მთავარი,სიახლეები

„ადგილობრივები არ გვყავს?“ – დეპუტატი „ჩამოსულების“ აჭარაში დასაქმებაზე

18.10.2019 • 2327
„ადგილობრივები არ გვყავს?“ – დეპუტატი „ჩამოსულების“ აჭარაში დასაქმებაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყების აჭარის ტელევიზიასა და რადიოში „ჩამოსული“ ადამიანი მაღალ თანამდებობებს არ უნდა იკავებდეს. ეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელში“ განაცხადა.

„მე კიდე მაინტერესებს, რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი თემურ ქორიძე, რატომ უნდა ღებულობდეს 3 ათას ლარს ხელფასს, ადგილობრივი არ გვყავს? დავიჯერო ასეთი უვიცები არიან ადგილობრივები?“ – იკითხა მერაბ ბლადაძემ. ის გადაცემაში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს არჩევნებზე სასაუბროდ იყო მიწვეული.

დეპუტატი გულისხმობდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც აჭარის ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობს და მისი ხელფასი 3 ათასი ლარი არ არის.

„ცოტა სეპარატისტული მიდგომა ხომ არ არის?“ – ჰკითხა გადაცემის წამყვანმა ირინა ყურუამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს.

სეპარატისტული რა შუაშია? – ისევ იკითხა ბლადაძემ.

თუ ადამიანი პროფესიონალია…. თქვენ  თბილისში არ უნდა გქონდეთ მუშაობის უფლება?  – ჰკითხა მას წამყვანმა.

„როგორ არ უნდა მქონდეს, მაგრამ სულ შეიძლება ყველაზე კარგი ადგილი… აჭარაში არ არის ადამიანები?“ –  იკითხა ისევ მერაბ ბლადაძემ.

„თუ კარგი სპეციალისტი ვარ, ვიყო მოწვეული სპეციალისტი, ეს დანაშაულია? – ჰკითხა წამყვანმა დეპუტატს.

ჯერ ეს ერთი თემურ ქორიძე არის მხარე… – განაგრძო  მერაბ ბლადაძემ.

„თემურ ქორიძე არა, ზვიად ქორიძეს გულისხმობთ. ბატონო მერაბ, მგონი არ არის სწორი განცხადება, მით უმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ამის უფლებას ვერ მოგცემთ, რომ კუთხურობის მიხედვით დაყოთ ადამიანები,“ –  უთხრა ირინა ყურუამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს.

„ჩემი აზრით, ეს არის სამარცხვინო განცხადება, რომელიც არ შეეფერება უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსს. ამ ტიპის განცხადებები გვქონდა 90-იანებში, როდესაც ძალიან არეული და რთული სიტუაცია იყო ქვეყანაში. დღეს, როდესაც 2019 წლის ბოლოს იმავეს ვისმენთ, შემაშფოთებელიც არის და ძალიან სამწუხაროც,“ – ასე აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გამონათქვამს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

სულხან სალაძის თქმით, არც რაიმე კანონი, არც საქართველოს კონსტიტუცია არ მიჯნავს და ჰყოფს ადამიანებს მათი წარმომავლობის მიხედვით.

„კანონში არსად არ წერია და დიდი იმედი  მაქვს, არც დაიწერება არასდროს, რომ ადამიანები გეოგრაფიული ან სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება შეიზღუდონ. რომ თუ ერთ ადგილას დაიბადებიან, ვერ იმუშავებენ სხვა ადგილას.

არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ის ადამიანი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ ალბათ მის პარტიაშიც, რომელ პარტიასაც ის წარმოადგენს, ცოტა მეტი ყურადღება უნდა ჰქონდეთ და მეტი მგრძნობელობა ასეთი განცხადებების მიმართ. არ ვიცი, პარტია რა განცხადებას გააკეთებს – გაემიჯნება თუ არ გაემიჯნება, ასეთი განცხადებები არის კუთხურ-შოვინისტური, რომლებსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მთავარი ფოტო: მერაბ ბლადაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: