ლავასოღლის სამმა მხარდამჭერმა პირი ამოიკერა, 15 – შიმშილობს – აქცია პროკურატურასთან

მინდია ლავასოღლის ოთხმა მხარდამჭერმა აჭარის პროკურატურასთან ახლახან პირი ამოიკერა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ უთხრა, რომელიც ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და ორგანიზებას უწევს მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, 3 ივნისს, სარფის საბაჟოს ჩაკეტვას აპირებდნენ, თუმცა წვიმის გამო პროტესტის ეს ფორმა ერთი დღით გადადეს.

„პირი ამოიკერეს და პროკურატურას დამატებით ერთდღიანი ვადა მისცეს, რომ გავიგოთ პასუხი… 15-მდე ადამიანი ისევ შიმშილობს,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა გასამართლებული, თუმცა 2018 წელს, როცა მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მეორე წელია მინდია ლავასოღლი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაშია. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა.

ლავასოღლის მხარდამჭერების აქცია, მესამე დღე

პროკურატურაში არ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს: საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.“

მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით მისმა მხარდამჭერებმა პირველ ივნისს საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან დაიწყეს, რომელიც პროკურატურასთან გააგრძელეს. უკვე ორი დღეა 15 ადამიანი პროკურატურასთან გაშლილ კარვებში შიმშილობს.

____

მთავარი ფოტო: ლავასოღლის მხარდამჭერების აქცია, მესამე დღე

ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე 

„იმპიჩმენტს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ მყარი არგუმენტები მჭირდება, კონსულტაციები მჭირდება ჟურნალისტებთან,“ – გვიპასუხა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა. პოზიციის დაფიქსირებისკენ მას დღეს ალექსადრე მილორავამ მოუწოდა, რომელიც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს სთხოვს.

იმპიჩმენტს ბორდის სამი წევრის თანხმობა სჭირდება და ხუთწევრიან ბორდში სამი წევრი მმართველი პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნების“ კვოტითაა არჩეული. თუმცა ბორდის ორ წევრს, რომლებიც ოპოზიციის კვოტით არიან შერჩეულნი, შეუძლიათ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ამ დრომდე იმპიჩმენტის პროცედურა არ დაწყებულა.

„…ბორდში ენმ-ს კვოტით შესულმა წევრმა გია ქარცივაძემ პირველივე დღეს გამომიცხადა მხარდაჭერა და დამიდასტურა მზადყოფნა. ევროპული საქართველოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის კადრი თამარ წილოსანი დღემდე დუმს და პოზიციას არ აფიქსირებს, რაც კოხრეიძისა და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს… მივმართავ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, დაადასტურონ ჩემი მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაარწმუნონ მათი წარმომადგენელი, დღესვე დააყენოს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი ან გაემიჯნონ პეტრე ზამბახიძესა და თამარ წილოსანს,“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრია.

გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ მზადაა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭიროს. „პრიორიტეტი არ სრულდება და მიმდინარეობს თანამშრომლების დევნა. ამ შემთხვევაში დევნაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მე იმპიჩმენტს მხარს დავუჭერდი,“ – ამბობს გია ქარცივაძე.

თამარ წილოსანმა კი განმარტა, რომ თბილისიდან ბათუმში ახლა ბრუნდება და, პირველ რიგში, მაუწყებლის ჟურნალისტებთან სურს კონსულტაციების გავლა. ის ვერ აკონკრეტებს, შესაძლოა თუ არა შეიცვალოს მისი პოზიცია ამ კონსულტაციის შემდეგ, ან როდის შეიძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად, რაც უშუალოდ მასზეა დამოკიდებული.

„მესამე ხმასთან დაკავშირებით იყო საჭირო კონსულტაციები [იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს სამი ხმა სჭირდება], მინდა, რომ გავმართო ეს კონსულტაციები, არ ვიყავი ამ დრომდე ფიზიკურად ქალაქში, მანამდე პანდემია იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ წილოსანი, მრჩეველთა საბჭოს წევრი. მას ვკითხეთ, რამ შეუშალა აქამდე ხელი ჟურნალისტებთან ან მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ონლაინკონსულტაცია გაემართა, თუკი იმპიჩმენტს მხარს უჭერს და ამ პროცედურის დაწყება მასზეა დამოკიდებული?

„ფიზიკურად არ ვიყავი ბათუმში“, – გვიპასუხა მრჩეველთა საბჭოს წევრმა. თამარ წილოსანი, როგორც ამბობს, იმპიჩმენტს მხარს უჭერს, თუმცა ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ალექსანდრე მილორავას უკან შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იდგეს. ის ვერ აკონკრეტებს, რატომაა ეს საკითხი ამ შემთხვევაში არსებითი, თუკი იმპიჩმენტის მოთხოვნა სამართლიანია.

„გასაგებია, რომ ალექსანდრე მილორავა შიმშილობს და მესმის ადამიანურად, თუმცა ვამბობ, რომ გარკვეული პარტიების მხრიდან შესაძლოა იყოს მცდელობები, ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, თუმცა ამის ეჭვი შესაძლოა არსებობდეს… არც ერთი პარტიის გავლენის ქვეშ მე არ მოვექცევი, მე ვიმოქმედებ ჩემი სინდისის, პასუხისმგებლობის და კანონის შესაბამისად, “ – აღნიშნა თამარ წილოსანმა „ბათუმელებთან“.

ალექსანდრე მილორავა აჭარის მაუწყებელთან მე-6 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს, 3 ივნისს, შეამოწმა სასწრაფოს სამედიცინო ჯგუფმა. „მითხრეს, რომ წნევა მაქვს დაბალი, მაგრამ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა.

____

მთავარი ფოტო: თამარ წილოსანი

შუახევში ბათუმი-ახალციხის გზის 10 კმ-ის რეაბილიტაციისთვის 10,9 მილიონი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამჯერად 10 935 265 ლარი აქვს გამოყოფილი.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაიწყება ხიჭაურიდან, გაივლის დაბა შუახევს და დამთავრდება სოფელ ჩანჩხალოს მიმდებარედ.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი / პროექტიდან

ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2020 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 18 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე“.

ამასთან, „მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით“.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერი ადრეც იყო გამოცხადებული, თუმცა სატენდერო კომისიამ ის შეწყვიტა.

ამ თემაზე:

შუახევში ბათუმი-ხულოს გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება

 

თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად ვიზა არ დაგჭირდებათ – საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად ვიზა არ დასჭირდებათ.

ინფორმაცია, რომ თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად საქართველოს მოქალაქეს ვიზა სჭირდებოდა, გუშინ გაავრცელა საელჩომ. თუმცა, საელჩოს განცხადებით, თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად, მოცემულობა შეიცვალა.

„თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით.

შემდგომ პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი. პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.

 

8 ივნისიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა არ აღდგება

საქართველოს მთავრობის 2 ივნისის დადგენილებით, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან არ აღდგება. მანამდე, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 8 ივნისს საქართველოში აღდგებოდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება.

მთავრობის 2 ივნისის დადგენილების მიხედვით კი:

„ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან  (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით“.

ეს დადგენილება 8 ივნისიდან შევა ძალაში. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა კი საქართველოში 2 თვეა შეწყვეტილია.

ჩერდება ასევე „რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“

მთავრობის ამავე დადგენილებით 8 ივნისიდან დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

[crosslist]

  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა.

[/crosslist]

სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა კი, 8 ივნისიდან, დასაშვებია:
ა] მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით;
ბ] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესით განსაზღვრული  უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

ეროვნული ბანკის განცხადებით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.

8 ივნისიდან საქართველოში აღდგება საქალაქთაშორისო გადაადგილებაც ავტობუსებითა და სამარშრუტო მიკროავტობუსებით.

ამ თემაზე:

როდის განაახლებენ ქობულეთი-ბათუმის მიკროავტობუსები მუშაობას

 

იტალიამ ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საზღვრები გაუხსნა

დღეიდან, 3 ივნისიდან, იტალიამ ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან ტურისტებს საზღვარი გაუხსნა. ნაწილობრივ აღდგა საერთაშორისო ფრენებიც. იტალიაში ჩასულ ტურისტებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა.

დღესვე იტალიამ გახსნა საფრანგეთთან სამი თვის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარიც.  თუმცა მესაზღვრეები საზღვარზე გადამსვლელ ყველა ავტომობილს ამოწმებენ. ჯერჯერობით იტალიასთან სახმელეთო საზღვარს არ ხსნიან შვეიცარია და ავსტრია.

ევრონიუსის ინფორმაციით, შვეიცარია საზღვრების გახსნას 15 ივნისიდან გეგმავს გერმანიასთან, საფრანგეთთან და ავსტრიასთან, თუმცა – არა იტალიასთან.

ასევე, ავსტრია 15 ივნისს ხსნის საზღვარს გერმანიასთან, შვეიცარიასთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან, თუმცა საზღვარი ჩაკეტილი ექნება ისევ იტალიასთან.

„ნუ ეპყრობით იტალიას, როგორც კეთროვანს,“ –  ეს გაფრთხილება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ გაავრცელა იმ ქვეყნების მისამართით, რომლებიც იტალიასთან საზღვარს არ ხსნიან.

დღესვე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოიხსნა შეზღუდვა გადაადგილებაზე.

თუ აქამდე იტალიის ერთი ქალაქიდან მეორეში წასასვლელად ე.წ. ავტოსერტიფიკატის შევსება და სამსახურიდან ცნობა იყო საჭირო, 3 ივნისიდან ეს შეზღუდვები უქმდება.

„დღეს მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის, რადგან დღეიდან იტალიელებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში. ამასთანავე, ეს არის მესიჯი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ქვეყანა თავიდან იწყებს ცხოვრებას და ემზადება ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად,“ – დაწერა ფეისბუქზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, სანდრა ძამპას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებითაც.

„დღეიდან შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ იტალიაში, მაგრამ კონტროლის გავლით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრენების აღდგენაზე. ჯერ ვერ დავბრუნდებით იმ მდგომარეობაში, რომელიც იყო კორონავირუსამდე, მაგრამ უკვე გვაქვს რამდენიმე ფრენა ევროპის მიმართულებით. თუმცა გამგზავრებაც და ჩამოსვლაც მოხდება ძალიან დიდი კონტროლით და სკრინინგის გავლით,“- თქვა სანდრა ძამპამ.

იტალიაში აეროპორტები საერთაშორისო ფრენებისათვის  მხოლოდ სამ ქალაქში – მილანში, რომსა და ნეაპოლში გაიხსნა.

პაციენტებს Covid19-ით შეგვიძლია სახლშიც მოვუაროთ, ვემზადებით ამისთვის – იშხნელი

ვემზადებით კორონავირუსის მსუბუქი ფორმების ბინაზე მკურნალობისთვის – განაცხადა დღეს, 3 ივნისს, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ Covid19-ის მართვის პროტოკოლში გაჩნდება მსუბუქი ფორმების მკურნალობის შესახებ ჩანაწერი და ამისთვის ემზადებიან.

კახა იშხნელის თქმით, საქართველოში უკვე დაგროვდა შესაბამისი გამოცდილება და კორონავირუსის მსუბუქი ფორმების მართვაში ძირითადად პირველადი ჯანდაცვის სექტორი იქნება მთავარი შემსრულებელი.

„ეს ის თემაა, რომელზეც დღიდან დაწყებისა ჩვენ ვფიქრობთ… ასე უნდა მოხდეს [მსუბუქი ფორმების მკურნალობა სახლში]. ჩვენ უკვე დავაგროვეთ გამოცდილება, რომ ამ ფორმებს სახლშიც მოვუაროთ და ვუმკურნალოთ პაციენტებს.

ინფიცირებულთა 80-85 პროცენტი მიდის მსუბუქი და უსიმპტომო ფორმებით, შესაბამისად, თეორიულად, 85 პროცენტი ამ პაციენტებისა, შესაძლებელია, რომ მკურნალობდეს ბინის პირობებში. ასეც ხდება სხვა ქვეყნებში, უბრალოდ ამას სჭირდება სწორად დალაგება და ყველა ნიუანსი, გართულება თუ მკურნალობის ჩამთავრება, გაწერილია ყველა ნაბიჯი, რომელსაც შეასრულებს ძირითადად პირველადი ჯანდაცვის სექტორი,“ – განაცხადა მან.

კახა იშხნელის თქმით, Covid19-ით დაავადებულებს სახლში ისე უმკურნალებენ, როგორც მწვავე, ვირუსული ინფექციის დროს მკურნალობენ. მისივე თქმით, ეს საკმაოდ დიდტანიანი პროტოკოლია, რომელშიც თანმიმდევრულად იქნება გათვლილი ყველა ის აქტივობა, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტის მკურნალობასთან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროტოკოლში აღნიშნულია, რომ Covid19-ის მსუბუქად მიმდინარეობისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია. აღენიშნებათ მხოლოდ დაბალი ცხელება და საშუალოდ გამოხატული სისუსტე. მსუბუქად მიმდინარე დაავადების დროს სიმპტომების გაჩენიდან საშუალოდ 20 დღეში პაციენტი გამოჯანმრთელდება.

პროტოკოლის მიხედვით მსუბუქად მიმდინარე COVID19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის. თუმცა ინფექციის გადაცემის პრევენციისთვის აუცილებელია პაციენტის იზოლაცია. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის, პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, უნდა დაენიშნოთ ანტიპირეტული საშუალებები.

 

ბათუმში ეროვნული გამოცდები სამ საჯარო სკოლაში ჩატარდება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში წელს აღარ ჩატარდება. აბიტურიენტები ბათუმის სამი საჯარო სკოლის შენობებში გადანაწილდებიან.

ესენია: ბათუმის პირველი, მე-10 და მე-14 საჯარო სკოლები.

საკლასო ოთახები კონდიციონერებით აღიჭურვება. სულ 70 კონდიციონერის შესყიდვაა გადაწყვეტილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 143 ათასი ლარი დაიხარჯება.

„ორი სკოლისთვის იქნება შესყიდული 70 კონდიციონერი, პირველი საჯარო სკოლა კი გასულ წელს აღვჭურვეთ. ასევე, გაკეთდება ელექტროგაყვანილობა კონდიციონერებისთვის,“ – გვითხრეს სამინისტროში.

რაც შეეხება დეზობარიერებსა და სხვა საჭირო სადეზინფექციო საშუალებებს, მას გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიძენს.

როგორც საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ერთ დახურულ სივრცეში ათზე მეტი აბიტურიენტის განთავსება დაუშვებელია.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმში 156 პირის კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 156 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 32 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 431 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული“ – ამჯერად აქციის მონაწილე „ჩამოსულებზე“

„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული, რომ მოაჯდეთ აჭარას თავზე და გააშავოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ არის… ეს არის რეგიონული ტელევიზია,“ – უთხრა დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრმა, ბაჩუკი ჩხეიძემ. იგი გასულ წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის ტელევიზიის შიგნით თუ გარეთ „ჩამოსულების“ თემა აქტუალურია. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მერაბ ბლადაძემ თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში „ჩამოსული“ ადამიანი მაღალ თანამდებობებს არ უნდა იკავებდეს. დეპუტატი ამ შემთხვევაში გულისხმობდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც მაშინ აჭარის ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობდა.

უფრო ადრე, ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს, „ჩამოსულები“ თავად აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებისთვის იყო აქტუალური – ამ სიტყვით მათ იმ ადამიანებს მიმართეს, ვისაც მაუწყებელში განვითარებული მოვლენები აშფოთებდა და სიტუაციის გასაცნობად საგანგებოდ ჩამოვიდნენ თბილისიდან.

დღევანდელ განცხადებაზე რეაგირება მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა სახალხო დამცველს უკვე სთხოვა, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. „ჩამოსულებზე“ საუბარი აჭარის ტელევიზიასთან შედგა, სადაც მოქალაქე ალექსანდრე მილორავა მეხუთე დღეა შიმშილობს. ის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც და ტელევიზიის დირექტორობის ყოფილი კანდიდატიც მიიჩნევს, რომ „არასწორად არაფერი უთქვამს და არც სეპარატიზმის ნიშნებს შეიცავდა მისი განცხადება“.

„ასე მიცნობთ? შემჩნეული ვარ სეპარატისტულ ან ტერორისტულ შეხედულებებში?“ – კითხულობს ბაჩუკი ჩხეიძე. მას ვკითხეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომელ ქალაქში მცხოვრები ადამიანი იმუშავებს აჭარის ტელევიზიაში.

„მე ვთქვი ის, რომ ის არის ჩამოსული თბილისიდან, ბოტების და ტროლების ქარხნიდან. ეს ქარხანა თუ თბილისშია, ჩემი ბრალი არ არის. ტოკიოდან რომ ჩამოსულიყო, ვიტყოდი, ტოკიოდან ჩამოხვედი-მეთქი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ ჩამოსული, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, აქ რატომ ხარ“, – აღნიშნა ბაჩუკი ჩხეიძემ.

„თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რატომ გაუსვით ხაზი ვახო ხუზმიაშვილთან საუბრის დროს, რომ აჭარის ტელევიზია რეგიონული ტელევიზიაა“? – ვკითხეთ ბაჩუკი ჩხეიძეს. „რეგიონულია ეს ტელევიზია და ეს ვთქვი, მათ უნდათ, რომ გადააქციონ სახელისუფლებო ტელევიზიად… მაგათ სურთ ამ თემაზე აპელირება, რაც არ გამოვა“, – გვითხრა მან.

„ჩამოსულებზე“ დიალოგს ესწრებოდა ალექსანდრე მილორავაც, რომელიც ტელევიზიასთან უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. მას ვკითხეთ, ხომ არ აზიანებს მის პროტესტს თანამოაზრის მიერ გაკეთებული განცხადება „ჩამოსულებზე“.

„არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სეპარატიზმად –  თბილისელ ან ქუთაისელ ჟურნალისტს რომ აქ ემუშავა და ამაზე ეთქვა ბაჩუკის ჩამოსულიო, ეს იქნებოდა პრობლემა. ბაჩუკი საუბრობდა ადამიანზე, რომელიც აშკარად არის ბოტების ქარხნიდან გამოგზავნილი. საქმე იმაშია, რომ ბოტი ისეთ საჯარო სივრცეში, როგორიც ტელევიზიაა, მარტივად გაიშიფრება. ბათუმში ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ეს ადვილად გამორკვევადი იქნებოდა და ბათუმი მას გასცემდა პასუხს. ვახო ხუზმიაშვილი კი შეასრულებს თავის ფუნქციას და წავა. ბათუმელ ბოტს აქ არ დაედგომება, ამაზე იყო საუბარი…“ – უთხრა „ბათუმელებს“ ალექსანდრე მილორავამ.

„კეთილსინდისიერებას ვერ დავყოფთ ქალაქების მიხედვით, ყველგან არიან კარგები და ცუდები, მთავარია, კვალკიფიკაციის ნიშნით ინიშნებოდნენ ადამიანები… სამწუხაროა, რომ ასეთი მიდგომები დღესაც არსებობს,“ – მიიჩნევს მედიის სპეციალისტი ლაშა ტუღუში. მას მიაჩნია, რომ ბაჩუკი ჩხეიძის განცხადებები სეპარატისტული არ არის, თუმცა ეს არასწორი და მიუღებელი განცხადება იყო.

„ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კუთხურობის ინტერესი არსებობს. ფაქტია, რომ ეს არის არასწორი განცხადება, მე ნაკლებად მჯერა, რომ ისევ სეპარატისტულად აზროვნებენ  ადამიანები, იშვიათი გამონაკლისის გარდა… მსგავსი არასწორი დამოკიდებულება და ვიწრო ინტერესები, სიახლის მიმართ შიშები დღესაც გვხდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან… თბილისში უბნებს შორის განსხვავებებსაც ხედავენ ხოლმე. ზოგადად, ეს ჩვენი კულტურის პრობლემაა.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ თბილისიდან დესანტია ბათუმში გადმოსხმული, ან პირიქით, ასეთ პოზიციასაც ვერ დავეთანხმები… მიკერძოებული ადამიანები, სამწუხაროდ, ყველგან არსებობენ. არც ის მგონია სწორი, რომ ბოტები მივაბათ თბილისს და ვთქვათ, რომ სხვაგან სუფთა სიტუაციაა. მე ვფიქრობ, ისინი ყველგან არიან,“ – ფიქრობს ლაშა ტუღუში.

_____

მთავარი ფოტო: ვახო ხუზმიაშვილი [მარჯვნივ], ბაჩუკი ჩხეიძე [მარცხნივ]. ფოტო აჭარის ტელევიზიის კადრიდან

200-ლარიან კომპენსაციაზე 91 810 დასაქმებულის განაცხადი დაკმაყოფილდა – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამსახურმა ამ დროისთვის 22 851 დამსაქმებლის მიერ წარდგენილი 91 810 განაცხადი დააკმაყოფილა.

შესაბამისად, აპრილის თვისთვის კომპენსაციის სახით ჯამში 18 362 000 ლარი გაიცემა.

„კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

კანონით, კომპენსაცია მოქალაქეებმა 11 ივნისამდე უნდა მიიღონ. თანხა მათ პირად ანგარიშებზე დაერიცხებათ.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით – გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე.

კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან.

„კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა“.

ამ თემაზე:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

 

სად შეიძლება ბათუმში ტყვიაზე გამოკვლევა და მკურნალობა 7 წლამდე ბავშვებისთვის უფასოდ

ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამა 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის 2020 წლის იანვრიდან უფასოა.

პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ბავშვებს შუძლია ჩართვა, რომელთა მშობლებსაც ეჭვი აქვთ, ბავშვის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომებზე. ეს სიმპტომებია, მაგალითად, ჰიპერაქტიულობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა და ა.შ.

ბათუმში სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განმსაზღვრელი კვლევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ანგისის დასახლებაში მდებარე იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში.

როგორც ამავე ჰოსპიტლის პედიატრი, ნაირა ფარტენაძე ამბობს, ანალიზისას დედამ თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და ბავშვის დაბადების მოწმობა.

კვლევის პასუხს მშობლები 2 კვირაში სმს შეტყობინებით მიიღებენ. თუ სისხლში ტყვიის კონცენტრაცია არის 5 მკგ/დლ-ზე მეტი (5 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტი), საჭირო ხდება განმეორებითი კვლევები, ვიზიტი პედიატრთან, სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული ცილა და ფერიტინის განსაზღვრა სისხლში.

„სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში უფასოა ასევე სამკურნალო მედიკამენტები: კალციუმი, ფეროპოლი და მულტივიტამინები. ფინანსდება მთელი კურსი მედიკამენტოზური მკურნალობის, პროგრამა წლის ბოლომდე მოქმედებს.

მკურნალობის კურსი ერთთვიანია და მერე კეთდება განმეორებითი ანალიზი, იგეგმება შემდეგი კვლევები, გააჩნია ტყვიის რა კონცენტრაციაა  სისხლში. ანალიზები თბილისში იგზავნება,“ – ამბობს პედიატრი ნაირა ფარტენაძე.

მისივე თქმით, სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა სახელმწიფო პროგრამის გარეშე 150-მდე ლარი ღირს, თუმცა შემდეგ აუცილებელია დამატებითი კვლევები. თუ 35 მკგ/დლ-ზე მეტია სისხლში ტყვიის კონცენტრაცია, საჭირო ხდება ექსპერტ-ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, დამატებითი ლაბორატორიული კვლევები, სისხლსა და შარდში რემატინისა და რკინის  განსაზღვრა, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია და ა.შ.

ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ორგანიზმში ძირითადად ნერვულ სისტემას აზიანებს, ნერვული სისტემა კი აქტიურად სწორედ 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ყალიბდება. ტყვიამ შეიძლება დააზიანოს თირკმელი, გამოიწვიოს ქცევითი დარღვევები, მეტყველებასა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, შეაფერხოს ძვლებისა და კუნთების ზრდა.

კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ამასთანავე,  ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია, აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

ტყვიის აკუმულირება ორგანიზმში შეიძლება გამოწვეული იყოს საღებავებით, კოსმეტიკური საშუალებებით, დაბინძურებული წყლით, ნიადაგით, ჰაერით, საკვებითა და მტვრით.


ამავე თემაზე:

საქართველოში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზებს გამოიკვლევენ – ინტერვიუ

თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს

ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გოგოები ბათუმიდან და ქობულეთიდან

აჭარიდან სამი მოზარდი ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონკურსის – „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფინალისტების ათეულში მოხვდნენ. მოზარდები თავიანთ ესეებში საუბრობენ იმაზე, თუ რატომ ირჩევენ თანასწორობას და არა დისკრიმინაციას. რატომ არის მნიშვნელოვანი შენ გვერდით მყოფი მიიღო ისეთი, როგორიც არის და რატომ არის გამოსავალი განათლება ცნობიერების ასამაღლებლად. ორ გამარჯვებულ მოსწავლეს „ბათუმელები“ ესაუბრა.

თინა თურმანიძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მან თავის ესეში აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებებსა და გარემოზე.

„მე გარემო და ადამიანი დავაკავშირე თანასწორობასთან და ვთქვი, რომ, როგორც ადამიანები არიან თანასწორები, ასევე, ადამიანი და გარემოც უნდა იყოს თანასწორი. როგორც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობა, მოვლა და გაფრთხილება, ასევე სჭირდება გარემოსაც. ბოლო დროს კი ბევრი ზიანი მივაყენეთ ადამიანებმა დედამიწას“, – ამბობს თინა.

მისი აზრით, ზიანი დიდია, თუმცა შეგვიძლია დავიწყოთ ელემენტარულიდან. „მაგალითად, ქუჩაში ნაგვის დაყრა, წყლის უმიზნოდ გამოყენება და ა.შ“.

გარემოს გარდა, თინა საუბრობს გენდერული თანასწორობის პრობლემაზეც.

„ამ პრობლემას ხშირად ვამჩნევ. თუნდაც იმას, რომ ბიჭებს უფრო მეტ შანს აძლევენ ცხოვრებაში, ვიდრე გოგოებს. ბევრს სჯერა იმ იდეის, რომ ბიჭები უფრო ჭკვიანები, უფრო მოხერხებული არიან, ვიდრე გოგოები. რაც ასე არ არის.

მაგალითად, სპორტის გაკვეთილები ავიღოთ, პირველივე კლასიდან გუნდში ყველა ბიჭებს ირჩევდა და არავინ – გოგოებს. თვითონ სპორტის მასწავლებელიც ასე ფიქრობდა და კლასელებიც. შესაბამისად, ბიჭებისა და გოგოების გუნდი ცალ-ცალკე ყალიბდებოდა მაშინ, როცა კლასის შეჯიბრი უნდა ყოფილიყო. როცა პატარა ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რომ ეს გენდერული უთანასწორობა იყო, მაგრამ შემდეგ გავიაზრე“, – გვეუბნება თინა.

თინა საუბრობს უთანასწორობის პრობლემაზე, რომელიც შეუმჩნევია რელიგიური აღმსარებლობის მხრივაც. „მაგალითად, მომისმენია, რომ „მუსლიმების მარხვა წამებაა“ ან „როგორი ბრუტალურები არიან“ და ა.შ. ქრისტიანების მიმართაც ყოფილა ნეგატიური დამოკიდებულებები“, – ამბობს ის.

თინა მიიჩნევს, რომ უთანასწორობის დასაძლევად საზოგადოების განათლებაა საჭირო.

„შეიძლება დემოკრატიულ ქვეყნებს კანონში გვიწერია, რომ ყველა თანასწორები ვართ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვხედავთ, რომ ასე არ არის. მაგალითად, მე აქ, საქართველოში ან ვიღაცას, ვთქვათ, აფრიკაში, ინდოეთში ან სხვაგან არ გვქონდეს თანასწორი გარემო და შესაძლებლობები განვითარებისთვის, განათლებისა და ცხოვრებისთვის. სანამ საზოგადოების დამოკიდებულება, მათი ცნობიერება არ შეიცვლება ამ საკითხის მიმართ, უთანასწორობის პრობლემა ყოველთვის იდგება“, – ამბობს თინა.

გოგონას აზრით, რთულია ცნობიერების ცვლილება იმ საზოგადოებაში, რომელსაც ბავშვობიდან კვებავენ სტერეოტიპებით, „ისინი ვერ  დაიწყებენ იმის შეცვლას, რისიც არ სჯერათ“, – ფიქრობს თინა. თუმცა, როგორც ამბობს, „შეიძლება ადამიანს ვერ დააჯერო სიტყვით, მაგრამ შეიძლება დაანახო საქმით, თუ რატომ უნდა სჯეროდეს თანასწორობის“.

ელენე დოლიძე ქალაქ ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ელენესაც მიაჩნია, რომ თანასწორობა განსაკუთრებულად აქტუალური პრობლემაა დღეს.

„გელაურში ბოშების დასახლებაა და ხშირად მსმენია: „იქ ბოშები ცხოვრობენ და სირცხვილია იქ გავლა“, „იქ ხომ ბოშები არიან, იქ რა გინდა“ და ა.შ. გაოგნებული ვარ ამით. ჩემთვის პირიქითაა, რაც უფრო განსხვავებულია ადამიანი, მით უფრო საინტერესოა“.

ელენეს აზრით, უთანასწორო გარემოში უწევთ ცხოვრება სექსუალურ უმცირესობებსაც. „ჩემს ესეში ვსაუბრობდი ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ამ პრობლემას ასახავს. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ ისინი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. თანატოლებიდანაც მსმენია უხამსი სიტყვები სექსუალური უმცირესობების მისამართით და შენიშვნაც მიმიცია მათთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენმა თაობამ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება და პრობლემების მოგვარება ამ თემებზე საუბრით შევძლოთ“, – ამბობს ელენე.

_____

ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც მრავალფეროვნებასა და თანასწორობას ეხებოდა, სულ 400 მოსწავლის ესე იყო წარდგენილი. მათგან 10 საუკეთესო შეარჩიეს, რომლებიც ბუკლეტის სახითაც გამოიცემა.

მთავარი ფოტო: ელენე დოლიძე და თინა თურმანიძე

ამავე თემაზე:

ონელი ბიჭი, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

პირბადეები და ხელთათმანები – ახალი ნარჩენები ზღვებსა და ოკეანეებში

ერთჯერადი პირბადეები, რეზინის ხელთათმანები და სანიტაიზერის ბოთლები, რომლებიც COVID19- ის პრევენციისთვის გამოიყენება, საბოლოოდ ქუჩებში, ზღვებსა და ველურ ბუნებაში ხვდება. მსგავს ნარჩენებს ბათუმის ქუჩებშიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.

COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული და გადაყრილი პირბადეები თუ რეზინის ხელთათმანები უკვე საგრძნობლად აბინძურებენ გარემოს. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ  ეს ინვენტარი გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ქალაქებშიც ხშირად შეხვდებით ამ ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში.

ამ ტიპის ნარჩენების მოხვედრა გარემოში ორმაგად საზიანოა როგორც ვირუსის გავრცელების, ისე გარემოს კიდევ უფრო დაბინძურების მხრივ, რადგან პანდემიის გამო ერთჯერად პირბადესა და ხელთათმანს მილიონობით ადამიანი დღეში რამდენჯერმე იცვლის, რის გამოც ამ ტიპის ნარჩენების მართვა ძალიან საყურადღებო ხდება.

ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაცია Opération Mer Propre [ოპერაცია სუფთა ზღვა] განგაშს აცხადებს პოლიეთილენის ნარჩენების მართვის მრავალწლიანი პრობლემის ფონზე ახალი სახის ნარჩენების ნაგავსაყრელების წარმოქმნაზე. „ეს მხოლოდ დასაწყისია” – ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯოფრი პელტიერი ევრონიუსთან საუბრისას.

საფრანგეთში, ანტიბის ერთ-ერთ კურორტთან ახლოს, ნარჩენების გასაწმენდად ყვინთვისას ორგანიზაციამ პირბადეები და რეზინის ხელთათმანები მოაგროვა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, უკვე არსებულ ნარჩენებთან – პლასტმასის ჭიქებთან და ლუდის ცარიელ ქილებთან დაცურავდა.

გერმანული გამოცემა დოიჩე ველე საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქის, კალამატას მაგალითზე წერს, რომ კალამატაში, ისევე როგორც საბერძნეთის სხვა ზღვისპირა ქალაქებში, გამოყენებული ხელთათმანები, ხელსახოცები და სანიტაიზერის პლასტმასის ბოთლები ყრია ყველგან პარკებში, ტროტუარებზე, გზებზე… თუმცა მსგავსი ნარჩენები პრობლემებს ქმნის ისეთ მეტროპოლისებშიც, როგორებიცაა ნიუ იორკი და ლონდონი.

პრობლემა დაუსახლებელ კუნძულებსაც შეეხო. ჰონგ კონგიდან რამდენიმე საზღვაო მილის დაშორებით, გარი სტოკსმა, გარემოსდამცველთა ჯგუფ OceansAsia– მ, სანაპიროზე გამორიყული 100-მდე ერთჯერადი პირბადე იპოვა.

„ჩვენ არასოდეს გვიპოვია ამდენი პირბადე ასეთ მოშორებულ ადგილზე” – თქვა სტოუკმა, რომელიც ეჭვობს, რომ პირბადეები ჰონგკონგიდან აღმოჩნდა იქ. „როცა ჩვენ ვიპოვეთ ისინი, მხოლოდ 6 კვირა იყო გასული, რაც პირბადეების მასიური გამოყენება დაიწყო,” – ამბობს ის „დოიჩე ველესთან“ საუბრისას.

ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, ხელების რეგულარული დაბანა COVID19-ის პრევენციისთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე რეზინის ხელთათმანების ტარება საჯარო სივრცეებში – წერს „დოიჩე ველე“.

გამოცდებისთვის 1 მილიონი ლარით სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს შეიძენენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე.

გამოცდები და ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში. ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით.

შესაბამისად, ცენტრი შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის 1 676 270 ლარის საქონელი და მომსახურება ტენდერის გარეშე შეისყიდოს.

ამ თანხიდან 943 895 ლარი საჭიროა პირადი ჰიგიენის, სადეზინფექციო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობებისა და დამცავი ბარიერების შესაძენად.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები [ეროვნული ცენტრის განაცხადიდან]:
  • საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი – 278 300 ლარი
  • საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟი – 324 430 ლარი
  • ტვირთის გადაზიდვის მომსახურებები – 26 564 ლარი
  • საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები – 37 450 ლარი
  • ბუნებრივი წყალი – 6 795 ლარი
  • საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა – 18 787 ლარი
  • პირადი ჰიგიენის საშუალებები – 90 250 ლარი
  • ავეჯის აქსესუარები – 18 535 ლარი
  • სადეზინფექციო საშუალებები – 27 500 ლარი
  • სამედიცინო მოწყობილობები – 266 250 ლარი
  • პოლიეთილენის პაკეტები და ტომრები ნარჩენებისა და ნაგვისთვის – 8 570 ლარი
  • სადეზინფექციო მოწყობილობები – 5 325 ლარი
  • სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები – 9 010 ლარი
  • ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები – 12 500 ლარი
  • საოფისე ავეჯი – დამცავი ბარიერები  – 546 000 ლარი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებზე 75 100 პირი დარეგისტრირდა, აქედან ეროვნულ გამოცდებზე – 39 300 აბიტურიენტი.

რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით:

„ცენტრის დირექტორის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო 2020 წლის 2 მარტიდან და გაგრძელდა 2020 წლის 30 მარტის 18:00 საათამდე.

ამ ვადის გასვლის შემდეგ, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაევლოთ 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე. ამასთან, საგამოცდო საგნების ჩამონათვალის ცვლილების შესაძლებლობა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე ჰქონდათ.

30 აპრილამდე იქნა გაგრძელებული საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე რეგისტრაციის ვადებიც.

რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ცენტრს მომართა არაერთმა პირმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე რეგისტრაციის გაშვებული ვადის აღდგენის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამისათვის დაინტერესებული მხარე წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი 22 მაისის ჩათვლით შემოსულ განცხადებებს განიხილავდა და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყო იმ პირთა დარეგისტრირება, ვისაც რეგისტრაციის ვადის დარღვევა საპატიოდ ჩაეთვალა.

განგიმარტავთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ დგინდება შესასყიდი საქონლის და მომსახურების მოცულობები, ბაზრის კვლევის შედეგად კი – მათი საორიენტაციო ფასი“.

თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად საჭიროა ვიზა – საელჩო

თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გამგზავრებას ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებენ – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.

„თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ-ს მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად,“ – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 31 ქვეყნის პაციენტებს, მათ შორის, ქართველებს, შეუძლიათ  თურქეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და მათთვის სასურველ კლინიკებში იმკურნალონ, თუმცა თურქეთში სამკურნალოდ გამგზავრების მსურველი რამდენიმე პირობას  უნდა აკმაყოფილებდეს.

პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით.

„პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს – USHAŞ მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი (აუცილებელია, რომ პაციენტისა და მისი თანხმლები პირის ტრანსპორტირება განხორციელდეს საავტომობილო ან საჰაერო რეანომობილით),“ –  წერია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდნენ ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე☎️: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

განახლებული ინფორმაცია: 

3 ივნისს, თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა სამკურნალოდ წასასვლელად არ დასჭირდებათ.

ამ თემაზე: 

თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად ვიზა არ დაგჭირდებათ – საელჩო

ტრანსასაზღვრო მდინარეები – ჭოროხი და ბოიანა

ავტორი: მულტიმედია პლატფორმა „ვირაგო“
ტრანსასაზღვრო მდინარეები – ჭოროხი და ბოიანა

ვიდეო, რომელსაც უყურებთ, შესაძლოა რეალური არ იყოს – ყველაფერი „დიფფეიკზე“

თუ უკვე ნახეთ როგორ მღერის ილონ მასკი რუსული როკჯგუფის სიმღერას და დაიჯერეთ, გეტყვით, რომ ეს ვიდეო ყალბია და ის  მასკის დიფფეიკია – DeepFake.

რა არის დიფფეიკი DeepFake? ეს არის ხელოვნური ინტელექტის [Artificial Intelligence AI]-ის მეშვეობით შექმნილი ყალბი ვიდეო. დიფფეიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის გამოსახულების და ხმის გაყალბება ისე, რომ ის მაქსიმალურად ჰგავდეს რეალურს.

DeepFake იძლევა შესაძლებლობას თითოეულ ადამიანზე შეიქმნას ისეთი ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იქნება ისეთი რამ, რაც სინამდვილეში ამ ადამიანს არასდროს  გაუკეთებია ან უთქვამს.

  • რატომ არის სახიფათო  დიფფეიკი

მკვლევარები, რომლებიც დიფფეიკს იკვლევენ, გამოყოფენ რამდენიმე საფრთხეს, რაც შეიძლება მსგავსმა ვიდეოებმა გამოიწვიოს. ერთი, ეს არის ადამიანის დისკრედიტაცია ისე, როგორც ეს ცნობილი ადამიანების შემთხვევაში მოხდა. ორი წლის წინ ინტერნეტში ანჯელინა ჯოლის, ემა უოტსონის და სკარლეტ იოჰანსონის პორნოგრაფიის შემცველი DeepFake-ები გავრცელდა. მსგავსი ვიდეო ნებისმიერი ადამიანის მონაწილეობით შეუძლიათ გააკეთონ და ასეთი ვიდეო შესაძლოა მოქალაქეების შანტაჟის საფუძველი გახდეს.

დიფფეიკი სერიოზული გამოწვევაა ჟურნალისტებისთვისაც, რადგან ნახევრად დემოკრატიულ ქვეყნებში არის საფრთხე დიფფეიკი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენონ.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ტომ ვან დე ვეგი სტენფორდში DeepFake-ებს იკვლევს. გასული წლის ოქტომბერში მან ქართულ მედიაგამოცემას, „მედიაჩეკერს“ მისცა ინტერვიუ.

„DeepFake-ები ძალიან დიდი ფენომენია და ის სწრაფად ვითარდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ არ არსებობს ტექნიკური გამოსავალი. პრინციპში, ეს სოციალური პრობლემაა. უნდა ვიყოთ მომზადებულები ისე, რომ ავიმაღლოთ ცნობიერება, გავაგებინოთ ხალხს, რომ რასაც ხედავენ, შესაძლოა ყალბი და DeepFake იყოს.

უნდა იყოს თუ არა DeepFake დარეგულირებული? ვფიქრობ, რომ ესეც დიდი პრობლემაა, რადგან ეს შესაძლოა გამოყენებული იყოს ჩვენ წინააღმდეგ. მაგალითად, დემოკრატიულ ან ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებში, როგორც კი ჟურნალისტი ეცდება მოჰყვეს ისტორია, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეეძლება თქვას, რომ ეს არ არის რეალობა, ეს ყალბია, დიფფეიკია. კი, ვიდეოა, მაგრამ ეს ის არაა, რაც მოხდა. ამიტომ, DeepFake-ების მარეგულირებელ კანონებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რადგან შეიძლება ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტებისა და სხვების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ახლა რთული სიტუაციაა და არ ვიცით საით მივდივართ, მაგრამ ვიცით, რომ ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ჟურნალისტებისთვის,“ – ამბობს ტომ ვან დე ვეგი.

  • როგორ გამოიყენეს დიფფეიკი დღემდე

ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე პოპულარული ილონ მასკის დიფფეიკია, რომელიც 70-იანი წლების რუსული მუსიკალური ჯგუფის Земляне-ს სიმღერაზე „Трава у дома“ გააკეთეს.  ყალბ ვიდეოში „Трава у дома“-ს ილონ მასკი მღერის. ვიდეოს მასობრივი გავრცელება დაემთხვა მასკის spaceX-ისა და NASA-ს თანამშრომლობას, რის შედეგადაც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი ორბიტაზე გაემგზავრნენ.

ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს ასტრონავტების მონაწილეობით პირველი კოსმოსური მისიაა, რომელიც ამერიკიდან, ამერიკული რაკეტით და ამერიკული შატლით განხორციელდა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კერძო კომპანიამ და მთავრობამ კოსმოსში ასტრონავტები ერთობლივად გაუშვეს. 2011 წლიდან NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად „როსკოსმოსისგან“ რუსულ Soyuz-ს ქირაობდა.

ილონ მასკის დიფფეიკამდე, ყველაზე ცნობილი დიფფეიკი, რომელიც 7 მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა ნახა, 2018 წლის 17 აპრილს Buzzfeed-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო  იყო.

ვიდეოში პირველი 34 წამი  ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩანს. ვიდეო მანიპულაციაა. 35-ე წამზე ვიდეოში ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ჯორდან პილე ჩნდება, ის ბარაკ ობამას ხმით საუბარს აგრძელებს და ხსნის, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ხმა და გამოსახულება გაყალბდეს. Buzzfeed-ის ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი იყო  საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ტექნოლოგიური სიახლისკენ, რომელმაც შეიძლება ადამიანებს საფრთხე შეუქმნას.

  • როგორ  ამოვიცნოთ დიფფეიკი?

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვაა. დიფფეიკ ვიდეოები ზედმეტად რეალისტურია, თუმცა მაინც შესაძლებელია განსხვავების პოვნა. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ადამიანის გამოსახულების ზედმეტად გლუვი კანია, რაც ვიდეოზე არაბუნებრივად ჩანს.

სასოფლო ტექნიკისთვის 6 მილიონი 2 საათში ამოიწურა – სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი 6 მილიონი ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული განაცხადების მიღებიდან დაახლოებით 2 საათში ამოიწურა. შესაბამისად, განაცხადების მიღებაც ავტომატურად შეწყდა. არაერთი ფერმერი ამბობს, რომ რეგისტრაცია ვერ მოახერხა.

„რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება. ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ, სპეციალური პროგრამა ავტომატურად ითიშება, როგორც კი პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოიწურება“, – განაცხადეს სამინისტროში.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 2020 წლის 14 მაისს დამტკიცდა, განაცხადების მიღება კი, 29 მაისის 14:00 საათზე დაიწყო.

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს [რომელიც პროგრამას ახორციელებს] ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი.

„მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მიმართ იყო და არის უპრეცენდენტოდ მაღალი ინტერესი, ამ ეტაპისთვის დამატებით თანხის გამოყოფა არ განიხილება. თუ იქნება რაიმე სიახლე ამ კუთხით, ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ“, – გვითხრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სააგენტოში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განაცხადები შესულია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან და მიმდინარეობს წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა. შესაბამისად, ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენი ფერმერი მიიღებს თანადაფინანსებას.

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გარკვეული პირობებით ითვალისწინებს:

[checklist]

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას [კერძოდ: არაუმეტეს 100 ცხ.ძ მქონე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტი];
  • ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას;
  • ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას.

[/checklist]

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იყო, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს შეეძლოთ 50%-იანი დაფინანსება მიეღოთ [მაგრამ, არაუმეტეს 50 ათასი ლარისა].

ამ თემაზე:

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

ონელი ბიჭი, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

ბერდია ალხიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მან პირველი ადგილი მოიპოვა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც მრავალფეროვნებასა და თანასწორობას შეეხებოდა. ბერდია ალხიძე, როგორც ამ კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი, თავის მასწავლებელთან ერთად საფრანგეთში, სტრასბურგში გაემგზავრება და ევროპის საბჭოში ვიზიტის შესაძლებლობაც ექნება.

კონკურსზე წარდგენილი 400 ესედან 10 საუკეთესო შეირჩა, რომლებიც ბუკლეტის სახითაც გამოიცემა. გთავაზობთ ბერდია ალხიძის ესეს.

___

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.“

შოთა რუსთაველი

…და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ

მე ობამა ვარ. გაგეღიმათ? არ მიკვირს. ეს სახელი ჩემი მუქი ფერის კანის გამო შემარქვეს და ყველა სიყვარულით მეძახის. მე არ მწყინს. ან საწყენი რა არის? ბოლოს და ბოლოს, ამერიკის 44-ე პრეზიდენტის გვარს ვატარებ და ეს სასიამოვნოა. იმედია, ეს არც ბატონ ექსპრეზიდენტს ეწყინება. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული და გამორჩეული ვარ. სასიამოვნოსთან ერთად, ეს საინტერესოცაა, რადგანაც, ვრწმუნდები, რომ ჩემი სოფლის მრავალფეროვნებაში ჩემი წვლილი შემაქვს.

აბა, წარმოიდგინეთ, ჩემი სოფლის სტადიონზე საფეხბურთო შეჯიბრის დროს ასეთ შეძახილს რომ გაიგონებთ: „ობამა-პასი!“ დარწმუნებული ვარ აღფრთოვანდებით და მე მიგულშემატკივრებთ. ეს ხომ ჩემთვის დიდი სტიმული იქნება?

მე ეთნიკურად მრავალფეროვან კუთხეში არ ვცხოვრობ. აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია. ამიტომ, ჩვენგან განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა კი, საინტერესო იქნებოდა. ამ დანაკლისს როგორღაც წიგნებიდან და ფილმებიდან ვივსებ. ბევრ კარგ და სასიამოვნო ამბავს გავეცანი. ბევრი მათგანი ღრმად ჩაიბეჭდა გონებაში და ჩემთვის მისაბაძი მაგალითი გახდა.

რამდენიმე კვირის წინ, ტელევიზორში ფილმი ვნახე – „ამბავი სურამის ციხისა.“ გაოცებული ვუყურებდი ამ ფილმში გადმოცემულ მრავალფეროვნებას, თავად საინტერესო შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვა. ფერებმა საოცრად მომხიბლა. მსგავსი ფერები, სიუჟეტთან მათი შეხამება არც ერთ სხვა ფილმში არ მინახავს. ნახეთ ეს ფილმი, საოცარი ფერების ფილმია.

ფილმის დასაწყისში, ტიტრებში გვარი ამოვიკითხე – რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. გავოცდი, დავინტერესდი და ამ დიდებული ადამიანის შესახებ ამბების მოძიება დავიწყე. ვიკიპედიის პირველივე აბზაცში ეს ამოვიკითხე: „დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს“. მადლობა, ბატონო სერგო, რომ დიდი საუნჯე დაგვიტოვე.

მართლა, სომხებზე გამახსენდა, აქ, სოფელში ერთი პატარა გოგო დადის პირველ კლასში. ის სომეხია. არ ვიცი, მას აქ რა ნათესაური კავშირები აქვს, ან ამ მთის სოფელში რამ მოიყვანა, მაგრამ ისეთი საყვარელია… თავისი პატარა, ვარდისფერი ჩანთით სკოლისაკენ მიმავალ აღმართს რომ შეუდგება ხოლმე, მისი დანახვა ერთ რამედ ღირს. მიწას ძლივს ამჩნევია. კიდევ კარგი, თოვლზე სილუეტი იკვეთება, თორემ შეიძლება ვერც შეამჩნიო… ხანდახან დეიდას მოყავს. მთელი სკოლა თავს ევლება.

ამის შემდეგ დავფიქრდი, ნეტავ როგორ ცხოვრობენ, აზროვნებენ, ურთიერთობენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები, რუსები, ბერძნები, ებრაელები, ქისტები, ქურთები, ბოშები და ყველა ის ეროვნება, ვინც ჩვენთან ცხოვრობს, ვისი სამშობლოც საქართველოა? ისტორიის სახელმძღვანელოშიც ხომ ხშირად ვკითხულობ საქართველოს მულტიკულტურული მრავალფეროვნების შესახებ? ეს ხომ ის ხალხია, ვინც თავისი სამშობლო, საქართველო საოცარი ფერებით მორთო და გაამდიდრა? თუმცა საწინააღმდეგოც ბევრი მესმის, ხანდახან ვიბნევი კიდევაც, როცა საუბრობენ საქართველოს ასიმილაციის საშიშროების, კარჩაკეტილი ცხოვრების აუცილებლობის შესახებ, განსხვავებულის პრინციპულ მიუღებლობაზე. არადა, კრწანისის ბრძოლაში, აღა-მაჰმად ხანმა რომ განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა ერეკლეს 200 ერთგული მეომარი, აზერბაიჯანელი მუსულმანი არ იყო? ასპინძის ბრძოლაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი ავტორებიც, მტკვარზე ხიდის გადამხერხავნი, აზერბაიჯანელები – ხუდია ბორჩალოელი და აღაბაბა ერისთავი ყოფილან. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი, მუსულმანი ქალი, 34 წლის ფარი ხანუმ სოფიევაც აზერბაიჯანელი ყოფილა, რასაც, იმდროინდელი პარლამენტარიზმის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. საიათნოვა? ქართული კულტურის დიდი მუხამბაზი. რა წაგვართვეს მათ ჩვენ? ისევ ჩვენთვის და ჩვენი ერთგულებით არ დაიხოცნენ? შუშანიკი ხომ სომეხი იყო? რაჟდენ პირველმოწამე – სპარსი, აბო ტფილელი კი – არაბი. ინტერნეტში, შემთხვევით, ოსი პოეტის, გიორგი კოზაევის ლექსი მოვისმინე საქართველოზე:

მე სურვილი მაქვს, ეს ლექსები ქართულად ვწერო,

და უსასრულოდ, კვლავ თბილისი მსურს ვადღეგრძელო,

მივეალერსო, გულში ჩავიკრა ეს მთა და მდელო,

მინდა ვიყვირო, თუ როგორ მიყვარს მე საქართველო.“

რამხელა სიყვარული, გულწრფელობა და ერთგულებაა მასში. ნუთუ ეს კაცი ყველა ჩვენგანის სიმდიდრე არაა? ნუღა მომიყვებით ომზე, იმაზე, თუ რა ცუდი და დაუნდობელია მოწინააღმდეგე! ასეთი დიდებული ადამიანები მაჩვენეთ!

ვაჟაც ხომ ამას მოგვიწოდებდა, მისთვის მთავარი ხომ სინდისი და პატიოსნება იყო?

„ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ,

მარტოდ ჩვენ გვზრდიან დედანი,

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მიელით ქშენანი.

ამის თქმით ვწარამარაობთ,

ხთიშვილთ უკეთეს იციან…

ყველანი მართალს ამბობენ

განა, ვინაცა ჰფიციან ?!”

სინდისს და პატიოსნებას ხომ არც ეროვნება აქვს და არც რელიგია?

„კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო“. მუხედავად იმისა, რომ ისტორიულად იუდეველები და სამარიტელები ერთმანეთს მტრობდნენ, სახარებისეული იგავი – „კეთილი სამარიელი“ – ხომ სწორედ ამას ასწავლის კაცობრიობას?

„ერთ კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაცა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე, და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი იუდეველის მოყვასი?“ მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“

ლოცვაზე გამახსენდა, ჩვენს რაიონულ ცენტრში, ქალაქ ონში ებრაელების ლამაზი სინაგოგა დგას, თლილი, ყვითელი ქვებით მწყობრად ნაგები. გუმბათს მრავალქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს. დიდი ხანია, აქ ებრაული ტრადიციით აღარ სწირავენ და უგალობენ უფალს. მგონი ყველა წავიდა ისრაელში და ვინღა ილოცებს? გული მწყდება, რომ გაუფერულდა ცხოვრება. მრავალფეროვნების მაგალითს და აუცილებლობას ხომ თავად ბუნება გვაძლევს: მზე რომ არ იყოს, სითბო და სინათლე არ გვექნება, სითბო თუ არ იქნება, წყალი არ აორთქლდება, წყალი თუ არ აორთქლდა, წვიმა არ მოვა, წვიმა თუ არ მოვა, ნიადაგი არ მოირწყვება, ნიადაგი თუ არ მოირწყვება, მცენარეები და ტყე არ გაიზრდება, ტყის გარეშე კი ამდენ საოცარ ნადირ-ფრინველს რა ეშველებოდა? როგორი განსხვავებული და ერთმანეთის სიცოცხლისა და სილამაზისთვის აუცილებელია ეს ყველაფერი.

არსენა მარაბდელის არ იყოს, საკუთარ ხელზე თითებიც კი არ არისო მსგავსი. ჩვენ რომ ყველანი ერთმანეთს ვგავდეთ, რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება. საოცარი ის არის, რომ მთელი ეს განსხვავებულობა ერთმანეთის მიმართ თანასწორია. ამ მრავალფეროვნებას ერთიც რომ გამოაკლო, ყველაფერი რთულდება, უფერულდება და ზიანდება. მხოლოდ ერთი ფერი რომ ყოფილიყო, დახატავდა ფიროსმანი თავის „მეეზოვეს“ ან „აქტრისა მარგარიტას“? ყველა ბგერის ჟღერადობა რომ ერთნაირი ყოფილიყო, შექმნიდა ფალიაშვილი „დაისს“? ან ყანჩელი „ყვითელ ფოთლებს“? ყველა ასოს მოხაზულობა რომ მსგავსი ყოფილიყო, დაწერდა გალაკტიონი „თოვლს“ ან „მთაწმინდის მთვარეს“? ყველა მათგანი ხომ განსხვავებულია, მაგრამ, ყველა თანასწორი, საჭირო და აუცილებელი მშვენიერების შესაქმნელად.

ასე ვართ ადამიანებიც – ჩვენი სხვადასხვა ნიშან-თვისების ერთობლიობით ვქმნით იდეებს, კულტურას, ლამაზ ფერებს, საამურ ბგერებს, საინტერესო ფორმებს. ამ მრავალფეროვნებაში, ამ თანასწორობაში იზრდება უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. როცა ადამიანი ბედნიერია, ის სასწაულებს ახდენს. როდის ვართ ბედნიერი? მაშინ, როცა ჩვენ ჩვენი არჩევანი გვაქვს – მას თავისუფლება და თანასწორობა ჰქვია. თავისუფლება ღირსებაა, თანასწორობა – ძლიერება, ძალა. ჩვენი სამშობლოს ძლიერება ჩვენს მრავალფეროვნებაშია….

„ძალა ერთობაშია!“

„რამეთუ მახარე, მე, უფალო, დაბადებულითა

შენითა და ქმნულთა ხელთა შენთაითა ვიხარებდე…

აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე

თვისთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა

მიმწუხრამდე. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი,უფალო,

და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.

აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.“

ფსალმუნი დავითისი. კანონი XIII. ფსალმუნი 94-ე და 103-ე

უკანონოდ აშენებული 8-სართულიანი სასტუმრო ბათუმში, სანაპიროსთან

შპს „ჰორიზონს ჯგუფმა“ ბათუმში, ახალი ბულვარის გვერდით, ზღვასთან ახლოს, რვასართულიანი  სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, დაასრულა და მოაპირკეთა ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია. კომპანია ამ სასტუმროში უკვე ყიდის აპარტამენტებს, შენობა დღესაც უკანონოა და როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ირაკლი მოქია ამბობს, დემონტაჟის მოთხოვნით აღსრულებაშია გადაცემული. კომპანიაში განაცხადეს, რომ „მერიაში შეტანილია დამატებითი დოკუმენტაცია პროექტთან დაკავშირებით“.

აღსრულება კი, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, აღუსრულებლად რჩება, რასაც მერია აღსრულების ბიუროს უმოქმედობით, აღსრულების ბიურო კი მერიის უმოქმედობით ხსნის.

სახელმწიფო აუდიტორი, რომელმაც ბათუმში მიმდინარე მშენებლობები შემთხვევითობის პრინციპით აარჩია და მათი კანონიერება შეისწავლა, წერს, რომ იმ ნაკვეთზე, სადაც რვასართულიანი სასტუმრო უკანონოდ აშენეს, მშენებლობის ნებართვის მოპოვებას კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ 2017 წლიდან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ბათუმის მერის 2017 წლის 22 ივნისის N1275 ბრძანებით [ამ დროს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი იყო], შპს „ჰორიზონს ჯგუფს“ ამ ნაკვეთზე განაშენიანების ინტენსივობის  კოეფიციენტი კ2 4,8-მდე განუსაზღვრა, თუმცა მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ.

2018 წელს, უკვე ლაშა კომახიძის მერობის პერიოდში, კომპანიამ მერიას ამ მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და შემდეგ მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით არაერთხელ  მიმართა.

კომპანიას უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ „წარმოდგენილ პროექტში დარღვეული იყო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების პირობები.“

2019 წლის 12 თებერვალს, ბათუმის მერის N1516 ბრძანებით, შპს „ჰორიზონს ჯგუფის“ განცხადება დაკმაყოფილდა და შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N49ა-ში მდებარე 1021 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი, თუმცა ნებართვა არ არის გაცემული. მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის იურისტის, მზია შავაძის განმარტებით, ამის საშუალებას კანონმდებლობა იძლევა. „თუ  მშენებლობა ჯდება კანონით მოთხოვნილ მასშტაბში და ამის დასადასტურებლად წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებს და ჯარიმების გადახდის ქვითრებს, შესაძლებელია გაიცეს ნებართვა, ამის საშუალებას იძლეოდა კანონი“, – ამბობს მზია შავაძე. ის არ გამორიცხავს, რომ „ჰორიზონს ჯგუფმა“  უკანონოდ აშენებული სართულის მშენებლობის ნებართვის მიღება შეძლოს.

სახელმწიფო აუდიტორი კი წერს, რომ მაშინ, როცა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ არქიტექტურული პროექტი შეითანხმა, ამ ადგილზე მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.

უკვე აშენებული შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების გადაწყვეტილებამ აუდიტორს კითხვები და ეჭვები გაუჩინა:

„მშენებლობის დაწყების და მიმდინარეობის ეტაპებზე მერიამ არ განახორციელა თავისი უფლებამოსილება უკანონო მშენებლობის აღსაკვეთად, მშენებლობის მაძიებელს შეუქმნა პირობა უკანონო მშენებლობაზე და მშენებლობის დასრულების შემდეგ შეითანხმა მშენებლობის პროექტი, რაც შესაძლოა შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერი ქმედებით, უნებართვო მშენებლობის ხელის შეწყობით იყო განპირობებული“.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის, ირაკლი მოქიას განმარტებით, ამ უკანონო მშენებლობისთვის კომპანია კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმეჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს. „სამმაგი ჯარიმები, ჯამში 27 000 ლარი გადავახდევინეთ, შემდეგ კი გადავუგზავნეთ აღსრულებას“, – გვითხრა ირაკლი მოქიამ.

მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით:

უნებართვო მშენებლობის გამო 2017 წლის 07 დეკემბერი მითითება #417-ის საფუძველზე დაიწყო საქმისწარმოება შ.პ.ს. “ჰორიზონს ჯგუფის” მიმართ. რისი შეუსრულებლობის გამოც 2018 წლის 23 თებერვალს გამოიცა #206 დადგენილება კომპანიის 3000 ლარით დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის თაობაზე. ხოლო დადგენილების პირობის მშენებლობის შეუჩერებლობის ნაწილში შეუსრულებლობის გამო გამოიცა დადგენილებები [#106, 05.09.18წ, #139, 02.10.18წ, #324, 10.09.19წ.] სხვადასხვა პერიოდში და დაჯარიმდა თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარით. ასევე დადგენილებით (#518, 16.12.19წ.) დაერიცხა საურავი ჯარიმის გადაუხდელობის გამო 1000 ლარი. გარდა ამისა, დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო დაეკისრა ჯარიმა სამმაგი ოდენობის სხვადასხვა პერიოდში დადგენილებებით [#105, 06.05.18წ, #325, 10.09.19წ, #01-06/35, 04.02.20წ.], რაც ითვალისწინებდა თითოეული 9000 ლარს [ჯამში 27 000 ლარს].

მერიაშიც კარგად იციან, რომ მაშინ, როცა სამმაგი ჯარიმის ოდენობა უკანონოდ აშენებულ შენობაში ერთი აპარტამენტის ღირებულების ნახევარიც კი არ არის, მშენებელს ჯარიმები ვერ აფერხებს. ეს დასტურდება ამავე კომპანიის ქცევით – ამ ყველაფრის შემდეგ იმავე ბიზნესჯგუფმა უნებართვო მშენებლობა ბათუმის ცენტრში, სხვა ნაკვეთზე წამოიწყო:

უნებართვოდ აშენებული რვასართულიანი სასტუმროს გვერდით არსებულ ნაკვეთზე შპს „ჰორიზონს ჯგუფმა“ ცოტა ხნის წინ საძირკველი გათხარა და მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო ისე, რომ მერიის ნებართვა არც ამჯერად ჰქონდა.

„პროცედურა“ იგივეა – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, კომპანია ამჯერადაც რამდენჯერმე დააჯარიმეს. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, ამ ადგილას კანონდამრღვევმა კომპანიამ მერიისგან მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო [მშენებლობის  დაწყების შემდეგ] კომპანიას ადგილზე  გამოკრული არ აქვს საინფორმაციო დაფა.

შემოღობილ ტერიტორიაზე სახლის აშენების ნებართვა კომპანია „ჰორიზონს ჯგუფმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა

ამის საპასუხოდ „ბათუმელებს“ კომპანიიდან წერილობით აცნობეს: „კომპანიამ როცა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შეტანილი ჰქონდა ნებართვის ასაღებად. მშენებლობის უნებართვოდ დაწყების გამო კანონმდებლობის დაცვით დაჯარიმდა რამდენჯერმე, ყველა ჯარიმა გადახდილია, სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე დიდი ხანია შეჩერებულია, შეტანილია დამატებითი დოკუმენტაცია მერიაში პროექტთან დაკავშირებით, პროექტი შედგენილია ყველა არსებული რეგულაციის სრული დაცვით და ველოდებით მშენებლობის ნებართვას. მანამდე კომპანია არ აპირებს სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას. კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამშენებლო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.“

შპს „ჰორიზონს ჯგუფი“ ამტკიცებს, რომ მშენებლობა შეჩერებული აქვს და ნებართვის მიღებას ელოდება, თუმცა გუშინ, 1-ელ ივლისს, უკანონოდ აშენებული სასტუმროს პირველ სართულზე სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც შეეხება ფასადის მოპირკეთებას, უკვე დასრულებულია.

„ჰორიზონს ჯგუფის“ მშენებლობის მასშტაბი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე საკმაოდ დიდია – კომპანიას აქ კიდევ სამი მაღლივი საცხოვრებელი კორპუსი აქვს აშენებული, სადაც  აპარტამენტებს ყიდის და მართვაში რჩება. კომპანია აშენებს 37-სართულიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს, ასევე დასრულებული აქვს 32-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობა, ასრულებს უნებართვოდ აშენებული სასტუმროს მოპირკეთებას და დაწყებული აქვს კიდევ ერთი მაღლივი აპარტოტელის მშენებლობა.

შპს „ჰორიზონს ჯგუფი“ ბათუმში 2013 წელს კახა დევაძემ დააფუძნა და კომპანიის წილების ასივე პროცენტსაც ის ფლობდა. დღეს კი ის კომპანიის  33,34 პროცენტს ფლობს, დარჩენილ წილებს თანაბრად ინაწილებენ დიანა დევაძე და მერი საითაძე.

კორპუსი უკანონოდ აშენებული სასტუმროს გვერდით, სადაც კომპანია აპარტამენტებს ყიდის.

მოშიმშილის მე-5 დღე: „დეპუტატები ტელევიზიაში იყვნენ, გვერდით ჩამიარეს და არც კი მომიკითხეს“

„ჯერჯერობით სრული დუმილია ყველა მხრიდან. ალბათ, ჩემს ნერვებს და გამძლეობას ცდიან… გუშინ უმაღლეს საბჭოსაც მივმართე. არავის გაუკეთებია განცხადება. გუშინ საღამოს გადაცემაში სტუმრად იყვნენ მოსულები დეპუტატები – ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე. უბრალოდ, გვერდით ჩამიარეს და შევიდნენ მაუწყებელში. საერთოდ არაფერი უკითხავთ, ჯანმრთელობაც კი არ მოუკითხავთ ჩემი,“ – ამბობს მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მეხუთე დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს.

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს, რაზეც საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.

ალექსანდრე მილორავა და მისი თანამოაზრეები ყურადღებას ამახვილებენ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კარვის ტელევიზიის შესასვლელთან ჩადგმით „ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს“. მათ პრეტენზია აქვთ იმაზე თუ როგორ გააშუქა ამ ტელევიზიამ მაუწყებლის შენობასთან მომხდარი დაპირისპირება.

„…თუკი აქ იყო ხელშეშლა და შესასვლელის ბლოკირება, რა რეაგირება ჰქონდათ სამართალდამცველებს? თუკი მოხდა ტელევიზიისა ბლოკირება, რას აკეთებდა მაშინ პოლიცია? პოლიციელები იქვე იყვნენ და ისინი არც კი ჩარეულან კონფლიქტში… ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები არ შეგვეშვა მაუწყებელში, ის ადამიანები არ შეგვეშვა, რომლებმაც არც კი უპასუხეს კითხვებს,“ – ამბობს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, თენგო სურმანიძე.

„…როცა ბორდიდან არავინ გამომეხმაურა და კარავი დავდგით ტელევიზიის შესასვლელთან, გამოვიდა ტელევიზიის თანამშრომელი და ფეხი ჰკრა ჩემს კარავს. მითხრა, თუ არ გაიწევი, თავზე გადაგივლიო. ამას მოჰყვა ჩემი ემოციური რეაქცია… ისე გააშუქა ეს ამბავი აჭარის ტელევიზიამ, თითქოს ჩვენ ვართ დესტრუქციული ძალა და ჟურნალისტებს დავუპირისპირდი. მე ბლოკირება არ მომიხდენია, შესასვლელთან გადმოვიტანე კარავი იმისთვის, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის თვალებში ჩამეხედა,“ – ამბობს ალექსანდრე მილორავა.

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“ აპირებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართოს იმის დასადგენად, რამდენად ეთიკურად გაშუქდა გუშინ, პირველ ივნისს დაპირისპირება აჭარის ტელევიზიასთან.

„…თუ კადრებმა დააფიქსირა ჩვენი რეპლიკები, რაც არ უნდა გვეთქვა, აგრესიულად და ცუდად გამოვიდა, ის რატომ არ ჩანს, საიდან დაიწყო კონფლიქტი და ფეხი როგორ მიკრეს კარავს? მე მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც თავის საქმეს არ აკეთებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მოძრაობის  „მე მიყვარს ბათუმის“კიდევ ერთმა წევრმა, შოთა ცაავამ.

„არ დავუშვებ მე, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჩემს ჟურნალისტებს ვინმემ მიაყენოს შეურაცხყოფა,“ – გვითხრა ვახო ხუზმიაშვილმა, იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსია. ვახო ხუზმიაშვილის განმარტებით, ოპერატორს არ გადაუღია კარვისთვის ფეხის მირტყმის კადრი, რაზეც აქციის მონაწილეები საუბრობენ.

„…კადრი არ იყო ამისი. რა კადრებიც იყო გადაღებული, ის ვაჩვენეთ… კარავს თუ ფეხი ჰკრა, ეს არ არის კარგი, არავინ არავის არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ უწმაწური სიტყვებით და გინებით საუბარი მოსაწონია?“ – კითხულობს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ვახო ხუზმიაშვილმა ამბის სრულფოსოვნად გაშუქების ნაცვლად, აქცენტი გადააქვს იმაზე, თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები და ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს.

ვახო ხუზმიაშვილს ასევე ვკითხეთ ტელევიზიის შესასვლელის ბლოკირების და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის კუთხით – ტელევიზიის მენეჯმენტის ეს შეფასება აჭარის ტელევიზიის გუშინდელ ეთერში გაჟღერდა.

„ტელევიზიის ცენტრალურ შესასვლელთან იდგა კარავი. აქცია, რა თქმა უნდა, უნდა გაიმართოს, ყველა ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ აქციას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმები, რომ ჟურნალისტების საქმიანობა არ უნდა შეიზღუდოს,“ – აღნიშნა ვახო ხუზმიაშვილმა.

„რომელ თანამშრომელს შეექმნა ტელევიზიაში შესვლის, ან გამოსვლის პრობლემა და თუ ეს ნამდვილად მოხდა, რატომ არ მოჰყვა ამას სამართლებრივი რეაგირება?“ – ვკითხეთ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული თანამშრომელი, რომელმაც ტელევიზიაში შესვლა ვერ შეძლო.

„მე არა ვარ პოლიციის უფროსი, პოლიციას რატომ არ ჰქონდა რეაგირება, ეს შეკითხვა ჩემთან არ უნდა დასვათ… აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სტრატეგიული ობიექტი  და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება… კადრში ჩანს, რომ გვაყენებენ შეურაცხყოფას,“ – გვითხრა ვახო ხუზმიაშვილმა.

ვახო ხუზმიაშვილს შევახსენეთ, რომ ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ერთია და მეორეა „ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა“, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და რაზეც აუწყა გუშინ აჭარის ტელევიზიამ მაყურებელს. საინფორმაციო სამსახურის უფროსი კონკრეტულად არც ალექსანდრე მილორავას პასუხობს, რომლის თქმითაც მან გუშინვე უთხრა ტელევიზიას, ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვის მიზანი რომ არ ჰქონდა და დისკომფორტის შექმნა მხოლოდ მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის სურდა.

„კარავი როცა არის ცენტრალურ შესასვლელში, იქ გადაადგილებაზე, რა თქმა უნდა, შეიქმნება პრობლემა… გთხოვთ, ნუ შემიყვანთ ვინმესთან კონფლიქტში… მე დავუთმე მათ ეთერი, თუ რამე პრეტენზიები ჰქონდათ, შეეძლოთ პირდაპირ ეთერში ეთქვათ,“ – დასძინა ვახო ხუზმიაშვილმა.

ტელევიზიის წინ კარავში მყოფი ალექსანდრე მილორავა პასუხობს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამილა დოლიძეს, რომელმაც გუშინ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „ეს არის ერთი ადამიანის პროტესტი… არჩევნების წინ ადამიანებს პიარი სჭირდებათ“. ალექსანდრე მილორავა კავშირს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გამორიცხავს.

„მათ სხვა არგუმენტები არ გააჩნიათ ჩემს წინააღმდეგ და ცდილობენ „გამაშავონ“… არანაირი თანამშრომლობა არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გამაჩნია. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამომიცხადა მხარდაჭერა, მაგრამ ეს ხომ ყველას ბრძოლაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ ყველას გვეკუთვნის?“ – კითხულობს ალექსანდრე მილორავა.

Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

აქ, Tbccredit.ge-ზე ახლა, სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

Tbccredit.ge თიბისის ციფრული პლატფორმაა, სადაც სამომხარებლო სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ფილიალის მსგავსი პირობებითაა შესაძლებელი.

ონლაინსესხით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა ვებგვერდზე www.tbcredit.ge მარტივი განაცხადი უნდა შეავსოს, რამდენიმე წუთში კი ის დამტკიცებული ლიმიტის შესახებ მიიღებს პასუხს. სესხის მისაღებად მომხმარებელს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა არ სჭრიდება.

ონლაინსესხის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია, მინიმალური კი – 100. საკრედიტო რეიტინგის და შემოსავლის გათვალისწინებით, შესაძლებელია მოთხოვნილზე მეტი თანხის დამტკიცება.

სტანდარტული ონლაინსესხისგან განსხვავებით, თიბისი კრედიტის სესხი ინდივიდუალური საპროცენტო განაკვეთით მტკიცდება. დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა სესხის დაფარვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ონლაინ სამომხმარებლო სესხის აღება, ასევე სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე : www.tbcredit.ge.

ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში  1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

ბათუმის სტადიონი გასხვისდება თუ სახელმწიფო მართვაში დარჩება?

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. აჭარის მთავრობაში კი ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება. სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული.

მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შეკითხვები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა, სამინისტრომ კი – შპს „სტადიონს“, რომელსაც თავად მართავს. მშენებლობას სწორედ ეს სახელმწიფო შპს კურირებს.

ბათუმში, UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდია, თუმცა „სტადიონში“ აცხადებენ, რომ „სამუშაოების ტემპიდან გამომდინარე დასრულება შესაძლებელია ვადაზე ადრეც“.

„ამ ეტაპზე საფეხბურთო სტადიონზე დაგეგმილია სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნათა შესაბამისად. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, მათი დაგეგმვა განხორციელდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ. რაც შეეხება შენობის ექსპლუატაციაში მიღებას, აღნიშნული განხორციელდება მშენებლობის სრულად დასრულების შემდგომ. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი ზუსტი პერიოდის განსაზღვრა“, – მოგვწერეს „სტადიონიდან“.

სხვა ჩემპიონატების მსგავსად, საქართველოს პირველობა ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. ეროვნული ლიგა 2020 წლის 25 ივნისიდან უნდა განახლდეს. გიორგი გახარიას განცხადებით კი, საქართველოში საფეხბურთო მატჩები პირველ ეტაპზე მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ უნდა მართოს ბათუმის სტადიონი – სახელმწიფომ თუ კერძო კომპანიამ. ჩვენ დავინტერესდით, აპირებს თუ არა სამინისტრო სტადიონის გასხვისებას და რა პირობებით.

„არ არის შერჩეული და გადაწყვეტილი, ვინ განახორციელებს საფეხბურთო სტადიონის ოპერირებას. სტადიონის მართვის უფლების გასხვისების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, პირობები განსაზღვრული იქნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ობიექტის ფუნქციურობის გათვალისწინებით“, – მოგვწერეს შპს „სტადიონიდან“.

ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთის ს/კ 05.27.05.027), 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვის შემდეგი ხელშეკრულებები:

ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება, ამ დროისთვის, 129 მილიონზე მეტი ლარია:

სამუშაო, შემსრულებელი კომპანია, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი და ღირებულება:

[checklist]

  • სტადიონის სამშენებლო სამუშაოები – შპს „ანაგი“ – 2017 წლის დეკემბერი: 102 195 953 ლარი, დღგ-ს გარეშე;
  • სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა – შპს ,,სიემსი“ – 2018 წლის სექტემბერი: 2 388 580 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
  • მშენებლობის დასრულების სამუშაოები – შპს „ანაგი“: 2019 წლის აპრილი – 19 873 876 ლარი, დღგ-ს გარეშე;
  • მშენებლობის დასრულების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა – შპს „სიემსი“: 2019 წლის აგვისტო – 576 670 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
  • სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოები – შპს „ანაგი“: 2020 წლის მარტი – 3 490 389 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
  • სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა – შპს „სიემსი“: 2020 წლის მარტი – 84 797 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
  • სტადიონისთვის ავეჯის მიწოდება-მონტაჟი – შპს „ჯეოსტილი“: 2020 წლის აპრილში – 876 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
  • სტადიონისთვის დისპენსერების მიწოდება-მონტაჟი – შპს „უსტა“: 2020 წლის მარტი – 21 291 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
  • სტადიონისთვის აბაზანის აქსესუარების მიწოდება-მონტაჟი – შპს „უსტა“: 2020 წლის მარტი – 24 880 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

[/checklist]

„რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენი დაიხარჯება საბოლოო ჯამში სტადიონის მშენებლობაზე, ზემოთ მოყვანილი სახელშეკრულებო ღირებულებები საბაზრო ურთიერთობათა პირობებში განსაზღვრავს წინასწარ ღირებულებებს და სამუშაოების ჩატარების პერიოდში სამუშაოთა მოცულობები და შესაბამისად, ღირებულება დაზუსტდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად,“ – მოგვწერეს „სტადიონიდან“.

„სტადიონის“ განმარტებით, „ტენდერის შემთხვევაში საბოლოო ღირებულება დადგინდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა მოცულობებისა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეული სამუშაო ფასების მიხედვით;

ხოლო ცალკეულ სამუშაოებზე ღირებულებები დადგინდება საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის შესაბამისად, აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ღირებულების დადგენის თაობაზე მოპოვებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

ამ თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

 

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: შპს „სტადიონი“

 

ლავასოღლის ახლობელი: მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება – ვითხოვთ ექსტრადაციას 

„ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადაცია საქართველოში,“ – ამბობს ნიკოლოზ ხრიკაძე. ის ერთ-ერთია ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლებიდან, რომელიც პროკურატურასთან შიმშილობს. ლავასოღლი მეორე წელია საექსტრადაციო პატიმრობაში თურქეთში. შიმშილობა გუშინ ხუთმა ადამიანმა დაიწყო.

ნიკოლოზ ხრიკაძის თქმით, დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება, საპროტესტო აქცია კი, პროკურატურის წინ სამ საათზე გაიმართება.

„გაშლილი გვაქვს ორი კარავი, გუშინ აქ გავათენეთ, სასწრაფო დღეს მოვა და შეგვამოწმებს… ლავასოღლი დროულად უნდა გადმოსცენ საქართველოს, მას ამის უფლება აქვს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნიკოლოზ ხრიკაძემ.

პროკურატურაში არ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება ამ დრომდე მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურიდან მოგვწერეს: „საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.“

მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით გუშინ, პირველ ივნისს, საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან დაიწყო, რომლის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიას პირდაპირი ეთერი მოსთხოვეს. ეთერში ჩართვის შემდეგ, საპროტესტო აქცია პროკურატურასთან გააგრძელეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურიდან ისევ თურქეთის საკონსულოსთან გადაინაცვლეს, საბოლოოდ კი, ისევ პროკურატურასთან მივიდნენ.

მინდია ლავასოღლის განაჩენი საქართველოში 2018 წელს გამოიტანეს, თუმცა იგი იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა.

ხვალ ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 2 ივნისს, ბათუმში და მთელს აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნდება, ხვალ, 3 ივნისს კი, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ბათუმში 4 ივნისსაც.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21-26 გრადუსი
  • ღამით: 15-20 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა: +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 ივნისს ბათუმში გამოიდარებს და მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ბათუმში 228 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – 2 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 228 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 41 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 275 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

ბათუმში საკათედრო ტაძარი გაქურდეს

დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. ფაქტი დაადასტურა შს სამინისტრომ, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაცია ასევე დაადასტურა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმაც. მისი თქმით, სავარაუდოდ ტაძრიდან წაღებულია თანხა.

ამ წუთებში ტაძარში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სპეცოპერაცია – ბათუმში არალეგალურად მყოფი 9 უცხოელი დააკავეს

ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად ორ მისამართზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შს სამინისტროსთან ერთად ჩაატარა.

„ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში.  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი,“ – ნათქვამია სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ონლაინჩემპიონატის გამარჯვებულია

ევროპის პირველ ონლაინჩემპიონატზე ბათუმელი მოჭადრაკე, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ჩემპიონი გახდა ქალთა შორის – ინფორმაციას ამის შესახებ European Chess Union-ი ავრცელებს.

ტურნირში, რომელშიც 4400 მოჭადრაკე მონაწილეობდა, ნინო  ბაციაშვილმა 10 ქულა დააგროვა.

ტურნირში მონაწილეობდა ევროპის ყველა წამყვანი მოჭადრაკე. პირველ დღეს გაიმართა რვა ტური შვეიცარული სისტემით, თითოეულ მონაწილეს 10 წუთი, სვლაზე 2 წამის დამატებით.

ნინო ბაციაშვილის მეტოქეები პირველ დღეს ხუთი დიდოსტატი და სამი საერთაშორისო ოსტატი იყო. მათ შორის აღსანიშნავია ნინო ბაციაშვილის მოგება იგორ კოვოლენკოს (ლატვია, 2700) და რობერტ ჰოვჰანესიანის (სომხეთი 2615) წინააღმდეგ.

ამავე თემაზე:

ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია

თურქეთში საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, დღეიდან, 1 ივნისიდან აღდგა საქალაქთაშორისო მიმოსვლა მთელი თურქეთის მასშტაბით.

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! გადაადგილებისთვის მოქალაქეებს აღარ ესაჭიროებათ მგზავრობის ნებართვა“ – წერს თურქეთის საელჩო.

დღეს, 1 ივნისს, თურქეთში შემსუბუქდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, გაიხსნა კაფეები, რესტორნები, პარკები, სპორტული დარბაზები, მუზეუმები და პლაჟები მოქალაქეებისთვის.

თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვები 65 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე პირებისთვის თურქეთში კვლავ რჩება ძალაში.

ლავასოღლის 5 ახლობელი შიმშილობას იწყებს აჭარის პროკურატურასთან

თურქეთის საკონსულოდან მინდია ლავასოღლის ახლობლები ისევ პროკურატურის შენობასთან დაბრუნდნენ. ისინი შიმშილობას აპირებენ, ვიდრე ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციის საკითხი არ გაირკვევა.

„თურქეთის მხარე აცხადებს, რომ არანაირ პრობლემას არ ქმნის თურქეთი, აგერაა თქვენი პატიმარი და წაიყვანეთო…“ – მიმართა პროკურატურასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი სპიკერია. მან „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ ამის შესახებ თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა ლავასოღლის ოჯახის წევრებს უთხრა. მისივე განმარტებით, საბოლოოდ აქციამ პროკურატურასთან გადმოინაცვლა, სადაც 5 ადამიანი დღეს შიმშილობას დაიწყებს.

ის, რაც აქციაზე თქვა თამაზ ბაკურიძემ, არ ადასტურებენ ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

„ჩვენ შეხვედრაზე ვთქვით ის, რასაც აქამდეც ვამბობდით, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ და ეს არის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს საკითხი, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის წესებით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ თურქეთის საკონსულოში.

პროკურატურაში არ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ვლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურიდან წერილობით ეს მოგვწერეს: საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობსი საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.“

2020 წლის 17 იანვარს პროკურატურა აცხადებდა: „საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თურქულ მხარეს სრულყოფილად წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო  ხელშეკრულებებით. დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას, თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით,“

მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით დღეს დილით საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან დაიწყო, რომლის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიას პირდაპირი ეთერი მოსთხოვეს. ეთერში ჩართვის შემდეგ, საპროტესტო აქცია პროკურატურასთან გაგრძელდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროკურატურიდან ისევ თურქეთის საკონსულოსთან გადაინაცვლეს. ამჯერად კი, ისევ პროკურატურასთან მივიდნენ.

მინდია ლავასოღლის განაჩენი საქართველოში 2018 წელს გამოიტანეს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა.

საპატრიარქო ითხოვს მიწას ქობულეთში, სადაც ტაძარი უკანონოდ ააშენეს – რეესტრი უარზეა

საქართველოს საპატრიარქო ქობულეთის სოფელ გვარაში იმ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს, სადაც ტაძარია აშენებული. საჯარო რეესტრმა კი, 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაზე, საპატრიარქოს უარი უთხრა. დოკუმენტების მიხედვით, ეს ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ტაძარი იქ უკანონოდ აშენდა. ტაძრის კურთხევას ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც ესწრებოდა. ტაძრის მშენებლობა დააფინანსა წარმოშობით გვარელმა მეცნიერმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.

[red_box]საპატრიარქო უკანონო მშენებლობის დაკანონებას აჭარის მთავრობის გვერდის ავლით ითხოვს[/red_box]

საპატრიარქოს არგუმენტია, რომ კონკორდატით მიწა, სადაც  ტაძარი უკვე დგას, ავტომატურად ეკლესიის საკუთრებაა და ამიტომ ამ ნაკვეთზე სახელმწიფომ, უბრალოდ, უარი უნდა თქვას.

დოკუმენტების შესწავლით ჩანს, რომ სახელმწიფო მიწაზე ჯერ ტაძარი ააშენეს კანონდარღვევით, ახლა კი საპატრიარქო ამ მიწას საკუთრებაში კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ითხოვს სახელმწიფოსგან.

რეგისტრაციის პროცესში, საჯარო რეესტრმა გვერდი ვერ აუარა ფაქტს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. შესაბამისად, საქმეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩართო.

სამინისტრო აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება განიხილოს საკადასტრო ნახაზის შეცვლის საკითხი და სახელმწიფო ქონებიდან ამორიცხოს ეს ნაკვეთი, ვინაიდან, საპატრიარქოს ამისთვის საჭირო დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

სამინისტრო საპატრიარქოს სხვა, ალტერნატიულ გზას სთავაზობს, ეკლესიას მოთხოვნილი ნაკვეთი აჭარის ქონების შესახებ კანონის საფუძველზე რომ გადაეცეს.

ამ ალტერნატივას არ ეთანხმება საპატრიარქო, ვინაიდან ასეთი ფორმით ქონების გადაცემა მისთვის ნიშნავს, რომ აჭარის მთავრობამ განკარგა ტაძარი, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ მისი, საპატრიარქოს ქონებაა. საპატრიარქოს თეორიულადაც არ სურს დაუშვას, რომ სახელმწიფომ, თუნდაც რეგისტრაციის მოგვარების პროცესში, ტაძარი განკარგოს.

ქობულეთის სოფელ გვარაში ტაძრის მშენებლობა სახელმწიფო მიწაზე სამი წლის წინ დაიწყო კანონის გვერდის ავლით, მშენებლობის ნებართვის გარეშე. ნებართვა ამ შემთხვევაში ქობულეთის მერიას უნდა გაეცა. ტაძარი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აკურთხა. უკანონოდ აშენებული ტაძრის კურთხევას კი, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც ესწრებოდა.

გვარაში ტაძარი რუსეთში მცხოვრები გულადი გოგმაჩაძის დაფინანსებით აშენდა, რომელიც წარმოშობით ამავე სოფლიდანაა. მან ამისთვის სპეციალური ფონდიც კი დააარსა.

გულადი გოგმაჩაძე არის რუსეთის სამეცნიერო ინსტიტუტის – აგროეკოინფორმის დირექტორი.  2007  წლიდან ის, როგორც გამოჩენილი მეცნიერი, შევიდა „რუსეთის თვალსაჩინო მოღვაწეების“ ენციკლოპედაში.

გვარა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი / 30.05.2020

 

[red_box]უარი საპატრიარქოს მიწის დარეგისტრირებაზე[/red_box]

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 აპრილის წერილის თანახმად, სახელმწიფოს მიზანშეუწონლად მიაჩნია (წინააღმდეგია) განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის დოკუმენტში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ თქვა უარი სახელმწიფომ საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და ქონების ეროვნული სააგენტოდან წერილის ასლი გამოითხოვა.

„თქვენს მიერ მოთხოვნილი წერილი სააგენტოში არ მოიპოვება“ – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან. სატელეფონო საუბარში კი გვითხრეს, რომ ამ საკითხზე სააგენტოს წერილი არ არსებობს და „რეესტრს შეეშალა, გადაწყვეტილებაში აჭარა უნდა დაეწერა“.

საჯარო რეესტრში დაგვიდასტურეს, რომ ქონების ეროვნული სააგენტო დოკუმენტში შეცდომით წერია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საჯარო რეესტრიდან მათთან შევიდა განცხადება, თუმცა საკითხს [საპატრიარქოს მოთხოვნას მიწის რეგისტრაციაზე] ვერ განიხილავენ, რადგან საპატრიარქოს არ აქვს წარდგენილი საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სავალდებულო დოკუმენტი.

იმის პასუხად, თუ რა დოკუმენტი უნდა წარედგინა საპატრიარქოს, სამინისტრომ შესაბამისი კანონიდან ამონარიდი გადმოგვიგზავნა:

„დაინტერესებულ პირს [საპატრიარქოს – ავტ.] განემარტოს, რომ მას თავად შეუძლია დამატებით წარმოადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, – აღნიშნულია ერთ-ერთ წერილში. როგორც ჩანს, ასეთი დოკუმენტი საპატრიარქოს არ აქვს, ვინაიდან ის სამინისტროში ამ დრომდე არ წარუდგენია.

საჯარო რეესტრმა აჭარის სამინისტროს პირველად 2020 წლის 22 იანვარს მიმართა:

„2020 წლის 17 იანვარს წარმოდგენილია სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, თამარ გულხადარაშვილის განცხადება, რომლითაც მოთხოვილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქობულეთი, სოფელი გვარა. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. გთხოვთ განიხილოთ სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი“.

ნაკვეთი სოფელ გვარაში, სადაც ტაძარი ააშენეს, არა უშუალოდ სახელმწიფოს, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

შესაბამისად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საპასუხო წერილის მიხედვით, „სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება იმ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების გაუქმების თაობაზე, რომლებზეც ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ სამინისტროში წარმოდგენილი იქნება საკუთრების დამადასტურებელი ან საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სავალდებულო დოკუმენტი“.

„ვინაიდან [საპატრიარქოს] განაცხადით არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს განცხადებაში დასმული საკითხი“, – მისწერეს რეესტრს სამინისტროდან.

მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა სამინისტროს საპატრიარქოს განცხადება ხელახლა გადაუგზავნა: „…განსახილველად გეგზავნებათ ახლიდან, ვინაიდან, საჯარო რეესტრში წარმოდგენილი [საპატრიარქოს] მომართვა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის საფუძველია. გთხოვთ წერილი განიხილოთ ახლიდან“.

სამინისტროს მორიგი წერილობითი პასუხიდან ირკვევა:

„მიმდინარეობს თქვენი წერილებით გადმოგზავნილი განცხადების განხილვა, კერძოდ, განაცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის ფარგლებში, სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ზედდების მოხსნის თაობაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ დამატებით. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული წერილი არ მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას და არ ისახავს მიზნად ადრესატისთვის რაიმე უფლების მინიჭებას“, – წერს სამინისტრო საჯარო რეესტრს.

დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრი პასუხს აღარ დაელოდა და საპატრიარქოს მოთხოვნა განსახილველად სამინისტროს მესამედ გადაუგზავნა.

საბოლოო პასუხი სამინისტროდან საჯარო რეესტრმა 2020 წლის 16 აპრილს მიიღო. სამინისტრო კვლავ მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საპატრიარქოს განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან საპატრიარქოს არ აქვს წარმოდგენილი „საკუთრების
დამადასტურებელი ან საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სავალდებულო დოკუმენტი“.

ამ პასუხის შემდეგ, 2020 წლის 21 აპრილს, საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ქონების [მიწის ნაკვეთის] რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ტაძარი სოფელ გვარაში / 30.05.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

 

[red_box]რა გზას სთავაზობს სამინისტრო საპატრიარქოს[/red_box]

16 აპრილის წერილში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმასაც წერს, რომ „უძრავი ქონების (ტაძრის) რეგისტრაცია და შემდგომში მისი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად“. 

ამ კანონის მიხედვით, მიწა, რომელზეც ეს ტაძარი დგას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცეს.

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ქონებას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს: საქართველოს სახელმწიფოს; აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს; საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას; ასევე ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.“

პროცესში ჩართული ინფორმირებული პირების თქმით [მათ ვინაობის გასაჯაროება არ სურთ], საპატრიარქოს არ სურს ამ ფორმით მიიღოს ნაკვეთი საკუთრებაში, რადგან იქ ტაძარი უკვე დგას და თუ საპატრიარქო ამას დასთანხმდება, გამოვა, რომ აჭარის მთავრობამ მიწის ნაკვეთთან ერთად საპატრიარქოს ტაძარიც გადასცა. ტაძარს კი, საპატრიარქო თავის საკუთრებად თვლის და მისი განკარგვის უფლებას ფორმალურადაც „არ თმობს“ [მიწა, სადაც ტაძარი დგას, კონკორდატით ეკლესიის საკუთრებაა].

დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ საპატრიარქოს სურს  მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ტაძარი დგას, აჭარის მთავრობამ [სახელმწიფომ] პირდაპირ შეცვალოს საკადასტრო ნახაზი, ამორიცხოს ეს ნაკვეთი ქონებიდან, რათა ის რეესტრმა საპატრიარქოს საკუთრებად დაარეგისტრიროს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს საკითხი არ განიხილა, რეესტრი კი იძულებული გახდა მიწის რეგისტრაციაზე საპატრიარქოსთვის უარი ეთქვა.

რეესტრს ეს ნაკვეთი საპატრიარქოს საკუთრებაში რომც დაერეგისტრირებინა, ტაძარის ირგვლივ ტერიტორია კვლავ რჩებოდა აჭარის საკუთრებაში. საპატრიარქოში ინფორმირებულ პირებისგან „ბათუმელებმა“ შეიტყო, რომ სწორედ ეკლესიის ტერიტორიის დარეგისტრირების შემდეგ აპირებს საპატრიარქო მიმართოს მთავრობას ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით.

სოფელ გვარაში აჭარის საკუთრებაში ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთია – მათგან ერთზე  ტაძარი უკვე აშენებული. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი, ჯამში, 91 386 კვ.მეტრია [9 ჰექტარზე მეტი]:

ტაძარი და მის ირგვლივ აჭარის საკუთრებაში არსებული მიწა [მონიშნულია მოყვითალო ფერით] ქობულეთის სოფელ გვარაში

[red_box]სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ აშენებული ტაძარი[/red_box]

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ პასუხი, იყო თუ არა შეთანხმებული მათთან, როგორც მიწის მესაკუთრესთან, იმ ნაკვეთზე ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ახლა საპატრიარქო საკუთრებაში ითხოვს.

დოკუმენტების თანახმად, ასეთი შეთანხმება ან ნებართვა რომ ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში საპატრიარქოს ქონების რეგისტრაციაზე უარს ვერ ეტყოდნენ.

კანონით, მშენებლობასაც სჭირდება შესაბამისი ნებართვა, თუმცა, ასეთი ნებართვა გვარაში ტაძრის მშენებლობაზე, ქობულეთის მერიას არ გაუცია.

„ჩვენგან რაიმე ოფიციალური ნებართვა ეკლესიის მშენებლობაზე გაცემული არ არის და როგორც ამიხსნეს, არც საჭიროებს ნებართვას, კონკორდატის საშუალებით აქვთ შესაძლებლობა, რომ ააშენონ. ზოგადად მშენებლობას კი სჭირდება ნებართვა, მაგრამ ჩვენ არასდროს არ გაგვიცია ეკლესიის მშენებლობაზე ნებართვა. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს საბჭო საპატრიარქოში, რომელიც ასეთ მშენებლობებს ათანხმებს მთავრობასთან. ჩვენთან აქამდე არ ყოფილა რაიმე წერილი შემოსული – რომ უნდათ ეკლესიის აშენება, ასეთი მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება.“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

საიას აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ მსგავს ნორმას კანონმდებლობა არ იცნობს.

„მით უმეტეს ასეთი კატეგორიის [ეკლესია] შენობა-ნაგებობების მშენებლობას აუცილებლად სჭირდება ნებართვა, ამ ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოდან. ამასთან, აუცილებლად სჭირდება მიწის მესაკუთრის თანხმობაც. მიწის მესაკუთრის ნებართვის გარეშე მშენებლობა იგივეა, მაგალითად, ნებისმიერი პირი მივიდეს და აჭარის საკუთრებაში არსებულ მიწაზე დაიწყოს, ვთქვათ, კერძო სახლის მშენებლობა, რაც უკანონობაა“, – გვითხრა ფილიალის თავმჯდომარემ, პაატა დიასამიძემ.

გვარაში უკანონო მშენებლობით არც მესაკუთრე [აჭარის მთავრობა] და არც მშენებლობის ნებართვის გამცემი და ზედამხედველი [ქობულეთის მერია] არ დაინტერესებულა.

აღსანიშნავია, რომ სხვა შემთხვევებში აჭარის მთავრობა აჭარის საკუთრებას ცეცხლსასროლი იარაღითაც კი იცავს, მათ შორის უსახლკარო მოქალაქეებისგან და ამაში ბიუჯეტის ფულს ხარჯავს. ხულოსა და ბათუმში, სამინისტრო, სოციალურ სახლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით იცავდა ეკომიგრანტებისგან.

მაგალითად, კახაბრისა და მეჯინისწყლის დასახლებებში, მომდევნო 3 თვის განმავლობაში უსახლკაროებისგან მიწის ნაკვეთების დასაცავად, სამინისტრო 16 200 ლარს გადაიხდის.

„არსებული ქონების მოქალაქეების მიერ მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობის გამო, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის მომსახურებაზე გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადა იწურება 2020 წლის 31 მაისს, შესაბამისად, საჭიროა დაცვის მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს 2020 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში“, – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

რატომ ააშენეს ტაძარი სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ, მით უფრო, რომ ამ ნებართვაზე უარი პრაქტიკულად გამორიცხულია? – „ბათუმელებმა“ კომენტარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასაც თხოვა.

„როცა ტერიტორია ჩვენი არ არის, სიტყვიერი შეთანხმება ხდება ხელისუფლებასთან. ამ შემთხვევაში სიტყვიერად იყო შეთანხმებული ეს პროექტი და თანახმა იყვნენ ხელისუფლებაში, რომ ტერიტორია უნდა გადმოგვცემოდა. დროთა განმავლობაში, კანონები იცვლება მიწის გადმოცემასთან დაკავშირებით და ადრე თუ ეპარქიას შეეძლო მოეთხოვა მიწა კანონით, ახლა საპატრიარქომ უნდა მოითხოვოს. ამ მიწის გადმოცემაც, უბრალოდ, დროში გაიწელა და აუცილებლად გადმოეცემა საპატრიარქოს. სიტყვიერი თანხმობა და შეთანხმება ადგილობრივ ხელისუფლებასთან არის“, – გვითხრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, იოანე გორელიშვილის თქმით, „საპატრიარქოსთან არის ხუროთმოძღვრების საბჭო, რომელიც იძლევა ნებართვას და ამტკიცებს პროექტებს. ეს პროექტიც ამ საბჭოშია დამტკიცებული“.

 

[red_box]ვინ ააშენა ტაძარი გვარაში[/red_box]

ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში  წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, ეკლესიის კურთხევით, 2017 წელს დაიწყო. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ კი, ტაძარი 2019 წლის მაისში აკურთხა.

ტაძარი სოფელ გვარას მკვიდრის გიორგი(გულადი) გოგმაჩაძის დაფინანსებით აშენდა. გოგმაჩაძე რუსეთში მოღვაწეობს.

ფეისბუქ გვერდიდან: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

დოკუმენტების მიხედვით, გვარაში ტაძრის მშენებლობის მიზნით, ა[ა]იპ გულადი გოგმაჩაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ღვთის მადლი, გოგმაჩაძემ 2015 წელს დაარეგისტრირა.

ამავე თემაზე:

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“

ჯერ უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან დღეს, პირველ ივნისს, კარვის ჩადგმას. 9 წლის წინ, როცა ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, მენეჯმენტმა სწორედ ის განაცხადა, რაც დღევანდელმა მენეჯმენტმა თქვა: „ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაა“. 2011 წლის 21 მაისს აქციის მონაწილეები თავისუფალ აჭარის ტელევიზიას ითხოვდნენ. დღესაც იმავეს ითხოვენ – უკვე მეოთხე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს ალექსანდრე მილორავა და აპროტესტებს რედაქციიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას. ის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს. მოშიმშილეს, ჯერჯერობით, არც ტელევიზიის ხელმძღვანელობა იმჩნევს და არც ხელისუფლება.

ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მოტივით, ანუ წარსულის გამოცდილებით ხომ არ ცდილობს ხელისუფლება დღეს პროტესტის ჩახშობას?

„საერთოდ არ ვიცი 2011 წელს რა იყო… ცოტნე რომ დააკავეს და უსამართლობა მოხდა, ეს ვიცი, მაგრამ დეტალები არ ვიცი. ჩემი მიზანია, საინფორმაციო სამსახურმა იმუშაოს გამართულად და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს საქმიანობაში. როცა კარი ჩაკეტილია, შეზღუდულია გადაადგილება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ალტერნატიული შესასვლელის შესახებაც ვკითხეთ, რომლითაც შეუძლიათ ჟურნალისტებს ისარგებლონ, როცა მოქალაქე შიმშილობს და პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით ეხმიანება ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს.

„არ ვიცი, მეორე კარი ნამდვილად აქვს თუ არა ტელევიზიას, მაგრამ ცენტრალური კარიდან გადაადგილება იყო შეუძლებელი… ასევე ჩვენი მიზანია და ყველას მიზანი ეს უნდა იყოს, რომ აქციები ჩატარდეს და მათი უფლებები იყოს დაცული,“ – დასძინა ვახო ხუზმიაშვილმა.

„ეს პარალელი არასწორია,“ – ფიქრობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც 9 წლის წინ სწორედ ტელევიზიის შესასვლელის ჩაკეტვისთვის გაასამართლეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ცოტნე ანანიძე ჯერ აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე გახდა, შემდეგ – უმაღლესი საბჭოს წევრი.

დეპუტატს არ სურს ისაუბროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არც იმ მოქალაქეს გამოხმაურებია, რომელიც უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.

„პარალელის გავლება არასწორია, რადგან მაშინ მოხდა დარბევა, ოფისების დარბევა და შემდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. ისეთი ადამიანებიც დააკავეს, რომელიც საერთოდ არ იყო ტელევიზიის წინ. ეს იყო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემა – გვიპასუხა ცოტნე ანანიძემ.

დეპუტატს შევახსენეთ, რომ მისი დაპატიმრებაც შესასვლელის ბლოკირების გამო მოხდა, როცა ცნობილია, რომ ტელევიზიას აქვს სხვა შესასვლელიც.

„ალტერნატიულ შესასვლელზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს მენეჯმენტმა უნდა განმარტოს, რადგან ახსენებს საქმიანობის ხელშეშლას. მენეჯმენტმა უნდა განმარტოს, რას გულისხმობენ და რას არ გულისხმობენ…“ – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

რატომ გამორიცხავს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკურ ინტერესს ტელევიზიასთან დაკავშირებულ პროცესში, როცა ამაზე ჟურნალისტების გარდა, საუბრობს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“? – ცოტნე ანანიძემ გვიპასუხა, რომ დღეს ხელისუფლებას აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილიც კი არ აქვს, რადგან საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა შეუძლებელია.

„…ჩვენი რეაგირება ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არის შემდეგი: მრჩეველთა საბჭოს ანგარიში უნდა მოვისმინოთ კანონით განსაზღვრულ ფორმატში. ჩვენ ყველა კითხვას და პრობლემას შევეხებით, რომელიც არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოსთან დაკავშირებით.  ჩვენ კითხვების დასმის სხვა ფორმატი გვაქვს და ამ ფორმატს შეგნებულად არ დავარღვევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ცოტნე ანანიძე.

დეპუტატი არ უარყოფს, რომ კანონი არც ახლა ზღუდავს შეფასებებში, თუკი ენდობა ტელევიზიიდან დევნილ ჟურნალისტებს, ან, მაგალითად, ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და თვლის, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი მაუწყებელს აზიანებს.

„კანონის დარღვევა არ იქნება, მაგრამ ჯერ უნდა გავეცნოთ კარგად ანგარიშს ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საზოგადოებაში მიდის მსჯელობა. მე კითხვები უნდა დავსვა და პასუხები უნდა მივიღოთ. შემდეგ იქნება შეფასებები,“ – დასძინა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა.

ხომ არ გამოდის, რომ უმაღლეს საბჭოში ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენა ფორმალური იქნება და ამ პროცესში არაფერს შეცვლის, რადგან თუკი, მაგალითად, ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი მაუწყებელს აზიანებს, ის აქამდეც გააპროტესტებდა ამას და ახლა მით უმეტეს, რადგან მოქალაქე შიმშილობს?

„მე გპასუხობთ, რომ ჩვენ გვაქვს ფორმატი და ამ ფორმატში დაისმება ყველა კითხვა,“ – გაგვიმეორა დეპუტატმა.

„ანუ იშიმშილოს, ვიდრე თქვენ მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას არ მოისურვებთ?“ – ჩავეკითხეთ ცოტნე ანანიძეს.

„ეგ ვთქვი, რომ უნდა იშიმშილოს მანამდე? მას აქვს ტელევიზიის მენეჯმენტთან შეკითხვები… მენეჯმენტი გასცემს თუ არა პასუხს, ეს მენეჯმენტის უფლება. პოლიტიკოსი პირდაპირი ხაზით რაღაცეებში ჩაერიოს, ეს იქნება, ცხადია, სტანდარტის დარღვევა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

რატომ წაუყრუა ხელისუფლებამ და განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ადამიანს, რომელიც მეოთხე დღეა შიმშილობს?

„რა უნდა გააკეთოს კომიტეტმა და არ აკეთებს? … რა თქმა უნდა, ცუდია, როცა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს ადამიანი… ის გამოხატავს პროტესტს და ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, რაც კანონითაა გარანტირებული და თვითონაც უნდა იყოს იმ სტანდარტში, რომელსაც კანონი ითხოვს,“ – დასძინა ცოტნე ანანიძემ.

Exit mobile version