მთავარი,სიახლეები

„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული“ – ამჯერად აქციის მონაწილე „ჩამოსულებზე“

02.06.2020 • 2973
„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული“ – ამჯერად აქციის მონაწილე „ჩამოსულებზე“

„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული, რომ მოაჯდეთ აჭარას თავზე და გააშავოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ არის… ეს არის რეგიონული ტელევიზია,“ – უთხრა დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრმა, ბაჩუკი ჩხეიძემ. იგი გასულ წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის ტელევიზიის შიგნით თუ გარეთ „ჩამოსულების“ თემა აქტუალურია. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მერაბ ბლადაძემ თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში „ჩამოსული“ ადამიანი მაღალ თანამდებობებს არ უნდა იკავებდეს. დეპუტატი ამ შემთხვევაში გულისხმობდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც მაშინ აჭარის ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობდა.

უფრო ადრე, ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს, „ჩამოსულები“ თავად აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებისთვის იყო აქტუალური – ამ სიტყვით მათ იმ ადამიანებს მიმართეს, ვისაც მაუწყებელში განვითარებული მოვლენები აშფოთებდა და სიტუაციის გასაცნობად საგანგებოდ ჩამოვიდნენ თბილისიდან.

დღევანდელ განცხადებაზე რეაგირება მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა სახალხო დამცველს უკვე სთხოვა, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. „ჩამოსულებზე“ საუბარი აჭარის ტელევიზიასთან შედგა, სადაც მოქალაქე ალექსანდრე მილორავა მეხუთე დღეა შიმშილობს. ის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც და ტელევიზიის დირექტორობის ყოფილი კანდიდატიც მიიჩნევს, რომ „არასწორად არაფერი უთქვამს და არც სეპარატიზმის ნიშნებს შეიცავდა მისი განცხადება“.

„ასე მიცნობთ? შემჩნეული ვარ სეპარატისტულ ან ტერორისტულ შეხედულებებში?“ – კითხულობს ბაჩუკი ჩხეიძე. მას ვკითხეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომელ ქალაქში მცხოვრები ადამიანი იმუშავებს აჭარის ტელევიზიაში.

„მე ვთქვი ის, რომ ის არის ჩამოსული თბილისიდან, ბოტების და ტროლების ქარხნიდან. ეს ქარხანა თუ თბილისშია, ჩემი ბრალი არ არის. ტოკიოდან რომ ჩამოსულიყო, ვიტყოდი, ტოკიოდან ჩამოხვედი-მეთქი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ ჩამოსული, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, აქ რატომ ხარ“, – აღნიშნა ბაჩუკი ჩხეიძემ.

„თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რატომ გაუსვით ხაზი ვახო ხუზმიაშვილთან საუბრის დროს, რომ აჭარის ტელევიზია რეგიონული ტელევიზიაა“? – ვკითხეთ ბაჩუკი ჩხეიძეს. „რეგიონულია ეს ტელევიზია და ეს ვთქვი, მათ უნდათ, რომ გადააქციონ სახელისუფლებო ტელევიზიად… მაგათ სურთ ამ თემაზე აპელირება, რაც არ გამოვა“, – გვითხრა მან.

„ჩამოსულებზე“ დიალოგს ესწრებოდა ალექსანდრე მილორავაც, რომელიც ტელევიზიასთან უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. მას ვკითხეთ, ხომ არ აზიანებს მის პროტესტს თანამოაზრის მიერ გაკეთებული განცხადება „ჩამოსულებზე“.

„არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სეპარატიზმად –  თბილისელ ან ქუთაისელ ჟურნალისტს რომ აქ ემუშავა და ამაზე ეთქვა ბაჩუკის ჩამოსულიო, ეს იქნებოდა პრობლემა. ბაჩუკი საუბრობდა ადამიანზე, რომელიც აშკარად არის ბოტების ქარხნიდან გამოგზავნილი. საქმე იმაშია, რომ ბოტი ისეთ საჯარო სივრცეში, როგორიც ტელევიზიაა, მარტივად გაიშიფრება. ბათუმში ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ეს ადვილად გამორკვევადი იქნებოდა და ბათუმი მას გასცემდა პასუხს. ვახო ხუზმიაშვილი კი შეასრულებს თავის ფუნქციას და წავა. ბათუმელ ბოტს აქ არ დაედგომება, ამაზე იყო საუბარი…“ – უთხრა „ბათუმელებს“ ალექსანდრე მილორავამ.

„კეთილსინდისიერებას ვერ დავყოფთ ქალაქების მიხედვით, ყველგან არიან კარგები და ცუდები, მთავარია, კვალკიფიკაციის ნიშნით ინიშნებოდნენ ადამიანები… სამწუხაროა, რომ ასეთი მიდგომები დღესაც არსებობს,“ – მიიჩნევს მედიის სპეციალისტი ლაშა ტუღუში. მას მიაჩნია, რომ ბაჩუკი ჩხეიძის განცხადებები სეპარატისტული არ არის, თუმცა ეს არასწორი და მიუღებელი განცხადება იყო.

„ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კუთხურობის ინტერესი არსებობს. ფაქტია, რომ ეს არის არასწორი განცხადება, მე ნაკლებად მჯერა, რომ ისევ სეპარატისტულად აზროვნებენ  ადამიანები, იშვიათი გამონაკლისის გარდა… მსგავსი არასწორი დამოკიდებულება და ვიწრო ინტერესები, სიახლის მიმართ შიშები დღესაც გვხდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან… თბილისში უბნებს შორის განსხვავებებსაც ხედავენ ხოლმე. ზოგადად, ეს ჩვენი კულტურის პრობლემაა.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ თბილისიდან დესანტია ბათუმში გადმოსხმული, ან პირიქით, ასეთ პოზიციასაც ვერ დავეთანხმები… მიკერძოებული ადამიანები, სამწუხაროდ, ყველგან არსებობენ. არც ის მგონია სწორი, რომ ბოტები მივაბათ თბილისს და ვთქვათ, რომ სხვაგან სუფთა სიტუაციაა. მე ვფიქრობ, ისინი ყველგან არიან,“ – ფიქრობს ლაშა ტუღუში.

_____

მთავარი ფოტო: ვახო ხუზმიაშვილი [მარჯვნივ], ბაჩუკი ჩხეიძე [მარცხნივ]. ფოტო აჭარის ტელევიზიის კადრიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: