მთავარი,სიახლეები

„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ

30.03.2020 • 2244
„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ

„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო, კომენდანტის საათი გამოაცხადა და მოხუცების გარეთ გამოსვლაც აკრძალა. ხელისუფლებისგან დღეს ვერ მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია იმ მოხუცების რაოდენობას შესახებ, რომლებიც ნადეჟდას მსგავსად თავშესაფარს ელიან და განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან.

მოხუცების რიგი თავშესაფრებთან მას შემდეგ შეიქმნა, როცა ხელისუფლებამ დიდი პანსიონატები გააუქმა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოწყობა არჩია, ე.წ. სათემო ორგანიზაციები. ეს ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ, თუმცა საოჯახო ტიპის სახლები მარტოხელა მოხუცებისთვის საკმარისი რაოდენობით არ მოწყობილა – მწირი დაფინანსების გამო მესამე სექტორმა მიიჩნია, რომ მოხუცებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. მსგავსი ტიპის სახლი, მაგალითად, აჭარის რეგიონში საერთოდ არ მოწყობილა. აჭარაში ამ დრომდე მოხუცებისთვის მხოლოდ ერთი სადღეღამისო თავშესაფარია – ბათუმის „სავანე“, სადაც ახლა 120 ადგილიდან ყველა ადგილი დაკავებულია.

„აქ ნაქირავებში ვცხოვრობ, არავინ ცხოვრობს და მეპატრონეს პენსიიდან 70 ლარს ვუხდი. კიდევ სოციალურ დახმარებას ვიღებ, თვეში 60 ლარია… შუქის ფული მაქვს გადასახდელი, წამლები, ამდენი დაავადება გადავიტანე… წყალი მოდის, როგორ არა, მაგრამ ცივია, ცხელი წყალი სადაა? აბაზანა მაქვს, მაგრამ გაუქმებული,“ – ამბობს ნადეჟდა დავითაძე. ნადეჟდა ამბობს, რომ შუქის ფულსაც ხშირად ვერ იხდის და სიბნელეშია.

„შეშას ზოგჯერ მეზობელი მჩუქნის და ღუმელს ვანთებ… აღარ შემიძლია მუშაობა, თორე ორი წლის წინ ქუჩებს ვხვეტავდი, ხელფასი მქონდა. ახალგაზრდობაში? – ახალგაზრდობაში რესტორანში ვმუშაობდი, „პოვარის“ მთავარი თანაშემწე ვიყავი,“ – ასრულებს ნადეჟდა დავითაძე.

ნადეჟდა დავითაძე „ღირსეული სიბერის“ სარვამარტო ღონისძიებაზე

ზუსტად რამდენ მოხუცს სჭირდება თავშესაფარი, მაგალითად, ქობულეთში, უცნობია. 20-მდე მოხუცის ისტორია ორი წლის წინ ორგანიზაციამ „ღირსეული სიბერე“ შეაგროვა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ქობულეთის საკრებულოს პეტიციით მიმართა. ქობულეთის საკრებულომ და მერიამ 2018 წელს თქვეს, რომ თავშესაფრის მოწყობას ფული სჭირდება და ბიუჯეტიდან თანხის გამოთავისუფლებას დაელოდებოდნენ. დღემდე თავშესაფრის მოწყობა ქობულეთში არ დაუწყიათ.

რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანამონაწილეობაზე უარი თქვა, ხოლო ეს დონორი ორგანიზაციების მხრიდან სავალდებულო მოთხოვნა იყო, ქობულეთში მუშაობა შეაჩერა ორგანიზაციამ „ღირსეული სიბერე“. ამ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ახლა მხოლოდ მაშინ ხვდებიან მოხუცებს, როცა ქველმოქმედი ადამიანები, ან ორგანიზაციები, მიუსაფარი მოხუცებისთვის დახმარების სურვილს გამოხატავენ. ბოლო ასეთი შეხვედრა, რომელსაც ნადეჟდაც ესწრებოდა, ქობულეთში 8 მარტს შედგა.

„ამ მოხუცებიდან რამდენიმესთან ისევ გვაქვს ურთიერთობა… მაგალითად, ვიცი ერთი პენსიონერი კაციც, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა ოჯახში ცხოვრობს, ბოსტანს ამუშავებს იმის სანაცვლოდ, რომ ღამის გასათევი ჰქონდეს,“ – გვიყვება ორგანიზაციის „ღირსეული სიბერე“ ერთ-ერთი თანამშრომელი. – „პეტიციის განხილვის შემდეგ ქობულეთის მერიამ მოგვთხოვა იმ მოხუცების მონაცემები, რომლებსაც, მაგალითად, შვილი არ ჰყავთ. ზოგიერთ მოხუცს შვილი ჰყავს, მაგრამ არ აქვს მასთან ურთიერთობა და რეალურად სჭირდება თავშესაფარი… საბოლოოდ, 9 მოხუცი შეირჩა, ვინც მერიის კრიტერიუმში ჯდებოდა, მაგრამ არც შემდეგ შეცვლილა რამე,“ – ამბობს მარინა ჟღენტი.

რას სთავაზობს პანდემიის დროს ქობულეთის მერია ამ მოხუცებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი უთხრა? – კითხვით ქობულეთის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში“ – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“ 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა. მაშინ ბათუმის სადღეღამისო თავშესაფარში რამდენიმე მოხუცი ელოდა სხვის გარდაცვალებას და თავშესაფარში მოხვედრას. „სადღაც 100-მდე მოხუცი იქნება რიგში“, – ასეთი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხი 2018 წელს კითხვაზე, რამდენი მოხუცი ელოდა თავშესაფარს.

იგივე კითხვა დღესაც დავუსვით ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა დღის ბოლომდე პასუხი არ მიგვიღია.

„ჩვენ გვაქვს 120 ადგილი და 120 მოხუცი გვყავს“, – გვითხრა ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის „სათნოების სავანის“ ხელმძღვანელმა, იოანე ბარამიძემ. მისი თქმით, სავანეში მარტიდან კარანტინია – მოხუცები სავანეს ვერ ტოვებენ და ვერც გარედან შედის სავანეში ვინმე.

„დღეში სამჯერ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს ექიმიც, რაიმე ისეთი შემთხვევა არ გვქონია,“ – ამბობს იოანე ბარამიძე. მან განგვიმარტა, რომ მერიას აქვს ინფორმაცია, ელის თუ არა რომელიმე მოხუცი თავშესაფარში ადგილის გამოთავისუფლებას.

რამდენი მოხუცი ელის ბათუმში თავშესაფარში მოხვედრას – კითხვაზე პასუხი დღეს ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან ვერ მივიღეთ. გვითხრეს, რომ თანამშრომელს, ვისაც ეს ინფორმაცია აქვს, შესაბამის კომპიუტერთან წვდომა არ აქვს.

„სავანეს“ გარდა, მოხუცები ასევე თავსდებიან გერიატრიულ განყოფილებაში, რომელიც „ბათუმის სამედიცინო ცენტრშია“ მოწყობილი. აქ შეიძლება მოხვდეს ის მოხუცი, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. აქ 50 მოხუცის ადგილია გათვალისწინებული და ამ დროისთვის თავისუფალი ადგილი არც აქ არის. ამ კლინიკის პრესცენტრში გვითხრეს, რომ თავშესაფარში მოხვედრას ამ დროისთვის 5 მოხუცი ელის. საუბარია მოხუცებზე, რომლებსაც ფსიქიკური დაავადება აქვთ და პრესცენტრის განმარტებით, მათ სახლ-კარის პრობლემა არ აქვთ. ისინი სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: