ბათუმი,მთავარი,სიახლეები

არაადეკვატური ბლოგი თვითიზოლაციაში ლაშქრობების შესაძლებლობაზე [ფოტო]

30.03.2020 • 2359
არაადეკვატური ბლოგი თვითიზოლაციაში ლაშქრობების შესაძლებლობაზე [ფოტო]

მთელი მსოფლიო კარანტინშია. ადამიანებს უჭირთ შინ დარჩენა და გარეთ გაჭრას ლამობენ. ასეთებს მერე პოლიცია აჯარიმებს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის გამო. თუ კორონავირუსის ეპიდაფეთქებამდე ფეისბუქზე თქვენი ,,ფრენდები“ დღეში ერთ ან ორ პოსტს წერდნენ, ახლა ყველა ყველაფერს პოსტავს ისტერიულად და ხვდებით, რომ სხვების ცხოვრებაში ასე დეტალურად ჩახედვაზეც ნამდვილად არასდროს გიოცნებიათ.

თავადაც ვერ ხართ მაინცადამაინც კარგ გუნებაზე და მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ძალიან მოგწონთ შინიდან, ფაჩუჩებით მუშაობა, უკვე ერთს მიხვდით: ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი  სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, მზის სხივები და ფეხით სეირნობაა. ათასი ფიქრი გაქვთ. სეირნობა ძვირადღირებულ სერვისად ხომ არ გადაიქცევა? ისევ შევძლებთ ფეხით ვისეირნოთ დიდხანს მეგობრებთან ერთად, თუ სულ მარტო უნდა ვიაროთ დაცარიელებულ ქუჩებში? ერთმანეთის შეხება სამუდამოდ აიკრძალება? კოშმარი ოდესმე დასრულდება? პასუხი ზუსტად არავინ იცის. მაგრამ თუ ეს დაგამშვიდებთ, მთელ მსოფლიოს ერთი და იგივე ფიქრი აქვს ახლა. მარტო არ ხართ. როცა ყველაფერი დასრულდება, ალბათ, ერთი სული ექნება ყველას, სადმე წავიდეს. სხვანაირად ვათვალიერებთ შარშანდელ ფოტოებს, რომლებიც ლაშქორობების მერე უბრალოდ გადმოვიტანეთ კომპიუტერში და გვეგონა, რომ არასდროს მივუბრუნდებოდით. მარტის ბოლოა. სულ ცოტაც და დადგება დრო, როცა ულამაზესია დაცული ტერიტორიები და ტყე-პარკები, მტირალაზე მალე როდოდენდრონი აყვავდება, მაჭახელას მთავარანგელოზის ბილიკზეც ცაცხვი ყვავის და თაფლივით მოტკბო სურნელს აფრქვევს.

სანამ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება და საკუთარ ბილიკს დაადგებით, იმ ადგილებს გაჩვენებთ, რომლებსაც შარშანდელ ლაშქრობებში გადავეყარეთ. დარწმუნებული ვარ,  თავადაც ქექავთ იმ ადგილების ფოტოებს, სადაც გაზაფხულზე გეგმავდით წასვლას. სიმშვიდით აღიჭურვეთ და იფიქრეთ, რომ არაუშავს, რადგან მთელ სამყაროს ჩაეფუშა გეგმები, მარტო აქაც არ ხართ და როგორ თვითიზოლაციაშიც არ უნდა ვიყოთ, ვერავინ წაშლის ჩვენი დედაპლატადან შარშანდელი ლაშქრობების ფოტოებს, რომლებსაც შეგიძლია უყურო და მოგზაურობა თავიდან დაიწყო.

  • ხიხანი

ხიხანი XII-XIII საუკუნეების ციხეა ბათუმიდან 90 კილომეტრის მოშორებით და საინტერესო ისტორიაც აქვს, თუმცა ციხეზე არანაკლებ საინტერესოა გზა, რომელსაც ამ ციხემდე მიჰყავხარ, მთიანი აჭარის სოფლებით, ხის სახლების აივნებზე გადმომდგარი თავშლიანი ქალებით და გზადაგზა არყის ხდის სურნელით, შეშის კვამლით, არემარეს რომ ედება.

