მთავარი,სიახლეები

ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე 

03.06.2020 •
ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე 

„იმპიჩმენტს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ მყარი არგუმენტები მჭირდება, კონსულტაციები მჭირდება ჟურნალისტებთან,“ – გვიპასუხა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა. პოზიციის დაფიქსირებისკენ მას დღეს ალექსადრე მილორავამ მოუწოდა, რომელიც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს სთხოვს.

იმპიჩმენტს ბორდის სამი წევრის თანხმობა სჭირდება და ხუთწევრიან ბორდში სამი წევრი მმართველი პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნების“ კვოტითაა არჩეული. თუმცა ბორდის ორ წევრს, რომლებიც ოპოზიციის კვოტით არიან შერჩეულნი, შეუძლიათ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ამ დრომდე იმპიჩმენტის პროცედურა არ დაწყებულა.

„…ბორდში ენმ-ს კვოტით შესულმა წევრმა გია ქარცივაძემ პირველივე დღეს გამომიცხადა მხარდაჭერა და დამიდასტურა მზადყოფნა. ევროპული საქართველოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის კადრი თამარ წილოსანი დღემდე დუმს და პოზიციას არ აფიქსირებს, რაც კოხრეიძისა და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს… მივმართავ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, დაადასტურონ ჩემი მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაარწმუნონ მათი წარმომადგენელი, დღესვე დააყენოს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი ან გაემიჯნონ პეტრე ზამბახიძესა და თამარ წილოსანს,“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრია.

გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ მზადაა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭიროს. „პრიორიტეტი არ სრულდება და მიმდინარეობს თანამშრომლების დევნა. ამ შემთხვევაში დევნაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მე იმპიჩმენტს მხარს დავუჭერდი,“ – ამბობს გია ქარცივაძე.

თამარ წილოსანმა კი განმარტა, რომ თბილისიდან ბათუმში ახლა ბრუნდება და, პირველ რიგში, მაუწყებლის ჟურნალისტებთან სურს კონსულტაციების გავლა. ის ვერ აკონკრეტებს, შესაძლოა თუ არა შეიცვალოს მისი პოზიცია ამ კონსულტაციის შემდეგ, ან როდის შეიძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად, რაც უშუალოდ მასზეა დამოკიდებული.

„მესამე ხმასთან დაკავშირებით იყო საჭირო კონსულტაციები [იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს სამი ხმა სჭირდება], მინდა, რომ გავმართო ეს კონსულტაციები, არ ვიყავი ამ დრომდე ფიზიკურად ქალაქში, მანამდე პანდემია იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ წილოსანი, მრჩეველთა საბჭოს წევრი. მას ვკითხეთ, რამ შეუშალა აქამდე ხელი ჟურნალისტებთან ან მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ონლაინკონსულტაცია გაემართა, თუკი იმპიჩმენტს მხარს უჭერს და ამ პროცედურის დაწყება მასზეა დამოკიდებული?

„ფიზიკურად არ ვიყავი ბათუმში“, – გვიპასუხა მრჩეველთა საბჭოს წევრმა. თამარ წილოსანი, როგორც ამბობს, იმპიჩმენტს მხარს უჭერს, თუმცა ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ალექსანდრე მილორავას უკან შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იდგეს. ის ვერ აკონკრეტებს, რატომაა ეს საკითხი ამ შემთხვევაში არსებითი, თუკი იმპიჩმენტის მოთხოვნა სამართლიანია.

„გასაგებია, რომ ალექსანდრე მილორავა შიმშილობს და მესმის ადამიანურად, თუმცა ვამბობ, რომ გარკვეული პარტიების მხრიდან შესაძლოა იყოს მცდელობები, ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, თუმცა ამის ეჭვი შესაძლოა არსებობდეს… არც ერთი პარტიის გავლენის ქვეშ მე არ მოვექცევი, მე ვიმოქმედებ ჩემი სინდისის, პასუხისმგებლობის და კანონის შესაბამისად, “ – აღნიშნა თამარ წილოსანმა „ბათუმელებთან“.

ალექსანდრე მილორავა აჭარის მაუწყებელთან მე-6 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს, 3 ივნისს, შეამოწმა სასწრაფოს სამედიცინო ჯგუფმა. „მითხრეს, რომ წნევა მაქვს დაბალი, მაგრამ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა.

____

მთავარი ფოტო: თამარ წილოსანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: