმმა ამოიცნო – მას მადლობა გადაუხადეს

„მე მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის ექიმს, მან მშვენივრად შეძლო [კორონავირუსის] შემთხვევის ამოცნობა და შემდეგ ისევ მათი დახმარებით დავადგინეთ ათეულობით კონტაქტი,“ – განაცხადა დღეს, 31 მარტს, გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მან დღეს მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ექიმს და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს გადაუხადა:

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის რაიონის სოფელ კაპანახჩის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, თუ  რა არის შესაძლო შემთხვევა, მშვენივრად გამოიყენა ალგორითმი, ის, რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია.  წაიკითხა რა ეწერა ვებგვერდზე და მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა.

მადლობა ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ქალბატონ მაკას, რომლისთვისაც ასევე არ ჩაგვიტარებია პერსონალური ტრენინგი, მაგრამ ის რაც იდო ჩვენს ვებგვერდზე, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგაც, ისევ მათი დახმარებით, დავადგინეთ ძალიან ბევრი კონტაქტი და ეს კონტაქტები იყო ათეულობით,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

გახარია: ოჯახის ექიმები გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის მებრძოლები

ქუჩის ძაღლები საკვების გარეშე დარჩნენ – როგორ დავეხმაროთ მათ

საქართველოში, გამოცხადებული სოციალური დისტანცირების და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა ქალაქში კვების ობიექტები დახურულია, ქუჩაში უამრავი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე.

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, რადგან გარეთ მოქალაქეებიც იშვიათად გადაადგილდებიან და სურსათსაც უფრთხილდებიან.

ბათუმში უსახლკარო ცხოველების მოვლასა და გამოკვებაზე ცალკეული მოქალაქეების გარდა მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს. ისინი აგროვებენ თანხას ძაღლებისთვის საკვების შესაძენად და ავტომანქანის საწვავისთვის, შეძენილი საკვების გასანაწილებლად როგორც ქალაქის ფარგლებში, ისე მის გარეთაც.

მათ შორისაა რენა ფერცელიძე, რომელიც დიდი ხანია ქუჩის ძაღლებზე ზრუნავს.

„კვების ობიექტები დაიხურა, ადამიანები ქუჩაში არ დადიან, ბაზრები დაიხურა. ძაღლები ნაგავში იძიებდნენ საკვებს, ახლა კი ნარჩენებს არავინ აწვდით, პარკებს ჭამდნენო, გოგოებმა დაინახეს.

კარგი იქნება, დაგვეხმარონ საკვების შეძენაში და ჩვენ დავინაწილებთ უბნებში, შეუძლიათ პირდაპირ ზოომაღაზიებს დაურიცხონ და ჩვენ წავიღებთ. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ სახლთან ახლოს გაიტანონ ხოლმე საკვების ნარჩენები, პური და დატოვონ გზის პირებზე. ჩვენი ოთხთათები არიან ძალიან ცუდ დღეში,“ – ამბობს რენა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ საყოველთავო კარანტინის პირობებში, შეჩერებულია ყველა პროგრამა ჯანდაცვის პროგრამების გარდა, მათ შორის ცოტა ხნის წინ დაანონსებული კუპატას” საპილოტე პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც პირი, რომელიც ქალაქიდან უპატრონო ძაღლს აიყვანს და მათ შესაბამის პირობებში მოუვლის, მერიისგან დაფინანსების სახით ერთ წელში 720 ლარს მიიღებს.

ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი, თინათინ ჭავჭანიძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ბათუმის მერია ამ პროგრამის რესურსს, მოხალისეობრივ ჯგუფებს მოახმარს. ის ამბობს, რომ თანხაზე ეფექტური იქნება პირდაპირ საკვების გადაცემა მოხალისეებისთვის, ასევე მათთვის ავტომანქანის მიშველება:

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფაქტია, საკვები გაჭირდა. ეს ცხადია გამოიწვევს გარკვეულ კონფლიქტს. ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს ამაზე. მუნიციპალიტეტს შეუძლია მოხალისეებს დაახმაროს მანქანა, შესაბამისად აღჭურვოს ისინი დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით (ცხოველებიდან გადადება ადამიანზე ამ ვირუსის არ ხდება).

ძაღლი აგრესიულია ორ შემთხვევაში, როცა მეწყვილეს ეძებს შესაჯვარებლად და როცა შია. როცა სტერილურია ძაღლი, მას პირველი პრობლემა აღარ აინტერესებს, მაგრამ ნებისმიერი მშიერი ძაღლი აგრესიული ხდება,” – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

ბათუმელი რენა ფერცელიძე, რომელიც წლებია უსახლკარო ძაღლებზე ზრუნავს, ამბობს, რომ ქუჩის ძაღლები ახლა განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაში არიან.

„რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა. ვაგროვებთ თანხას მათთვის, რომ მოხალისეებმა ადგილზე შეძლონ საკვების შეძენა და მათი გამოკვება. ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა“.

საკვებით ან თანხით დახმარების მსურველებს შეუძლიათ მოხალისეობრივი ჯგუფის წევრებს დაუკავშირდნენ – ფეისბუქჯგუფში “ოთხთათა მეგობრები“, ან გადარიცხონ “კორმისა” თუ მისი ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავის თანხა შემდეგ ანგარიშის ნომერზე: GE33TB7901545062100001, მიმღები: რენა ფერცელიძე. დანიშნულებაში მიუთითეთ – საკვებისთვის.

ცხოველთა დაცვის ასოციაციამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ითხოვენ ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, საჯაროდ გამოქვეყნდეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტრატეგიული გეგმა, მისი ძირითადი ფუნქციების გათვალისწინებით.

„დაუშვებელია ამ მომენტისთვის სააგენტოს მუშაობის პარალიზება არა მხოლოდ ცხოველების, არამედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

მიგვაჩნია, რომ სტერილიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, სტერილიზაციის პროცესის შეჩერება გამოიწვევს უსახლკარო ცხოველების რაოდენობის გეომეტრიული პროგრესიით მატებას, რაც შემდეგ მათი დაძინების საბაბი გახდება, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს ჩვენს სამართლიან პროტესტს,” – წერია განცხადებაში.

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებულ ორ პაციენტს პნევმონია აქვს, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა

დღეს, 31 მარტს, ისევ მძიმეა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მყოფი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალურმა დირექტორმა, ლევან ანთაძემ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, შედარებით მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია აქვს.

ამ დროისთვის ბათუმში, „მედალფას“ კლინიკაში, COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით რვა პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი ექვსის მდგომარეობა მსუბუქია და ლევან ანთაძის თქმით, მათ შორის რამდენიმეს არ აღენიშნება ვირუსის არანაირი სიმპტომი.

„მედალფაში“ მკურნალობენ ასევე ბათუმელ მედდას, რომელიც  პაციენტთან ურთიერთობის დროს დაინფიცირდა. მან თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278 ადამიანი.

დღეს, საღამოს 21:00 საათიდან, ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება. გადაადგილების უფლება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს ექნებათ.

ამავე თემაზე: 

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

სკოლებს ონლაინსწავლებისთვის ქართული პლატფორმის გამოყენება შეუძლიათ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინსწავლებისთვის კიდევ ერთ ალტერნატიულ პლატფორმაზე –  Feedc Edu-ზე ექნებათ წვდომა. პლატფორმა ქართულენოვანია.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა.

„მისი გამოყენება მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იმ შემთხვევ, თუ მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი Feedc Edu -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინრეჟიმში გაუწევს დახმარებას.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი Feedc Edu, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 555 458 417.

აჭარის პოლიციის უფროსი: მოწმდება ავტომანქანები, რამდენიმე პირს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა

დღეს, 31 მარტს, დილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბლოკ-პოსტებზე დაიწყო ავტომანქანების შემოწმება.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი ამბობს, შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აკვირდება საგანგებო მდგომარეობის შესრულების პროცესს.

„ბლოკ-საგუშაგოებზე მიმდინარეობს როგორც ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერება, ასევე ხდება თერმოსკრინინგიც.  რამდენიმე პირი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა ზღვრულს ზემოთ ტემპერატურა და მივუთითე, რომ სამედიცინო პუნქტში გაიაროს კონსულტაცია. ჯერჯერობთ არ ყოფილა რაიმე წინააღმდეგობის ფაქტი“ – განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

ამ დროისთვის ბათუმში 3 ბლოკ-პოსტი და ოთხი დამხმარე საგუშაგოა.

დღეს, 31 მარტს, 21:00 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი. კომენდანტის საათის დროს, ქალაქში გადაადგილება იზღუდება ყველა ტიპის მოძრაობა, გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს.

პოლიციამ 21 მოქალაქე დააჯარიმა 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს.

პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა.

ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

__________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

ბათუმში სადარბაზოების ერთჯერადი დეზინფექცია მიმდინარეობს

ბათუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი დეზინფექცია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე დეზინფექცია 350-მდე კორპუსის სადარბაზოს ჩაუტარდა.

ბათუმში სპეციალური ხსნარით ჯამში 850 სადარბაზო დამუშავდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო სამუშაოები,  ჯამში დამუშავდება 150-მდე მოსაცდელი.

მერის განცხადებით, სადარბაზოების დეზინფექციას მერია პირველ ჯერზე ჩაატარებს უფასოდ, მეორე-მესამე შემთხვევაში კი, დეზინფექცია ფასიანი იქნება და კვადრატულ მეტრზე 10 თეთრი იქნება გადასახდელი.

დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით მოსახლეობამ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოს: 577 49 59 59.

ფოტო: ბათუმის მერია

აჭარაში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს [ვიდეო]

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამშენებლო კომპანიებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული რეკომენდაციების შესახებ.

მ დროისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 8 საჯარო სკოლის ახალი შენობის (სპორტული და სააქტო დარბაზებით) და 2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა.

ასევე, დადებულია ხელშეკრულებები 6 საჯარო სკოლის სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება – ეროვნული ბანკი

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2020 წლის 31 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

რა დროით იხურება სავალუტო ჯიხურები, ეროვნულ ბანკში არ აკონკრეტებენ. საქართველოში 2020 წლის 22 აპრილემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ყველა პრევენციული ღონისძიება ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ძირითადად ამ პერიოდზეა გათვლილი.

ეროვნული ბანკის განცხადებით, დროებით ჩერდება ასევე, სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს  მუშაობა.

აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით  შეეძლებათ.

„ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოსტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში)“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ბანკის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას,  მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტგადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  info@nbg.ge.

ამ თემაზე:

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

ბათუმში თერმოსკრინინგი დაიწყო – მოქალაქეები გადაადგილების წესებზეც გააფრთხილეს

ბათუმში ბლოკ-პოსტები უკვე გახსნილია, სადაც მოქალაქეებს თერმოკამერების საშუალებით ამოწმებენ.  მიმდებარე ტერიტორიაზე კი მობილიზებულები არიან როგორც სამხედრო პირები, ასევე პოლიცია. პოლიცია აჩერებს და გაფრთხილებას აძლევს ავტომანქანების მძღოლებს, რომლებიც კარანტინით განსაზღვრულ წესებს არღვევენ.

წესების მიხედვით, მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს, გარდა ამისა, უკანა სავარძელზე შესაძლებელია მხოლოდ ორი ადამიანის განთავსება.

დღესვე საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი, რის გამოც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მოქალაქეებს გადაადგილება ეკრძალებათ, გარდა იმ მოქალაქეებისა და ავტომანქანებისა, რომლებსაც ექნებათ მთავრობის სპეციალური საშვი.

ქალაქებში ბლოკპოსტების განთავსებაზე განცხადება გუშინ, 30 მარტს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ბლოკპოსტები მოეწყო  ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში.

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 278 ადამიანი.

დღეს საღამოს 21:00 საატიდან ქვეყანაში კომენდაბტის საათი ამოქმედდება. გადაადგილების უფლება მხოლოს სპეციალური საშვის მქონე პირებს მიეცემა.

ბათუმისა და კიდევ 7 ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ბათუმის შემოსასვლელი / ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 31.03.2020 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ.

ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნიან საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“ – აცხადებს შსს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

31 მარტის დილის 9 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 103, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 20, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5114 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 263 ადამიანი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს ქვეყანაში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც 31 მარტის დილის 8 საათიდან ამოქმედდა:

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

 

მთავარი ფოტო: შსს

30 მარტს COVID 19-ის შემთხვევები 11-ით გაიზარდა – პირველად

30 მარტს COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 11-ით გაიზარდა. დილით კორონავირუსით ინფიცირების 92 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, საღამოს კი – 103. ეს პირველი შემთხვევაა, როცა COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევები საქართველოში ერთ დღეში 11-ით გაიზარდა.

წინა დღეებში COVID 19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ასეთი იყო:

  • 26 მარტს – 79 შემთხვევა [წინა დღესთან შედარებით გაიზარდა 4-ით]
  • 27 მარტს – 83 [მატება 4-ით]
  • 28 მარტს – 90 [7-ით გაიზარდა]
  • 29 მარტს – 91 [გაიზარდა 1-ით]
  • 30 მარტს – 103 [გაიზარდა 11-ით]

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ნახეთ, როგორ იმატებდა შემთხვევების რაოდენობა 26 თებერვლიდან 26 მარტამდე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 103 პაციენტს შორის გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

30 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია – 5 114, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი რჩება 263 ადამიანი.

Covid-19-ით ინფიცირებულია მედდა, რომელმაც თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ Covid-19-ით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალს [ექთანს] ვირუსი გადაედო Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტისგან, რომელსაც დახმარებას უწევდა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ექთანი მოქმედებდა ასეთ შემთხვევებში არსებული პროტოკოლის ფარგლებში, თუმცა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი მაღალია.

„დაინფიცირებული პირი, სამედიცინო პერსონალი, გახლავთ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული, მან თავის თავზე აიღო კონკრეტულ, რთულ სიტუაციაში, სამედიცინო სერვისის ჩატარება.

ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ის იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა ამ ღამით გადაიყვანენ „მედალფაში“, ვინაიდან კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა თავს იყრის ამ კლინიკაში.

ჩვენი ინფორმაცია არ გავამჟღავნეთ მანამ, სანამ არ გვექნებოდა სრული ინფორმაცია ყველა შესაძლო კონტაქტირებული პირის შესახებ, პირველადი ეპიდკვლევა არის დასრულებული, მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი, დაახლოებით 15 პირი, როგორც ოჯახური, ისე სამედიცინო პერსონალი.

ყველა [ვისაც შეხება ჰქონდა ინფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან] არის მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმში, ყველა მათგანზე არის დამყარებული მეთვალყურეობა 14 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რამდენიმე პირს უკვე ჩაუტარდა კიდეც და არის უარყოფითი შედეგი, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს გარანტიას დარჩენილი 12 დღის სტატუსზე,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით უკვე 8 პაციენტს მკურნალობენ.

29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 103 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

____________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო

არაადეკვატური ბლოგი თვითიზოლაციაში ლაშქრობების შესაძლებლობაზე [ფოტო]

მთელი მსოფლიო კარანტინშია. ადამიანებს უჭირთ შინ დარჩენა და გარეთ გაჭრას ლამობენ. ასეთებს მერე პოლიცია აჯარიმებს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის გამო. თუ კორონავირუსის ეპიდაფეთქებამდე ფეისბუქზე თქვენი ,,ფრენდები“ დღეში ერთ ან ორ პოსტს წერდნენ, ახლა ყველა ყველაფერს პოსტავს ისტერიულად და ხვდებით, რომ სხვების ცხოვრებაში ასე დეტალურად ჩახედვაზეც ნამდვილად არასდროს გიოცნებიათ.

თავადაც ვერ ხართ მაინცადამაინც კარგ გუნებაზე და მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ძალიან მოგწონთ შინიდან, ფაჩუჩებით მუშაობა, უკვე ერთს მიხვდით: ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი  სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, მზის სხივები და ფეხით სეირნობაა. ათასი ფიქრი გაქვთ. სეირნობა ძვირადღირებულ სერვისად ხომ არ გადაიქცევა? ისევ შევძლებთ ფეხით ვისეირნოთ დიდხანს მეგობრებთან ერთად, თუ სულ მარტო უნდა ვიაროთ დაცარიელებულ ქუჩებში? ერთმანეთის შეხება სამუდამოდ აიკრძალება? კოშმარი ოდესმე დასრულდება? პასუხი ზუსტად არავინ იცის. მაგრამ თუ ეს დაგამშვიდებთ, მთელ მსოფლიოს ერთი და იგივე ფიქრი აქვს ახლა. მარტო არ ხართ. როცა ყველაფერი დასრულდება, ალბათ, ერთი სული ექნება ყველას, სადმე წავიდეს. სხვანაირად ვათვალიერებთ შარშანდელ ფოტოებს, რომლებიც ლაშქორობების მერე უბრალოდ გადმოვიტანეთ კომპიუტერში და გვეგონა, რომ არასდროს მივუბრუნდებოდით. მარტის ბოლოა. სულ ცოტაც და დადგება დრო, როცა ულამაზესია დაცული ტერიტორიები და ტყე-პარკები, მტირალაზე მალე როდოდენდრონი აყვავდება, მაჭახელას მთავარანგელოზის ბილიკზეც ცაცხვი ყვავის და თაფლივით მოტკბო სურნელს აფრქვევს.

სანამ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება და საკუთარ ბილიკს დაადგებით, იმ ადგილებს გაჩვენებთ, რომლებსაც შარშანდელ ლაშქრობებში გადავეყარეთ. დარწმუნებული ვარ,  თავადაც ქექავთ იმ ადგილების ფოტოებს, სადაც გაზაფხულზე გეგმავდით წასვლას. სიმშვიდით აღიჭურვეთ და იფიქრეთ, რომ არაუშავს, რადგან მთელ სამყაროს ჩაეფუშა გეგმები, მარტო აქაც არ ხართ და როგორ თვითიზოლაციაშიც არ უნდა ვიყოთ, ვერავინ წაშლის ჩვენი დედაპლატადან შარშანდელი ლაშქრობების ფოტოებს, რომლებსაც შეგიძლია უყურო და მოგზაურობა თავიდან დაიწყო.

  • ხიხანი

ხიხანი XII-XIII საუკუნეების ციხეა ბათუმიდან 90 კილომეტრის მოშორებით და საინტერესო ისტორიაც აქვს, თუმცა ციხეზე არანაკლებ საინტერესოა გზა, რომელსაც ამ ციხემდე მიჰყავხარ, მთიანი აჭარის სოფლებით, ხის სახლების აივნებზე გადმომდგარი თავშლიანი ქალებით და გზადაგზა არყის ხდის სურნელით, შეშის კვამლით, არემარეს რომ ედება.

ციხემდე ციცაბო, საცალფეხო ბილიკი მიდის. გაზაფხულზე გზადაგზა ათასი ბუჩქი ყვავის, სიმაღლიდან კარგად ჩანს მწვანე ტბაც და აღმართზე ბევრჯერ შეჩერდებით, ზემოდან რომ გადმოხედოთ ამ მშვენიერებას.

სოფელი ხიხაძირი, ხიხანის ციხესთან ახლოს

ხედი ხიხანის ციხისკენ მიმავალი ბილიკიდან

  • მწვანე ტბა

მწვანე ტბა მართლაც მწვანეა. შავ ზღვასავით მაცდურად არ ჰქვია – ლურჯი რომ არის და მაინც შავს ვეძახით. მსგავსი მწვანე ტბა საქართველოში სადმე, ჯავახეთში თუ შეგიძლიათ ნახოთ, სხვაგან არსად. არ ვიცი, რატომაა ეს ტბა ასეთი მწვანე, მაგრამ ნამდვილად მუქი მწვანეა და როგორც ამბობენ, ზამთარ-ზაფხულ ასეა. არაფერი. ტბაა, მიხვალ, იბანავებ (შორს არ უნდა გაცურო, ქვიშიანია და ეფლობი) გაშრები, ცოტა ხანს უყურებ და უკან წამოხვალ. მაგრამ ხიხანის მსგავსად მწვანე ტბაზე არანაკლებ საინტერესო იქამდე მისასვლელი გზაა.

საერთოდ, ყველა ლაშქობა ასეა. მიზნად ისახავ რაღაცის ნახვას, სინამდვილეში, იქამდე მისასვლელი გზების თვალიერებაში უფრო ეფლობი. მწვანე ტბამდე მემთეურთა დასახლებაა. ამ დასახლებაში მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობენ ოჯახებით: ბებია-ბაბუები, მშობლები შვილებით, მათი დეიდაშვილ-ბიძაშვილები და იმათი მომყოლი სტუმრები. ხის სახელდახელოდ ნაგებ, ჭრიალა სახლებში მთელი ზაფხული რძის პროდუქტებს აკეთებენ: ყველს, ნადუღს, ნაღებს, კარაქს და ყურუთს. ყურუთი გამომშრალი ნადუღის კვერებს ჰქვია, რომელსაც სხვენში კიდებენ და ახმობენ.

მწვანე ტბამდე სწორედ ასეთ სოფელს გაივლით. არ უნდა აყვეთ ცდუნებას და გოდერძის უღელტეხილიდან ტაქსით არ უნდა წახვიდეთ ტბამდე, ამ საათ-ნახევრიანი გზის გავლა ფეხით სჯობს, მემთეურთა სოფელიც თუ გაინტერესებთ.

მწვანე ტბა

სახლი მწვანე ტბამდე მიმავალ გზაზე

  • თაგო

თაგოზე იმდენი ვწერეთ, იმდენი გადავიღეთ და იმდენი ვილაპარაკეთ, მაგრამ თაგოზე წერა არასდროსაა ზედმეტი. ამ ერთციცქნა სოფელში სახლები მულტფილმის შენობებს ჰგავს. ხის წაწვეტებულ ღობეებს შორის ბალახი ბიბინებს. სოფელში სულ 70-მდე ოჯახი ცხოვრობს. თაგოში მხოლოდ ერთი პატარა მეჩეთი და სკოლაა. ერთიც პატარა, ხის სახლში მოწყობილი კაფე, რომელიც ბაღჩა-ბოსტნითაა გარშემორტყმული. თვითიზოლაცია რომ დამთავრდება, ღირს ამ სოფელში წასვლა, კაფეს დიასახლისის ალუბლის კომპოტის შეკვეთა და ხევში ჩაწოლილი ნისლების ყურება. თაგოს სხვა სახლებისგან განსაკუთრებული იზოლაცია გამოარჩევს: სოფლამდე მისასვლელი გზა ორკილომეტრიანი საბაგიროა. როცა ძლიერი ქარი ქრის და ზამთრის ქარბუქი დგება, საბაგირო ჩერდება და იკეტება. თაგოელებს ამ დროს ყველაზე გემრიელი მურაბები და კომპოტები გამოაქვთ სარდაფებიდან, ჩაის ათუხთუხებენ, ბორანოზე ეპატიჟებიან ერთმანეთს, ძველ ამბებს იხსენებენ და მერე ქარბუქიც წყნარდება.

 

სოფელი თაგო

საბაგირო სოფელ თაგოში

  • ღვინის სოფელი – ვაიო

აჭარაში არაერთი სოფელია, სადაც საუკეთესო ღვინით გაგიმასპინძლდებიან, მაგრამ სოფელი ვაიო მათ შორის ყველაზე გამორჩეულია. თითქმის ყველა სახლს დიდი, მწვანე ეზო აქვს და მთის წვერზე გაშენებული სოფლიდან ულამაზესი ხედები იშლება, ყველა ეზოში ვენახი აქვთ. აქ განსაკუთრებული გემო ჩხავერისგან დაყენებულ ღვინოს აქვს. მშრალია, მსუბუქი და ვარდისფერი. ეს ნაშემოდგომევის ამბებია, მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ გავიხსენოთ? არც არაფერი. თან როცა თვითიზოლაცია დამთავრდება, არ არის საჭირო ელოდო შემოდგომას და ჩხავერის ახალი მოსავლის ღვინოს. ვაიოელებს წინა წლის ჩხავერიც ექნებათ გადანახული. ღირს კარანტინის დამთავრება ამ სოფელში მშრალი და ვარდისფერი, ჟუჟუნა ღვინით აღნიშნოთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

ვენახი სოფელ ვაიოში

 

  • მტირალას პარკი

ხომ დგება დრო, როცა ხანდახან ყველა და ყველაფერი გბეზრდებათ, ტელეფონის ზარებს არ გინდათ უპასუხოთ, ფეისბუქზე შეხედვა არ გინდათ და გრძნობთ, რომ ზედმეტად ბევრ ადამიანს ეკონტაქტებით ყოველდღიურად სამსახურის, ოჯახის, ყოველდღიურობის მიზეზით. ამ დროს გინდა სადმე წახვიდე, არავინ ნახო, ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩე და, უბრალოდ, გონება გათიშო. მაგრამ სად. მანქანების ხმაურში და ბეტონის მრავალსართულიან სახლებს შორის მოქცეულ კაფეებში? არა. მტირალას პარკში. მართალია, ზაფხულობით არც აქაურობას აკლია ვიზიტორები, მაგრამ გაზაფხულზე მტირალა ინტროვერტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. როგორი სავსეც არ უნდა იყოს პარკი ტურისტებით, ყოველთვის იპოვით ბილიკებს ტყეში, სადაც მარტო ივლით, კოლხურ ტყეებში და უთხოვარის კორომებში ისეირნებთ, უნგერის შქერის ყვავილობას ნახავთ, წყლის წისქვილებში დოლაბების ტრიალის ხმას მოუსმენთ, ცოტა ხნით დაივიწყებთ რა გქვიათ, ვინ ხართ და როცა იგრძნობთ, რომ კარგა ხანს ნაგროვები სიმძიმე მხრებიდან ბუმბულივით ჩამოგებერტყათ, უკან დაბრუნდებით.

„ბეწვის ხიდი“ მტირალას პარკში

წყლის წისქვილი მტირალას პარკში

როდოდენდრონის ყვავილობა მტირალას პარკში

რა დროს ესენია? მსოფლიო თვითიზოლირებულია და რა ვიცით, ვინ სად და როდის წავალთ? არ ვიცით. არც არავინ იცის. მაგრამ იქნებ ასე სწრაფად არ უნდა ექროლა დედამიწას და სამყარომ შინ დაგვსვა, რომ მეტი გვეფიქრა ვინ, რა, რატომ, სად და როდის? მაგრამ ეს კითხვები რა ნუგეშია მათთვის, ვინც ამ კოშმარს შეეწირა? რატომ მოხდა ეს ყველაფერ და როდის დამთავრდება მსოფლიო კარანტინი? არ ვიცით და არც არავინ იცის. მაგრამ იმ პრინციპით, რომ ოდესმე ყველაფერი მთავრდება, დამთავრდება პანდემიაც. მანამდე კი სანამ თვითიზოლაციიდან გამოხვალთ და ახალ ადგილებს ნახავთ, გააგრძელეთ ამბავი და მოგვიყევით შარშან სად იყავით და რა ნახეთ.