ციხემდე ციცაბო, საცალფეხო ბილიკი მიდის. გაზაფხულზე გზადაგზა ათასი ბუჩქი ყვავის, სიმაღლიდან კარგად ჩანს მწვანე ტბაც და აღმართზე ბევრჯერ შეჩერდებით, ზემოდან რომ გადმოხედოთ ამ მშვენიერებას.

სოფელი ხიხაძირი, ხიხანის ციხესთან ახლოს

ხედი ხიხანის ციხისკენ მიმავალი ბილიკიდან

  • მწვანე ტბა

მწვანე ტბა მართლაც მწვანეა. შავ ზღვასავით მაცდურად არ ჰქვია – ლურჯი რომ არის და მაინც შავს ვეძახით. მსგავსი მწვანე ტბა საქართველოში სადმე, ჯავახეთში თუ შეგიძლიათ ნახოთ, სხვაგან არსად. არ ვიცი, რატომაა ეს ტბა ასეთი მწვანე, მაგრამ ნამდვილად მუქი მწვანეა და როგორც ამბობენ, ზამთარ-ზაფხულ ასეა. არაფერი. ტბაა, მიხვალ, იბანავებ (შორს არ უნდა გაცურო, ქვიშიანია და ეფლობი) გაშრები, ცოტა ხანს უყურებ და უკან წამოხვალ. მაგრამ ხიხანის მსგავსად მწვანე ტბაზე არანაკლებ საინტერესო იქამდე მისასვლელი გზაა.

საერთოდ, ყველა ლაშქობა ასეა. მიზნად ისახავ რაღაცის ნახვას, სინამდვილეში, იქამდე მისასვლელი გზების თვალიერებაში უფრო ეფლობი. მწვანე ტბამდე მემთეურთა დასახლებაა. ამ დასახლებაში მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობენ ოჯახებით: ბებია-ბაბუები, მშობლები შვილებით, მათი დეიდაშვილ-ბიძაშვილები და იმათი მომყოლი სტუმრები. ხის სახელდახელოდ ნაგებ, ჭრიალა სახლებში მთელი ზაფხული რძის პროდუქტებს აკეთებენ: ყველს, ნადუღს, ნაღებს, კარაქს და ყურუთს. ყურუთი გამომშრალი ნადუღის კვერებს ჰქვია, რომელსაც სხვენში კიდებენ და ახმობენ.

მწვანე ტბამდე სწორედ ასეთ სოფელს გაივლით. არ უნდა აყვეთ ცდუნებას და გოდერძის უღელტეხილიდან ტაქსით არ უნდა წახვიდეთ ტბამდე, ამ საათ-ნახევრიანი გზის გავლა ფეხით სჯობს, მემთეურთა სოფელიც თუ გაინტერესებთ.

მწვანე ტბა

სახლი მწვანე ტბამდე მიმავალ გზაზე

  • თაგო

თაგოზე იმდენი ვწერეთ, იმდენი გადავიღეთ და იმდენი ვილაპარაკეთ, მაგრამ თაგოზე წერა არასდროსაა ზედმეტი. ამ ერთციცქნა სოფელში სახლები მულტფილმის შენობებს ჰგავს. ხის წაწვეტებულ ღობეებს შორის ბალახი ბიბინებს. სოფელში სულ 70-მდე ოჯახი ცხოვრობს. თაგოში მხოლოდ ერთი პატარა მეჩეთი და სკოლაა. ერთიც პატარა, ხის სახლში მოწყობილი კაფე, რომელიც ბაღჩა-ბოსტნითაა გარშემორტყმული. თვითიზოლაცია რომ დამთავრდება, ღირს ამ სოფელში წასვლა, კაფეს დიასახლისის ალუბლის კომპოტის შეკვეთა და ხევში ჩაწოლილი ნისლების ყურება. თაგოს სხვა სახლებისგან განსაკუთრებული იზოლაცია გამოარჩევს: სოფლამდე მისასვლელი გზა ორკილომეტრიანი საბაგიროა. როცა ძლიერი ქარი ქრის და ზამთრის ქარბუქი დგება, საბაგირო ჩერდება და იკეტება. თაგოელებს ამ დროს ყველაზე გემრიელი მურაბები და კომპოტები გამოაქვთ სარდაფებიდან, ჩაის ათუხთუხებენ, ბორანოზე ეპატიჟებიან ერთმანეთს, ძველ ამბებს იხსენებენ და მერე ქარბუქიც წყნარდება.

 

სოფელი თაგო

საბაგირო სოფელ თაგოში

  • ღვინის სოფელი – ვაიო

აჭარაში არაერთი სოფელია, სადაც საუკეთესო ღვინით გაგიმასპინძლდებიან, მაგრამ სოფელი ვაიო მათ შორის ყველაზე გამორჩეულია. თითქმის ყველა სახლს დიდი, მწვანე ეზო აქვს და მთის წვერზე გაშენებული სოფლიდან ულამაზესი ხედები იშლება, ყველა ეზოში ვენახი აქვთ. აქ განსაკუთრებული გემო ჩხავერისგან დაყენებულ ღვინოს აქვს. მშრალია, მსუბუქი და ვარდისფერი. ეს ნაშემოდგომევის ამბებია, მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ გავიხსენოთ? არც არაფერი. თან როცა თვითიზოლაცია დამთავრდება, არ არის საჭირო ელოდო შემოდგომას და ჩხავერის ახალი მოსავლის ღვინოს. ვაიოელებს წინა წლის ჩხავერიც ექნებათ გადანახული. ღირს კარანტინის დამთავრება ამ სოფელში მშრალი და ვარდისფერი, ჟუჟუნა ღვინით აღნიშნოთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

ვენახი სოფელ ვაიოში

 

  • მტირალას პარკი

ხომ დგება დრო, როცა ხანდახან ყველა და ყველაფერი გბეზრდებათ, ტელეფონის ზარებს არ გინდათ უპასუხოთ, ფეისბუქზე შეხედვა არ გინდათ და გრძნობთ, რომ ზედმეტად ბევრ ადამიანს ეკონტაქტებით ყოველდღიურად სამსახურის, ოჯახის, ყოველდღიურობის მიზეზით. ამ დროს გინდა სადმე წახვიდე, არავინ ნახო, ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩე და, უბრალოდ, გონება გათიშო. მაგრამ სად. მანქანების ხმაურში და ბეტონის მრავალსართულიან სახლებს შორის მოქცეულ კაფეებში? არა. მტირალას პარკში. მართალია, ზაფხულობით არც აქაურობას აკლია ვიზიტორები, მაგრამ გაზაფხულზე მტირალა ინტროვერტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. როგორი სავსეც არ უნდა იყოს პარკი ტურისტებით, ყოველთვის იპოვით ბილიკებს ტყეში, სადაც მარტო ივლით, კოლხურ ტყეებში და უთხოვარის კორომებში ისეირნებთ, უნგერის შქერის ყვავილობას ნახავთ, წყლის წისქვილებში დოლაბების ტრიალის ხმას მოუსმენთ, ცოტა ხნით დაივიწყებთ რა გქვიათ, ვინ ხართ და როცა იგრძნობთ, რომ კარგა ხანს ნაგროვები სიმძიმე მხრებიდან ბუმბულივით ჩამოგებერტყათ, უკან დაბრუნდებით.

„ბეწვის ხიდი“ მტირალას პარკში

წყლის წისქვილი მტირალას პარკში

როდოდენდრონის ყვავილობა მტირალას პარკში

რა დროს ესენია? მსოფლიო თვითიზოლირებულია და რა ვიცით, ვინ სად და როდის წავალთ? არ ვიცით. არც არავინ იცის. მაგრამ იქნებ ასე სწრაფად არ უნდა ექროლა დედამიწას და სამყარომ შინ დაგვსვა, რომ მეტი გვეფიქრა ვინ, რა, რატომ, სად და როდის? მაგრამ ეს კითხვები რა ნუგეშია მათთვის, ვინც ამ კოშმარს შეეწირა? რატომ მოხდა ეს ყველაფერ და როდის დამთავრდება მსოფლიო კარანტინი? არ ვიცით და არც არავინ იცის. მაგრამ იმ პრინციპით, რომ ოდესმე ყველაფერი მთავრდება, დამთავრდება პანდემიაც. მანამდე კი სანამ თვითიზოლაციიდან გამოხვალთ და ახალ ადგილებს ნახავთ, გააგრძელეთ ამბავი და მოგვიყევით შარშან სად იყავით და რა ნახეთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: