„ყველაფერში დამნაშავე ისევ ქალები და გეები ვყოფილვართ“, – ასეთი ან მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქში ბევრი შეგხვდებოდათ. მწვავე რეაქცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის გუშინდელ ქადაგებას მოჰყვა, როცა მან კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირა არა, მაგალითად, ქალების კვლას, ან ზოგადად მკვლელობას, არამედ აბორტს და „სოდომის გამოცხადებას“.
„…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ ამაზე, რომ ხომ არ არის ეს მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა,“ – აღნიშნა ქადაგების დროს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
რატომ დასჭირდა ეკლესიას პანდემიის დროს ისევ დასხმოდა თავს ლგბტქ თემს და ქალებს? – „ბათუმელები“ თეოლოგს, მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო მირიან, თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ეკლესიას პანდემიის დროს ცოდვებს შორის აბორტის და „სოდომის ცოდვის“ გამოყოფა, რაშიც ეკლესია მოიაზრებს ლგბტქ თემს?
აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი არის ის, თუ რატომ ამჯობინებს ეკლესია მსგავს ვითარებაში მოძებნოს დამნაშავე და „განტევების ვაცი“, ანუ ცოდვების გამო ღვთის მიერ დასჯის თეორიას რატომ იღებს და მეორე – ვის ირჩევს საამისოდ? ის, რომ ღმერთი რაღაცის გამო სჯის სამყაროს, ეს ფორმულირება მეუფე შიოს მხრიდან, თეოლოგიური თვალსაზრისით იყო გაუმართავი, აბსურდული და დაუბალანსებელი. ღვთის მიერ ადამიანების დასჯის თეოლოგიური მიმართულება არსებობდა „ძველ აღთქმაში“, ასევე შუა საუკუნეებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას გვთავაზობს დღეს ქრისტიანობა, რომელმაც საკითხის სხვაგვარად დანახვა შემოგთავაზა: არსებობს „10 მცნება“, რომელიც წარმოადგენს აკრძალვათა ერთობლიობას, მაგრამ ქრისტეს მოაქვს „10 მცნება“? – არა, მას მოაქვს „9 ნეტარება“, ანუ გაჩნდა პოზიტიური ფორმულირება, რომ ჩვენ რაღაც უნდა ვაკეთოთ არა იმიტომ, რომ ღმერთი დაგვსჯის, არამედ იმიტომ, რომ რაღაც სათნოა. ჩვენ გვაქვს სრული ჩამოშლა და კოლაფსი ეკლესიისა, როგორც ინსტიტუტის, სადაც საღვთისმეტყველო დონეზე უნდა იყოს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია მსგავს სიტუაციაში. ერთი ქალბატონი წერდა ფეისბუქში, რომელიც იტალიაში ცხოვრობს: პაპის ქადაგებებს როცა ვუსმენ, ვმშვიდდები და სიცოცხლე მინდა, შემდეგ სოციალურ ქსელში როცა შემოვდივარ და ვუსმენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, სიკვდილი მინდება, ვიდრე კორონა მოვაო. ეს დესტრუქციული ხაზი აჩვენებს იმას, რომ ჩვენთან საღვთისმეტყველო განათლების სრული კრიზისია.
- რა გათვლებით შეარჩია საპატრიარქომ ქალები, რომლებიც აბორტს იკეთებენ და ლგბტქ თემი?
აბორტი, როგორც სიცოცხლის მოსწრაფება, სხვა რელიგიებისთვისაც მიუღებელია, რადგან სიცოცხლეს რელიგია, განსხვავებით მედიცინისა, განიხილავს, როგორც საიდუმლოს და ხელშეუხებელ ფასეულობას, მაგრამ აქ მხოლოდ ქალი არ უნდა განიხილებოდეს ცოდვის ჩამდენად და ეკლესია, როცა საუბრობს აბორტზე, ყოველთვის ფოკუსი არის მხოლოდ ქალზე და არასოდეს კაცზე. აქ უნდა განიხილებოდეს ასევე სოციალური კონტექსტი და მათ შორის, ის, თუ რას აკეთებს თავად ეკლესია სიცოცხლის გადასარჩენად, როგორც მენტალურ დონეზე, ასევე რა სოციალური პროექტები აქვს. დასავლეთში კათოლიკურ ეკლესიებს აქვთ ორგანიზაციები, „ზეცის კარს“ ეძახიან, სადაც შეგიძლია ბავშვი დატოვო და ეკლესია იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენთან მსგავსი რამ არც კი განიხილება და მოიფიქრეს მხოლოდ ეს – პრიმიტიული წნეხი ქალებზე. კაცებზე რატომ არა?
- რატომ აწყობს ეკლესიას პატრიარქალური კულტურის გავლენის არეკვლა და მისი გაძლიერება?
ბოლო წლებში ეკლესია და უშუალოდ პატრიარქი აშკარა ქალთმოძულე გახდა. არ ვიცი, შესაძლოა, ამას ფროიდისტული ახსნაც ჰქონდეს… ზოგადად, ბერობის ეს ფორმები, რაც საქართველოში არსებობს, არის სრული აბსურდი. მას არაფერი მოაქვს ადამიანებისთვის, გარდა ტრავმებისა. ამის გამოხატულებაა ეს ქალთმოძულებაც. შესაძლებელია, ეს იყოს ნაკარნახევი პატრიარქალური კულტურისგან, მაგრამ რეალურადაც სასულიერო პირების დიდი ნაწილი გულწრფელად არის ქალთმოძულე.
ამ შუა საუკუნეების თეორიას რომ მივყვეთ, როცა ასევე პოპულარული იყო ცოდვების გამო ღვთის სასჯელის განხილვა, მაშინ მეუფე შიოს ქადაგებაში უნდა იყოს ცოდვათა ვრცელი ჩამონათვალი: ფემიციდი, უპასუხისმგებლობა, უსამართლობა, ვერცხლისმყვარეობა და ა. შ. მაგრამ ეკლესიამ მხოლოდ ეს ორი გამოყო – ყველაზე შეჩვენებული და გაკიცხული და ამავდროულად, დაუცველი და მოწყვლადი ფენა – ლგბტქ თემი, რომელსაც მუდმივად დააბრალებენ ყველაფერს საქართველოში, ვიდრე პატრიარქი ცოცხალი იქნება და ქალები, რომლებიც ბედავენ, ჰქონდეთ დამოუკიდებელი ცხოვრება და თურმე, აბორტსაც კი იკეთებენ.
- რამდენად არის ეს ამჯერად მართლმადიდებელი ეკლესიის სტრატეგიის ნაწილი? რა შედეგზე იყო გათლილი თანამოსაყდრის ქადაგება?
აქცენტის გაკეთება ამ თემაზე გამოწვეულია იმით, რომ ეს არის პოლიტიკური სტრატეგია, რომ ეკლესიამ დაიბრუნოს საკუთარი ძალაუფლება, ან არ დაკარგოს საკუთარი პრესტიჟი. ეკლესია ხედავს, რომ ის საკმაოდ დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა ამ ზიარების კოვზის გამო. ეკლესიისთვის მომგებიანია, შეუტიოს ყველაზე სუსტს, დაუცველსა და მოწყვლადს, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია.
თუკი მივყვებით მეუფე შიოს დათქმას, რატომ არ არის, მაგალითად, კორონავირუსის გავრცელება შედეგი კორუფციისა, ან, მაგალითად, ფუფუნების და ვერცხლისმოყვარეობის მიმართ ზედმეტი მიდრეკილების? იქნებ უსამართლობის გამო გვსჯის უფალი? იმ ძველ წინასწარმეტყველებებში, ყველაზე ხშირად სწორედ უსამართლობაზეა აქცენტი გაკეთებული და არა სოდომზე. თუ ეს ეკლესიის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რატომ არ აკეთებს აქცენტს უსამართლობაზეც, რომელიც ასევე აწუხებთ ადამიანებს? თუ ისაუბრებს უსამართლობაზე, ვერ ასცდები მთავრობის კრიტიკას. უსამართლობას ის სჩადის, ვისაც ძალაუფლება აქვს. ეკლესია ყველა დროში თავს არიდებს ხელისუფლების კრიტიკას. აბორტი და ლგბტ თემი კიდევ იმდენად დემონიზებულია, რომ ეს არავის უკვირს.
- რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ სიტუაციაში მეუფე შიოს ქადაგებას და კონკრეტული ჯგუფების გამოყოფას?
ეს არის ძალიან დიდი ბოროტება, ჩადენილი მეუფე შიოს მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ თვითიზოლაციის დროს გაზრდილია ქალებზე ძალადობის შემთხვევები, რადგან მოძალადეს უფრო ხშირი წვდომა აქვს მსხვერპლთან. მეუფე შიოს ქადაგება არის ერთგვარი წაქეზება ფემიციდური დამოკიდებულებებისა, არ გამოვრიცხავ, რომ ბევრისთვის ეს შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყაროც. ჰომოფობიას რაც შეეხება, ამ მხრივ განსაცდელები არასდროს აკლდა ამ ჯგუფს და ახლა კიდევ უფრო გახელდებიან სხვები მათ წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მეუფე შიოს ქადაგებაში იყო ერთგვარი გზავნილი ხელისუფლების მისამართითაც, რომ მათ შეცვალონ კანონი ამ კუთხით. მეუფემ თქვა, რომ „სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად“ არის პრობლემა, ანუ დაკანონებაო. ეკლესიამ ამ გამოსვლით თავი დაიზღვია: თუ ინფექცია იფეთქებს, ეკლესია ამას გადააბრალებს არა საკუთარ უპასუხისმგებლობას, არამედ კონკრეტულ ცოდვებს. თუ ქვეყანა ამ კრიზისს დაძლევს, ეკლესია აღმოჩნდება ისევ კრიზისში საზოგადოებრივი თვალსაზრისით, რადგან ეკლესიამ უკვე საზოგადოების მოაზროვნე ფენა ძალიან გააბრაზა. მე მგონია, რომ საბოლოოდ ეკლესია გაიწმინდება ოდნავ მოაზროვნე ადამიანებისგანაც, რომელიც მცირე ოდენობით არიან დარჩენილი ეკლესიაში. ახლა მიმდინარეობს დასჯა იმ სასულიერო პირების, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს, მაგალითად, მღვდელი გიორგი წეროძე, იგი გაათავისუფლეს კაპელანობიდან [სასულიერო პირი სამხედრო ნაწილში]. მან გაბედა და ღიად თქვა, რომ ზიარების კოვზით შესაძლებელია ინფექციის გავრცელება და გაათავისუფლეს.
- ქადაგების დროს მეუფე შიომ ასევე მოუწოდა მრევლს პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვისკენ, თუმცა იმავე ტაძარში ზიარება ისევ საერთო კოვზით შედგა, რაც ვირუსის გავრცელების წყაროა. რას აჩვენებს ეს დამოკიდებულება?
ეს არის კარგი მაგალითი ორმაგი სტანდარტებისა, რომელიც დანერგა საქართველოში ეკლესიამ. მართლაც ქადაგებამდე ზიარება შედგა საერთო კოვზით და ქადაგების შემდეგ მეუფემ მრევლს მოუწოდა, ახლა ჯვარზე მთხვევა იქნება და დისტანცია დაიცავითო, ანუ მეუფე თვითონ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, სიტყვა ერთია და საქმე – სხვა.
- რატომ არ იმჩნევს ამას მრევლი?
მრევლის ერთი ნაწილი ტაძარში დადის პატრიარქის კულტის გამო – მხოლოდ პატრიარქის სწამს. არის ფენა, რომელსაც მისტიური ამბების სჯერა და სასწაულს ელის, არის რაღაც ნაწილი, რომელიც მხოლოდ რიტუალების მოყვარულია, როცა ადამიანს იმის კი არ სწამს, რაც რიტუალის მიღმაა, არამედ თავად რიტუალის სჯერა. ამ პირობებში აღმოჩნდა, რომ მრევლის საკმაოდ დიდი ნაწილი ასეთია – მათ არ აინტერესებთ შინაარსი. ადამიანი ზოგადად არის რიტუალისტური არსება: შესაძლოა, მე დილით სულაც არ მინდოდეს ყავა, მაგრამ ეს ერთგვარი რიტუალია, რომ უნდა დავლიო… განსხვავება ისაა, რომ ისინი მკვეთრად ფიქსირებული არიან ამაზე.
- მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ სხვა ქვეყნებში შეაჩერა საჯარო ღვთისმსახურება, ან შეცვალა ზიარების წესი. რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია და პანდემიის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციების შესრულებას დათანხმდეს
ზიარების კოვზის გამოყენების წესი, მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, მხოლოდ უკრაინის ეკლესიამ შეცვალა, დანარჩენებმა შეაჩერეს საჯარო ღვთისმსახურება, თუმცა, მაგალითად, ზოგიერთი მღვდელი, ან ეპისკოპოსი საბერძნეთში არ ემორჩილება საჯარო ღვთისმსახურების შეჩერებას. მხოლოდ ჩვენ დავრჩით, ვინც ამ სტრატეგიას არ ეთანხმება. არამხოლოდ საქართველოში, მართლმადიდებლური სამყაროს კრიზისიც გამოჩნდა ამ პროცესში – ეკლესია ვერ შეელია კოვზს. ახლახანს სერბი ეპისკოპოსი გარდაიცვალა კორონავირუსით…. ვიდრე რომელიმე ეპისკოპოსი საქართველოში არ დადგება საფრთხის წინაშე, მანამდე ჯანსაღ განცხადებას საპატრიარქო ამ საკითხზე არ გააკეთებს.
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი – საქართველოში პატრიარქს მუდმივად ელანდება მეორედ მოსვლა და როგორც იქნა, დადგა დრო, რომელიც რაღაცით მართლა დაემსგავსა ამ მეორედ მოსვლას, მაგრამ აქაც არათანმიმდევრულია ეკლესია. მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში დაემორჩილა ეკლესია კარანტინის წესებს, ზოგიერთი სხვა ეპისკოპოსიც მოუწოდებს მრევლს სახლში დარჩენისკენ… თუ ამას ამბობს პატრიარქი, რომ ეს მეორედ მოსვლაა, მაშინ ეს უნდა იყოს ყველასთვის გასაგები და ცხადად თქმული, რომ აი, მაგალითად, ჩინელმა მასონებმა გაავრცელეს ვირუსი და ჩვენ ვართ ბოლო ჟამის პირას.
რაც ვერ ამომიხსნია, ეს არის რელიგიური ფანატიზმი, რომელიც, როგორც წესი, პერიფერიული მოვლენაა – რეგიონებში უფრო ბნელა. ჩვენთან პარადოქსულად პირიქით ხდება: რეგიონებში უფროა სიტუაცია გადატეხილი და თბილისსა და ბათუმშიც გვაქვს მწვავე ფორმით რელიგიური ფანატიზმი.