„დარჩი სახლში ნიშნავს იმასაც, რომ არ გადახვიდე მეზობელთან ყავაზე“ – ზაალ მიქელაძე

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებმა მკაცრად დაიცვან ფიზიკური იზოლაციიის წესები:

„არავის არ მოუხსნია ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩი სახლში“. ნუ გაიგებენ, რომ „დარჩი სახლში“ ნიშნავს  სამუშაოზე არ წახვიდე,  მაგრამ იარო მეზობლებში,  ყავაზე, დაბადების დღეებზე და ა.შ.

სანამ ამას არ მიხვდება ჩვენი ხალხი, მანამდე უნდა იცოდნენ რომ ეს რისკი [ვირუსით დაინფიცირების] ექნება ყველას.

ბათუმში ბოლოს დაინფიცირებული ადამიანის კონტაქტები თითქმის 99 %-იანი სიზუსტითაა დადგენილი. მაგრამ ვიღაც შეიძლება დადის, რომელიც არ ვიცით არის თუ არა საერთოდ ამ ვირუსის მატარებელი. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში.  ამას  ნუ გაიგებენ, რომ სამუშაოზე არ იარონ და დასვენება მოიწყონ.

არა ბატონო, უნდა დარჩე სახლში და მეზობელთან არ იარო.

გუშინ ორი საათი მქონდა დრო. ვიყავი გადასაკონტროლებლად, თუ როგორ აწარმოებდნენ მერიები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ე.წ. სასურსათო კალათის დარიგებას. რაიმე შეცდომა რომ არ დაეშვათ, მკაცრად ვაკონტროლებდი. აღმოვაჩინე ქუჩები, სადაც გამოსული იყვნენ ადამიანები. ხუთი-ექვსი-ათი კაცი, თამაშობენ ნარდს და დომინოს. ეს აღარ არის დარჩი სახლში.

ახლა იძულებული გახადეს სახელმწიფო წასულიყო რეჟიმის კიდევ უფრო  გამკაცრებაზე. მართლა  ყველა ქუჩაზე ჯარისკაცს ხომ არ დავაყენებთ.

დარჩი, ნიშნავს, რომ იმ მეზობელთანაც კი არ უნდა გახვიდე, თორემ აბა სამედიცინო პერსონალმა იცის ისედაც როგორ დაიცვას ეს რეჟიმი.

ერთადერთი გზა არის გადარჩენის, რომ მოქალაქე არ გავიდეს თავისი საცხოვრებელი ფართის გარეთ. კორპუსებში ეს ბინაა, სოფელში ეს საცხოვრებელი სახლია. სოფელში უფრო ადვილია მაინც, ჩავა და თავის ბაღ-ბოსტანს მიხედავს. მოქალაქეებს მინდა მივმართო კიდევ ერთხელ, – დარჩი სახლში რეალურად სახლში დარჩენაა და არა მეზობლებში გართობა“.

კორონავირუსით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი

ბათუმში დღეს, 30 მარტს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ინფიცირებულ პირთა კონტაქტისას გადაედო Covid-19.

„მთავარის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებული პირი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან გადაამოწმა.

„ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა ინფიცირებული ექიმი, რაც მინისტრმა უარყო. კითხვაზე, იყო თუ არა ინფიცირებული საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, მინისტრმა გვითხრა: „თქვენ მკითხეთ იყო თუ არა ექიმი. მე გეუბნებით რომ არ არის ექიმი. დანარჩენს ეტაპობრივად მოგახსენებთ“.

„ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს არის იმ დადასტურებული შვიდი შემთხვევიდან ერთ-ერთთან კონტაქტი. აქედან გამომდინარე, მასზე ისედაც დამყარებული იყო ეპიდზედამხედველობა და ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ჩატარებული ლაბორატორიული ტესტით მას დაუდასტურდა კორონავირუსი. არის მსუბუქი მიმდინარეობის ჯერჯერობით, მინიმალური კლინიკური ნიშნებით. გადაიყვანენ „მედალფაში“ და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ახალი გადაწყვეტილებით, პაციენტები დადასტურებული კორონავირუსით გადაგვყავს „მედალფაში“, რადგან ინფექციური საავადმყოფო იქნება ე.წ. „ცხელების ცენტრი“, სადაც შევლენ პირველადი პაციენტები“, – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინფიცირება მოხდა ფილტვის ინტუბაციის დროს, ზაალ მიქელაძე ამას კატეგორიულად უარყოფს. „ფილტვის ინტუბაციას აკეთებს მხოლოდ ექიმი და ეს ინტუბაცია გაკეთდა იმ პაციენტზე, რომელიც მედალფაშია. აქედან გამომდინარე ეს არ არის ნამდვილად სწორი ინფორმაცია“ – გვითხრა მან.

განმეორებით კითხვაზე, უარყოფთ თუ არა, რომ ინფიცირებული არის სამედიცინო პერსონალიდან, ზაალ მიქელაძემ ასე გვიპასუხა:

„აი, მაგას კვლევის ეტაპს რომ დავასრულებთ, მერე გეტყვით. იმიტომ, რომ ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც შეიძლება იყოს კავშირში ამა თუ იმ ინფიცირებულთან, საჭიროებს ძალიან დეტალურ, ღრმა კვლევას, თავისი ყველა შესაძლო გადაადგილებით, კონტაქტით და ა.შ. და გესმით ალბათ, რატომაც არ ვადასტურებთ, ვიდრე ეპიდკვლევა არ დასრულდება, რომ ვინმე ამ ეპიდკვლევიდან არ ამოვარდეს. ამიტომ არასდროს არ ვადასტურებ კონკრეტულ შემთხვევას, ვიდრე ეპიდკვლევის რუქები არ გვეცოდინება“.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით უკვე 8 პაციენტს მკურნალობენ.

29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 103 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ

„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო, კომენდანტის საათი გამოაცხადა და მოხუცების გარეთ გამოსვლაც აკრძალა. ხელისუფლებისგან დღეს ვერ მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია იმ მოხუცების რაოდენობას შესახებ, რომლებიც ნადეჟდას მსგავსად თავშესაფარს ელიან და განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან.

მოხუცების რიგი თავშესაფრებთან მას შემდეგ შეიქმნა, როცა ხელისუფლებამ დიდი პანსიონატები გააუქმა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოწყობა არჩია, ე.წ. სათემო ორგანიზაციები. ეს ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ, თუმცა საოჯახო ტიპის სახლები მარტოხელა მოხუცებისთვის საკმარისი რაოდენობით არ მოწყობილა – მწირი დაფინანსების გამო მესამე სექტორმა მიიჩნია, რომ მოხუცებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. მსგავსი ტიპის სახლი, მაგალითად, აჭარის რეგიონში საერთოდ არ მოწყობილა. აჭარაში ამ დრომდე მოხუცებისთვის მხოლოდ ერთი სადღეღამისო თავშესაფარია – ბათუმის „სავანე“, სადაც ახლა 120 ადგილიდან ყველა ადგილი დაკავებულია.

„აქ ნაქირავებში ვცხოვრობ, არავინ ცხოვრობს და მეპატრონეს პენსიიდან 70 ლარს ვუხდი. კიდევ სოციალურ დახმარებას ვიღებ, თვეში 60 ლარია… შუქის ფული მაქვს გადასახდელი, წამლები, ამდენი დაავადება გადავიტანე… წყალი მოდის, როგორ არა, მაგრამ ცივია, ცხელი წყალი სადაა? აბაზანა მაქვს, მაგრამ გაუქმებული,“ – ამბობს ნადეჟდა დავითაძე. ნადეჟდა ამბობს, რომ შუქის ფულსაც ხშირად ვერ იხდის და სიბნელეშია.

„შეშას ზოგჯერ მეზობელი მჩუქნის და ღუმელს ვანთებ… აღარ შემიძლია მუშაობა, თორე ორი წლის წინ ქუჩებს ვხვეტავდი, ხელფასი მქონდა. ახალგაზრდობაში? – ახალგაზრდობაში რესტორანში ვმუშაობდი, „პოვარის“ მთავარი თანაშემწე ვიყავი,“ – ასრულებს ნადეჟდა დავითაძე.

ნადეჟდა დავითაძე „ღირსეული სიბერის“ სარვამარტო ღონისძიებაზე

ზუსტად რამდენ მოხუცს სჭირდება თავშესაფარი, მაგალითად, ქობულეთში, უცნობია. 20-მდე მოხუცის ისტორია ორი წლის წინ ორგანიზაციამ „ღირსეული სიბერე“ შეაგროვა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ქობულეთის საკრებულოს პეტიციით მიმართა. ქობულეთის საკრებულომ და მერიამ 2018 წელს თქვეს, რომ თავშესაფრის მოწყობას ფული სჭირდება და ბიუჯეტიდან თანხის გამოთავისუფლებას დაელოდებოდნენ. დღემდე თავშესაფრის მოწყობა ქობულეთში არ დაუწყიათ.

რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანამონაწილეობაზე უარი თქვა, ხოლო ეს დონორი ორგანიზაციების მხრიდან სავალდებულო მოთხოვნა იყო, ქობულეთში მუშაობა შეაჩერა ორგანიზაციამ „ღირსეული სიბერე“. ამ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ახლა მხოლოდ მაშინ ხვდებიან მოხუცებს, როცა ქველმოქმედი ადამიანები, ან ორგანიზაციები, მიუსაფარი მოხუცებისთვის დახმარების სურვილს გამოხატავენ. ბოლო ასეთი შეხვედრა, რომელსაც ნადეჟდაც ესწრებოდა, ქობულეთში 8 მარტს შედგა.

„ამ მოხუცებიდან რამდენიმესთან ისევ გვაქვს ურთიერთობა… მაგალითად, ვიცი ერთი პენსიონერი კაციც, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა ოჯახში ცხოვრობს, ბოსტანს ამუშავებს იმის სანაცვლოდ, რომ ღამის გასათევი ჰქონდეს,“ – გვიყვება ორგანიზაციის „ღირსეული სიბერე“ ერთ-ერთი თანამშრომელი. – „პეტიციის განხილვის შემდეგ ქობულეთის მერიამ მოგვთხოვა იმ მოხუცების მონაცემები, რომლებსაც, მაგალითად, შვილი არ ჰყავთ. ზოგიერთ მოხუცს შვილი ჰყავს, მაგრამ არ აქვს მასთან ურთიერთობა და რეალურად სჭირდება თავშესაფარი… საბოლოოდ, 9 მოხუცი შეირჩა, ვინც მერიის კრიტერიუმში ჯდებოდა, მაგრამ არც შემდეგ შეცვლილა რამე,“ – ამბობს მარინა ჟღენტი.

რას სთავაზობს პანდემიის დროს ქობულეთის მერია ამ მოხუცებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი უთხრა? – კითხვით ქობულეთის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში“ – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“ 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა. მაშინ ბათუმის სადღეღამისო თავშესაფარში რამდენიმე მოხუცი ელოდა სხვის გარდაცვალებას და თავშესაფარში მოხვედრას. „სადღაც 100-მდე მოხუცი იქნება რიგში“, – ასეთი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხი 2018 წელს კითხვაზე, რამდენი მოხუცი ელოდა თავშესაფარს.

იგივე კითხვა დღესაც დავუსვით ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა დღის ბოლომდე პასუხი არ მიგვიღია.

„ჩვენ გვაქვს 120 ადგილი და 120 მოხუცი გვყავს“, – გვითხრა ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის „სათნოების სავანის“ ხელმძღვანელმა, იოანე ბარამიძემ. მისი თქმით, სავანეში მარტიდან კარანტინია – მოხუცები სავანეს ვერ ტოვებენ და ვერც გარედან შედის სავანეში ვინმე.

„დღეში სამჯერ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს ექიმიც, რაიმე ისეთი შემთხვევა არ გვქონია,“ – ამბობს იოანე ბარამიძე. მან განგვიმარტა, რომ მერიას აქვს ინფორმაცია, ელის თუ არა რომელიმე მოხუცი თავშესაფარში ადგილის გამოთავისუფლებას.

რამდენი მოხუცი ელის ბათუმში თავშესაფარში მოხვედრას – კითხვაზე პასუხი დღეს ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან ვერ მივიღეთ. გვითხრეს, რომ თანამშრომელს, ვისაც ეს ინფორმაცია აქვს, შესაბამის კომპიუტერთან წვდომა არ აქვს.

„სავანეს“ გარდა, მოხუცები ასევე თავსდებიან გერიატრიულ განყოფილებაში, რომელიც „ბათუმის სამედიცინო ცენტრშია“ მოწყობილი. აქ შეიძლება მოხვდეს ის მოხუცი, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. აქ 50 მოხუცის ადგილია გათვალისწინებული და ამ დროისთვის თავისუფალი ადგილი არც აქ არის. ამ კლინიკის პრესცენტრში გვითხრეს, რომ თავშესაფარში მოხვედრას ამ დროისთვის 5 მოხუცი ელის. საუბარია მოხუცებზე, რომლებსაც ფსიქიკური დაავადება აქვთ და პრესცენტრის განმარტებით, მათ სახლ-კარის პრობლემა არ აქვთ. ისინი სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ.

სამხედროების კვებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად 7 მილიონი დაიხარჯება

ქვეყნის საკარანტინო ზონებში სამხედრო მოსამსახურეთა მშრალი ულუფის, ასევე, სხვა საჭირო პროდუქტებით მომარაგებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 7 მილიონამდე ლარის შესყიდვას გამარტივებული წესით განახორციელებს.

შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელების მიზეზად კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება (პანდემია) და საქართველოს ცალკეული რეგიონებში საკარინტინო რეჟიმის დაწესება სახელდება.

„ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული მომწოდებლები ვერ უზრუნველყოფენ სურსათის სტაბილურ მოწოდებას ვალუტის კურსისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. ამასთან, მნიშვნელოვანია სურსათის შეძენა მოხდეს (პირდაპირი გზით ან შუამავლის მეშვეობით) სხვა სახელმწიფოებისგან, რათა არ განხორციელდეს ქვეყანაში არსებული სასურსათო მარაგების გახარჯვა“, – აღნიშნულია „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ ასევე აღნიშნავს, რომ „კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია – მომწოდებლები ვერ უზრუნველყოფენ სურსათის სტაბილურ მოწოდებას ვალუტის კურსისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე… ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების გათვალისწინებით კი, ზემოაღნიშნულის განხორციელება ვერ მოხდება დროულად“.

თითოეული შესყიდვის საჭიროება დგება კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე; სხვადასხვა პერიოდში, ეტაპობრივად, შესასყიდი იქნება სხვადასხვა სახის საკვები და სასმელი პროდუქტები, მიწოდებისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება 4 თვის განმავლობაში.

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, სახელმწიფო კომპანიაა, რომლის წილის მმართველი თავდაცვის სამინისტროა. ეს კომპანია თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას ახორციელებს.

მთავარი ფოტო: ჯარისკაცები მარნეულში / ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ხვალ საკონსტიტუციოს ახალ მოსამართლეს ნიშნავენ – კანდიდატის ვინაობას უზენაესი არ ამხელს

ხვალ, 31 მარტს, უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს დანიშნავს. პლენუმი დღის სამ საათზე შეიკრიბება.

ვის დანიშვნას აპირებს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ? – კანდიდატების ვინაობა უცნობია. უზენაესი სასამართლოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ თავმჯდომარეს ამ დრომდე კონსულტაციები არ დაუსრულებია და ის იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს პლენუმს თავმჯდომარე წარუდგენს. მას პლენუმმა უნდა დაუჭიროს მხარი.

რატომ არ ჩათვალა საჭიროდ უზენაესმა სასამართლომ კანდიდატების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის? – კითხვის პასუხად უზენაესი სასამართლოს პრესცენტრში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ უზენაესი სასამართლო კანონს არ არღვევს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე საკონსტიტუიციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურის გადადებისკენ მოუწოდა უზენაეს სასამართლოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ამ ორგანიზაციის შეფასებით: „ეს ქმედება მმართველი გუნდისა და კლანის მიერ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე საკუთარი გავლენის კიდევ უფრო განვრცობას ემსახურება,“  – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-ში მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში პლენუმის სხდომის ჩანიშვნა გაუგებარია, რადგან შეუძლებელი ხდება დისკუსიის გამართვა და წარმოიშვება „საჯარო მსჯელობის დეფიციტი“.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილება 2019 წლის დეკემბერში შეუწყდა. იგი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული. ახალი მოსამართლე უზენაეს სასამართლოს ერთ თვეში უნდა წარმოედგინა, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარე არ ჰყავდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტმა ნინო ქადაგიძე 17 მარტს აირჩია.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

30 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 101 739 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში სულ 1 648 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ახალი შემთხვევების ოდენობა ფაქტობრივად განახევრებულია. შედარებისთვის გუშინ, 29 მარტს, 3 815 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 30 მარტამდე, ვირუსით 11 591 ადამიანია გარდაცვლილი.

30 მარტის მდგომარეობით იტალიაში კორონავირუსზე 477 359 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი. 101 739 -ს კი დაუდასტურდა. ყველაზე მეტი, 42 161 ინფიცირებული, ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობს. 13 531 ემილია-რომანიაში, 8 724 ვენეტოში და 8 712 პიემონტეში. ყველაზე ცოტა ინფიცირებული ბაზილიკატას (214) და მოლისეს (134) რეგიონებშია.

ვის დასჭირდება სპეციალური საშვი 31 მარტიდან – კომენდანტის საათი

კომენდანტის საათის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოში მკაცრდება გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები. როგორც დღეს, 30 მარტს, ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხვალ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის, ასევე ფეხით გადაადგილება ქალაქში.

გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებისთვის. კომენდანტის საათებში გადაადგილების დროს სპეციალური საშვი დასჭირდებათ:

  • მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ასევე იმ ავტომანქანებს, რომლითაც მედიის წარმომადგენლები გადაადგილდებიან
  • მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს
  • საბანკო სფეროს წარმომადგებლებს
  • სასურსათო და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს

მთავრობის განცხადებით, შეუფერხებლად იმუშავებს ისეთი კომუნალური და მუნიციპალური სერვისები, როგორიცაა წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზით, საწვავით,  ელექტრონეერგიით მომარაგება, საფოსტო მომსახურება და სხვა, მსგავსი სერვისები.

„ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის იქნება დადგენილი სპეციალური რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ვალდებულება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა წესის დაცვით იმუშაონ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ზემოთ დასახელებულ პირებს, რომლებსაც სურთ საგანგებო რეჟიმის დროს, კომენდანტის საათის პირობებში  შეუფერხებლად გადაადგილება, სპეციალური საშვის მისაღებად უნდა გააგზავნონ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Pressoffice@gov.ge

კომენდანტის საათი ხვალ, 31 მარტს 21:00 საათიდან ამოქმედდება.

ბათუმში სპეციალურ ბლოკ-პოსტებზე მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის შესასვლელში განთავსდება სპეციალური ბლოკ -პოსტები, სადაც ყველა მოქალაქე ბათუმში შემოსვლისას თერმოსკრინინგს გაივლის

ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინიტროში კლინიკების ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმნომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საქართველოს ქალაქებში სპეციალური ბლოკ-პოსტების განთავსებაზე დღეს ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.

პრემიერის ინფორმაციით ბლოკ-პოსტების მოწყობაში ადგილობრივ შტაბებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დაეხმარებიან.

საკოორდინაციო ოპერაციების შტაბს კი აჭარაში მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს.

მსგავსი პუნქტები მოეწყობა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში.

დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესები დისტანციურად ტარდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო.

„დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა.

დეკრეტის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა იზოლატორებიდან სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების წესი. 2020 წლის 26-29 მარტს საქართველოს მასშტაბით დისტანციური წესით 38 სასამართლო სხდომა გაიმართა“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში, დისტანციური პროცესების ჩატარება, ემსახურება პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოების დაცვასა და მათი საპროცესო უფლებების შეუფერხებლად რეალიზებას“.

მთავარი ფოტო: დისტანციური სასამართლო პროცესი / ფოტო: შსს

ბათუმში კორონავირუსის მერვე შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებული, დაახლოებით 50 წლამდე ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას ვირუსი ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად გადაედო. სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფიცირების წყარო დადგენილია.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით უკვე 8 პაციენტს მკურნალობენ.

29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 100 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.]

ამავე თემაზე: 

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი

„ყველაფერში დამნაშავე ისევ ქალები და გეები ვყოფილვართ“, – ასეთი ან მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქში ბევრი შეგხვდებოდათ. მწვავე რეაქცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის გუშინდელ ქადაგებას მოჰყვა, როცა მან კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირა არა, მაგალითად, ქალების კვლას, ან ზოგადად მკვლელობას, არამედ აბორტს და „სოდომის გამოცხადებას“.

„…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ ამაზე, რომ ხომ არ არის ეს მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა,“ – აღნიშნა ქადაგების დროს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

რატომ დასჭირდა ეკლესიას პანდემიის დროს ისევ დასხმოდა თავს ლგბტქ თემს და ქალებს? – „ბათუმელები“ თეოლოგს, მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  •  ბატონო მირიან, თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ეკლესიას პანდემიის დროს ცოდვებს შორის აბორტის და „სოდომის ცოდვის“ გამოყოფა, რაშიც ეკლესია მოიაზრებს ლგბტქ თემს?

აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი არის ის, თუ რატომ ამჯობინებს ეკლესია მსგავს ვითარებაში მოძებნოს დამნაშავე და „განტევების ვაცი“, ანუ ცოდვების გამო ღვთის მიერ დასჯის თეორიას რატომ იღებს და მეორე – ვის ირჩევს საამისოდ? ის, რომ ღმერთი რაღაცის გამო სჯის სამყაროს, ეს ფორმულირება მეუფე შიოს მხრიდან, თეოლოგიური თვალსაზრისით იყო გაუმართავი, აბსურდული და დაუბალანსებელი. ღვთის მიერ ადამიანების დასჯის თეოლოგიური მიმართულება არსებობდა „ძველ აღთქმაში“, ასევე შუა საუკუნეებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას გვთავაზობს დღეს ქრისტიანობა, რომელმაც საკითხის სხვაგვარად დანახვა შემოგთავაზა: არსებობს „10 მცნება“, რომელიც წარმოადგენს აკრძალვათა ერთობლიობას, მაგრამ ქრისტეს მოაქვს „10 მცნება“? – არა, მას მოაქვს „9 ნეტარება“, ანუ გაჩნდა პოზიტიური ფორმულირება, რომ ჩვენ რაღაც უნდა ვაკეთოთ არა იმიტომ, რომ ღმერთი დაგვსჯის, არამედ იმიტომ, რომ რაღაც სათნოა. ჩვენ გვაქვს სრული ჩამოშლა და კოლაფსი ეკლესიისა, როგორც ინსტიტუტის, სადაც საღვთისმეტყველო დონეზე უნდა იყოს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია მსგავს სიტუაციაში. ერთი ქალბატონი წერდა ფეისბუქში, რომელიც იტალიაში ცხოვრობს: პაპის ქადაგებებს როცა ვუსმენ, ვმშვიდდები და სიცოცხლე მინდა, შემდეგ სოციალურ ქსელში როცა შემოვდივარ და ვუსმენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, სიკვდილი მინდება, ვიდრე კორონა მოვაო. ეს დესტრუქციული ხაზი აჩვენებს იმას, რომ ჩვენთან საღვთისმეტყველო განათლების სრული კრიზისია.

  • რა გათვლებით შეარჩია საპატრიარქომ ქალები, რომლებიც აბორტს იკეთებენ და ლგბტქ თემი?

აბორტი, როგორც სიცოცხლის მოსწრაფება, სხვა რელიგიებისთვისაც მიუღებელია, რადგან სიცოცხლეს რელიგია, განსხვავებით მედიცინისა, განიხილავს, როგორც საიდუმლოს და ხელშეუხებელ ფასეულობას, მაგრამ აქ მხოლოდ ქალი არ უნდა განიხილებოდეს ცოდვის ჩამდენად და ეკლესია, როცა საუბრობს აბორტზე, ყოველთვის ფოკუსი არის მხოლოდ ქალზე და არასოდეს კაცზე. აქ უნდა განიხილებოდეს ასევე სოციალური კონტექსტი და მათ შორის, ის, თუ რას აკეთებს თავად ეკლესია სიცოცხლის გადასარჩენად, როგორც მენტალურ დონეზე, ასევე რა სოციალური პროექტები აქვს. დასავლეთში კათოლიკურ ეკლესიებს აქვთ ორგანიზაციები, „ზეცის კარს“ ეძახიან, სადაც შეგიძლია ბავშვი დატოვო და ეკლესია იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენთან მსგავსი რამ არც კი განიხილება და მოიფიქრეს მხოლოდ ეს – პრიმიტიული წნეხი ქალებზე. კაცებზე რატომ არა?

  • რატომ აწყობს ეკლესიას პატრიარქალური კულტურის გავლენის არეკვლა და მისი გაძლიერება?

ბოლო წლებში ეკლესია და უშუალოდ პატრიარქი აშკარა ქალთმოძულე გახდა. არ ვიცი, შესაძლოა, ამას ფროიდისტული ახსნაც ჰქონდეს… ზოგადად, ბერობის ეს ფორმები, რაც საქართველოში არსებობს, არის სრული აბსურდი. მას არაფერი მოაქვს ადამიანებისთვის, გარდა ტრავმებისა. ამის გამოხატულებაა ეს ქალთმოძულებაც. შესაძლებელია, ეს იყოს ნაკარნახევი პატრიარქალური კულტურისგან, მაგრამ რეალურადაც სასულიერო პირების დიდი ნაწილი გულწრფელად არის ქალთმოძულე.

ამ შუა საუკუნეების თეორიას რომ მივყვეთ, როცა ასევე პოპულარული იყო ცოდვების გამო ღვთის სასჯელის განხილვა, მაშინ მეუფე შიოს ქადაგებაში უნდა იყოს ცოდვათა ვრცელი ჩამონათვალი: ფემიციდი, უპასუხისმგებლობა, უსამართლობა, ვერცხლისმყვარეობა და ა. შ. მაგრამ ეკლესიამ მხოლოდ ეს ორი გამოყო – ყველაზე შეჩვენებული და გაკიცხული და ამავდროულად, დაუცველი და მოწყვლადი ფენა – ლგბტქ თემი, რომელსაც მუდმივად დააბრალებენ ყველაფერს საქართველოში, ვიდრე პატრიარქი ცოცხალი იქნება და ქალები, რომლებიც ბედავენ, ჰქონდეთ დამოუკიდებელი ცხოვრება და თურმე, აბორტსაც კი იკეთებენ.

  • რამდენად არის ეს ამჯერად მართლმადიდებელი ეკლესიის სტრატეგიის ნაწილი? რა შედეგზე იყო გათლილი თანამოსაყდრის ქადაგება?

აქცენტის გაკეთება ამ თემაზე გამოწვეულია იმით, რომ ეს არის პოლიტიკური სტრატეგია, რომ ეკლესიამ დაიბრუნოს საკუთარი ძალაუფლება, ან არ დაკარგოს საკუთარი პრესტიჟი. ეკლესია ხედავს, რომ ის საკმაოდ დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა ამ ზიარების კოვზის გამო. ეკლესიისთვის მომგებიანია, შეუტიოს ყველაზე სუსტს, დაუცველსა და მოწყვლადს, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია.

თუკი მივყვებით მეუფე შიოს დათქმას, რატომ არ არის, მაგალითად, კორონავირუსის გავრცელება შედეგი კორუფციისა, ან, მაგალითად, ფუფუნების და ვერცხლისმოყვარეობის მიმართ ზედმეტი მიდრეკილების? იქნებ უსამართლობის გამო გვსჯის უფალი? იმ ძველ წინასწარმეტყველებებში, ყველაზე ხშირად სწორედ უსამართლობაზეა აქცენტი გაკეთებული და არა სოდომზე. თუ ეს ეკლესიის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რატომ არ აკეთებს აქცენტს უსამართლობაზეც, რომელიც ასევე აწუხებთ ადამიანებს? თუ ისაუბრებს უსამართლობაზე, ვერ ასცდები მთავრობის კრიტიკას. უსამართლობას ის სჩადის, ვისაც ძალაუფლება აქვს. ეკლესია ყველა დროში თავს არიდებს ხელისუფლების კრიტიკას. აბორტი და ლგბტ თემი კიდევ იმდენად დემონიზებულია, რომ ეს არავის უკვირს.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ სიტუაციაში მეუფე შიოს ქადაგებას და კონკრეტული ჯგუფების გამოყოფას?

ეს არის ძალიან დიდი ბოროტება, ჩადენილი მეუფე შიოს მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ თვითიზოლაციის დროს გაზრდილია ქალებზე ძალადობის შემთხვევები, რადგან მოძალადეს უფრო ხშირი წვდომა აქვს მსხვერპლთან. მეუფე შიოს ქადაგება არის ერთგვარი წაქეზება ფემიციდური დამოკიდებულებებისა, არ გამოვრიცხავ, რომ ბევრისთვის ეს შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყაროც. ჰომოფობიას რაც შეეხება, ამ მხრივ განსაცდელები არასდროს აკლდა ამ ჯგუფს და ახლა კიდევ უფრო გახელდებიან სხვები მათ წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მეუფე შიოს ქადაგებაში იყო ერთგვარი გზავნილი ხელისუფლების მისამართითაც, რომ მათ შეცვალონ კანონი ამ კუთხით. მეუფემ თქვა, რომ „სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად“ არის პრობლემა, ანუ დაკანონებაო. ეკლესიამ ამ გამოსვლით თავი დაიზღვია: თუ ინფექცია იფეთქებს, ეკლესია ამას გადააბრალებს არა საკუთარ უპასუხისმგებლობას, არამედ კონკრეტულ ცოდვებს. თუ ქვეყანა ამ კრიზისს დაძლევს, ეკლესია აღმოჩნდება ისევ კრიზისში საზოგადოებრივი თვალსაზრისით, რადგან ეკლესიამ უკვე საზოგადოების მოაზროვნე ფენა ძალიან გააბრაზა. მე მგონია, რომ საბოლოოდ ეკლესია გაიწმინდება ოდნავ მოაზროვნე ადამიანებისგანაც, რომელიც მცირე ოდენობით არიან დარჩენილი ეკლესიაში. ახლა მიმდინარეობს დასჯა იმ სასულიერო პირების, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს, მაგალითად, მღვდელი გიორგი წეროძე, იგი გაათავისუფლეს კაპელანობიდან [სასულიერო პირი სამხედრო ნაწილში]. მან გაბედა და ღიად თქვა, რომ ზიარების კოვზით შესაძლებელია ინფექციის გავრცელება და გაათავისუფლეს.

  • ქადაგების დროს მეუფე შიომ ასევე მოუწოდა მრევლს პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვისკენ, თუმცა იმავე ტაძარში ზიარება ისევ საერთო კოვზით შედგა, რაც ვირუსის გავრცელების წყაროა. რას აჩვენებს ეს დამოკიდებულება?

ეს არის კარგი მაგალითი ორმაგი სტანდარტებისა, რომელიც დანერგა საქართველოში ეკლესიამ. მართლაც ქადაგებამდე ზიარება შედგა საერთო კოვზით და ქადაგების შემდეგ მეუფემ მრევლს მოუწოდა, ახლა ჯვარზე მთხვევა იქნება და დისტანცია დაიცავითო, ანუ მეუფე თვითონ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, სიტყვა ერთია და საქმე – სხვა.

  • რატომ არ იმჩნევს ამას მრევლი?

მრევლის ერთი ნაწილი ტაძარში დადის პატრიარქის კულტის გამო – მხოლოდ პატრიარქის სწამს. არის ფენა, რომელსაც მისტიური ამბების სჯერა და სასწაულს ელის, არის რაღაც ნაწილი, რომელიც მხოლოდ რიტუალების მოყვარულია, როცა ადამიანს იმის კი არ სწამს, რაც რიტუალის მიღმაა, არამედ თავად რიტუალის სჯერა. ამ პირობებში აღმოჩნდა, რომ მრევლის საკმაოდ დიდი ნაწილი ასეთია – მათ არ აინტერესებთ შინაარსი. ადამიანი ზოგადად არის რიტუალისტური არსება: შესაძლოა, მე დილით სულაც არ მინდოდეს ყავა, მაგრამ ეს ერთგვარი რიტუალია, რომ უნდა დავლიო… განსხვავება ისაა, რომ ისინი მკვეთრად ფიქსირებული არიან ამაზე.

  • მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ სხვა ქვეყნებში შეაჩერა საჯარო ღვთისმსახურება, ან შეცვალა ზიარების წესი. რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია და პანდემიის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციების შესრულებას დათანხმდეს

ზიარების კოვზის გამოყენების წესი, მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, მხოლოდ უკრაინის ეკლესიამ შეცვალა, დანარჩენებმა შეაჩერეს საჯარო ღვთისმსახურება, თუმცა, მაგალითად, ზოგიერთი მღვდელი, ან ეპისკოპოსი საბერძნეთში არ ემორჩილება საჯარო ღვთისმსახურების შეჩერებას. მხოლოდ ჩვენ დავრჩით, ვინც ამ სტრატეგიას არ ეთანხმება. არამხოლოდ საქართველოში, მართლმადიდებლური სამყაროს კრიზისიც გამოჩნდა ამ პროცესში – ეკლესია ვერ შეელია კოვზს. ახლახანს სერბი ეპისკოპოსი გარდაიცვალა კორონავირუსით…. ვიდრე რომელიმე ეპისკოპოსი საქართველოში არ დადგება საფრთხის წინაშე, მანამდე ჯანსაღ განცხადებას საპატრიარქო ამ საკითხზე არ გააკეთებს.

საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი – საქართველოში პატრიარქს მუდმივად ელანდება მეორედ მოსვლა და როგორც იქნა, დადგა დრო, რომელიც რაღაცით მართლა დაემსგავსა ამ მეორედ მოსვლას, მაგრამ აქაც არათანმიმდევრულია ეკლესია. მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში დაემორჩილა ეკლესია კარანტინის წესებს, ზოგიერთი სხვა ეპისკოპოსიც მოუწოდებს მრევლს სახლში დარჩენისკენ… თუ ამას ამბობს პატრიარქი, რომ ეს მეორედ მოსვლაა, მაშინ ეს უნდა იყოს ყველასთვის გასაგები და ცხადად თქმული, რომ აი, მაგალითად, ჩინელმა მასონებმა გაავრცელეს ვირუსი და ჩვენ ვართ ბოლო ჟამის პირას.

რაც ვერ ამომიხსნია, ეს არის რელიგიური ფანატიზმი, რომელიც, როგორც წესი, პერიფერიული მოვლენაა – რეგიონებში უფრო ბნელა. ჩვენთან პარადოქსულად პირიქით ხდება: რეგიონებში უფროა სიტუაცია გადატეხილი და თბილისსა და ბათუმშიც გვაქვს მწვავე ფორმით რელიგიური ფანატიზმი.

 

 

ხვალიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად ბათუმში ხვალიდან [ 31 მარტი]  მუნიციპალური  ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება.

პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

„ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია,“ – თქვა გახარიამ.

 

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

ქალაქში გადაადგილებისას უნდა გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 31 მარტიდან, საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება, რის ფარგლებშიც ძალაში შედის გარკვეული აკრძალვები.

გახარიას განცხადებით, ხვალიდან 21 აპრილამდე ნებისმიერი მოქალაქეს ნებისმიერ დროს, ქალაქში გადადაგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, ცხადდება კომენდანტის საათი 31 მარტიდან 21 აპრილამდე და 21 საათიდან  დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.

ნახეთ სრულად, რა აკრძალვები შედის ძალაში 31 მარტიდან: 

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

 

გახარია: ოჯახის ექიმები გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის მებრძოლები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან. მისივე თქმით, მათ ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ „შეგრძნება ან ცხელება“. გარდა ამისა, ისინი უნდა ჩაერთონ იმ პაციენტების მკურნალობაში, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

„პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები, უახლოეს დღეებში და აქ საუბარია ერთ-ორ დღეზე, გახდებიან ვირუსისგან დაცვის ყველაზე წინა ხაზის ყველაზე ძირითადი მებრძოლები. თითოეულ ადამიანს, რომელსაც ექნება შეგრძნება ან ცხელება, ექნება კონკრეტული მიმართულება, სადაც უნდა დარეკოს, სადაც უკვე სატელეფონო ზარით მოემსახურება კონკრეტული ოჯახის ექიმი და აქედან დაიწყება რისკის შემცველი პოტენციური პაციენტის მართვა.

ამის მიზანი გახლავთ ის, რომ მოგეხსენებათ, ვირუსის დიდი პროცენტი ზოგ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში –  ძალიან მსუბუქად. ჩვენი მოხუცების, მშობლების რისკი რომ შევამციროთ, ასევე ქრონიკულად დაავადებული ადამიანების, რომელ შემთხვევაშიც ვირუსი უფრო მძიმე პირობებში ვითარდება, მათთვის უნდა შევინარჩუნოთ რესურსების მაქსიმალური მოცულობა.

იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი არ მიმდინარეობს მძიმედ, მას მარტივად უნდა გავუმკლავდეთ სახლის პირობებში. ამაში უნდა მოგვეხმაროს ჯანდაცვის სისტემა და სწორედ ოჯახის და სოფლის ექიმები,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 მარტს, ქვეყანაში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. პრემიერის განცხადებით, ხვალ, 31 მარტს, ძალაში შედის შემდეგი აკრძალვები:

  • სრულიად იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და  მუნიციპალიტეტებში, ასევე, ქალაქებს შორის.
  • დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება სამი ადამიანი და მხოლოდ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.
  • მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლებისთვის, მხოლოდ ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.
  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია.
  • აკრძალულია 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ ვალდებულია დაეხმაროს ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
  • ცხადდება კომენდანტის საათი 31 მარტიდან 21 აპრილამდე და 21 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით დილის 6 საათამდე.
  • პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, ღონისძიებას განახორციელებს შს სამინისტრო და ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
  • ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას, უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვინც თავშესაფარს დატოვებს, უფლება არ აქვს, უკან დაბრუნდეს

ბათუმში  ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს, ერთი მუნიციპალურია, მეორე კი – კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟის ქვეშ.

როგორც „კარიტასის“ მიერ დაფინანსებულ  ღამის თავშესაფარში „ბათუმელებს“ უთხრეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თავშესაფარში მცხოვრებ პირებს უფლება აქვთ, დღის განმავლობაშიც დარჩნენ თავშესაფარში.

„ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრა, გასაგებად ავუხსენით „კარიტასის“ წესები და მოთხოვნები. მათ უფლება აქვთ დღისითაც დარჩნენ თავშესაფარში, მაგრამ ვინც თავშესაფარს დატოვებს, უფლება არ აქვს, უკან დაბრუნდეს“, – გვითხრა თამაზ მღებრიშვილმა, თავშესაფრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ღამის თავშესაფარში დარჩენის სურვილი 17- მა ადამიანმა გამოთქვა,  8 ადამიანი კი ახლობელთან წავიდა.

„გვითხრეს, რომ მთელი დღე აქ ვერ გავჩერდებითო. ეს მათი არჩევანია, რა თქმა უნდა, და გავუშვით. თავშესაფრის ყველა მცხოვრები იზოლირებულია და გარეთ არ გადიან“, – გვეუბნება მღებრიშვილი.

მისი თქმით, თავშესაფარში დარჩენილ ადამიანებს სადილით ბათუმის მერია უზრუნველყოფს.

„საუზმე და ვახშამი აქამდეც ჰქონდათ, ახლა, რადგან დილითაც რჩებიან თავშესაფარში, მივწერეთ მერიას და სადილს მუნიციპალური სასადილოებიდან მოგვაწვდიან.

რაც შეეხება სადეზინფექციო საშუალებებს, „კარიტასმა“ გამოგვიგზავნა ბახილები, ხალათები, ხელთათმანები, პირბადეები, ქუდები, ყველაფერი გვაქვს. თავშესაფარში აქვთ ტელევიზორი, ტენისი, დომინო, კარტი და ერთობიან“, – გვითხრა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება მუნიციპალურ თავშესაფარს, როგორც მერის მოადგილე სოციალურ საკითხებში, ლელა სურმანიძე ამბობს, თავშესაფარში დარჩენა ადამიანებს აქაც შეუძლიათ. მისი თქმით, 30 ადამიანი 21 აპრილამდე კარანტინში დარჩება. „გარეთ არავის არ ვუშვებთ და არც აქვთ სურვილი გარეთ გასვლის“, – გვითხრა მან.

მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფ ადამიანებსაც სამჯერადი კვება ექნებათ. 1-ელი აპრილიდან მუნიციპალური სასადილოები წყვეტენ მუშაობას, თუმცა როგორც ლელა სურმანიძე ამბობს, ერთი სასადილო მაინც იმუშავებს და სწორედ ეს სასადილო მიაწვდის თავშესაფრის ბენეფიციარებს სადილს.

რაც შეეხება დეზინფექციას, სურმანიძის თქმით, თავშესაფარი უზრუნველყოფილია ხსნარებით და აქ მყოფ ადამიანებს შეუძლიათ მისი გამოყენება. „სოციალური დისტანცია მუნიციპალურ თავშესაფარში რთული იქნება, რადგან აქ ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანს უწევს ყოფნა,  ამიტომ  მივეცით მკაცრი რეკომენდაცია, რომ არ გავიდნენ გარეთ“, – ამბობს ლელა სურმანიძე.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

როგორ უნდა დაბრუნდნენ სტამბოლში ჩარჩენილი ქართველები სამშობლოში? – ელჩის განმარტება

საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა ფეისბუქზე წერს, რომ საელჩო ყველაფერს აკეთებს თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი ქართველების დასახმარებლად. საქმე ეხება გუშინ, 29 მარტს მომხდარ ფაქტს, როდესაც ავტობუსი, რომლითაც საქართველოს 54 მოქალაქე საქართველოში ბრუნდებოდა, თურქმა სამართალდამცავებმა უკან, სტამბოლში დააბრუნეს. მოქალაქეები აჭარის ტელევიზიას უყვებიან, რომ მათ წუხელ ღია ცის ქვეშ გაათიეს ღამე.

„გუშინ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს, რადგან ავტობუსის მფლობელ კომპანიასა და მგზავრებს არ გააჩნდათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში შემოღებული მგზავრობის ნებართვა. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობს ამ საკითხის გადაწყვეტაზე,“ – წერს ელჩი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გიორგი ჯანჯღავას დამატებით კომენტარისთვის. ელჩის განმარტებით, სტამბოლში მდებარე საქართველოს საკონსულო ჩართულია საკითხის მოგვარებაში.

ელჩის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში გადაადგილებასთან დაკავშირებით მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები, საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები არიან, ჰქონდეთ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში შემოღებული სპეციალური სამგზავრო ნებართვა. მსგავს ნებართვებს ყველა ქალაქში ადგილობრივი გუბერნატორის სამსახური (valilik) გასცემს.

ელჩის თქმით, 29 მარტს კიდევ ორი მსგავსი ფაქტი მოხდა, თუმცა ის არ გახმაურებულა.

საქმე ეხება კიდევ ორ ავტობუსს, რომლებიც სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით გამოემგზავრნენ.

„აღნიშნული ავტობუსებიც გაჩერებულ იქნა თურქი სამართალდამცავების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნდათ ზემოაღნიშნული ნებართვა. ამ შემთხვევაში, ანკარაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და სტამბოლსა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოების ოპერატიული მოქმედების საფუძველზე, აღნიშნულ ავტობუსებს მიეცათ საქართველოში გამგზავრების საშუალება,“ – წერს გიორგი ჯანჯღავა.

ელჩის თქმით, თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს სამივე მისია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მოქალაქეებმა, თურქეთის ნებისმიერი ქალაქიდან გამომგზავრებამდე, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და დააზუსტონ მგზავრობის დეტალები.

საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს:

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +905392208280
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა – გახარია

„აკრძალურია 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მან ქვეყანაში კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა, რაც გულისხმობს საღამოს 9 საათიდან დილის ექვს საათამდე ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვას, როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქები არიან მარტოხელები, მათ ვალდებულია დაეხმაროს ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინსიტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კარანტინი და კომენდანტის საათი ხვალ, 31 მარტს, დილიდან შევა ძალაში.

30 მარტის განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული.

მათგან სამი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

 

Exit mobile version